შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

„კანონიერი ქურდებიდან“ კანონის უზენაესობისკენ
ორშაბათი, 04 ნოემბერი, 2013

თომას ჰობსი (1588-1679) თავის ლევიათანში აღწერდა მდგომარეობას, რომელშიც „არ რჩება ადგილი შრომისმოყვარეობისათვის, ვინაიდან არავისთვის არ არის უზრუნველყოფილი მისი შრომის ნაყოფი; ამიტომ არ არის მიწათმოქმედება, არ არის საზღვაო ვაჭრობა, არ არის ზღვაოსნობა, არ არის მოხერხებული ნაგებობები, არ არსებობს ნივთების გადაადგილებისა და მოძრაობის საშუალებები, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, არ არსებობს ცოდნა მიწის ზედაპირის შესახებ, არ არის დროის გაზომვა, არ არის ხელოვნება, არ არის ლიტერატურა, არ არის საზოგადოება და რაც ყველაზე უარესია, ესაა იძულებითი სიკვდილის მუდმივი შიში, ხოლო ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლე, უიმედო, ღარიბი და განმარტოებულია.“

მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა იმასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც სახელმწიფო უნდა იყოს თუ არა საკუთრების უფლების გარანტი, უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული. წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება იმ პირობებში, როცა ადამიანთა და საკუთრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არაა. ინდივიდებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ატარონ იარაღი საკუთარი სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაგრამ შეგვიძლია კი წარმოვიდგინოთ რა მოხდება, თუკი დაირღვევა სახელმწიფოს მონოპოლია ფიზიკური ძალის გამოყენებაზე? ალბათ ძნელი არ იქნება, რადგან ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს არც თუ შორეული წარსულია.

არშემდგარი სახელმწიფო

სტატიის ერთ-ერთი ავტორის მშობლიური ქალაქი, ქუთაისი ერთ დროს (2000-იანი წლების დასაწყისამდე) ე.წ „კანონიერი ქურდებით“ იყო განთქმული. ვერცერთი ბიზნესი გაძლებდა ე.წ. „კრიშას“ (ე.ი. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ბიზნესებს ბოროტმოქმედებისა და სხვა „კრიშებისგან“ იცავდა) მფარველობის გარეშე. რიგითი მოქალაქეებისთვის კი ბოროტმოქმედთა შიშით საღამოს 6 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა არ იყო მიზანშეწონილი. პრინციპში, არც სახლი იყო უსაფრთხო ადგილი. ქურდები ტელევიზორის ან ტყავის ქურთუკის გამო ბინაში შეჭრასაც არ ერიდებოდნენ. მეტიც, კრიმინალები ქურდობის შემდეგ მსხვერპლს ჩვეულებრივ შუამავლის მეშვეობით უკავშირდებოდნენ ნაქურდალის მეპატრონისთვის უკან მიყიდვის მიზნით.

პოლიცია, როგორც წესი, თამაშგარე მდგომარეობაში იყო. უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის მსხვერპლთ იშვიათად სურდათ „ძაღლებთან“ (პოლიციელის აღმნიშვნელი ჟარგონი) საქმის დაჭერა იმ გავრცელებული შეხედულების გამო, რომ კაცურმა კაცმა საკუთარი პრობლემები თვითონ უნდა მოაგვაროს. და მეორე, პოლიცია უფრო თანამშრომლობდა კრიმინალებთან, ვიდრე ებრძოდა მათ. შედეგად, ბნელი 90-იანების ქუთაისი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როცა კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი არ არის. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ქუთაისი, ორგანიზებული დანაშაული მსგავს პირობებში აცხოვრებდა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეებს (ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა არც კი შეცვლილა). როგორც ამერიკელი სოციოლოგი ლუის ი. შელი აღნიშნავდა: „ორგანიზებული დანაშაულის მოქალაქეებზე ზეგავლენის ილუსტრაციას წარმოადგენს პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობა, მზარდი ძალადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანისა და ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მაღალი დონე, მეტი კანონდარღვევა, მომატებული ფასები და ადამიანთა შემცირებული უსაფრთხოება“ (“Post-Soviet Organized Crime,” Demokratizatsiya, Vol. 2, No.3, (Summer 1994), pp. 341-58). ამ ამბის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი კი კრიმინალური იდეოლოგიის ახალგაზრდებზე ზემოქმედება იყო. ქუთაისელი ბიჭების უმრავლესობა „კანონიერ ქურდობაზე“ ოცნებობდა და ქალაქის (უხვ) კრიმინალურ ავტორიტეტებთან ნაცნობობით ამაყობდა.

ფაქტიურად, საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო. იმ პირობებში კი, როცა სუვერენული სახელმწიფო მოქალაქეთა ძალადობისა და დანაშაულისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფდა, ბედის ირონიით საზოგადოების უსაფრთხოების მოთხოვნას თვითონ კრიმინალური ავტორიტეტები აკმაყოფილებდნენ. „კანონიერი ქურდები“ უსაფრთხოების გარანტიების მიმწოდებლები აღმოჩნდნენ მაშინ, როცა სახელმწიფო ამისთვის ზედმეტად სუსტი იყო. რაღა თქმა უნდა, ამ გარანტიების საფასური ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მოზრდილი თანხა იყო.

დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა კრიმინალური ავტორიტეტების არსებობის კიდევ ერთი ახსნაა. ავსტრიელი ეკონომისტის, ფრიდრიხ შნაიდერის მიხედვით, საქართველოს 2002-2003 წლებში მეორე ყველაზე მოზრდილი (ბოლივიის შემდეგ) ჩრდილოვანი ეკონომიკა ჰქონდა გამოკვლეულ 145 ქვეყანას შორის. ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ყვაოდა, 2002-2003 წლებში ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის 68%-ს შეადგენდა (იხ. “Shadow Economies of 145 Countries all over the World: What do we really know?” Working Paper, 2006). ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობდა, რომ სახელმწიფო დაპირისპირებულ მხარეთა შორის დავების მომგვარებლად ვერ გამოდგებოდა. ამ სიტუაციაში კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ამ ფუნქციის თავის თავზე აღება აუცილებელიც კი იყო. სრულიად შესაძლებელია, რომ ამგვარი „დავების მომგვარებელი ინსტიტუტის“ გარეშე სუსტ სახელმწიფოში ქვეყნის ეკონომიკა უარესი სცენარით განვითარებულიყო.

რატომ გვჭირდება სახელმწიფო?

ამერიკელი პოლიტეკონომისტის, ჰერშელ ი. გროსმანის (“Producers and Predators”, Pacific Economic Review, Volume 2, No. 3 (Fall 1998), pages 169–187) მოდელი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ არის საკუთრების უფლების „კოლექტიური თავდაცვით“ მიღწეული წონასწორობა „ინდივიდუალური თავდაცვით“  მიღწეულზე უკეთესი. გროსმანის მოდელში ადამიანები შემოსავალს იღებენ ან მწარმოებლობით ან მიმტაცებლობით (კრიმინალით). კრიმინალთა არსებობისას მწარმოებლები თავიანთი დროის ნაწილს საკუთრების დაცვას უთმობენ. მოდელი აჩვენებს, რომ კოლექტიური „გუშაგობის“ გარეშე, მტაცებლობის სოციალური დანახარჯები მაღალია, რადგან მწარმოებლები ინდივიდუალურად ხარჯავენ დროს თავიანთი საკუთრების დარაჯზე და ნაკლებ დროს უთმობენ ნაყოფიერ ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, საზოგადოება ოპტიმალურ შედეგს ვერ აღწევს: მწარმოებლებიცა და კრიმინალებიც დაბალ შემოსავალს ჯერდებიან. კოლექტიური დარაჯობის პირობებში კი, მწარმოებლები თავიანთ დროს მხოლოდ წარმოებას უთმობენ და მიმტაცებლების დანახარჯების ზრდასთან ერთად კრიმინალიც მცირდება.

ჩნდება კითხვა: რით არის კრიმინალური ავტორიტეტების მიერ შემოთავაზებული კოლექტიური დაცვა არჩეული ხელისუფლების მიერ გარანტირებულზე უარესი? „ინტერესთა კონფლიქტის“ ცნება ნათელს ჰფენს ამ კითხვაზე პასუხს. ინტერესთა კონფლიქტი კი თავს იჩენს კრიმინალური ორგანიზაციების „სამსახურს“, როგორც კერძო უსაფრთხოების დამცველისა და მათივე მთავარ მიზანს ქურდობიდან ნადავლის მაქსიმიზაციას შორის. როგორც კი კრიმინალური ჯგუფი მიაღწევს ძალაუფლების მონოპოლიას რაიმე ტერიტორიაზე, ვეღარავინ შეაკავებს მას იმავე კერძო საკუთრების მითვისებისგან, რომლის დაცვაც აღთქმული ჰქონდა. ეს ყველაზე მოსალოდნელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მონოპოლისტის პოზიციაში მყოფ კრიმინალურ ჯგუფს არ აქვს სტიმული დაიცვას მიცემული სიტყვა და არც საზოგადოებას ძალუძს მისი „გადარჩევა“. რა თქმა უნდა, იგივე არგუმენტი მართალია ავტორიტარული სახელმწიფოებისათვისაც, სადაც მთავრობა პოლიტიკური ძალაუფლების უზურპაციას ახდენს, სასამართლოები და პოლიცია კი მარიონეტებადაა ქცეული.

ბედნიერი დასასრული ამ დროისათვის, მაგრამ დარჩენილი რისკები

ქუთაისისთვის და საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის ისტორიას ბედნიერი დასასრული ჰქონდა. პოლიციის ძირფესვიანმა რეფორმამ და დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ სახელმწიფოს მისი განუყოფელი მახასიათებელი — ფიზიკური ძალის გამოყენების კანონიერი მონოპოლია დაუბრუნა. საგრძნობლად შემცირდა დანაშაულის დონე, ისევე როგორც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი. აღარც “კრიმინალური კვალიფიკაციაა” მიმზიდველი ქართველი ახალგაზრდებისთვის. მიუხედავად ამისა, ხალხის ნდობა იმ ინსტიტუტისადმი, რომელიც მტყუან-მართალს არჩევს, არც ისე მაღალია. კავკასიის რესურსების კვლევის ცენტრის მონაცემებით, ქართველი ხალხის ნდობა კერძო საკუთრების დაცვაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ინსტიტუტების (სასამართლო და პოლიცია) მიმართ გაიზარდა 2008 წლიდან 2011 წლამდე. ამ მაჩვენებლებით საქართველო უკეთეს მდგომარეობაშია სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან შედარებითაც. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მიმართ ნდობა თითქმის ორჯერ აღემატება სასამართლო სისტემისადმი ნდობის მაჩვენებელს. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ბაბიჩისა და ფიუნფციგის (“An Application of the Growth Diagnostics Framework: The Case of Georgia”, ISET Policy Institute, 2012) მიხედვით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ფართოდ განმარტებული საკუთრების უფლებები ზღუდავს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ,  სასამართლოს დამოუკიდებლობასაც მოიცავს.

მიუხედავად მდგომარეობის გამოსწორებისა, საკუთრების უფლების დაცვა და იძულება არის და უნდა იყოს კიდეც მთავრობის მოსაგვარებელ პრობლემათა სიაში.

90-იანი წლების გამოცდილების შემდეგ ხალხს ჩამოუყალიბდა სტერეოტიპი, რომ სახელმწიფო არის მხარე, რომელიც ხელყოფს (არათუ იცავს) კერძო საკუთრებას. ამ სტერეორიპის დანგრევა საკმაოდ ძნელია, მაგრამ აუცილებელი, რადგან უსაფრთხოება სუბიექტური განცდაა და ეს განცდა ამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის კეთილდღეობისთვის. რეფორმებამდე ადგილობრივი ბიზნესები თავს არიდებდნენ გადასახადებს, მაგრამ „ყიდულობდნენ“ უსაფრთხოებას კრიმინალური ავტორიტეტებისგან. ამჟამად მოქალაქეები გადასახადებს უხდიან სახელმწიფოს. საბაზრო ეკონომიკაში წარმატებული გამოცდილების გარეშე ბევრი რიგითი მოქალაქისთვის რაც შეიცვალა, არის მისი შრომით მოპოვებული შემოსავლის მიმთვისებლის ვინაობა. ამ სიტუაციაში კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ნათელს მოჰფენდნენ ამ ორ „გადასახადს“ შორის განსხვავებას. პოლიტიკოსებს უყვართ ტრაბახი იმაზე, თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგეს, მაგრამ თითქმის არავინ აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი საქონლის მიწოდებაზე ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულიც იხარჯება.

მინიმუმ ორი რამ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს წინსვლა კანონის უზენაესობისკენ. პირველი, ხალხმა უნდა გააცნობიეროს განსხვავება გადასახადსა და რეკეტით გამოძალულ თანხას შორის. და მეორე, საქართველომ უნდა მიაღწიოს მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება უკეთესი პირობები საბაზრო ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისთვის.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა