შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

პროფესია, რომელსაც ვირჩევთ
ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2013

როგორც ბევრ სხვას, მეც მირჩევნია მქონდეს მეტი ალტერნატივა, მაგრამ ვერ ვიტან ამორჩევის პროცესს. შედეგად, ჩემს ცხოვრებაში ბევრი უმნიშვნელოვანესი არჩევანი, პარტნიორის შერჩევის ჩათვლით, ჩემს ნაცვლად სხვებმა გააკეთეს.

2010 წლის ნიუ იორკ ტაიმსის სტატიაში „ზედმეტად დიდი არჩევანი — პრობლემა, რომელსაც პარალიზების გამოწვევა შეუძლია“ (Too Many Choices: A Problem That Can Paralyze), აღწერილია კოლუმბიის ბიზნესის სკოლის პროფესორის, შინა იენგარის (Sheena Iyengar) კვლევა. კვლევისთანახმად, არჩევნის გაკეთებაბევრად უფრო რთულია, ვიდრე სახელმძღვანელოებში დაწერილი „ჭეშმარიტება“, რომელსაც ჩვენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-ის) მომავალ ეკონომისტებს ვასწავლით.

აი, როგორაა აღწერილი ექსპერიმენტი ტაიმსში: „კალიფორნიის ერთ-ერთ გასტრონომში პროფესორმა იენგარმა და მისმა ასისტენტებმა დადგეს Wilkin & Sons-ის ფირმის ჯემების პატარა სადეგუსტაციო სტენდი, სადაც მომხმარებელს მონაცვლებით სთავაზობდნენ ჯერ 24 სახეობის, რამდენიმე საათის შემდეგ კი — 6 სახეობის ჯემს. საშუალოდ მომხმარებელი 2 სახეობის ჯემს აგემოვნებდა, შეთავაზებული ალტერნატივების რაოდენობის მიუხედავად… საინტერესო ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ალტერნატივების დიდი რაოდენობისას მომხმარებლების 60%-ს უჭირდა არჩევნის გაკეთება დაგემოვნებულ ჯემებს შორის, ალტერნატივების მცირე რაოდენობისას კი იგივე მაჩვენებელი  40%-ს შეადგენდა. ამასთანავე, 6 სახეობიდან არჩევისას მომხმარებლების 30% იძენდა ჯემს, 24-დან არჩევისას კი — მხოლოდ 3%“.

ასე რომ, პროფესორ იენგარის კვლევის მიხედვით, ერთი შეხედვით მიმზიდველი ალტერნატივების დიდი რაოდენობა, არჩევანს რეალურად შეუძლებელს ხდის.

საუნივერსიტეტო განათლების არჩევა

თუკი გასტრონომში ჯემის, ღვინის ან ყველის არჩევაც კი ასე რთულია, წარმოიდგინეთ, როგორ უჭირთ18 წლის ქართველ ახალგაზრდებს (პრაქტიკულად, ბავშვებს) ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა განათლება მიიღონ. ამას გარდა წარმოიდგინეთ, ამათგან რამდენი აკეთებს არჩევანს იმის გათვალისწინებით, რომ:

  • ცხოვრობს ქვეყანაში, რომელიც რადიკალურ და არაპროგნოზირებად სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის;
  • მისი მშობლების ადამიანური კაპიტალი და სოციალური სტატუსი საქართველოს ეკონომიკის კოლაფსისა და დასაქმების გარეშე ზრდის პროცესში გაქრა;
  • ძნელია, სასწავლო დაწესებულებებისა და პროგრამების ხარისხის და რელევანტურობის შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვება (თან ამ მხრივ მშობლების თაობის რჩევებსაც ვერ დაეყრდნობა).

როგორც, ნინო დოღონაძისა და ფლორიან ბირმანის სტატიაშია („იმიტაციის, აკრძალული ხილისა და მკვახე ყურძნის შესახებ“) განხილული, მარტივი გამოსავალი ამ თავსატეხიდან არის იმიტაცია: „თუ წარმოდგენა არ გაქვს, რა მოიმოქმედო, გააკეთე ის, რასაც ყველა დანარჩენი აკეთებს. თუ ყველა სწავლობს სამართალს, ალბათ არის მასში რაღაც კარგი. განა შესაძლებელია ამდენი ადამიანი ცდებოდეს?!“

ჯოგის ინსტიქტი — გააკეთე ის, რასაც სხვები აკეთებენ — შეიძლება მართლაც კარგი გამოსავალი იყოს 18 წლის ახალგაზრდებისთვის. მიუხედავად ამისა, მაინც ღირს იმის განხილვა, რა ტიპის განათლებას ირჩევენ ისინი. თუ თვალს გადავავლებთ ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების არჩევანს მიმდინარე წლამდე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი ძირითადად პროფესიის არჩევის გადავადებას ცდილობდნენ. აბიტურიენტები ზოგადი საუნივერსიტეტო განათლების მიღებას ამჯობინებენ. არიდებენ რა თავს ისეთ ვიწრო პროფესიულ მიმართულებებს, როგორებიცაა მაგალითად: ორგანული ქიმია,  ნიადაგთმცოდნეობა და სამშენებლო ინჟინერია, ახალგაზრდები ზოგად ბიზნესსა და სოციალურ მეცნიერებებს ეუფლებიან. ამგვარი ზოგადი დისციპლინების შესწავლა კი მათ (შესაძლოა) მენეჯმენტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მარტვი ცნებების შესწავლაში, კომპიუტერული უნარებისა და უცხო ენების ცოდნის დახვეწაში ეხმარება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პროფესიის არჩევის გადავადების გადაწყვეტილება შეიძლება რაციონალურადაც კი ჩაითვალოს; განსაკუთრებით შრომის ბაზრის სამომავლო მდგომარეობის, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხისა და რაც მთავარია, 18 წლის ასაკში ფორმირებული ინტერესების მომავალი განვითარების შესახებ გაურკვევლობის პირობებში. შეიძლება მოგვიანებით გადაწყვეტა და მანამ ისეთი ზოგადი ცოდნისა და უნარების უკეთ დაუფლება, როგორებიცაა უცხო ენა და მათემატიკა (მეცნიერების ენა) მართლაც უფრო გონივრული იყოს. უკანასკნელი ხომ სტუდენტებს საზღვარგარეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად უხსნის გზას.

რა იქნება შემდეგ?

ბიზნესების არაერთი გამოკითხვა (მაგალითად: ეკონომიკის მსოფლიო ფორუმის აღმასრულებლების მოსაზრების კვლევა) მიუთითებს, რომ მშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს მეორე ყველაზე პრობლემატურ საკითხად ითვლება (სარგებლის მაღალი განაკვეთის შემდეგ). აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ალტერნატივების გაუმჯობესება მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

ალტერნატიული ვარიანტების შესახებ სანდო ინფორმაციის ნაკლებობისა და გადაწყვეტილების მიღების თავისთავადი სირთულის გამო, მთავრობას ადვილად შეუძლია უბიძგოს ახალგაზრდებს გარკვეული საგანმანათებლო პროგრამებისკენ სრულად დაფინანსებადი პროგრამების შეზღუდვის საშუალებით. მაგალითად, სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში გრანტების განაწილებისას პრიორიტეტი მიანიჭეს საინჟინრო პროგრამებს. ასეთი განაწილების მთავარი უარყოფითი მხარეებია: ა) მთავრობას ხშირად წარმოდგენა არ აქვს, რა მდგომარეობა იქნება მომავალში შრომის ბაზარზე და ბ) დაბალხარისხიანი საინჟინრო პროგრამებისკენ ნიჭიერი ახალგაზრდების ნაკადის მიმართვა პრობლემას ნამდვილად ვერ გადაჭრის.

საგანმანათებლო სისტემის ეფექტურობის გაზრდას საუნივერსტეტო განათლების ოთხიდან სამ წლამდე შემცირებაც შეუწყობდა ხელს. თუ ზოგადი საუნივერსიტეტო განათლების მთავარი პრაქტიკული დანიშნულება გადაწყვეტილების გადადებაა, სამი წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის თავიანთი შესაძლებლობებისა და პრიორიტეტების ასაწონ-დასაწონად. და ბოლოს, ბიზნესებსა და ფილანტროპებს შეეძლებოდათ დაეხარჯათ ფული რომელიმე კონკრეტული საგანმანათებლო პროგრამების ხარისხის ამაღლებაში და ამით დახმარებოდნენ ნებისმიერი ასაკის სტუდენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. მაგალითად, კახა ბენდუქიძის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში ინვესტირებამ გაზარდა სტუდენტების ინტერესი ამ ტიპის განათლების მიმართ. განათლების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი მიზანია ათასწლეულის გამოწვევის (MCC) მეორე კომპაქტისთვისაც, რომელსაც საქართველომ ცოტა ხნის წინ ამერიკის მთავრობასთან ერთად მოაწერა ხელი. საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამშენებლო ინჟინერიისა და აგრონომიის დარგებზე აქცენტი MCC-ის მიერ უდავოდ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, იქნება თუ არა ეს ნაბიჯი საკმარისი საფუძვლიანი და მდგრადი ცვლილებების გამოსაწვევად.

მოდით, იმედი ვიქონიოთ რომ რამდენიმე წელიწადში, ქართველ სტუდენტებს საგონებელში ჩააგდებს საუკეთესო, მსოფლიო დონის საგანამანათებლო პროგრამებს შორის არჩევანი. დღესდღეობით ხომ საქართველოს საუნივერსიტეტო გარემოსთან მიმართებაში მხოლოდ არჩევნის ილუზია გვაგდებს საგონებელში.

ბედნიერი შობა და ახალი 2014 წელი დამდგარიყოს თითოეული ჩვენგანისთვის!

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა