რატომ უნდა გვაღელვებდეს შემოსავლების უთანასწორობა? ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ შტიგლიცისა და ჰარვარდის ეკონომისტის ჯეისონ ფურმანის მიხედვით, „უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რასაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ“ (“Economic Consequences of Income Inequality”, Federal Reserve Bank of Kansas: Journal Proceedings, 1998, pp. 221-232). შესაბამისად, თუ შემოსავლების უთანასწორობა პირდაპირი მნიშვნელობით არ გვაღელვებს, შეიძლება არსებობდეს საკმარისი მიზეზი მის არაპირდაპირ ეფექტებზე საზრუნავად.
იტალიელმა ეკონომისტებმა, ალბერტო ალეზინომ და რობერტო პეროტიმ, თავიანთ ნაშრომში „შემოსავლების განაწილება, პოლიტიკური არასტაბილურობა და ინვესტიციები“ (European Economic Review 40, 1996, pp. 1203-1228), დაადგინეს კავშირი უთანასწორობას, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. მათ, შესაბამისი ეკონომეტრიკული ტექნიკის გამოყენებით, 71 ქვეყნის მონაცემების ანალიზი ჩაატარეს (1960-1985 წლებისათვის), სადაც პოლიტიკურ არამდგრადობის გასაზომად გამოიყენეს ინდექსი, „რომელიც სხვადასხვა ცვლადების დახმარებით სოციალური მღელვარების ეფექტს აღწერს“. უფრო კონკრეტულად, ავტორებმა გამოავლინეს კავშირი საშუალო კლასის შემოსავლებს (რომელიც განისაზღვრება, როგორც მოსახლეობის მესამე და მეოთხე კვანტილში თავმოყრილი მთლიანი შემოსავალი), სოციო-პოლიტიკურ არამდგრადობასა და ინვესტიციებს შორის. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ „სოციო-პოლიტიკური არამდგრადობა ამცირებს ინვესტიციებს“ და რომ „მდიდარი საშუალო ფენა, თავის მხრივ, ამცირებს სოციო-პოლიტიკურ არამდგრადობას“. უფრო მდიდარი საშუალო კლასი ნიშნავს უფრო მეტ თანასწორობას შემოსავლებს შორის, შესაბამისად, მათი კვლევით მტკიცდება ჰიპოთეზა, რომ უთანასწორობა უაროფითად მოქმედებს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
მჟონავი „ვედრო“
ზემოაღნიშნული შეხედულება ეწინააღმდეგება კლასიკურ ეკონომიკურ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთი შრომის ნაყოფის მომკა, სხვებისათვის გაყოფის იძულების გარეშე. შემოსავლის გადანაწილება ხშირად მჟონავ ვედროსთანაა შედარებული: სახელმწიფოს შეუძლია შემოსავლის გარკვეული ნაწილი აიღოს მდიდრებისაგან, მაგრამ უნდა გადაიხადოს შესაბამისი საფასურიც, რაც შემცირებულ წარმოებაში გამოიხატება. ალეგორიულად, „ვედრო“, რომელსაც გადააქვს ფული მდიდრებიდან ღარიბებისაკენ, ჟონავს — ეკონომიკური ნამცხვრის მთლიანი ზომა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გავყოფთ მას.
ეს არგუმენტი ემყარება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ადამიანები თავიანთი ქცევისას მატერიალურ სტიმულებზე რეაგირებენ. შესაბამისად, თუ მატერიალური ჯილდოს ნაწილის წართმევას ელოდებიან, ადამიანები ნაკლებად ცდილობენ აღნიშნული ჯილდოს მოპოვებას.
ცხადია, ეს მიდგომა გარკვეულწილად სიმართლეს შეიცავს. წარმოვიდგინოთ საზოგადოება, სადაც გადასახადებისა და გადანაწილების შემდეგ ყველას ერთნაირი შემოსავალი აქვს. ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა ადგნენ ადამიანები დილით ადრე, იმუშაონ და აკეთონ არასასიამოვნო საქმე? თუ შემოსავალი მაინც თანაბარი იქნება, ადამიანები იძინებენ დიდხანს, გადადებენ თავიანთ საქმეს და როგორც ამერიკელები იტყვიან, „ექნებათ მარტივი საქმე“.
ეს პრობლემა მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა კავშირსა და მსგავსი სოციალისტური ეკონომიკის ქვეყნებში. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საბჭოთა მოქალაქეები ინიციატივისა და ახალი იდეების გამოხატვისადმი გულგრილები იყვნენ, რადგან ეს კოლექტივს ეხმარებოდა და არა მათ პირადად. შედეგადაც, მხოლოდ რამდენიმე ქარხანა აწარმოებდა ისეთ საქონელს, რომელიც მართლა მიმზიდველი და სასურველი იყო მოქალაქეებისთვის. მაგალითად, მანქანის მისაღებად დიდი ხანი გიწევდათ რიგში დგომა და ბოლოს იღებდით საკმაოდ დაბალხარისხიან და მოუხერხებელ საქონელს.
სწორედ სასურველი საქონლის ნაკლებობის შედეგი იყო სოციალისტური ქვეყნების თავდაუზოგავი მცდელობა გამკლავებოდნენ უარყოფით სტიმულებს (ძალდატანებითი მუშაობა, დაბალპროდუქტიული მუშის დასჯა) და არაფულად ჯილდოებს, როგორიცაა მედლები და ტიტულები („წლის საუკეთესო მუშაკი“, „ლენინის ორდენი“). ეს მიდგომა იყო გარკვეულწილად ეფექტიანი, თუმცა ადამიანებისათვის მაინც უფრო მიმზიდველი იყო უბრალოდ გამდიდრება და არა წლის საუკეთესო მუშაკის ტიტულის მიღება.
მეორეს მხრივ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად სკანდინავიაში, სახელმწიფო ძალიან არის ჩართული შემოსავლების გადანაწილებაში. იმის მიუხედავად, რომ ამ ეკონომიკის 50% სახელმწიფოს მიერ იმართება, ხალხი სიამოვნებას იღებს, როგორც მაღალი შემოსავლებით, ასევე ცხოვრების მაღალი დონით.
რა შეგვიძლია ვთქვათ საქართველოს შესახებ?
საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო მაღალი უთანასწორობა შემოსავლებში. ესტონელი ეკონომისტის ანელი კაასას მიხედვით ჩვენი ქვეყნის ჯინის კოეფიციენტი 1992 წელს შეადგენდა 0.36-ს და 1996 წელს კი - 0.58-ს (“Factors Influencing Income Inequality in Transition Economies”,University of Tartu Working Paper, 2003).
ეკონომიკაში შემოსავლების უთანასწორობის მთავარი ინდიკატორი ჯინის კოეფიციენტია. მაჩვენებელი მოქცეულია 0-სა და 1-ს შორის და მაღალი მნიშვნელობა მეტ უთანასწორობაზე მიუთითებს. სკანდინავიურ ქვეყნებში ჯინის კოეფიციენტი მხოლოდ 0.25-ს შეადგენს. მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის ამერიკა, სადაც ჯინი 0.45-ს აღწევს, უდაოდ ყველაზე უთანასწოროა. საქართველოში დღესდღეობით ჯინის კოეფიციენტი არის დაახლოებით 0.41. 0.58 შეესაბამება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ანგოლა და ჰაიტი.
გრაფიკი გვიჩვენებს საქართველოში შემოსავლების განაწილებას საქსტატის მონაცემების მიხედვით. მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 10%-ის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი ძალიან მაღალია საზოგადოების სხვა ფენის წარმომადგენლების შემოსავლებთან შედარებით. საშუალოდ, მოსახლეობის ყველაზე მდიდარი (ზედა 10%-ში მოქცეული) წევრის მიერ მიღებული შემოსავალი 16-ზე უფრო მეტჯერ აღემატება მოსახლეობის ყველაზე ღარიბი (ქვედა 10%-ში მოქცეული) წევრის მიერ მიღებულ შემოსავალს.
იმის დაშვებით, რომ დიდი უთანასწორობა ცუდია ქვეყნის განვითარებისათვის, კერძოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური მღელვარება საკმაოდ მაღალია (ამერიკისგან განსხვავებით, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში გააჩნია სტაბილური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა), საინტერესოა იმის ცოდნა თუ რა არის შემოსავლის უთანასწორობის წყაროები საქართველოში და როგორ შეიძლება ამ უთანასწორობის აღმოფხვრა. სწორედ ამ საკითხების ირგვლივ მსჯელობას დაეთმობა ჩემი შემდეგი ბლოგი.