... ანუ რეფორმების ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების?!
ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ სტიგლიცმა, რომელიც მსოფლიოში უნივერსალურად მიღებული განვითარების თეორიების მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა, ერთხელ საკუთარი შეხედულება ამ ეკონომიკურ სტრატეგიებთან დაკავშირებით რიტორიკული შეკითხვით შეაჯამა: „ჩვენ ვიწვნიეთ [რეფორმების] ტკივილი, მაგრამ როდის მოვიმკით მათ ნაყოფს?!“
სტიგლიცის აზრით, ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები საწყის ეტაპზე, უკეთესი მომავლის შექმნის პირობით, დიდ მსხვერპლს მოითხოვს განვითარებადი ქვეყნებისგან, რაც საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის გაღარიბებას, შემოსავლების შემცირებას, გაზრდილ სოციალურ წნეხსა და გაზრდილ უთანასწორობას იწვევს. მაშინ როცა განვითარების რეცეპტები სახელმწიფოებს ნამდვილად ძვირი უჯდებათ, დაპირებული კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა არც ისე აშკარაა.
განვითარების წინააღმდეგობრივი სტრატეგია
განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კლასიკურ სტრატეგიას წარმოადგენს ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსი“, რომელიც ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო მონეტარული ფონდის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ემყარება.
ვაშინგტონის კონსენსუსის მთავარ პოსტულატებს წარმოადგენს ვაჭრობის ლიბერალიზაცია, საბუჯეტო კონსოლიდაცია, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ბაზრების დერეგულაცია და მთავრობის მიერ მართული ეკონომიკური საქმიანობების პრივატიზაცია. ეკონომიკური განვითარების ეს სტრატეგია ლათინური ამერიკის ქვეყნების 1980-იანი წლების ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად შეიქმნა.
ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკის შედეგები ლათინური ამერიკის ქვეყნებში არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. მეტიც, XX საუკუნის ბოლოს, ამ რეგიონში გაღვივებული ფინანსური კრიზისის (მაგალითად, 1994 წლის მექსიკის ე.წ. „ტეკილას კრიზისის“) გამამწვავებელ ფაქტორად „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ერთ-ერთ ძირითად პოსტულატს - ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციას ასახელებენ. სტიგლიცი თავის სტატიაში „პოსტ-ვაშიგტონის კონსენსუსის კონსენსუსი“ (Initiative for Policy Dialogue Working Paper, Columbia University) ირწმუნება რომ ამ სტრატეგიის დანერგვის შემდგომ ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში XX საუკუნის 60-70-იანი ე.წ. იმპორტ-ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის წარუმატებელი წლების ზრდის ტემპის ნახევარი იყო. საჯარო სექტორის როლის უგულებელყოფა სტიგლიცის მთავარი არგუმენტია თავდაპირველი „ვაშინგტონის კონსენსუსის“ წინააღმდეგ. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, რომელმაც განსხვავებული ზრდის პოლიტიკა გაატარა, ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ე.წ. „აზიის ვეფხვების“ (ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სინგაპური) ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკით განპირობებული შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატება.
„რკინის ფარდის“ რღვევის შემდეგ, 1990-იან წლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ სოციალისტური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფი გადასვლის უზრუნველსაყოფად იმ დროისთვის ახალი და პოპულარული ვაშინგტონის კონსენსუსის რეკომენდაციების განხორცილება დაიწყო. თუმცაღა, როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველი ვაშინგტონის კონსენსუსი შეიქმნა ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის და არ ითვალისწინებდა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: არაეფექტიანად მომუშავე ინდუსტრიები და კაპიტალზე კერძო საკუთრების არარსებობა.
მეტიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გატარებული რადიკალური ლიბერალიზაციისა და მასიური პრივატიზაციის ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენდა „ვაშინგტონის კონსენსუსის“ გამარტივებულ და ზედაპირულ ვერსიას, რომელიც 1990-იან წლებში გაბატონებული თავისუფალი ბაზრების თვითრეგულირების „გულუბრყვილო“ წარმოდგენებს ემყარებოდა. ეს წარმოდგენები არ ითვალისწინებდა „უკონტროლო“ კაპიტალიზმში ცხოვრებისათვის იმ საზოგადოების მზადყოფნას, რომელმაც 70 წელი გეგმურ ეკონომიკაში იცხოვრა. წარმატება საბაზრო ეკონომიკაში მოითხოვს გამოცდილებასა და უნარებს, რომელთა დაუფლებაც სოციალიზმის დროს ძნელია. შედეგად, გარდამავალ პერიოდში საზოგადოების სიმდიდრე ხალხის მცირე ჯგუფების (ოლიგარქების) ხელში აღმოჩნდა. მათ ისარგებლეს სამოქალაქო საზოგადოების სისუსტით და ძალიან გამდიდრდნენ.
სტიგლიცი, რომელმაც ნობელის პრემია ინფორმაციულ ეკონომიკაში (informational economics) შესრულებული ნაშრომისთვის მიიღო, გვთავაზობს ამ პროცესების თეორიულ ახსნას. მიკროეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიგნებას წარმოადგენს ის, რომ ინფორმაციული ასიმეტრიის შემთხვევაში, თავისუფალი ბაზრების თვითრეგულირება ძნელდება და სასურველი შედეგის მიღწევაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სტიგლიცის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრები ინფორმაციის მნიშვნელოვანი ასიმეტრიულობით ხასიათდებოდა, რამაც ეკონომიკური თეორიის მიხედვით განაპირობა ბაზრების ფუნქციონირების არასასურველი შედეგი. ასეთი წინაპირობებისთვის სტიგლიცი წერს: „არ არსებობს თეორიული საფუძველიც კი იმისა, რომ განვითარების საწყის ეტაპზე ბაზრებმა თვითონ უზრუნველყონ ეფექტიანი შედეგი“ (Stiglitz, Initiative for Policy Dialogue Working Paper, Columbia University, 2005).თავდაპირველი ვაშინგტონის კონსენსუსის მარცხის საყოველთაო აღიარების შემდეგ, სტიგლიცმა მსოფლიოს სხვა ეკონომისტებთან ერთად წარმოადგინა ვაშინგტონის კონსენსუსის ალტერნატიული ვერსია - პოსტ ვაშინგტონის კონსენსუსის კონსენსუსი. ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი კომპონენტი ხაზს უსვამს მთავრობის როლს განათლებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში, სიღარიბის დაძლევასა და ფინანსური სისტემის რეგულირებაში.
ქართული გამოცდილება
მიუხედავადად ვაშინგტონის კონსენსუსის ეფექტიანობის სადავოობისა, ის საქართველოში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა. ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ფისკალური კონსოლიდაცია და ფასების სტაბილიზაცია აქტიურად ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2003 წლიდან მოყოლებული.
წარმოადგენს თუ არა ვაშინგტონის კონსენსუსი წარმატებულ სტრატეგიას საქართველოში, ჯერ კიდევ საკამათო თემაა. უკანასკნელ პერიოდში შთამბეჭდავი ზრდის ტემპების მიუხედავად, საზოგადოება შემოსავლის უთანასწორობისა და სიღარიბის მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას.
უფრო მეტიც, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა როლი მიუძღვის ვაშინგტონის კონსენსუსის რეკომენდაციებს ბოლო პერიოდის ეკონომიკურ ზრდაში. შევარდნაძის პერიოდის გამანადგურებელი ეკონომიკური პოლიტიკის შემდგომ შესაძლებელია ნებისმიერი გარკვეულწილად მიზნობრივი სტრატეგია ანალოგიურად წარმატებული ყოფილიყო. ეკონომიკური აქტივობის არარსებობის პირობებში კი მნიშვნელოვანი ზრდის ტემპი შეიძლება ქვეყნის „ნორმალურ კალაპოტში“ (ქმედითი მთავრობა, კორუფციის დონის კლება) დაბრუნებასაც გამოეწვია.
შეიძლება ვიკამათოთ ვაჭრობის ლიბერალიზაციის, ვაშინგტონის კონსენსუსის ძირითადი პოსტულატის, შედეგიანობაზეც. საქართველოში ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკამ, ექსპორტის განვითარების სტრატეგიის არარსებობის პირობებში, იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია და ექსპორტით მისი გადაფარვა შეუძლებელი გახადა. შედეგად მივიღეთ მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი დეფიციტი (რაც შედარებით არასასურველ შედეგს წარმოადგენს განვითარების არსებულ ეტაპზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნისათვის). ეს ლოგიკა სტიგლიცის მოსაზრებითაც შეიძლება გავამყაროთ: „ეკონომიკური კონკურენციის გარეშე, თავისუფალი ვაჭრობიდან მიღებული სარგებელს საზოგადოების მხოლოდ კონკრეტული ჯგუფები მოიხვეჭენ და შედეგად, ეს სტრატეგია ხელს ვერ შეუწყობს ეკონომიკური სიმდიდრის შექმნას. თუ საჯარო ინვესტიციების ტრანსფერი ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიებში არ არის საკმარისი, თავისუფალი ბაზრები ამ უკმარისობის აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს“(Cited from “More instruments and Broader Goals: Moving toward the Post-Washington Consensus”, Chapter 1 in Ha-Joon Chang (ed.): The Rebel Within, London 2001, pp. 17-56).
ვაშინგტონის კონსენსუსის ყველაზე დიდი ნაკლი მისი რეკომენდაციების უნივერსალურობასა და ეკონომიკური პოლიტიკის „წარსულზე დამოკიდებულების“ უგულვებელყოფაში მდგომარეობს. ეს უკანასკნელი სხვადასხვა ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებზე ქვეყნის ეკონომიკური წარსულის როლის უარყოფაში გამოიხატება. ვაჭრობის ლიბერალიზაციის სარგებელი ქვეყნისათვის სხვადასხვა სექტორის შედარებითი უპირატესობის გაანალიზების შემდგომ შეიძლება იქნას მიღებული. სხვა შემთხვევაში „ბრმა“ ლიბერალიზაციამ შეძლება პირიქით, ქვეყანა გააღარიბოს. ვაშინგტონის კონსენსუსის ნაკლოვანებები გვაიძულებს შევიმუშავოთ საქართველოს განვითარების სტრატეგიის უფრო დახვეწილი ვერსია, რომელიც მხედველობაში მიიღებს საქართველოს ისტორიასა და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დებატები კვლავაც გრძელდება...