შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

უფრო თანასწორი საქართველოსაკენ
კვირა, 26 იანვარი, 2014

გასულ კვირას უთანასწორობის თეორიული ეკონომიკური შედეგები განვიხილე. კლასიკური ხედვისაგან განსხვავებით ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ უთანაბრობას უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მოტანაც შეუძლია. უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციებს აბრკოლებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური არამდგრადობა ამცირებს მოსალოდნელ მოგებას ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობიდან. შესაბამისად, უცხოელი, ისევე როგორც ადგილობრივი ინვესტორები ნაკლებ კაპიტალს დააბანდებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც არამდგრადობის რისკი იზრდება.

თუ დავუშვებთ, რომ უთანასწორობა უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო, ჩნდება კითხვა: რა შეიძლება გაკეთდეს ამ მაჩვენებლის შესამცირებლად? კლასიკური, შემოსავლებისა და ქონების დაბეგვრის (ჩვეულებრივ, პროგრესული საგადასახადო განაკვეთით) მეშვეობით შემოსავლების გადანაწილება საზოგადოების უფრო მდიდარიდან შეჭირვებულ ფენაზე, პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. დაბალი გადასახადები ინვესტიციებისა და ზოგადი ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვისაა საჭირო – ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. 

არსებობს კი ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზები? პასუხი დადებითია. პრობლემის გადაჭრის პირველი ნაბიჯია უთანასწორობის წყაროების იდენტიფიცირება, რაც გულისხმობს შემოსავლის იმ ტიპების დადგენას, რომლებიც ძლიერ ზემოქმედებს უთანასწორობაზე, დადებითად თუ უარყოფითად. წყაროთა დადგენის შემდეგ სუბსიდიების, გადასახადებისა და სხვა ხერხების გამოყენებით, უთანასწორობაზე ყველაზე მძლავრად მოქმედი შემოსავლის კომპონენტების მანიპულირებაც მარტივია. სწორედ ამ მეთოდს განვიხილავთ ქვემოთ უფრო დაწვრილებით.

საიდან მოდის უთანასწორობა?

რობერტ ლერმანისა და შლომო იცჰაკის მიხედვით, უთანასწორობის წყაროების იდენტიფიცირების ერთი გზა ჯინის ინდექსის გამოთვლაა შემოსავლის სხვადასხვა კომპონენტებისათვის ცალ–ცალკე (“Income Inequality Effects by Income Source: A New Approach and Applications to the United States”,Review of Economics and Statistics 67, 1985, pp. 151-156).

ლერმანისა და იცჰაკის მეთოდი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა რუსლან იემცოვმა მოარგო საქართველოს შემთხვევას (“Inequality and Income Distribution in Georgia”, IZA Discussion Paper 252, 2001). მან თავის კვლევაში ერთმანეთს თვითდასაქმებულთა და მთლიანი მოსახლეობის შემოსავლების სტატისტიკური განაწილებები შეადარა და დაადგინა, რომ სწორედ თვითდასაქმებულობა წარმოადგენს საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის მთავარ წყაროს.

იემცოვის შედეგი გასაოცარი სულაც არაა, რადგან თვითდასაქმებულთა კატეგორია ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს აერთიანებს. კერძოდ, თვითდასაქმებულად ითვლება გლეხი, რომელსაც ძირითადად საკუთარი მოხმარებისათვის მოჰყავს პომიდორი და კიტრი; არქიტექტორი, რომელიც ძლივს ირჩენს თავს; დამოუკიდებელი ადვოკატი, რომელიც საშუალო შემოსავალს გამოიმუშავებს; და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) შტატგარეშე სპეციალისტი, რომელიც დიდი კომპანიების სერვერების გამართვისათვის საათში 100 დოლარს გამოიმუშავებს.

მე მსგავსი ანალიზი ჩავატარე 2009 და 2011 წლის საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. ვიკვლევდი უთანასწორობას სხვადასხვა ტიპის შემოსავლების (მოცემულია ქვემოთ მოყვანილი ცხრილის პირველი სვეტში) მიხედვით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვითვლიდი სხვადასხვა ტიპის შემოსავლის 1%-ით გაზრდა რა გავლენას მოახდენდა საქართველოში არსებულ მთლიან უთანასწორობაზე. ცხრილში მოცემული ციფრები აღნიშნავს „ჯინის კოეფიციენტის პროცენტულ ცვლილებას“, რომლის ინტერპრეტაციაც მარტივი არაა, თუმცა გვაწვდის საკმაოდ კარგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მაშინ, როცა ჩვენი მიზანი უთანასწორობის შემცირებაა.

ცხრილი იძლევა ნათელ გზავნილს უთანასწორობის აღმოფხვრის შესაძლო გზებისა და მათი შედეგიანობის შესახებ. 2011 წლის მონაცემების მიხედვით, ჯინის კოეფიციენტის თითქმის 10%-ით შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, თუ ტრანსფერების (ტრანსფერი მოიცავს პენსიას, სოციალურ დახმარებებს, სტიპენდიებს, ნათესავებისაგან მიღებულ თანხებსა და ფულად გზავნილებს) მიმღებთა შემოსავლები 1%-ით გაიზრდებოდა. მსგავსად, უთანასწორობას დაახლოებით 5%-ით შეამცირებდა სოფლის მეურნეობიდან ნატურით მიღებული შემოსავალების 1%-ით ზრდა.

ამავდროულად, არასასოფლო-სამეურნეო სფეროებში დაქირავებით მიღებული ხელფასების 1%-ით შემცირება ჯინის კოეფიციანტს თითქმის 12%–ით შემცირებდა.

პენსიების ზრდა და პომიდვრის სუბსიდირება

დავუშვათ, რომ ჯინი კოეფიციენტი ის პარამეტრია, რომელიც უთანასწორობაზე საუბრისას გვაინტერესებს. მაშინ ისეთი ტრანსფერების გაზრდით, როგორიცაა პენსიები და სოციალური დახმარებები, უთანასწორობის შედარებით მარტივად შემცირებას შევძლებდით. როგორც გამოთვლებმა აჩვენა, მცირე ცვლილებებმაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს (რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკის გატარებამდე მსგავსი ანალიზი ხელახლა უნდა ჩატარდეს უახლეს მონაცემებზე, რომელშიც შარშანდელი რეფორმის შედეგად 125 ლარიდან 150 ლარამდე გაზრდილი პენსიაც იქნება გათვალისწინებული).

მსგავსად, თანასწორობის გაზრდა სოფლის მეურნეობიდან ნატურით მიღებული შემოსავლის სუბსიდირებითაც შესაძლებელია. ეს უკანასკნელი კი შესაძლებელია ფერმერისათვის საბაზრო ფასზე დამატებით რამდენიმე თეთრის გადახდაში ან იმპორტზე გარკვეული ბარიერების დაწესებაში (თუ ჭკვიანურადაა შერჩეული და არ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს) გამოიხატოს. თუ წვრილი ფერმერების მიერ ნატურის სახით მიღებული შემოსავლის ღირებულება გაიზრდება, მაშინ უთანასწორობაც პროპორციულზე უფრო მეტად შემცირდება.

ამგვარად, ქვეყანაში სოციალური კეთილდღეობის ამაღლებაზე მიმართული მასშტაბური პროექტებისა და შემოსავლების გადამანაწილებელი პროგრამების გარეშეც კი, ლერმანისა და იცჰაკის მეთოდი ჯინის კოეფიციენტის შემცირების გონივრულ გზებს გვთავაზობს. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ამ მიდგომას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ჯინი კოეფიციენტი არსებული უთანასწორობის კარგ ინდიკატორად მიგვაჩნია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი დღესდღეობით ეკონომისტებს შორის კონსესუსი არსებობს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა