შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საზღვრებს მიღმა: იმიგრაცია აზერბაიჯანში
ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2014

უკვე რამოდენიმე წელია აზერბაიჯანში იმიგრაციის მზარდი ტალღა შეინიშნება. გრაფიკი 1 ასახავს აზერბაიჯანის წმინდა იმიგრაციას (იმიგრაციისა და ემიგრაციის სხვაობას) ბოლო 22 წლის განმავლობაში. მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ 2008 წლიდან ყოველწლიურად იმიგრანტთა რაოდენობა უფრო და უფრო მეტად აღემატება ემიგრანტთა რიცხვს. 2012 წელს აზერბაიჯანიდან წასულთა რაოდენობა უკვე 2000-ით ჩამორჩებოდა ქვეყანაში ჩასულთა მაჩვენებელს.

მიგრაციული ნაკადების მიმართულებასა და მოცულობას ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზეზები წარმართავს. აღნიშნული მიზეზები შეიძლება ორ ჯგუფად გავყოთ: იმიგრაციის ხელშემწყობ ანუ მიმზიდველ და ემიგრაციის წამახალისებელ ანუ განმზიდველ ფაქტორებად. როგორც წესი, განმზიდველ ფაქტორებად ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა, ვერშემდგარი სახელმწიფო მმართველობა, ომი, სიღარიბე და სხვა უსიამოვნო გარემოებები გვევლინება. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას გამგზავრებისკენ უბიძგებს. მიმზიდველი ფაქტორის მაგალითია შეერთებული შტატების დინამიური ეკონომიკა, რომელიც სიბეჯითის სანაცვლოდ წარმატების მიღწევის პირობაა. უმუშევართა სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფამ კი, როგორც ეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშია მიღებული, შეიძლება მიგრანტებს ევროპისკენ უბიძგოს.

აზერბაიჯანი არც ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მსგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და არც სოციალურ კეთილდღეობასა და ტრანსფერებს სთავაზობს ახლადჩასულ იმიგრანტებს. მაშ, რა მიმზიდველი და განმზიდველი ფაქტორები განსაზღვრავს მიგრაციულ პროცესებს აზერბაიჯანში?

რატომ ხდება აზერბაიჯანი მიმზიდველი იმიგრანტთათვის?

გრაფიკი 2 ასახავს აზერბაიჯანში საცხოვრებლად დარჩენის მიზნით 2008-2012 წლებში ჩასულთა რაოდენობას ემიგრაციის ქვეყნების მიხედვით. ამ ტიპის იმიგრანტების უმრავლესობა, 8000 ადამიანზე მეტი, რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდა. სავარაუდოდ, ამ ადამიანების უმრავლესობა ის ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, რომლებმაც გასული ათწლეულების მანძილზე დატოვეს ქვეყანა და ახლა უკან ბრუნდებიან.

ერთ-ერთი ძირითადი მიმზიდველი ფაქტორი არის ბოლო წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარება, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპსა და სიღარიბის მკვეთრ შემცირებაში აისახა. გასულ წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით იზრდებოდა. 2006 წელს ზრდის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და 34,5% შეადგინა (მსოფლიო ბანკის მონაცემები).  ასეთი ზრდის მიზეზი 1994 წელია, როდესაც აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ე.წ. „საუკუნის კონტრაქტს“ მსოფლიოს ლიდერ ნავთობ კომპანიებთან. სწორედ ნავთობის მოპოვების გამო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა და ამჟამად $7500-ს შეადგენს (შედარებისათვის, საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი არის $3500). სიღარიბის დონე 50%-იდან, რომელიც 2001 წელს ფიქსირდებოდა, 7.5%-მდე შემცირდა 2011 წლისთვის (მსოფლიო ბანკის მონაცემები). უმუშევრობა 5-6%-ია და კლებადი ტენდენციით ხასიათდება.

სამშენებლო სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს იძენს ეკონომიკაში, განსაკუთრებით იზიდავს ნაკლებად კვალიფიციურ  იმიგრანტებს. აზერბაიჯანის დედაქალაქი არა მარტო მოსახლეობის რაოდენობის გათვალიწინებით იზრდება, არამედ საცხოვრებელი ადგილების ზომებითაც.  ადგილები, რომლებიც 10 წლის წინ დაუსახლებელი იყო, ახლა სავსეა ახალი შენობებით. მოხდა მეტროს განახლება და დაემატა რამოდენიმე სადგური. ახლახანს გაიხსნა ჰილტონისა და კემპინსკის სასტუმროები. კასპიის ზღვის სანაპიროზე სასეირნო ბულვარი გაგრძელდა და განახლდა, 2012 ევროვიზიის კონკურსისთვის სანაპიროზე აშენდა გრანდიოზული „კრისტალ ჰოლი“. მშენებლობა რიგით მეორე სექტორია, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს აზერბაიჯანის მთლიან შიდა პროდუქტში ნავთობის სექტორის შემდეგ (თუმცა აღსანიშნავია, რომ განსხვავება ძალიან დიდია. მაშინ როცა ნავთობ სექტორის წილი მშპ-ში 50%-ია, სამშენებლო სექტორის წილი მხოლოდ 8%-ია).

რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანელების მიმართ არსებული მტრული განწყობაც შეიძლება იყოს რუსეთიდან აზერბაიჯანში გადასახლების წამახალისებელი ფაქტორი. მაგალითად, 2013 წლის ოქტომბერში მოსკოვში აზერბაიჯანელი მამაკაცი დაადანაშაულეს რუსი ბიჭის მკვლელობაში. მოსკოვში იმართებოდა დემონსტრაციები, ბუნტები და დარბევები კავკასიელი და განსაკუთრებით, აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ.

რას გვიყვება მიგრაციის მონაცემები?

წმინდა მიგრაციის განვითარების მაჩვენებლები თითქმის არასოდეს იმსახურებს სათანადო ყურადღებას ეკონომისტების მხრიდან, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან მშპ-ზე. წმინდა მიგრაცია კი მიუთითებს, როგორც ქვეყნის გარკვეულ ისტორიულ მომენტებზე, ასევე მის ზოგად განვითარებაზე. მაგალითად, თუ ისევ შევხედავთ პირველ გრაფიკს, დავინახავთ, რომ 1990-იან წლებში აღინიშნებოდა განსაკუთრებით მაღალი წმინდა ემიგრაცია, მხოლოდ 1990 წელს დაახლოებით 55 000 ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ემიგრაციის ეს ტალღა მიუთითებს ერთდროულად ორ ფაქტორზე: საბჭოთა კავშირის დაშლაზე, რომელსაც ეკონომიკური დაღმასვლა მოჰყვა და საზღვარგარეთ მოგზაურობის გაზრდილ შესაძლებლობაზეც.  საბჭოთა დეკადების შემდეგ, აზერბაიჯანელებისთვის ეს იყო ქვეყნიდან გამგზავრების შანსი და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს.  ეს რიცხვები გვიამბობს ასევე მთიანი ყარაბახის კონფლიქტის შესახებ, რომელიც გამწვავდა იმავე პერიოდში და შედეგად სომხებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში დატოვეს ქვეყანა. აზერბაიჯანის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1989 წელს 390 500-მა სომეხმა დატოვა აზერბაიჯანი.

მიუხედავათ იმისა, რომ მშპ გვაძლევს ინფორმაციას ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ, ის ვერ ზომავს ცხოვრების ხარისხს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ცხოვრების ხარისხი ასევე მოიცავს პოლიტიკურ თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და ბუნებრივი გარემოს სიმდიდრესაც კი. საერთაშორისო მიგრანტებმა იციან, რომელი ადგილებია უკეთესი დასამკვიდრებლად და თუ ქვეყანა იმიგრანტების სამიზნედ გადაიქცა, ეს უფრო მეტს გვეუბნება ქვეყნის განვითარების შესახებ, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.

ეს ასპექტი მთლიანად უგულებელყოფილია საქართველოში დებატებისას. თუ ხალხი საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს, ეს წარმატების მანიშნებელი იქნება. და ბოლოს, საქართველოში ცხოვრება ართუ ისე ცუდია, რადგან არსებობს ხალხი, რომელიც აქ ცხოვრებას საკუთარ სამშობლოში ცხოვრებასაც კი ამჯობინებს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა