ზამთრის არდადეგებზე ეკონომისტ დარონ აჯემოღლუსა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) და პოლიტოლოგ ჯეიმს ა. რობინსონის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთობლივი ნაშრომის (“Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty”, Crown Business 2012, 544 გვერდი, Hardcover $20.00) წასაკითხად მოვიცალე. ორივე ავტორი სახელგანთქმულია და გასაკვირი არ იქნება თუ აჯემოღლუ, თანამედროვეობის ყველაზე ხშირად ციტირებული თურქეთში დაბადებული სომეხი ეკონომისტი, უახლოეს მომავალში მიიღებს ნობელის პრემიას ეკონომიკაში.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ოდნავ იმედგაცრუებულიც კი დავრჩი, რადგან მასში მოცემული მთავარი მესიჯი ტრივიალურად მეჩვენა. განა ავტორები იმას არ ამტკიცებენ, რომ დიქტატორი, რომელიც საზოგადოებას ავიწროვებს და ექსპლუატაციას უწევს, ცუდია; კანონის უზენაესობაზე დამყარებული ინკლუზიური დემოკრატია კი — კარგი?
თუმცა, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მომწონს მათი თეორია. მითუმეტეს, რომ ეს იდეა თანხვედრაშია ჩემი, საქართველოში მცხოვრები ეკონომისტის აქაურ გამოცდილებასთანაც.
შემოქმედებითი განადგურება
აჯემოღლუ და რობინსონი ჯოზეფ შუმპეტერის (1883-1950) იმ იდეას ეყრდნობიან, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალა „შემოქმედებითი განადგურებაა“. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს ძველი ბიზნეს მოდელების, პროდუქტებისა და პროფესიების ახლით ჩანაცვლებას. იმის ნაცვლად, რომ ხაზი გაესვა მეწარმეების დადებითი და კონსტრუქციული როლისთვის (ბიზნესის აწყობა), ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქვეყნის განვითარება, როგორც წესი, არსებული სექტორებისა და ინდუსტრიების ხარჯზე მიმდინარეობს. თუმცა, შუმპეტერის აზრით, ეს განადგურება არის ეკონომიკური პროგრესის ბირთვი, რომლის გარეშეც სტაგნაცია გარდაუვალი იქნებოდა. მარტივია შემოქმედებითი განადგურების დადებითი როლის დამამტკიცებელი საბუთების პოვნა ისტორიაში. მაგალითად, მეოცე საუკუნის დასაწყისში პნევმატურმა საბურავებმა ჩაანაცვლა ხის ბორბლები. ინგლისურ ენაში ხშირი სახელი „Wright“ (wheelwright ანუ ხის ბორბლების ხელოსნის აღმნიშვნელი სიტყვის ნაწილი) მიანიშნებს, რომ ხის ბორბლის ოსტატი იყო მნიშვნელოვანი პროფესია წარსულში. მიუხედავად ამ პროფესიის განადგურებისა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ხის ბორბლის ჩანაცვლება პნევმატური საბურავებით იყო კაცობრიობის ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ფაქტია, რომ ვინც ეკონომიკას აკონტროლებს, პოლიტიკურადაც ძლიერია. თუ ეს ასეა, აჯემოღლუ და რობინსონი სვამენ კითხვას, რატომ უნდა დაუშვან შემოქმედებითი განადგურება ამ ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ლიდერებმა, თუ ეს მათი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის საძირკველს შეარყევს? მართლაც, როგორც მათ აჩვენეს, შემოქმედებით განადგურებას ხშირად სწორედ ისინი უშლიან ხელს, ვისაც ძალაუფლება აქვს.
საინტერესო, ზოგჯერ საკვირველი და ამავე დროს სასაცილო მაგალითებით, ავტორებმა ახსნეს ეკონომიკური ისტორია, როგორც ბრძოლა არსებული „წარმოების წესის“ (მარქსისტულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ) შენარჩუნების მომხრეებსა და ახალი იდეების მქონე ხალხს შორის, რომელსაც სურს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ბაზრების გახსნა. მარტივად რომ ვთქვათ, აჯემოღლუმ და რობინსონმა სცადეს დაემტკიცებინათ, რომ როდესაც კონსერვატიული ძალებია გაბატონებული, მაშინ გვაქვს სიღარიბე. ხოლო მაშინ, როცა შემოქმედებითი განადგურების ძალები ძლიერია, გვაქვს პროგრესი და განვითარება.
მათი ხედვის ყველაზე დამაჯერებელ მაგალითს წარმოადგენს ის, რომ საქსოვი მანქანები და ორთქლის ძრავა ევროპაში ჯერ კიდევ ინდუსტრიულ რევოლუციამდე გამოიგონეს, მაგრამ ეს სიახლეები აღიქმებოდა, როგორც საფრთხე არსებული ეკონომიკური წყობისთვის და ამიტომ აკრძალული იყო მმართველი ელიტის მიერ.
მაშინ, რატომ დაიწყო ინდუსტრიალიზაცია მაინცდამაინც ინგლისში?
ექსკლუზიური და ინკლუზიური ინსტიტუტები
ავტორებმა არამარტო აღწერეს ბრძოლა არსებულის შემნარჩუნებლებსა და შემოქმედებით გამანადგურებლებს შორის, არამედ შეეცადნენ აეხსნათ ამ ბრძოლაში გამარჯვების მომტანი ფაქტორებიც. აქ უკვე შემოდის ცნებები „ექსკლუზიური ინსტიტუტი“ და „ინკლუზიური ინსტიტუტი“.
აჯემოღლუმ და რობინსონმა მოახდინეს ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების კლასიფიკაცია ინკლუზიურობის დონის მიხედვით. რაც უფრო მეტად ინკლუზიურია ინსტიტუტი, საზოგადოების მით უფრო მეტი წევრის ეკონომიკურ ინტერესს ითვალისწინებს (მცირერიცხვოვანი ელიტის ეკონომიკური ინტერესების საწინაღმდეგოდ). ყველაზე სრულყოფილი ინკლუზიური ინსტიტუტები სამართლებრივი სისტემით იმართება და მისთვის ყველას ეკონომიკური ინტერესი თანაბარია. ექსკლუზიური ინსტიტუტები კი პირდაპირ დესპოტების მიერ ან ისეთი კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლდება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ელიტის ინტერესებს, არაელიტური ჯგუფების ჩაგვრის ხარჯზე.
ამ თეორიის ბევრ სხვა ასპექტს აქ არ განვიხილავ, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ზემოთ მოყვანილი არგუმენტებია საკვანძო. ჩემი აზრით, ამ თეორიის გაკრიტიკება სამართლიანად შეიძლება მისი პარსიმონიულობის გამო. შეუძლებელია მან ახსნას ყველა საზოგადოება გეოგრაფიული თუ დროითი თვალსაზრისით, მითუმეტეს, რომ ისტორიის მანძილზე არსებობდა საზოგადოებები, რომელთაც არც ექსკლუზიური და არც ინკლუზიური ინსტიტუტები ჰქონია. თუმცა აჯემოღლუსა და რობინსონის ზოგადი და მარტივი ჩარჩო წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ ინსტრუმენტს, როგორც ისტორიის ასახსნელად, ასევე პროგნოზების გასაკეთებლად.
მაგალითად, აჯემოღლუსა და რობნისონს აქვთ მკაფიო მოსაზრება „ჩინური კაპიტალიზმის“ მომავლის შესახებ. აჯემოღლუ და რობინსონი არ ეთანხმებიან ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთის მიღწევებით (უსწრაფესად აშენებული აეროპორტები, უზარმაზარი წყლის კაშხლები ...) აღტაცებულ იმ უამრავ ეკონომისტს, რომელსაც მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან ჩინეთი დასავლეთსაც გაუსწრებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ექსკლუზიურმა ინსტიტუტებმა რაღაც დონის ზრდას მაინც მიაღწიეს, ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აჯემოღლუსა და რობინსონის მოსაზრებით, საშუალოვადიან პერიოდში ეს ინსტიტუტები შემოქმედებითი განადგურების პროცესს შეზღუდავს და ჩინეთის ეკონომიკური განვითარებაც შეფერხდება. უკვე ახლაც, მიუხედავად მაღალი ზრდის ტემპისა, ჩინეთის ტრანსფორმაცია უგულებელყოფს საზოგადოების უამრავი წევრის ეკონომიკურ ინტერესს, რაც პოტენციურად საზოგადოებრივ დაპირისპირებასა და დიდ სოციალურ ძვრებს იწვევს. ეს უკანასკნელი კი ექსკლუზიური ინსტიტუტების კიდევ ერთი უარყოფითი გვერდითი ეფექტია. წიგნის გამოქვეყნების შემდეგ გამოაშკარავდა, რომ ჩინური კომუნისტური პარტიის ელიტამ მართლაც მოახერხა უზარმაზარი დოვლათის დააგროვება და ზუსტად ამ კვირაში სახალხოდ გახდა ცნობილი, რომ მათი სიმდიდრის დიდი ნაწილი უცხოეთში საიმედოდ ინახება. ჩემი აზრით, ეს ჩინური მოდელის ექსკლუზიურ მახასიათებელს წარმოადგენს.
აჯემოღლუსა და რობინსონისთვის ღია, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი კი არა, პირიქით, განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
და საქართველო?
ამ თეორიას თუ დავუჯერებთ, საქართველოს ნათელი მომავალი ელოდება. 2003 წლიდან, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. ეს ინსტიტუტები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბოლოს მათივე დამაარსებლებმა წააგეს არჩევნები და გზა ახალ მმართველებს დაუთმეს. ახალი პოლიტიკური ლიდერებიც დემოკრატიის მომხრენი არიან. თავდაპირველად, ძველი მთავრობის წარმომადგენლების გასამართლების საწყისი განზრახვის მიუხედავად, მათ პოლიტიკური რევანში არ დაუშვეს.
უფრო მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტების, ტექნოკრატებისა და ბიუროკრატების დონეზე, ძველი მთავრობის სამსახურში მყოფი ხალხი ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ განდევნა. თითქმის ყველა მოსამართლე დარჩა თავის სამსახურში, რითაც შენარჩუნდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესია „კონტროლისა და დაბალანსებული“ სისტემისთვის. ამის საწინააღმდეგოდ, აჯემოღლუმ და რობინსონმა მოიყვანეს სამხრეთ ამერიკული ქვეყნების მაგალითი, სადაც ახალმოსული მთავრობის პირველი ნაბიჯი ყოველთვის იყო მოსამართლეების შეცვლა. პრეზიდენტმა რუზველტმაც კი სცადა თავიდან მოეშორებინა მისდამი კრიტიკულად განწყობილი სასამართლო 1930-იან წლებში (თუმცა უშედეგოდ). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები სულ რაღაც ათი წელია დაიწყო, ქართული ინსტიტუტები, როგორც ჩანს, გაცილებით სრულყოფილი და ინკლუზიურია, ვიდრე უმეტესი სამხრეთ ამერიკული ქვეყნებისა.
ამიტომაც, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, გაცილებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მომავლისადმი. თუ ინსტიტუტები განსაზღვრავს გრძელვადიან ეკონომიკურ წარმატებას, მაშინ საქართველო ნამდვილად სწორ გზას ადგას.