შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როდესაც მორალი ზღუდავს ბაზარს
პარასკევი, 14 თებერვალი, 2014

კარგად არის ცნობილი, რომ მთავრობის ჩარევამ, იქნება ეს გადასახადები თუ რეგულაციები, შეიძლება ხელი შეუშალოს ბაზრის მუშაობას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ტიპის გავლენა, რომელმაც შეიძლება, ასევე, ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკის ეფექტიანობაზე, თუმცა მასზე ნაკლებად საუბრობენ. საუბარია გარკვეულ ღირებულებებზე, ტრადიციებსა და მორალურ სტანდარტებზე, რომელთაც საზოგადოება იცავს. საზოგადოების მორალური ჩარჩო გარკვეულწილად აისახება მის საკანონმდებლო სისტემაზე და ამგვარად გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მაგრამ უფრო ხშირად არაფორმალური კონსენსუსი, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა, შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ოფიციალური კანონი.

რამდენიმე წლის წინ, 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ელვინ როთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია შემთხვევებზე, სადაც ბაზარი და მორალი უპირისპირდება ერთნამეთს, რაც ხშირად იწვევს ეფექტიანობის მნიშვნელოვან შემცირებას (“Repugnance as a constraint on markets”, Journal of Economic Perspectives 21, 2007, pp. 37-58). მაგალითად, 1998 წელს კალიფორნიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც აკრძალა ცხენის ხორცის გაყიდვა ადამიანის მოხმარების მიზნით. ანალოგიურად, ისრაელსა და მუსლიმურ ქვეყნებში ღორის ხორცის გაყიდვა  ან ფორმალურად არის აკრძალული ან დეფაქტო შეუძლებელია. თუნდაც ოფიციალურ კანონმდებლობაში არ იყოს შეტანილი, სასტიკი წინააღმდეგობა მათგან, ვინც იზიარებს ტრადიციულ ან რელიგიურ კანონებს, ხელს უშლის ამგვარი ხორცით ვაჭრობას. მსგავს შეზღუდვებს არ აქვს არავითარი რაციონალური გამართლება, ვინაიდან მსოფლიოს ბევრ ადგილას ადამიანები ჭამენ ღორის ხორცს და მშვენივრად ცხოვრობენ, იტალიის ზოგ ნაწილში კი ცხენის ხორცი დელიკატესად ითვლება.

ერთგვარად სასაცილო მაგალითი დაკავშირებულია „ჯუჯის ტყორცნის“ ტრადიციასთან. ამ ტრადიციულ დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ სპორტში ადამიანები, რომელთაც აქვთ ჯუჯის სინდრომი, ისვრიან დამცავი ტანსაცმლით. ეს ძველი ტრადიცია აკრძალა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რამაც განაპირობა ფორმალური აკრძალვა რამდენიმე ქვეყანაში. შედეგად, ერთზე მეტი პროფესიონალი ჯუჯა მაინც არსებობდა, რომელიც უკმაყოფილო იყო მისთვის შემოსავლის წყაროს მოსპობის გამო. პარადოქსია, მაგრამ „ცოლის ტარების“ ძველი ფინური ტრადიცია დღემდე ნებადართულია და სულაც არ მიიჩნევა ადამიანის ღირსების შელახვად.

არსებობს მორალური შეზღუდვები, რომელთაც ბევრად უფრო სერიოზული შედეგები აქვს ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ქრისტიანებს მთელი ისტორიის განმავლობაში არ ჰქონდათ უფლება, გადაეხდევინებინათ პროცენტი, მაშინ, როდესაც მუსლიმები დღემდე მისდევენ ამ წესს. ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის პროცენტის როლი გაზვიადებულია. პროცენტის გადახდით გამსესხებელი მხარე იღებს კომპენსაციას როგორც მოხმარების გადავადებისთვის, ისე გასესხებული ფულის დაკარგვის რისკისთვის. ამ სტიმულის გარეშე მათ, ვისაც კაპიტალი აქვს, არ აქვთ მოტივაცია, ფული მისცენ მათ, ვისაც ეს კაპიტალი პროდუქტიული მიზნებისთვის სჭირდება. ეკონომიკაში კაპიტალის გამოყოფა პროცენტის გარეშე მნიშვნელოვნად უფასურდება და მუსლიმურ ბანკებს მოუწევთ შექმნან განვითარებული გადახდის სქემა, რაც მისცემს გამსესხებელს სტიმულს ისე, რომ არ დაარღვიოს რომელიმე რელიგიური წესი.

ბაზრების ფუნქციონირებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს თირკმლის გაცვლა. დათვლილია, რომ ყოველ წელს მხოლოდ აშშ-ში ათასობით ადამიანი კვდება, რადგან არ არსებობს თირკმლის ბაზარი. ასეთ ბაზარზე ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ თირკმელი, შეეძლებათ იყიდონ თირკმელი ადამიანებისგან, რომელთაც საკუთარი თირკმლის გაყიდვა სურთ (ადამიანს ორი თირკმელი აქვს და შეუძლია ერთი გაიღოს ყოველგვარი სერიოზული ჯანმრთელობის რისკის გარეშე). თირკმლის ბაზარი რომ არსებობდეს, მოთხოვნა-მიწოდების იგივე ძალა, რაც ხელს უშლის კარაქის, მანქანების ან საოჯახო ნივთების დეფიციტს, ამოავსებდა თირკმელზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არსებულ ნაპრალს. ვინაიდან ფულის სანაცვლოდ თირკმლის დონაცია არ არის ნებადართული. ადამიანებს, რომელთაც თირკმელი სჭირდებათ და ხშირად უკიდურეს მდგომარეობაში არიან, უწევთ, ეძებონ ადამიანები, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გაიღონ საკუთარი თირკმელი. მაგრამ ხშირად ეს არ არის საკმარისი, რადგან, თუ სისხლის ჯგუფი და სამედიცინო პარამეტრები არ შეესაბამება, თირკმელი შეიძლება არ გამოდგეს, დონორის არსებობის შემთხვევაშიც კი. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ ადამიანები იცდიან გადანერგვის კლინიკების შესასვლელებში და ყველას ეკითხებიან, ხომ არ სჭირდება ამა და ამ ტიპის თირკმელი ამა და ამ ტიპის თირკმლის სანაცვლოდ.

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია პროსტიტუციის აკრძალვა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აშშ-სა და შვედეთში.

რატომ ვუშლით ხელს ნებაყოფლობით გაცვლას?

მორალური თვალსაზრისითაც კი ბუნდოვანია, რატომ უნდა ჯობნიდეს „მორალი“ ეკონომიკურ შეხედულებებს. როდესაც ერთი ადამიანი ჰყიდის იმას, რაც მეორეს უნდა და ორივე მხარე ნებაყოფლობით ერთვება ამ გაცვლაში, ისე, რომ არავითარ ზიანს არ აყენებენ სხვებს. რა არის ის მორალური საფუძველი, რომელიც კრძალავს მსგავს გაცვლას?

რა თქმა უნდა, არსებობს გაფრთხილებები. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვა „ნებაყოფლობითს“. თუ არსებობს თირკმლის ბაზარი და ადამიანები მაღალ ფასს იხდიან ამ ორგანოში, ამან შეიძლება წაახალისოს გარკვეული ტიპის დანაშაული. ეს შეიძლება ურბანული ლეგენდაა, მაგრამ ამბობენ, რომ ღარიბ ქვეყნებში ადამიანებს იტაცებენ და ნარკოზით აძინებენ, რომლებიც შემდეგ იღვიძებენ პარკის მერხზე ახალი ნაოპერაციები ჭრილობით. „თირკმლის ქურდობაზე“ კიდევ უფრო უარესი შემთხვევაა, როდესაც ზოგ ადამიანს საკუთარი უსინდისო ნათესავი არწმუნებს, გაყიდოს საკუთარი თირკმელი, რათა მოგება ნახოს. სავარაუდოდ თირკმლის ბაზარი სწორედ ღარიბი ქვეყნებიდან მომარაგდება, სადაც ადამიანებმა შეიძლება ეს სარფიან გარიგებად ჩათვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს ამორალური და აბსურდულია, თირკმლის გაყიდვის მსურველთათვის ეს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების კარგი შესაძლებლობა შეიძლება იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ის არის, რომ ამით მესამე მხარე არ ზარალდება. თუ მოხდება ნარკოტიკების ლეგალიზება, მაგალითად, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ სხვებისთვის. ეს საფრთხეები შეიძლება გამართლდეს, მაგალითად, თუ ნარკოტიკის მომხმარებლები მართავენ მანქანას. ნარკოტიკების ლეგანიზების შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს დამატებითი ჯანდაცვის ხარჯებიც.

მეორეს მხრივ, ლეგალური ტრანზაქციების აკრძალვა ხშირად არ წყვეტს პრობლემას. მაგალითად, ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვას არ მივყავართ მსოფლიომდე ნარკოტიკების გარეშე. უფრო მეტიც, ნარკოტიკებით ვაჭრობა ამჟამად ხდება ბნელით მოცულ შავ ბაზარზე. შავ ბაზარზე რეგულაციებისა და ჯანმრთელობის სტანდარტების შემოღება ძნელია. ნარკოტიკის მოხმარებისგან გამოწვეული ბევრი უარყოფითი ეფექტი (მაგ.: აივ-ვირუსი და ც ჰეპატიტი) შეიძლება მოგვარებულიყო, თუ ბაზარს კონტროლს გაუწევდა რომელიმე ორგანო.

ნარკოტიკების არალეგალური სტატუსი განსაზღვრავს მის მაღალ ფასსაც, რადგან სწორედ ეს მაღალი ფასი იწვევს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბევრ დანაშაულს. ნარკოდამოკიდებული ადამიანები ქურდობენ, რათა ნარკოტიკის საყიდელი ფული იშოვონ, რასაც განაპირობებს სწორედ ნარკოტიკების მაღალი ფასები, რის გამოც მისი შოვნა ბევრად უფრო რთულია.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში ბევრი „მორალური“ შეზღუდვა სათავეს გავლენიანი ქართული ეკლესიიდან იღებს. მაგალითად, პატრიარქმა გამოსცა ეპისტოლე, სუროგატი დედებისა და ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგ. ორივე პრაქტიკა ნებადართულია საქართველოში და ბევრი იყენებს მას.

არსებობენ ქალები, რომლებიც ვერ ორსულდებიან, რაც ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ და ოჯახურ პრობლემებს. მეორეს მხრივ, არსებობენ ქალები, რომელთათვისაც მიმზიდველია ფულადი ანაზღაურებისთვის ბავშვის გაჩენა. და სამართლებრივად რამდენად სწორია ასეთი ორმხრივად მომგებიანი შეთანხმების აკრძალვა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის რელიგიურ მოძღვრებას?

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა