ცხადია, რომ რეგულირება საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარების მარტივი და სწრაფი მეთოდია. სწორედ ამიტომ ის პოპულისტების არსენალში ყველაზე ეფექტური იარაღია. მიუხედავად იმისა, გვარდება თუ არა საზოგადოების პრობლემები, ახალი რეგულაციების შემოღებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსები რაღაცას აკეთებენ. სწორედ იმის შედეგად, რომ რეგულირება ასე პოპულარულია პოლიტიკოსებს შორის, აშშ-ის ფედერალური რეგულაციების კოდექსი 2009 წლის მონაცემებით 163 333 გვერდს მოიცავდა (ეს რიცხვი არ შეიცავს შტატების დონის რეგულაციებს).
ამ ბლოგში ჩვენ განვიხილავთ რეგულირების დანახარჯებს - რეგულირების იმ ნაწილს, რომელსაც სათანადო ყურადღება თითქმის არასდროს ექცევა. შემდეგ კვირაში კი ჩვენ ვისაუბრებთ რეგულირების დადებით მხარეებზე. მეტიც, შემდეგ კვირაში ჩვენ ვისაუბრებთ რეგულირების გავლენის ანალიზის (Regulatory Impact Analysis) მეთოდზე, რომელიც რეგულირების დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.
რეგულირებას თავისი საფასური აქვს
რეგულირების უარყოფითი მხარეების ილუსტრირებისთვის მართვის თეორიიდან კარგი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ჭკვიანმა მენეჯერმა ყოველთვის იცის ორი უკიდურესობის: ერთი მხრივ, ორგანიზაციაში მართვის დაბალ დონეებზე მიმდინარე მოვლენებისადმი უყურადღებობისა და, მეორე მხრივ, მიკრომენეჯმენტის (დაბალ ორგანიზაციულ დონეებზე გადამეტებული და დეტალური მართვის) საფრთხის შესახებ. ის, რომ უყურადღებობა სახიფათოა, ყველას კარგად ესმის, მაგრამ რატომ არის პრობლემა მიკრომენეჯმენტშიც?
მენეჯერებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ ყოველთვის ყველაზე კარგად იციან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ამიტომ, არცთუ იშვიათად, ისინი ცდილობენ ამოცანის შესრულებისათვის საჭირო ყველა დეტალის გაწერასა და დაზუსტებას. თუმცა ორგანიზაციაში ასეთი მიდგომა ხშირად არ ამართლებს, რადგან საჭიროა მუშაკებს ჰქონდეთ საკმარისი თავისუფლება, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების საკითხშიც. სწორედ ამ შეხედულებაზეა დაფუძნებული მიზნობრივი მენეჯმენტიის (goal-based management) იდეა, რომლის მიხედვითაც მაღალი დონის მენეჯერები მათ დაქვემდებარებულ მმართველებს აცნობენ მხოლოდ შესასრულებელ ამოცანებსა და მისაღწევ მიზნებს, ხოლო ის, თუ როგორ და რა ხერხებით იქნება ეს მიზანი მიღწეული და დასახული ამოცანა შესრულებული, თავიდან ბოლომდე საოპერაციო მენეჯმენტის გადასაწყვეტია.
მიზნობრივი მენეჯმენტის პრინციპის უგულებელყოფის ცნობილი მაგალითია წითელი არმიის გამოცდილება. გერმანელმა სამხედრო ისტორიკოსმა, კარლ-ჰაინც ფრიზერმა თავის 2007 წლის წიგნში(გერმანულად) სცადა ეპასუხა მეტად საინტერესო კითხვისათვის: რატომ განიცადა წითელმა არმიამ დიდი დანაკარგი მაშინ, როდესაც ფაშისტური არმია უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო?
მიუხედავად იმისა, რომ 1943 წლიდან წითელი არმიის უპირატესობა არსებული რესურების (ჯარისკაცები და აღჭურვილობა) მიხედვით უკვე ცხადზე ცხადი გახდა, მან ფაშისტურ არმიაზე გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა გერმანელების დასავლეთისკენ განდევნისას. მაგალითად, ბერლინის ოპერაციაში, ბერლინამდე უკანასკნელ გერმანულ დაცვით პოზიციაზე წითელმა არმიამ 72 000 ჯარისკაცი დაკარგა მაშინ, როდესაც გერმანული არმიისთვის მსხვერპლმა მხოლოდ 12 344 დაღუპული შეადგინა. ეს კი იმ პირობებში, როდესაც წითელი არმია 1 მილიონი ჯარისკაცით, 3 155 ტანკითა და 16 934 ტყვიამფრქვევით უტევდა მხოლოდ 100 000 ჯარისკაცით, 512 ტანკითა და 600 ტყვიამფრქვევით შეიარაღებულ ფაშისტურ არმიას.
ფრიზერი ბრძოლის ამ და სხვა მსგავს შედეგებს არმიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში არსებული განსხვავებით ხსნის. მაშინ, როდესაც წითელი არმია აგებული იყო ბრძანებისა და შესრულების პრინციპზე, ფაშისტური არმია მისი წინამორბედი პრუსიული არმიისგან მემკვიდრეობით მიღებულ „მისიაზე დაფუძნებულ“ ტაქტიკას (mission-type tactics) მისდევდა. „მიზნობრივი მენეჯმენტის“ მსგავსად „მისიაზე დაფუძნებული“ ტაქტიკა განსაზღვრავს მიზნებს, მაგრამ არ მოიცავს მათი შესრულების დეტალურ აღწერას. როგორც ფრიზერი ამტკიცებს, წითელ არმია ასეთი დიდი მსხვერპლის თავიდან აცილებას შეძლებდა მართვის იერარქიის დაბალ დონეებზე გადაწყვეტილებების თავისუფლების მინიჭების შემთხვევაში. ფაშისტური არმიისაგან განსხვავებით, წითელ არმიაში ნებისმიერი სახის დამოუკიდებელი მოქმედება დაუმორჩილებლობად აღიქმებოდა.
მიზეზი, თუ რატომ მუშაობს „მიზნობრივი მენეჯმენტი“ საუკეთესოდ, მარტივია. მართვის მაღალ დონეებზე მხოლოდ დიდ სურათს ხედავენ, მაგრამ მათ არ იციან ბევრი ის დეტალი, რომელიც ოპერაციის ძირითად ნაწილს შეადგენს. რაც შეეხება ამ დეტალებს, მათი სპეციფიკა უკეთ იციან მათ, მართვის დაბალი დონიდან, ვინც უშუალოდ მონაწილეობს კონკრეტული დავალებების შესრულებაში და ამის საკმარისი გამოცდილება აქვს.
ორივე მიზეზი პირდაპირ უკავშირდება იმ კითხვას, თუ რამდენად რეგულირებული უნდა იყოს საზოგადოება.
საზოგადოების მართვა
თუ ვინმე თვლის, რომ მთავრობის მიზანი მისი თითოეული წევრის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს, მაშინ საზოგადოების მიკრომენეჯმენტი მეტად სახიფათოა, იმავე მიზეზების გამო, რატომაც ორგანიზაციის შემთხვევაში. როგორც წესი, ხალხმა უკეთ იცის, რა არის მისთვის საუკეთესო და როგორ მოახდინოს საკუთარი კეთილდღეობის მაქსიმიზაცია. მთავრობამ კი, ვინაიდან მას ხშირ შემთხვევაში, ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობის გამო, არ შეუძლია საზოგადოების ბედნიერების გაზრდა, ტყუილუბრალოდ და უნაყოფოდ არ უნდა შეზღუდოს ინდივიდები საკუთარი სურვილებისა და მიზნების განახორციელების გზებში. რეგულაციები მდგომარეობას აუმჯობესებს მხოლოდ მაშინ, როცა ეკონომიკური აგენტები ერთმანეთთან კონფლიქტში შედიან ან ვერ ახერხებენ კოორდინირებას.
ის პრინციპი, რომ საზოგადოების წევრებმა თავად იციან ყველაზე კარგად, თუ რა არის მათთვის საუკეთესო, ეკონომიკაში აისახა როგორც მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად, ნებისმიერი ეკონომიკური არგუმენტი უნდა გამომდინარეობდეს ინდივიდების უპირატესობებიდან და სურვილებიდან, ვინაიდან ინდივიდებმა ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ გაზარდონ თავიანთი კეთილდღეობა მაქსიმუმამდე.
საქართველო არ გამოირჩევა რეგულაციების სიმძიმით. აქ ხალხს უფლება აქვს მთავრობის ზედმეტი ჩარევის გარეშე ისწრაფოს საკუთარი მიზნებისკენ. მეტიც, თუ დავაკვირდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მანქანების გადატვირთული მოძრაობა თბილისში, აქ შეიძლება საკმარისზე ნაკლები რეგულაციაც კი არსებობდეს.
შემდეგ კვირას, მომდევნო სტატიაში, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ იმის გადაწყვეტისას, შემოიღოს რეგულაცია თუ არა.