შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ჯარიმა და სასჯელი
ორშაბათი, 14 აპრილი, 2014

წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყნის რომელიმე პროვინციულ აეროპორტში. დატოვეთ ტერმინალი და გაემართეთ აეროპორტთან ჩამწკრივებული ტაქსებისაკენ. სამოგზაურო სახელმძღვანელოს მიხედვით, ქალაქის ცენტრამდე ტაქსი 10 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, მაგრამ მიდიხართ პირველი ტაქსის მძღოლთან და ის მხოლოდ 50 დოლარად თანხმდება დანიშნულების ადგილამდე თქვენს მიყვანას. იწყებთ ვაჭრობას, მაგრამ ამაოდ. იმავე ფასს გიწესებენ მეორე, მესამე და შემდეგი ტაქსის მძღოლებიც. ვაჭრობას აზრი არ აქვს…

ახლა წარმოიდგინეთ ასეთივე სიტუაცია საწვავის, სურსათის ან მედიკამენტის ყიდვისას. გამაღიზიანებელია, არა? აშშ-ში 1990-იან წლებში ლიზინის კარტელის დაშლაში მონაწილე FBI-ის ერთ-ერთი აგენტის, ბრეინ შეპარდის თქმისა არ იყოს, „ამ ქვეყანაში ყოველი ჩვენგანი კორპორატიული დანაშაულის მსხვერპლი საუზმის დამთავრებამდე ხდება“. მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს კარტელების დაშლა? როგორ აპირებს საქართველო მათთან ბრძოლას?

რამდენიმე დღის წინ ქართულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“. როგორც საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აღნიშნავს, ახალ რეგულაციებს კარეტელების დაშლაზე რეალური გავლენის მოახდენა შეუძლია.

ნამდვილად ყველაფერი წესრიგშია ახალი კანონში? დაიშლება კი კარტელები და დაჯარიმდებიან ან დაისჯებიან ფარულ გარიგებებში მონაწილე ფირმები? მიიღებენ კი ქართველი მომხმარებლები შედეგად დაბალ ფასებს საწვავზე, მედიკამენტებსა და საკვებზე? ახალი კანონი ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს იქიდან გამომდინარე, რაც მასში წერია. დოკუმენტის მიხედვით იქმნება კონკურენციის დამოუკიდებელი სააგენტო, იმიჯნება სამართლიანი და უსამართლო კონკურენცია და წესდება ჯარიმა არაკონკურენტული ქმედებებისათვის. რაც მთავარია, ჯარიმა განისაზღვრება, როგორც წლიური შემოსავლის წილი, არაკონკურენტული ქმედებით საზოგადოებისათვის მიყენებული ზარალის, ხანგრძლივობისა და მასშტაბის მიხედვით. დოკუმენტი თანხვედრაშია ევროკავშირის კანონთან კონკურენციის შესახებ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან კონკურენცია იყო და არის განხილვის მთავარი საგანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში.

თეორიულად, ჯარიმა წლიური შემოსავლის ხუთი პროცენტის ოდენობით (ათ პროცენტამდე განმეორების შემთხვევაში), ძლიერი სტიმულია არაკონკურენტული ქმედებების შესაჩერებლად. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეშმაკი დეტალებშია. აი, რამდენიმე მიზეზი, რატომ ვფიქრობ ასე:

  1. დავუშვათ, ორი ფირმა საწვავის საცალო ფასებს აფიქსირებს. ამათგან პირველი ძალიან დივერსიფიცირებულია და ბენზინის გაყიდვის გარდა სხვადასხვა სახის მომსახურებების მიმწოდებელიცაა, დაწყებული სწრაფი კვებით და სურსათით, დამთავრებული ავტომობილების შეკეთებით. მეორე ფირმა მხოლოდ საწვავს ყიდის. თუ ჯარიმა იქნება წლიური შემოსავლის პროპორციული, მაშინ პირველი ფირმა უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე მეორე. ეს კი პრობლემაა, რადგან აღნიშნული რეგულაცია ამახინჯებს დივერსიფიკაცია-სპეციალიზაციის გადაწყვეტილებას.
  2. წარმოიდგინეთ აფთიაქების ქსელი, რომელიც ყიდის მედიკამენტებს და ფარმაცევტული ფირმა, რომელიც აწარმოებს აღნიშნულ ფარმაცევტულ პროდუქციას. მოსალოდნელია, რომ მოგება-შემოსავლის ფარდობა ნაკლები იქნება პირველისთვის (downstream firm) და მეტი — მეორესთვის (upstream firm). ეს ასევე ქმნის პრობლემას კონკურენციის სააგენტოსთვის, რადგან ჯარიმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბაზრისა და ფირმის მახასიათებლები იმისათვის, რომ ჯარიმა იყოს შესაბამისი.
  3. კარტელი წევრების მოგებას ფასების ზრდით და გაყიდვების (ანუ შემოსავლების) შემცირებით ზრდის. თუ ჯარიმა შემოსავლის პროპორციული იქნება, მაშინ კონკურენციის პოლიტიკა დამატებით სტიმულს მისცემს ფარულად გარიგებულ ფირმებს კიდევ უფრო გაზარდონ ფასები და შეამცირონ გასაყიდი რაოდენობა. ეს კი მეტად დააზარალებს მომხმარებლებს.

პრინციპში, ეს ყველაფერი შეიძლება გადაიჭრას ჯარემების სისტემის გამართვით, კერძოდ, არაკონკურენტული ქმედებებით მიყენებულ ზარალთან, ხანგრძლივობასა და მასშტაბებთან ერთად, ფირმებისა და ბაზრების მახასიათებლების გათვალისწინებით. თუმცა სისტემის გამართვა არცთუ მარტივია და ძალიანაა დამოკიდებული კონკურენციის სააგენტოში დასაქმებულთა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე. თუმცა შეიძლება წარმოიშვას უფრო მწვავე პრობლემებიც:

  1. განვიხილოთ უკიდურესი სიტუაცია — კარტელი საბანკო სექტორში. დიდი ჯარიმების შემოღება საფრთხეს შეუქმნის ფინანსურ სტაბილურობას. ამ პირობებში რამდენად კარგი ინსტრუმენტია ჯარიმა არაკონკურენტული ქცევის შესაკავებლად?
  2. განვიხილოთ წინასთან შედარებით ნაკლებად დრამატული შემთხვევა — სურსათით საცალო მოვაჭრეთა კარტელი. დიდი ჯარიმების დაწესებით არამხოლოდ კარტელი დაიშლება, არამედ დიდი ალბათობით ფარულ გარიგებაში მონაწილე ფინანსურად სუსტი საცალო მოვაჭრეებიც გავლენ ბაზრიდან. როგორ შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამით ბაზარი უფრო კონკურენტული გახდება?
  3. კარტელებისთვის დაწესებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ მომხმარებლებს ან მფლობელებს და არა რეალურ დამნაშავეებს — მენეჯერებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მომხმარებლების მოტყუება და არალეგალური გზებით კონკურენციის შემცირება დასაშვებია.

რა შეიძლება გაკეთდეს ამის წინააღმდეგ? კონკურენციის სააგენტოს შეუძლია ფირმების ნაცვლად დასაჯოს ინდივიდები, არაკონკურენტული ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად შერაცხვით. ცხადია, ამ შემთხვევაშიც თავს იჩენს რიგი პრობლემებისა, მაგრამ ეს უკანასკნელი ფარულ გარიგებებში მონაწილეობის სურვილს უფრო მეტად შეაკავებდა, ვიდრე ფულადი ჯარიმები და ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, არც საბაზრო დამახინჯებებს გამოიწვევდა.

რა თქმა უნდა, არსებობს მიზეზები, რატომაც ახალი კანონი არ ითვალისწინებს არაკონკურენტული ქმედებებისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამგვარი სანქციები გავრცელებულია აშშ-ში, თუმცა მიღებული არაა ევროკავშირში (გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა). მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა არსებობდეს საქართველოსთვის ამ მიმართულებით უკეთესი რეგულაციები დღის წესრიგში მდგარი ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურ მიმსგავსებასთან შედარებით.

თუმცა კიდევ არსებობს ერთი სტრატეგია ჯარიმების გაუთვალისწინებელი პრობლემების გადასაწყვეტად — კონკურენციის ახალი სააგენტო არამხოლოდ იურიდიულ, არამედ ეკონომიკურ ექსპერტებსაც უნდა აერთიანებდეს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მარტივია — იმიტომ, რომ უკეთ იქნას გაგებული ფირმების არაკონკურენტული ქმედებები და მათ შედეგად მიყენებული ზარალი. მეორე, ეს იქნებოდა გარანტია იმისა, რომ ჯარიმის ეკონომიკური შედეგების, როგორც წინასწარი, ასევე შემდგომი შედეგები შესაბამისადაა გაგებული. მესამე, ჯარიმის განსაზღვრის სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროცედურების გამჭვირვალე და პროგნოზირებადი სისტემის შემუშავება იმისათვის, რომ ფირმებმა შეძლონ არაკონკურენტული ქმედებების მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტა.

ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისათვის რეკომენდურებულია ინგლისურ ენოვანი საკითხავი: Vasiliki Bageri, Yannis Katsoulacos, Giancarlo Spagnolo, "The Distortive Effects of Antitrust Fines Based on Revenue" Competition Policy International Journal, “Who Should Be the Target of Cartel Sanctions?

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა