შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ეკონომიკური კეთილდღეობის გენდერული ასპექტი ანუ ფინანსური მართვის სადავეები ქალებს!
პარასკევი, 18 აპრილი, 2014

ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად. თუმცა იუნუსს სჯეროდა, რომ ღარიბ ხალხს კარგი ბიზნეს იდეები აქვს და არც მათ მიერ ვალის უკან დაბრუნების განზრახვაში ეპარებოდა ეჭვი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ის ესტუმრა ჯობრას (სოფელი ბანგლადეშში) მკვიდრ უღატაკეს ოჯახებს და აღმოაჩინა, რომ ისინი აწარმოებდნენ ბამბუკის ავეჯს. ეს პრაქტიკული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ კარგადაც იყიდებოდა. სამწუხაროდ, ბანგლადეშის სოფლის მკვიდრთ არ შეეძლოთ ბიზნესის გაფართოვება და მეტი ბამბუკის შეძენა კაპიტალის უკიდურესი სიმწირის გამო. იუნუსმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე 42 ოჯახს ჯამში 27 აშშ დოლარი ასესხა. ვალი ყველა მათგანმა დააბრუნა და იუნუსმა მცირე საპროცენტო სარგებელიც კი მიიღო. ასე დაიბადა მიკროკრედიტის იდეა.

იუნუსის მიდგომა — ღარიბი ხალხისთვის მცირე თანხების სესხება სარფიანი ბიზნესი გამოდგა. მის მიერ დაფუძნებულ „სოფლის ბანკს“ (Grameen Bank) 1982 წელს უკვე 28 000 მომხმარებელი ჰყავდა. ბანკი დღესდღეობითაც ფუნქციონირებს — 2010 წელს მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 120 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი — 10 მილიონი აშშ დოლარი.

მიკროდაკრედიტების საინტერესო ასპექტია ის, რომ ამ ტიპის სესხებს უმეტესწილად ქალებზე გასცემენ. ბანგლადეშში სისტემის დანერგვასთან ერთად, აშკარა გახდა, რომ უფრო სანდო მოვალეები იყვნენ ქალები, რომლებიც ხარჯვისა და ინვესტირებისას უფრო კონსერვატიულები იყვნენ. შესაბამისად, კრედიტის დაბრუნების ალბათობაც ამ უკანასკნელთათვის უფრო მაღალი იყო.  მეორე მხრივ, მამაკაცებში გამოიკვეთა ფულის ფუჭი ხარჯვის ტენდენცია. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი უსაფუძვლო ოპტიმიზმის საფუძველზე ფულს რისკიანი ინვესტირების მიზნით იყენებდნენ. ხშირად კი მამაკაცებზე გაცემული კრედიტები ეკონომიკურად არარაციონალურად იხარჯებოდა დემონსტრაციული მოხმარების საგნებზე, აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტსა და ა.შ.

ნუთუ ფინანსურად თავაშვებული მამაკაცები და საიმედო ქალები მხოლოდ ბანგლადეშისთვისაა დამახასიათებელი? იქნებ სხვაგანაც ვხვდებით მსგავს შემთხვევებს?


ფაქტები: საქართველო და მსოფლიო

2012 წლის მაისიდან, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ითვლის მომხმარებელთა განწყობის ინდექსს (CCI) საქართველოსთვის. ყოველთვიური ინდექსი ასახავს შემთხვევითად შერჩეული 400 ქართველი მომხმარებლის მიერ მიმდინარე და მოსალოდნელი ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტურ შეფასებას, როგორც პირადად მათი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთელი ქვეყნის შესახებ. მომხმარებელთა განწყობის მაჩვენებელი ოპტიმიზმის ხარისხს ზომავს: თუ განწყობა მაღალია, მომხმარებლები უფრო მეტ შესყიდვებს ახორციელებენ; თუ დაბალია, მაშინ ნაკლების დახარჯვასა და მეტის დაზოგვას ცდილობენ.

მამაკაცებისა და ქალების სამომხმარებლო განწყობას შორის განსხვავების შემჩნევა არც ისე ძნელია. გრაფიკი ასახავს ინდექსის 2012 წლის მაისის შემდგომ დინამიკას როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის. წითელი ტეხილი ასახავს მანდილოსნების სამომხმარებლო განწყობას, ლურჯი კი — მამაკაცებისას. აქ კარგად ჩანს, რომ 2012 წლის მაისიდან მოყოლებული მხოლოდ ხუთჯერ აღემატებოდა მდედრობითი სქესის მიერ ხარჯვის სურვილი საპირისპირო სქესის შესაბამის მაჩვენებელს.

ეს რიცხვები მიუთითებს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ფინანსური რესურსები ქალების განკარგულებაში რომ ყოფილიყო, ქვეყანაში მეტი დანაზოგი და ინვესტიცია იქნებოდა. საქართველოს მსგავსი ეკონომიკის შემთხვევაში კი, დანაზოგების ასეთი სიმწირისა და მაღალი სარგებლის განაკვეთების პირობებში, ამგვარი გენდერული განსხვავებები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას!

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მრავალ ქვეყანაში გამოითვლება და გენდერული განსხვავება ოპტიმიზმში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იჩენს თავს. 2008 წლის ეკონომიკური კვლევის (Ben Jacobsen, John B. Lee, and Wessel Marquering. “Are men more optimistic?”, 2008, SSRN working paper) თანახმად აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული თვრამეტი ქვეყნიდან ჩვიდმეტში მამაკაცები უფრო ოპტიმისტები იყვნენ. როგორც ავტორები წერენ: „თვრამეტი სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა ნდობის ინდექსის მონაცემები ადასტურებს, რომ მდედრობითი სქესი ნაკლებად ოპტიმისტია. მაგალითად, აშშ-ში 1978 წლიდან მხოლოდ ერთხელ, 2000 წლის მარტში აღემატებოდა ქალების სამომხმარებლო ნდობის ინდექსი მამაკაცებისას.“

არსებობს მსგავსი შედეგების მქონე სხვა ნაშრომებიც. ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ეგრეთწოდებული „მეტისმეტი თავდაჯერებულობის ეფექტი“ მეტწილად მამაკაცებს ახასიათებთ. ზედმეტი თავდაჯერება ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაბუქებულ შეფასებაზე მიუთითებს და ეს მხოლოდ მამაკაცებს არ ახასიათებთ, უბრალოდ მათში უფრო მეტადაა გამოხატული. მაგალითად, ISET-ის სტუდენტებს შორის კურსის ბოლოს ტარდება გამოკითხვა (როგორც კურსის შეფასების ნაწილი), ერთ-ერთი კითხვა შეეხება მათ მოსალოდნელ შედეგებს სხვა სტუდენტებთან შედარებით. როგორც ყოველთვის სტუდენტების 80% პასუხობს, რომ ისინი კლასის საუკეთესო მეხუთედში მოხვედრას ელოდებიან. მსგავსად ამისა, ერთი კვლევის ფარგლებში ხალხს ეკითხებოდნენ, რამდენად კარგად ატარებდნენ მანქანას სხვებთან შედარებით. შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა მოიაზრებდა საკუთარ თავს მძღოლთა საუკეთესო 10%-ში. კიდევ ერთი მაგალითი: სტუდენტებს, გამოცდის ბოლოს ეკითხებოდნენ, მათ მიერ სწორად გაცემული პასუხების მოსალოდნელ რაოდენობას. სხვა კვლევების მსგავსად, რეალურად სწორი პასუხების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო მოსალოდნელზე.

გარდა ამისა, უამრავ კვლევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მამაკაცები გაცილებით რისკიანებიც არიან.

დაე, ფინანსები ქალებმა მართონ!

ოჯახების უმეტესობაში ოჯახის ფინანსებზე ზრუნავს ან ქმარი, ან ცოლი. ზემოთ მოყვანილი ემპირიული მტკიცებულებების საფუძველზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საშუალოდ უკეთესია, როცა ფულად სახსრებს ქალები განკარგავენ.

უფრო ძლიერი არგუმენტების მოყვანაც შეიძლება, თუ ინდივიდუალური ოჯახებიდან მსოფლიო ფინანსური სისტემის ანალიზზე გადავალთ. ამ უკანასკნელის ჩავარდნები ხომ რეგულარულად არყევს მსოფლიო ეკონომიკას ბოლო საუკუნის მანძილზე. ყოველი ფინანსური კრიზისი ზედმეტი თავდაჯერებითა და გაუმართლებელი ოპტიმიზმით იყო გამოწვეული, 1929 წლის დიდი დეპრესიაც, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც და ამ ორს შორის მომხდარე ნაკლებად მასშტაბური სხვა კრიზისებიც. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მანდილოსანთა მეტ ჩართულობას სააქციო ბაზრებზე ბროკერებად და ფინანსურ მენეჯერებად ბაზრის „გადახურებისგან“ დაცვა და უფრო „რბილად დაეშვების“ უზრუნველყოფა შეეძლო.

რაც უფრო ხშირად დათმობენ ქალები ფინანსური სახსრების მართვის სადავეებს, მით უფრო მეტი რესურსი გაიფლანგება უსარგებლო მოხმარების საგნებსა თუ ზედმეტად რისკიან პროექტებზე. მრავალ საზოგადოებაში ტრადიციები ქალს ფინანსურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლებასაც კი უზღუდავს. იმ ქვეყნებს, რომლებშიც ქალს არათუ ოჯახის, არამედ საკუთარი ფინანსების განკარგვაც არ შეუძლია, ეს ძვირად უჯდებათ. განვითარებულ ქვეყნებშიც კი შესამჩნევია, მაგალითად, ფინანსურ ინდუსტრიაში მამაკაცთა დომინირება. ასეთ სიტუაციაში გასაკვირი არ იქნება, რომ შემდეგი ფინანსური კრიზისიც მამაკაცებმა გამოიწვიონ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა