შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საგანმანათლებლო დაბრკოლებების აღმოფხვრა
ორშაბათი, 12 მაისი, 2014

საქართველოში მომუშავე კომპანიების მმართველებთან საუბრისას ხშირად მოისმენთ ჩივილს საქართველოს შრომის ბაზარზე გარკვეული სპეციალისტების ნაკლებობის შესახებ. მაგალითად, სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიები ხშირად იძულებული არიან, დაიქირაონ უცხოელი ექსპერტები, რადგან საქართველოში ვერ პოულობენ ჯეროვნად კვალიფიცირებულ ინჟინრებსა თუ არქიტექტორებს. დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა ტექნიკურ სფეროსა და მეცნიერებებში.

ამ პრობლემის არსებობა ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ ეკონომიკური სიბრძნეს. ორთოდოქსული ეკონომიკური შეხედულების თანახმად, შრომის ბაზარზე საკმარისი რაოდენობის გარკვეული კვალიფიკაციების არარსებობის შემთხვევაშიც კი არ უნდა მოვიმოქმედოთ არაფერი. ასეთ შემთხვევაში ბაზარი თავად იწყებს მოქმედებას დეფიციტურ სფეროებში ხელფასების გაზრდით, რაც უბიძგებს ახალგაზრდა ადამიანებს, სწორედ ეს სპეციალობა აირჩიონ. ასე არსებული დეფიციტიც მალე შეივსება. თუმცა ირკვევა, რომ უნარ-ჩვევების დეფიციტი ყოველთვის არ ქრება, როდესაც შრომის ბაზარი მარტო რჩება. ამისი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მთავრობები ხშირად ერევიან საგანმანათლებლო სექტორში. როდესაც უნივერსიტეტებს მართავს მთავრობა, მათ მიერ შეთავაზებული ადგილების რაოდენობა თითოეულ საგანში განისაზღვრება ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, რომელიც არ ასახავს რეალურ მოთხოვნას. მსგავს პირობებში საგანმანათლებლო სისტემა შეიძლება გახდეს დაბრკოლება შრომის ბაზრისთვის. უნივერსიტეტებში შესაძლებლობათა სიმწირემ შეიძლება შეამციროს გარკვეული კვალიფიკაციების მიწოდება, თუნდაც ხელფასები მაღალი იყოს და ბევრ ადამიანს სურდეს მოთხოვნად სპეციალობებზე სწავლა. მსგავსი სიტუაცია დაფიქსირდა ისრაელში რამდენიმე წლის წინ, როდესაც სამედიცინო ექიმების „იმპორტი“ მოხდა უკრაინიდან, რადგან ისრაელის სამედიცინო სასწავლებლები ვერ უშვებდნენ საკმარისი რაოდენობის ექიმებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ უნარ-ჩვევების დეფიციტი არ გაგრძელდებოდა დიდხანს სრულად კერძო განათლების სისტემაში. მაგალითად, ჭარბი მოთხოვნა ინჟინრებზე გაზრდიდა ინჟინრების ხელფასებს, შედეგად, უფრო მეტი ადამიანი ისწავლიდა ინჟინერიას. უფრო მაღალი მოთხოვნა გამოიწვევდა ინჟინერიაზე სწავლის საფასურის გაზრდას. მოგების ზრდაზე ორიენტირებული კერძო უნივერსიტეტების რეაქცია იქნებოდა ინჟინერიის მიმართულების გაძლიერება, რათა მაღალი სწავლის საფასური გადაახდევინონ სტუდენტებს. გაუგებარია, საქართველოში სპეციალისტების ნაკლებობას იწვევს თუ არა საგანმანათლებლო დაბრკოლებები. თითქოს იდიოსინკროზი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ქართველების საგანმანათლებლო არჩევანზე (წაიკითხეთ ერიკ ლივნის „ჩვენი საგანმანათლებლო არჩევანი“ და ნინო აბაშიძის „განათლება, რომელიც მნიშვნელოვანია“). საქართველოს მთავრობა უხეშად ერევა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში: აფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს (მაგ.: თსუ), აწესებს სხვადასხვა რეგულაციებს (მაგ.: საქართველოს კანონი სწავლის საფასურის გადახდის შესახებ), გრანტს უხდის სტუდენტებს, სუბსიდიებს აწესებს ზოგიერთ სპეციალობაზე. მაგალითად, ზოგიერთ სფეროში სპეციალისტების დეფიციტს პასუხად მთავრობამ გადაწყვიტა, დაეფარა სწავლის საფასური 17 საგნის სტუდენტებისთვის, რომელთა შორის ბევრია ტექნიკური დისციპლინა. მთავრობის ამგვარი ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს გავლენას ბაზარზე. მაშინ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამგვარი საგანმანათლებლო დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად?

იმიტირებული ბაზარი

1990-იან წლებში ირლანდიაში იყო მეცნიერებებისა და ინჟინერიის კურსდამთავრებულთა ისეთივე დეფიციტი, როგორიც დღეს საქართველოშია. ვინაიდან ირლანდიაში უნივერსიტეტები სახელმწიფოა, ბაზარი კი მეტწილად ლიბერალიზებულია, მათ დაასკვნეს, რომ პრობლემა არსებულ საგანმანათლებლო დაბრკოლებებშია. მათ არ უნდოდათ საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვნად პრივატიზება, ამიტომ სცადეს პასუხი გაეცათ ჰიპოთეტურ კითხვაზე: როგორი რეაქცია ექნება შრომის ბაზარს, თუ მთავრობა მასში არ ჩაერევა და საჯარო სისტემას მოარგებს შრომის ბაზარს. ამ კითვაზე პასუხის გაცემის მიზნით, მათ დაავალეს ინდუსტრიული განვითარების სააგენტოს (Industrial Development Agency – IDA), დაეთვალა თითოეულ საგანზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, თუ მთავრობა განათლების სისტემისგან შორს დადგებოდა. ეკონომისტები ხშირად ითვლიან მსგავს „ხელოვნურ“ მოთხოვნას, როდესაც რეალური ბაზარი არ არსებობს, ხშირად მთავრობის დავალებით, რომელსაც განათლების სექტორის ოპტიმიზაცია სურს (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ამჟამად ითვლის ხელოვნურ მოთხოვნას პროფესიულ ტრენინგებზე უმუშევარი ქართველებისთვის, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში).

მათი ანალიზის საფუძველზე, ირლანდიამ შექმნა ტექნიკური კოლეჯები რეგიონებში და განაახლა უნივერსიტეტები მოთხოვნადი სპეციალობების მიმართულებით. IDA-მ შემდეგშიც გააგრძელა უნივერსიტეტების განახლება სხვადასხვა მიმართულებებით, ირლანდიური ეკონომიკისთვის მომავალში საჭირო უნარ-ჩვევების მუდმივ ანალიზზე დაყრდნობით. ამ გზით მოახერხა ირლანდიამ, თავი დაეღწია უნარ-ჩვევების დეფიციტისთვის.

რეალური ბაზარი

1980-იან წლებში კორეული კომპანია Pohang Iron and Steel Company (POSCO) განიცდიდა ინჟინრებისა და ფიზიკოსების დეფიციტს. კომპანია აღარ დაელოდა მთავრობას და 1986 წელს დააარსა პოჰანგის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Pohang University of Science and Technology – POSTECH), რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კერძო ინტერესებისთვის შეიქმნა, დღეს მთელი აზიის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური უნივერსიტეტია.

მთავრობებს არ შეუძლიათ, აიძულონ კომპანიები დააარსონ უნივერსიტეტები, მაგრამ მათ შეუძლიათ უზრუნველყონ სამართლებრივი გარემო, რომელიც განათლების სექტორში კერძო აქტივობებს წაახალისებს. უფრო მეტიც, მათ შეუძლიათ სტუდენტების სწავლის ნაწილობრივი თუ სრული დაფინანსებით სუბსიდიები მისცენ კერძო უნივერსიტეტებს.

კერძო კომპანიების მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტები ყოველთვის ვერ მოიპოვებენ აკადემიურ მანდატს, POSTECH-ის მსგავსად. ხშირად ისინი უნივერსიტეტის წოდებასაც კი არ იმსახურებენ, რადგან ისინი წარმოადგენს წმინდა ტრენინგ-ცენტრებს კომპანიებისთვის ყოველგვარი აკადემიური ამბიციების გარეშე. ამისი მიზეზი მარტივია. კვლევას აკადემიური ღირებულება მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ზოგადსაკაცობრიო ცოდნაში შეაქვს წვლილი. კვლევას, რომელიც კომპანიის ვიწრო ინტერესებს ემსახურება, არ მიიღებენ გამოსაქვეყნებლად სამეცნიერო ჟურნალებში. ასეთ კვლევას ზოგადი გამოყენებაც რომ ჰქონდეს, დამფინანსებელი კომპანის ინტერესში შეიძლება არ შედიოდეს მისი გამოქვეყნება.

საქართველოში რომელიმე კომპანიას საკუთარი უნივერსიტეტის დაფუძნება რომც სურდეს, რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა მოუწევს. გარდა აკადემიური სტანდარტების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა, კვალიფიციური კადრების პოვნაც არ იქნება ადვილი. ქართველ კერძო ბიზნესის პრაქტიკოსებს აქვთ დიდი პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ არ აქვთ აკადემიური ცოდნა. აკადემიკოსები კი ისევ ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები არიან. ასეთ შემთხვევაში, საჯარო განათლების ზოგიერითი დეფიციტი გადაინაცვლებდა ახალ უნივერსიტეტში. ერთადერთი გამოსავალია უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც დიდი ფუფუნებაა.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა