ერთ დღეს სოფელში, მეზობლებმა ტელევიზორები, მაცივრები, სატელიტური ანტენები და სარეცხი მანქანები გადმოიტანეს ჩემს სახლში. რომ გავარკვიე, აღმოჩნდა რომ ისინი ამ ნივთებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უმალავდნენ, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამებოდა მათი საცხოვრებელი პირობები სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს. მოგვიანებით, მათთან ლაპარაკის დროს, აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთმა მეზობელმა ძროხაც კი გაყიდა, სოციალური შემწეობის მისაღებად. „ძროხის შენახვა ძვირი ჯდება და არც მუდმივ შემოსავალს უზრუნველყოფს“ მიპასუხეს მათ. ზოგიერთმა მათგანმა კი, კონტრაქტით მუშაობაზე თქვა უარი, ვინაიდან ოფიციალური დასაქმება დაუკარგავდა მათ დაბალ, მაგრამ მუდმივ და გარანტირებულ სოციალურ დახმარებას.
მკითხველი, რომელიც არ იცნობს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, შეიძლება დაინტერესდეს, რატომ არის აუცილებელი ღირებული ნივთების დამალვა სოციალური დახმარების მისაღებად. საქმე ისაა, რომ როდესაც პირი სოციალური დახმარების პროგრამაზე აკეთებს განაცხადს, მთავრობა გზავნის ინსპექციას, ამ პირის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. თუ მას ხელი მიუწვდება საოჯახო ტექნიკაზე და სხვა ძვირადღირებული საგნებზე, მაშინ შანსი, რომ ეს პირი ამ დახმარებას მიიღებს, მცირდება; ამიტომ, უმჯობესია დამალოთ პლაზმურიტელევიზორი სანამ აუდიტორი მოვა!
თუმცა მაინც გასაკვირია, რატომ ხდება საქართველოში არსებული თითქოსდა უმნიშვნელო, მწირი სოციალური დახმარება ზემოაღნიშნული „ხრიკების“ გამოყენების მიზეზი? უფრო ზუსტად, დახმარების მიღების შემთხვევაში, ოჯახის უხუცესი წევრი იღებს 60 ლარს თვეში, ხოლო ყოველი შემდგომი წევრი იღებს დამატებით 48 ლარს. შესაბამისად, სტანდარტულ ორშვილიან ოჯახს შეუძლია მიიღოს სულ 204 ლარი. შემოსავლების დაბალი დონის ფონზე, დახმარების აღნიშნული მოცულობა სერიოზულ თანხას წარმოადგენს ბევრი ქართული ოჯახისთვის და ის შეიძლება (არასამართლიანად) იქნეს მიღებული სხვა შემოსავალთან ერთად, თუ არ არსებობს სხვა შემოსავალი ფორმალური, კონტრაქტით დასაქმებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ სტიმულების დამახინჯება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ერთადერთ პრობლემას არ წარმოადგენს.
არის თუ არა შესაფერისი დრო შემოსავლების გადანაწილებისთვის?
მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით (2014 წლის მაჩვენებლები წარმოადგენს პროექტს). ადვილად შესამჩნევია, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა 2012 წლამდე, ახალმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დანახარჯები სოციალურ დახმარებებზე. ხაზი სამკუთხედებით გვიჩვენებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების წლიურ ცვლილებას ამ დროის განმავლობაში, ხოლო ხაზი წრეებით გვიჩვენებს სოციალურ დახმარებებზე გაწეული ხარჯების ცვლილების წვლილს (პროცენტულ ერთეულს) მთლიანი ხარჯების ცვლილებაში.
სახელმწიფო საპენსიო ფონდი, ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა), ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და დაუბეგრავი მინიმუმის კანონი ახალი მთავრობის მიერ შემუშავებულს ან განახლებულ პოლიტიკათა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც მიზნად ისახავს დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ოჯახების ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას. ეს სოციალური პროგრამები ოპოზიიცის მნიშვნელოვან კრიტიკის საგანია.
ნაციონალური მოძრაობის წევრი პოლიტიკოსების აზრით, ქვეყნის განვითარების ეს ეტაპი არ იძლევა სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სისტემად გადაქცევის საშუალებას მათი აზრით შემოსავლების გადანაწილებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადანაწილების ობიექტი არსებობს. ხოლო თუ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ისეთი დაბალია, როგორც საქართველოში, ყურადღება ძირითადად ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაზე უნდა იყოს მიმართული. უფრო მეტიც, მშპ-ის დაბალი დონე გულისხმობს მცირე და მერყევ საგადასახადო ბაზას. მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთ სიტუაციაში, სოციალური დახმარება შეიძლება გახდეს „ბიუჯეტის დინამიტი“, რადგან სოციალური დანახარჯები მნიშვნელოვნად იზრდება ზუსტად მაშინ, როდესაც საგადასახადო ბაზა მნიშვნელოვნად მცირდება (მაგალითად რეცესიის დროს).
აზიის მიდგომა
ნაციონალური მოძრაობის მიდგომა უმეტესწილად შეესაბამება ნობელის პრემიის ლაურეატის სიმონ კუზნეცის (1901-1985) თეორიებს უთანასწორობასა და ზრდასთან დაკავშირებით. კუზნეცის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწყის ეტაპზე, ეკონომიკური ზრდა შეუქცევლად იწვევს უთანასწორობის მაღალ დონეს. რისი მთავარი მიზეზიც არის ის, რომ ღარიბ ქვეყანაში საზოგადოების წევრთა უმრავლესობა ღარიბია, და უთანასწორობაც დაბალია. როდესაც ეკონომიკის განვითარება იწყება, გამდიდრების შესაძლებლობა მატულობს, თუმცაღა დასაწყისში, გამდიდრებას მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი ახერხებს.
კუზნეცის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარკვეული ეტაპის შემდეგ, უთანასწორობა კვლავ კლებას იწყებს. რაც განპირობებულია იმით, რომ ყოველმხრივი ეკონომიკური განვითარება საზოგადოების თითქმის ყველა წევრს აძლევს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა.
აზიის მრავალი ქვეყან (სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, ტაივანი და სინგაპური) ამ თეორიას ამართლებს. დღემდე, შემოსავლების გადანაწილების მცდელობებში, ეს ქვეყნები ჩამორჩებოდნენ სხვა განვითარებად რეგიონებს, მაგალითად ლათინური ამერიკასა და კარიბის ქვეყნებს. აზიის განვითარების ბანკის 2014 წლის ხედვა (The Asian Development Bank’s Outlook 2014) ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სწრაფად განვითარებადი აზიის ქვეყნები მთელ თავის ფისკალურ რესურსებს, შემოსავლების გადანაწილების ნაცვლად, საზოგადო ინვესტიციებში ხარჯავდნენ. ამ მოხსენების მიხედვით, კუზნეცის თეორიის კვალდაკვალ, გასული წლების განმავლობაში, სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეამცირა სიღარიბე აზიაში. თუმცაღა შემოსავლებს უთანასწორობას შემცირება ჯერ არ დაუწყია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ ამ ქვეყნებს არ მიუღწევიათ კუზნეცის თეორიაში აღწერილ ეკონომიკური ზრდის გადამწყვეტი წერტილისთვის, რასაც უთანასწორობის შემცირება უნდა მოყვეს. თუმცაღა, უკანასკნელ პერიოდში, აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ განაახლა საპენსიო სისტემა, ჩინეთმა ახალი ტერმინი ჰარმონიული საზოგადოებაც კი შეიმუშავა.
უნდა გაყვეს თუ არა საქართველო აზიის გზას და უპირატესობა ეკონომიკურ ზრდას მიანიჭოს და არა შემოსავლების გადანაწილებას?
იმისათვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მისაღები იყოს საზოგადოებისთვის, ის უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში, არსებულ ღირებულებებს. ქართული ღირებულებები „ევროპულ“ ღირებულებებთან იმდენად ახლოსაა, რომ აქ შეუძლებელი ხდება აზიის ღირებულებებზე დაფუძნებული წარმატებული მაგალითის გამეორება. უფრო მეტიც, არჩევანი რომელიც ქვეყანამ უნდა გააკეთოს, არც ისე სწორხაზოვანია, როგორც აქამდე იყო ნაჩვენები. არსებობს, სულ მცირე, ერთი ქვეყანა, რომელმაც სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული მაღალი დანახარჯების მიუხედავად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია (პოლონეთი). არსებობს ცნებები, რომელმაც შეიძლება ზრდასა და გადანაწილებას შორის არსებულ წინააღმდეგობას აქარწყლებს. აღნიშნული ფაქტორები უფრო დეტალურად ბლოგის მომდევნო ნაწილში იქნება განხილული.