საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატარებლებზე. „ქართველი ვაჟკაცის“ ერთ-ერთ სკეტჩში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ეძებს სამსახურს ქართველი ვაჟჯაცი: ზის პარკში და ელოდება მეგობრებს, რომ რამე შესთავაზონ.
ქართულ ენაში ადამიანებს, რომლებიც შეუფერებენ სამსახურში გარკვეული მიზეზების გამო არიან დასაქმებული, ეფემერულად „ყავის მომდუღებლებს“ უწოდებენ. ორი თვის წინ რამდენიმე კომპანიას ვესტუმრე შიდა ქართლში და გავარკვიე, რომ კერძო კომპანიებშიც კი ბევრი ყავის მომდუღებელია. „ვერ გავუშვებ, რადგან ჩემი ბიზნეს-პარტნიორის სიდედრია, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებს,“ – მითხრა სასტუმროს სასოწარკვეთილმა მეპატრონემ, რომელმაც დაიჩივლა, რომ სასტუმროს გამართული მუშაობისთვის მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილიც საკმარისია.
ეს პრობლემა საჯარო სექტორშიც ძალიან გავრცელებულია. როგორც კი ადამიანი მიაღწევს გარკვეულ პოლიტიკურ წარმატებას, მედია უწევს გარკვეულ კონტროლს, რათა ხელი შეუშალოს ყველაზე უარეს ექსცესებს. მინისტრის მოადგილისა და უფრო ზედა დონეზე, ადამიანებს აკრიტიკებენ, თუ მათი მეგობრები და ნათესავები დასაქმებული არიან. თუმცა შედარებთ დაბალ დონეზე მედია ნაკლებად ყურადღებიანია.
როდესაც ორი თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა, ეკონომისტმა, ირაკლი მირცხულავამ მას ჰკითხა, როგორ აპირებდა იგი ქვეყნის განვითარების გეგმის განხორციელებას არაკვალიფიციური გუნდით. მირცხულავამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საჯარო დაწესებულებები სავსეა „ყავის მომდუღებლებით“, რომლებიც ხელფასის აღების გარდა, ფაქტობრივად, არაფერს არ აკეთებენ. პრემიერ-მინისტრმა არ უარყო ეს და უპასუხა, რომ ის „ყველგან ეძებს“ კვალიფიცირებულ კადრებს. პასუხი მხოლოდ ნაწილობრივ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან ეს ნაკლებად უკავშირდება კვალიფიციური კადრების არსებობას. ეს უფრო მეტად ეხება კადრების შერჩევის ნაკლოვან პროცესს, რაც დამქირავებლებს საშუალებას აძლევს, უგულებელყონ შერჩევის კრიტერიუმები და სამუშაო ადგილები საკუთარ ახლობლებს შეუნახონ. ან, რაც კიდევ უფრო პრობლემურია, მარტივად შექმნან სამუშაო ადგილები მათთვის.
მაგრამ საქართველოს ჰყავს უხეირო მთავრობა...
მაგრამ როგორ ჯდება ეს ამბავი საქართველოს უდავო მიღწევებში მთავრობის გამარტივებასთან დაკავშირებით?
ძალიან რთულია ციფრების პოვნა, რომელიც პრობლემის რეალურ შედეგებს გვიჩვენებს. არავინ აღიარებს, რომ ყავის მომდუღებელია და არავინ საუბრობს იმაზე, რომ თავის ახლობლებს სამსახური დააწყებინა. საჯარო სექტორში შეგვიძლია საჯარო მოხელეთა წილი ავიღოთ, როგორც (ძალიან) უხეში საზომი, თუ რამდენი „სიცარიელეა“ სისტემაში.
გრაფიკი გვიჩვენებს, საქართველოს მოსახლეობის კომპოზიციას დასაქმების მიხედვით. ქართველების 5% დასაქმებულია საჯარო სექტორში, რაც ქართული სამუშაო ძალის 12%-ს შეადგენს. ეს თითქოს არ არის ზედმეტად მაღალი მაჩვანებელი და ერთი შეხედვით შეიძლება ჩავთვალოთ ქართული საჯარო სექტორის ეფექტურობად. თუმცა 12% მაინც უფრო მაღალია ვიდრე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, რომლებიც OECD-ის მონაცემების თანახმად, 10%-ზე ბევრად დაბალია, როგორც გერმანიაში, პოლონეთში, ჩილეში, იაპონიასა და კორეაში. უფრო მეტიც, არსებობს ცნობილი დაკვირვება, რომელიც მე-19 საუკუნეში გაკეთდა, რომელსაც ვაგნერის კანონს ეძახიან, რომელიც ამტკიცებს, რომ საჯარო სექტორის წილი ეკონომიკაში იზრდება ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბევრი ფუნქცია, რომელთაც მთავრობები განვითარებულ ქვეყნებში ასრულებს, უარყოფილია განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მიერ. მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში მთავრობები ხშირად არ გრძნობენ პასუხისმგებლობას უთანასწორობისა თუ სიღარიბის გამოსწორებაზე, შედეგად, როგორც წესი, არ არსებობს არავითარი სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა.
თუ დავუშვებთ, რომ საჯარო მოხელეთა რიცხვი პირდაპირპროპორციულია მთავრობის მიერ განკარგული ბიუჯეტისა, მაშინ ვაგნერის კანონის თანახმად, საჯარო დასაქმება განვითარებად ქვეყანაში შედარებით დაბალი უნდა იყოს განვითარებული ქვეყნისასთან შედარებით. თუმცა ეს არგუმენტი მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დასაქმების ზომა ასახავს მთავრობის მიერ ნაკისრი ფუნქციების რაოდენობას. თუ საჯარო დასაქმება გამოყენებულია სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ახლობლებისთვის სამუშაოს მიცემა, პოლიტიკური პატრონაჟი, უმუშევრობის სტატისტიკის შელამაზება, მაშინ ეკონომიკური განვითარება და მთავრობის ზომა შეიძლება განსხვავდებოდეს. ასე რომ, მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში დიდი საჯარო სექტორი შეიძლება უფრო მიანიშნებდეს პრობლემას ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. აზერბაიჯანში საჯარო სექტორში დასაქმებულია ქვეყნის სამუშაო ძალის 55%-ზე მეტი (ILO-ის მონაცემები 1990-იანი წლების ბოლოს, უახლესი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი), რაც არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი განვითარებული ქვეყანაა. პირიქით, აზერბაიჯანის საჯარო სექტორი გაბერილია და ბევრად დიდია იმაზე, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების მიხედვით შეეფერება.
ამიტომ, მართალია, 12% არ იძლევა განგაშის საფუძველს, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს კრიტიკოსთა დასარწმუნებლად, რომ საჯარო სექტორში ნეპოტიზმის პრობლემები არ არსებობს.
რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით?
საქართველო უდაოდ არის მსოფლიო ჩემპიონი კორუფციის აღმოფხვრაში, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს აშკარა წვრილმან კორუფციასთან, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული 2003 წლამდე. ეს გულისხმობს ისეთ ზომებს, როგორიცაა, მაგალითად, უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების მაგალითად ქცევა მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოცდები. თუმცა, თუ ქვეყანას შეუძლია მისაღები გამოცდების უნაკლოდ ჩატარება, მას შეუძლია საკუთარი პერსონალი გადააჩვიოს ნეპოტიზმს. ბოლოს და ბოლოს, მისაღები გამოცდების ორგანიზება დიდად არაფრით განსხვავდება საბუთების მიღებისგან. ეგებ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაკლებობა, რადგან საჯარო სამსახურები არის სარწმუნო გზა პოლიტიკური კლიენტურის დასაკმაყოფილებლად?
ამ პრობლემის გადაჭრა კერძო სექტორში უფრო რთულია. აქ საქმე გვაქვს ცნობიერებასთან. როგორც კი მეწარმეები და მენეჯერები ოჯახურ კავშირებსა და მეგობრობას უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებენ, ვიდრე კომპანიის წარმატებას, პრობლემაც თავს იჩენს.
ალბათ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შესაძლებელია ღია განხილვებით. თუკი ნეპოტიზმია ყველგან, როდესაც საქმე ეხება მეწარმეებსა და კომპანის მფლობელებს, ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში მენეჯერის მიერ საკუთარი ოჯახის წევრის სამსახურში აყვნა სერიოზულ დარღვევად ითვლება. აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთ მენეჯერს სერიოზული შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს. ამ თემის შესახებ საჯარო განხილვები შეიძლება დაეხმაროს სტანდარტის აწევას საქართველოშიც.