შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

მრავალთაობიანი ქვეყანა
პარასკევი, 11 ივლისი, 2014

რა არის ოჯახი? ამ კითხვაზე, მაგალითად, შვედი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებთ „დედიკო, მამიკო და ბავშვები“. საინტერესოა, რას გიპასუხებდნენ საქართველოში? ქართველი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებდათ „ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ბავშვები“. მრავალთაობიანი ოჯახი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურად უფრო განვითარებული ნაწილი დღეს თითქმის აღარ იცნობს, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში.

UNICEF-ის მიერ 2013 წელს 3000-მდე ქართული ოჯახის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები ასახავს ამ ფენომენის მასშტაბებს. ამ მონაცემების თანახმად, ქართული ოჯახების დაახლოებით 30%-ში ცხოვრობს მხოლოდ ერთი თაობა – წყვილი ან მარტოხელა ადამიანი ბავშვების გარეშე. ოჯახების დაახლოებით 38%-ში ცხოვრობს ორი თაობა – წყვილი ან მარტოხელა ადამიანი ბავშვებით. ქართული ოჯახების 32% არის მრავალთაობიანი, რომელიც ამ სტატიაში გამოყენებული მნიშვნელობით გულისხმობს სამ ან მეტ თაობას. ვინაიდან მრავალთაობიანი ოჯახები უფრო დიდია, ქართული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ამგვარ ოჯახებში. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს შთამბეჭდავი რიცხვია. 2008 წელს აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობდა სამ ან მეტთაობიან ოჯახებში, თეთრკანიანი მოსახლეობის მხოლოდ 13% ცხოვრობდა მრავალთაობიან ოჯახში (Pew Research Center-ის მონაცემების მიხედვით).

ეკონომიკა თუ კულტურა?

ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამ მოვლენას ქართული კულტურა განაპირობებს. განა ქართული ტრადიციები არ გულისხმობს ბებია-ბაბუებზე ზრუნვას, მათი საჭიროებების უზრუნველყოფასა და თანადგომას? საქართველოში მათ არავინ უშვებს მოხუცთა თავშესაფრებში. ალბათ, ასეც არის, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ იძულებითი მოვლენაა, რომლის რეალური მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ხასიათისაა.

პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ, ის არის, რომ ერთ სულზე დიდ ოჯახში ცხოვრება ბევრად იაფია. მრავალთაობიანი ოჯახი კარგი საშუალებაა, გავაცნობიეროთ „მასშტაბის ეკონომია“, როგორც მას ეკონომისტები უწოდებენ. ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საოჯახო მოწყობილობები, ავეჯი თუ სატრანსპორტო საშუალებები უფრო მეტ ადამიანს ემსახურება, თუ ბებია-ბაბუები ცალკე ცხოვრობენ, გადასახდელია არა მხოლოდ მათი ბინის ქირა, არამედ მანქანის, ტელევიზორისა თუ სარეცხი მანქანის ხარჯები. შვილებთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში კი, ამ ყველაფრის ყიდვა ერთხელ არის საჭირო, ხარჯები კი იყოფა.

ჩვენი შემდეგი არგუმენტი ეფუძნება ფაქტს, რომ ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ერთთაობიან ოჯახში 60%, ორთაობიანში კი 20%-ით მაღალია მრავალთაობიან ოჯახთან შედარებით (UNICEF-ის მონაცემები). ეს ფაქტი გარკვეულ მიზეზშედეგობრიობაზე მიუთითებს. თუ ადამიანები მართლაც ნებაყოფლობით ქმნიან მრავალთაობიან ოჯახებს, მაშინ ჩვენ საპირისპირო შედეგს უნდა ვხედავდეთ – ერთ სულზე ბევრად მეტი ფული. ვინაიდან ასე არ ხდება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედარებით ღარიბი ოჯახების რეაქცია საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობაზე არის სწორედ ერთად ცხოვრება.

რიცხვები გვიჩვენებს, რომ ქართველები ქმნიან მცირე ოჯახებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის საშუალება აქვთ. მრავალთაობიან ოჯახებში ცხოვრებას მათ საკუთარი მწირი ეკონომიკური რესურსები აიძულებთ. რასაც ისინი მასშტაბის ეკონომიკის იძულებით გამოყენებამდე მიჰყავს.

დაკვირვება, რომ ადამიანიები, თუ ნებას დართავენ, ირჩევენ, არ იცხოვრონ მრავალთაობიან ოჯახებში, სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება. Pew-ს მონაცემების თანახმად, 2008 წელს მრავალთაობიან ოჯახებში მცხოვრებ ამერიკელთა რაოდენობა 2.6 მილიონით მეტი იყო 2007 წელთან შედარებით. აქედან ჩანს, თითქოს 2008 წელს, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია, ეკონომიკური პირობების გაუარესებას ადამიანებმა მრავალთაობიანი ოჯახების შექმნით უპასუხეს. ამგვარად ცხოვრება უფრო იაფი გახდა.

ასაკოვნები და ახალგაზრდები ერთ სახლში

ის, რომ უკეთესი ეკონომიკური პირობების შემთხვევაში, ადამიანები მცირე ოჯახებად ცხოვრებას არჩევენ, არ ნიშნავს, რომ ეს უკეთესია. განა იდეალური არ არის, რომ ერთ ჭერქვეშ ბევრი თაობა ცხოვრობდეს?

მართლაც, ასაკოვნებს შეუძლიათ საკუთარი სიბრძნე გაუზიარონ ახალგაზრდებს. ითვლება, რომ მთავარი მიზეზი, თუ რატომ ცხოვრობენ ადამიანები ამდენი ხანი საკუთარი რეპროდუქციული ასაკის დასრულების შემდეგ,  არის ხანდაზმულთა როლი ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გადაცემაში. სამყაროში, სადაც არ არსებობდა ბიბლიოთეკები ან ციფრული მონაცემების სივრცე, ბებია-ბაბუები ფლობდნენ ფასდაუდებელ ცოდნას იმის შესახებ, თუ რომელი მცენარე იჭმევა, როგორ იკურნება დაავადებები, როგორ მოვუაროთ ჭრილობას, როგორ დავამზადოთ გარკვეული ხელსაწყოები და ა.შ.

იმ დროში, ბებია-ბაბუები თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს ბავშვების გაზრდასა და აღზრდაში – „ისინი იყვნენ ქვის ხანის ძიძები“. დღევანდელ საქართველოში ეს პასუხისმგებლობა საკმაოდ ხშირად ეკისრებათ ბებია-ბაბუებს. საქართველოში ხშირად გაიგებთ „მე ბებია-ბაბუამ გამზარდა“, რადგან ბევრ ოჯახში მშობლები მუშაობენ, ბებია-ბაბუები კი ბავშვებს ზრდიან. სანაცვლოდ, ახალგაზრდა თაობები ეხმარებიან ბებია-ბაბუებს ყოველდღიური ცხოვრების გახალისებაში. ვიღაცისთვის ეს სრულყოფილი სიმბიოზია – ასაკოვნები ეხმარებიან თავიანთ შვილებს, იზრუნონ ოჯახზე და ამავდროულად დარწმუნდნენ, რომ მათზეც ვიღაც ზრუნავს.

უფრო მეტიც, მრავალთაობიანი ოჯახები გარკვეულწილად აკომპენსირებენ ცუდად განვითარებულ სახელმწიფო პენსიის სისტემასა და დანაზოგის კულტურის ნაკლებობას. ქართველები საკუთარი საპენსიო ასაკზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარ ფულს შვილების განათლებაში დებენ, რადგან ისინი არიან მათი ყველაზე ძვირფასი ქონება პენსიაზე გასვლის შემდეგ. განა ეს საოცარი არ არის? ეს განსხვავებული მიდგომა საქართველოსა და, მაგალითად, გერმანიას შორის, განაპირობებს განსხვავებულ მოლოდინს ადამიანთა ქცევებთან დაკავშირებით. განა ქართველები უფრო ჰუმანურები არ არიან, ვიდრე ცივი და გულგრილი გერმანელები, რომლებიც საკუთარ მოხუცებსა და სუსტებზე ზრუნვას მთავრობას ანდობენ?

თანამედროვე საზოგადოებისკენ

ზემოხსენებულ მოსაზრებებთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ყველა მათგანი ურთიერთსაწინააღმდეგოა.

მართლაც, ქართველი ბებია-ბაბუები უზიარებენ თავიანთ „ცოდნას“ ახალგაზრდა თაობას. ხშირად ეს ნიშნავს, რომ ისინი ერევიან ახალგაზრდა ოჯახების ცხოვრებაში, მიუთითებენ, ვისზე იქორწინონ, უნდა იყოს ის ადამიანი ქალიშვილი თუ არა, ნებადართულია თუ არა ქორწინებამდე სექსი. დიდი ოჯახების გამო, ახალგაზრდა წყვილებს არ აქვთ საკუთარი ბინა და ურთიერთობისთვის უწევთ პარკებსა და სხვა საჯარო სივრცეში შეხვედრა.  ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად და საკუთარი ბებია-ბაბუების მოწოდებების გამო, ისინი ადრე ქორწინდებიან და ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ვერ შეეწყობიან ერთმანეთს.

უფროსი თაობა არა მხოლოდ თავს ახვევს ახალგაზრდა თაობას საკუთარ ფასეულობებს, არამედ ერევა სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებშიც, როგორიცაა, მაგალითად, საგანმანათლებლო თუ სამსახურებრივი არჩევანი. მართალია, ქვის ხანაში ასაკოვნები ჯგუფის ყველაზე მცოდნე წევრები იყვნენ, მაგრამ დღეს საჭირო ცოდნა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ვიღაცის მიერ 30 წლის წინ მიღებული გამოცდილება შეიძლება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს. ახალგაზრდა ადამიანს შეიძლება ბევრად უკეთ ესმოდეს, როგორ მუშაობს თანამედროვე სამყარო, ვიდრე საბჭოთა კავშირში გაზრდილ ბაბუას.

ანალოგიურად, კარგი იქნება, თუ თაობები დაეხმარებიან ერთმანეთს, მაგრამ ყოველი ასეთი ურთიერთობა წარმოშობს ურთიერთდამოკიდებულებას. თუ თაობებს შორის არსებობს ჰარმონია, მაშინ პრობლემა არ არსებობს. თუმცა რა ხდება მაშინ, თუ არსებობს დაპირისპირებები და კამათი? ბაბუა შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჯერ კიდევ ის არის „ოჯახის თავი“, თუნდაც ეკონომიკურად შეუსაბამო იყოს და ოჯახს მისი შვილი არჩენდეს. შეიძლება, დედამთილი ვერ ეწყობა რძალს (რაც, როგორც ამბობენ, ხშირად ხდება), ასაკოვან ადამიანებს ზოგჯერ უჩნდებათ ქცევითი თავისებურებები, რაც მათ გარშემომყოფებს აღიზიანებს. ამგვარ ვითარებაში ყველა მხარისთვის უკეთესია, თუ ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებენ. თუმცა, თუ მცირე ოჯახებად ცხოვრების არჩევანი არ არსებობს, ცხოვრება ძალიან უსიამოვნო ხდება.

დაბოლოს, ახალგაზრდა ქართველებს შეიძლება ბევრად გაუჭირდეთ დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბება, თუ მთელი ცხოვრება მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, მშობლები იცავენ შვილებს შეცდომებისგან, მაგრამ ზოგი შეცდომის დაშვება შეიძლება სასარგებლოც იყოს დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. კარგი ფინანსური ქცევებისთვის შეიძლება კარგიც კი იყოს სულელური საქციელის გამო ერთხელ ფულის წაგება.

ქართული სიტუაცია დიდად არ განსხვავდება 1950-იანი წლების დასავლეთ ევროპისა თუ აშშ-ის სიტუაციისგან. იმედია, საქართველოს არ დასჭირდება 60 წელი, რომ დაეწიოს დასავლეთს და დიდი ცვლილებებიც მომდევნო რამდენიმე ათწლეულში მოხდეს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა