შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ვინ იცავს დასაქმებულთა ინტერესებს?
სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2014

დავუშვათ, გსურთ შეიძინოთ პომიდორი თბილისის ბოსტეულის ბაზარში. დახლზე ხედავთ საუკეთესო ხარისხის, წითელ პომიდორს. მის გვერდით კი, ზუსტად იგივე ფასად, იყიდება ნახევრად დამპალი პომიდორი. თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ გამყიდველმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო ფასების დაწესების დროს და იყიდით კარგი ხარისხის პომიდორს.

როდესაც საუბრობენ საბაზრო ჩავარდნაზე, გულისხმობენ ეკონომიკაში ისეთ სიტუაციას სადაც შესაძლებელია ეკონომიკური აგენტების მდგომარეობის გაუმჯობესება სხვების მდგომარეობის გაუარსების გარეშე. სიტუაციას, როდესაც შეუძლებელია ასეთი გაუმჯობესება პარეტო ოპტიმუმი ეწოდება, ცნობილი იტალიელი ეკონომისტის ვილფრედო პარეტოს (1848-1923) საპატივცემულოდ. რთული მათემატიკურ  მოდელებით შესაძლებელია იმის დამტკიცება, რომ პარეტო ოპტიმუმის მისაღწევად აუცილებელია ყველა ბაზარზე იყოს ისეთი ფასები, რომლებიც მოთხოვნას და მიწოდებას გაათანაბრებს. ჩვენს მაგალითში, ერთი და იგივე ფასის პირობებში, მომხმარებლები მხოლოდ კარგ პომიდორს შეიძენენ, ცუდს კი არავინ იყიდის და შესაბამისად, მიწოდება მოთხოვნაზე მეტი იქნება. ეს სიტუაცია კი ბაზრის ჩავარდნაზე მიუთითებს.

გადავინაცვლოთ შრომის ბაზარზე. საქართველოს შრომის ბაზარზე გვხვდება წინა აბზაცში აღწერილი ბაზრის ჩავარდნის მსგავსი მოვლენა. ამ საკითხს ფუნდამენტური პრობლემით წარმოვაჩენთ, კერძოდ, საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც საბაზრო ეკონომიკას სოციალურად მისაღებს გახდის: დამქირავებლების და დაქირავებულთა ძალებს/უფლებებს დააბალანსებს.

შრომის ბაზრის ჩავარდნა

ადამიანთა უმრავლესობისათვის, შაბათ-კვირას მუშაობა უფრო სტრესული და არასასიამოვნოა, ვიდრე კვირის სხვა დღეებში. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, შაბათ-კვირას და სხვა დღეებში მუშაობა ერთი და იგივე არაა, და ისინი განხილულ უნდა იქნას როგორც განსხვავებული საქონელი, რომელთაც სხვადასხვა ფასი უნდა ჰქონდეს. მართლაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულია დამატებთი ანაზღაურების გადახდა დღესასწაულებზე მომუშავეთათვის, ისევე როგორც სხვადასხვა ფასს იხდიან კარგი და ცუდი პომიდვრისათვის. რაც შეეხება საქართველოს, აქ, როგორც წესი, კვირის ყოველ დღეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება თანაბრად ხდება. საზოგადოების ნაწილს, რომელიც კვირა დღეს არ მუშაობს და  რესტორნებს, კაფეებს ან მაღაზიებს სტუმრობს  (როგორ წესი, კვირა დღეს მაღაზიების უმრავლესობა ღიაა), ემსახურებიან ისინი, ვინც თავიანთი სამახურიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან, კვირა დღეს იმუშაონ და ამისათვის მსხვერპლად გაიღონ კვირა დღის დასვენება.

ქართულ შრომის ბაზარს მნიშვნელოვანი ნაკლი ახასიათებს – არ არსებობს დასაქმებულთა ინტერესების წარმომადგენელი ინსტიტუტი. საქართველოში დამსაქმებლებს იმდენად ძლიერი პოზიცია აქვთ დასაქმებულებთან შედარებით, რომ, ხშირ შემთხვევაში, არ ითვალისწინებენ ამ უკანასკნელთა ინტერესებს. რომ დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს, პომიდვრის გამყიდველი უხარისხო პროდუქციას იგივე ფასად ყიდის, რა ფასადაც კარგს, მომხმარებლებისათვის კი, იმდენად მნიშვნელოვანია პომიდვრის შეძენა, რომ ისინი მზად არიან მაღალი ფასი გადაიხადონ გაფუჭებული პროდუქტისათვის.

აღნიშნული ტიპის ბაზრის ჩავარდნის გამოსწორების ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი გამოსავალი არის ის, რომ შრომის კოდექსით იყოს დადგენილი დამატებითი კომპენსაცია კვირა დღეს გაწეული შრომისათვის (მაგალითად, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში გადახდილი ხელფასი 20%-ით მეტი უნდა იყოს კვირის სხვა დღეებში გადახდილ ხელფასზე). საქართველოს შრომის კოდექსით არაა გათვალისწინებული მსგავსი რეგულაცია და ეს ეკონომიკურად გამართლებულიცაა: ხელფასების შესახებ მსგავსი კანონი ბაზრის დამახინჯებას გამოიწვევდა. მინიმალური ხელფასი ამის კარგი მაგალითია – ხშირად ის არარელევანტურია და თუ მინიმალური ხელფასი რეალურად მოქმედებს, ის ამცირებს შრომი ბაზრის სუსტი მონაწილეების კონკურენტუნარიანობას.  ხელფასები არ უნდა დაწესდეს მთლიანი ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს და არსებობს მაღალი უმუშევრობის დონე, როგოც ეს საქართველოშია, ხელფასები ძალიან არ უნდა გაიზარდოს (თუმცა, შაბათ-კვირას და კვირის სხვა დღეებში გადახდილი ხელფასი უნდა განსხვავდებოდეს). მეორეს მხრივ კი, თუ ეკონომიკური ბუმია, მომუშავეებმა უნდა მიიღონ თავიანთი წილი.

ევროპის ქვეყნებში ხელფასები პროფკავშირებსა და დამქირავებლებს შორის შეთანხმებით დგინდება. პროფკავშირებს აქვთ უფლება, მოაწყონ გაფიცვები და ამით გაამყარონ საკუთარი სავაჭრო პოზიცია. სწორედ ამ უფლების გამოა პროფკავშირებზე მოთხოვნა დასაქმებულთა მხრიდან. მრავალ ქვეყანაში, პროფკავშირების წევრ მუშებს აქვთ უფლება, ხელი შეუშალონ არაწევრ მუშებს შეასრულონ მათზე დაკისრებული სამუშაო.

სამუშაო ძალის მიწოდების კარტელიზაცია

პროფკავშირებისათვის გაფიცვების მოწყობის უფლების მიცემა სხვა არაფერია, თუ არა სამუშაო ძალის მიწოდების კარტელიზაცია. თუ ევროპის ქვეყნებში ნედლეულის მიმწოდებლები შეთანხმდებიან გასაყიდ ფასზე, ამ საქმეს აუცილებლად განიხილავენ კონკურენციის სააგენტოები. დასაქმებულები კი, ზუსტად იგივეს აკეთებენ კანონით მათთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე. ასე რომ, ერთი შეხედვით, პროფკავშირების არსებობა არაა გამართლებული კონკურენციის პრინციპიდან გამომდინარე.

რადგან ხშირად შეუძლებელია ეკონომიკური თეორიის მიერ შეთავაზებული პირველი საუკეთესო გამოსავლის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება, ეკონომიკსტები ცდილობენ ერთ უბედურებას მეორე უბდეურებით ებრძოლონ (ე.წ. მეორე საუკეთესოს თეორია). სხვადასხვა მიზეზის გამო, დამქირავებლებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე დაქირავებულებს. სოფლად, სადაც შეიძლება მხოლოდ ერთი დამქირავებელი  და მრავალი პოტენციური მუშა იყოს, დამქირავაბელი არაა დამოკიდებული ინდივიდუალურ დასაქმებულზე. მას მარტივად შეუძლია ერთი დასაქმებული მეორეთი ჩაანაცვლოს, და შესაბამისად მუშა უფრო მეტადაა დამოკიდებული დამქირავებლის გადაწყვეტილებაზე. ეს დამქირავებელს უფრო ძლიერ სავაჭრო პოზიციაში აყენებს, რასაც არ ითვალისწინებს სტანდარტული სრულყოფილი კონკურენციის მოდელი, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა შორის ისეთივე კონკურენციაა სამუშაო ძალის მისაზიდად, როგორიც მუშებს შორის, სამსახურის საპოვნელად. მეორე საუკეთესოს თეორიის მიხედვით, თუ დარღვეულია ბაზრის ოპტიმალურობის რომელიმე პირობა ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია (შესაბამისად, პირველი საუკეთესო მდგომარეობა მიუღწევადია), არის შემთხვევები, როდესაც სხვა პირობების დარღვევაც მიზანშეწონილია. კერძოდ, თუ დამსაქმებლებს შორის არაა სრულყოფილი კონკურენცია, შესაძლებელია უკეთესი იყოს, თუ ის დასაქმებულთა შორისაც შეიზღუდება.

ეკონომიკაში მრავლადაა მეორე საუკეთეო არჩევანის გამოყენების შემთხვევა. როდესაც 1990-იან წლებში, დანიაში,  რკინაბეტონის ბაზარზე, ფასების გამჭვირვალობა დაწესდა, პოლიტიკოსების გასაოცრად (რაც ნაკლებად მოულოდნელი იყო ეკონომისტებისათვის), ბეტონის ფასი გაიზარდა. როდესაც ფასები არ იყო ტრანსპარენტული (გადახრა თეორიული ოპტიმუმისაგან), მიმწოდებლებსა და მყიდველებს შორის ფასი ფარული ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა, რისი შედეგიც იყო შედარებითი დაბალი ფასი. მას შემდეგ, რაც ფასები საჯარო გახდა, მიმწოდებლებისათვის უფრო მარტივი გახადა ფასების კოორდინირებულად დაწესება. შესაბამისად მიმწოდებლებს შორის იდეალური კონკურენციის გარეშე, უმჯობესი იყო ერთი დარღვევის – კერძოდ, ფასების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის დაშვება.

რაც მეტი, მით უკეთესი

თუ საქართველოში შეიქმნება პროფკავშირები, და მათ ექნებათ იურიდიული უფლება, მოაწყონ გაფიცვა, მნიშვნელოვანია, არ გამეორდეს სხვა ქვეყნებში დაშვებული შეცდომები.

პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო დიდია პროფკავშირები, ისინი მით უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე. შვედეთში, თითქმის ყველა მოქალაქე პროფკავშირის წევრია, მათ შორის ისინიც, ვინც არ მუშაობს – მაგალითად, სტუდენტები და უმუშევრები. შედეგად, შვედური პროფკავშირები საზოგადოების თითქმის ყველა ფენის ინტერესებს ითვალისწინებენ. მაგალითად, არ იქნება ხელფასის ზედმეტად გაზრდის მოთხოვნა, ვინაიდან, მართალია ეს წაადგება მათ, ვისაც სამსახური აქვს, მაგრამ ბევრად გაურთულებს საქმეს უმუშევრებს, რომელთაც კვლავ სურთ დასაქმება.

მეორეს მხრივ, საფრანგეთში ბევრი პატარა პროფკავშირია, რომელიც ბოლომდე, ეგოისტურად ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელებას და მათ აქვთ იურიდიული უფლება მოაწყონ გაფიცვა. შესაბამისად, კოლექტიური ქმედებებით, ფრანგული პროფკავშირები მუდმივად ურთულებენ საქმეს მთელს ქვეყანას. ახლაც კი, როდესაც საფრანგეთი, ალბათ ყველაზე ცუდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პროფკავშირები მაინც მძვინვარებენ და ხელს უშლიან უკიდურესად აუცილებელი რეფორმების შემოღებას. ამავდროულად, გერმანია უფრო მეტად სკანდინავიური მოდელისკენ იხრება გერმანული პროფკავშირების გაერთიანებით (Deutsche Gewerkschaftsbund), კლასიკური ინდუსტრიული პროფკავშირების კონფედერაციით, რომელიც 6 მილიონზე მეტ მუშახელს წარმოადგენს. გერმანიაში მცირე ზომის პროფკავშირების პრობლემა საგრძნობი ხდება, როდესაც ლუფტჰანზას პილოტები და მატარებლის მძღოლები იფიცებიან, როგორც ეს ხშირად მოხდა გასული კვირების განმავლობაში. ორივე ჯგუფს აქვს თავისი პროფკავშირები და კომპანიებსა და მთელს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

საქართველოს პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ძლიერი და დიდი პროფკავშირების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პროფკავშირების შემოღება არ არის მიმართული ბაზრის საწინააღმეგოდ, არამედ პირიქით, აუცილებელია გამართული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბაზრის ჩავარდნების გამოსასწორებლად.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა