შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

გამოიწვია თუ არა პატრიარქის ინიციატივამ შობადობის ბუმი საქართველოში?
ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2014

2007 წლის ოქტომბერში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ მართლმადიდებელ ოჯახში ყოველი მესამე ან მომდევნო ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, პირადად მონათლავდა ახალშობილს. ამ დაპირებამ, ერთი შეხედვით, ძლიერ იმოქმედა ქართველების რეპროდუქციულ ქცევაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (სსეს) მონაცემებით, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 49 000-დან 2007 წელს, დაახლოებით 57 000-მდე 2008 წელს და 63 000-მდე 2009 წელს.

ეს შობადობის მაჩვენებლის შთამბეჭდავი 28%-იანი ზრდაა 2 წლის მანძილზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2000-2007 წლებში დაბადებულთა რაოდენობა 46 000-49 000 ინტერვალში მერყეობდა. 2008 წლის ბოლოს პატრიარქმა ათასობით ბავშვი მონათლა სამების საკათედრო ტაძარში. ტრადიცია დღემდე გრძელდება.

2009 წლის მარტში “ბიბისიმ“ (BBC) ენთუზიაზმით აღსავსე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: "ეკლესიის ლიდერი ქართული შობადობის ბუმს აძლევს ბიძგს". სტატიაში კი წერდნენ, რომ ,,ჯერ კიდევ ორი წლის წინ მსოფლიოში შობადობის ერთ-ერთი უდაბლესი მაჩვენებლის მქონე საქართველო, პატრიარქის ჩარევის შედეგად, ერთგვარ შობადობის ბუმს განიცდის". საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ ამ მოვლენას "სასწაული“ უწოდა. მსგავსი შინაარსის რეპორტაჟი 2010 წლის აპრილში “სიენენმაც“ (CNN) მოამზადა. ამ შემთხვევაში პატრიარქი თავად საუბრობდა საკუთარ წვლილზე გაზრდილ შობადობის მაჩვენებელთან დაკავშირებით: "მე უკვე მოვნათლე 5000 ახალშობილი. […] მშობლებმა ამ ბავშვების გაჩენა სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მათ ჰქონდათ შანსი გამხდარიყვნენ, პატრიარქის ნათლულები”.

“ბიბისი“ ასევე ესაუბრა საქართველოს სამოქალაქო რეესტრის თავჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც გაზრდილ შობადობის მაჩვენებელს ვარდების რევოლუციის შემდგომ აჩქარებულ ეკონომიკური ზრდის ტემპსა და გაზრდილ დასაქმებას უკავშირებდა: “ვინ ქმნის დღესდღეობით ოჯახებს? ის, ვინც ხუთი წლის წინ უმუშევარი იყო," ამბობდა იგი. "მანამ ამ ადამიანებს შემოსავალი არ ჰქონდათ და არც ოჯახების შექმნა შეეძლოთ. დღესდღეობით კი მათ აქვთ სამსახური, ხელფასი... ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი." მართლაც, სსეს-ის მიხედვით 2006-2007 წლებში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის შთამბეჭდავი, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რომელიც, მართალია, 2008 წელს რუსეთთან ომის გამო შეფერხდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც უფრო მაღალი იყო, წინა წლებთან შედარებით.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიხედვით, ქართველების 94% პატრიარქს საზოგადოებაში ყველაზე სანდო პიროვნებად მიიჩნევს. გარდა ამისა, ქვეყანაში ყველაზე სანდო ინსტიტუტადაც მართლმადიდებელი ეკლესიაა აღიარებული. თუმცა, არის კი შობადობის მკვეთრი ზრდა მართლაც პატრიარქის დამსახურება? შევეცადე ამ კითხვაზე რაოდენობრივი ეკონომიკური ანალიზის გამოყენებით მეპასუხა.

ბუნებრივი ექსპერიმენტი

რელიგიის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალის როლზე მაქს ვებერი ჯერ კიდევ 1905 წელს მიუთითებდა. თავის ცნობილ ნაშრომში “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“ ვებერმა ევროპული სახელმწიფოების ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტში განსხვავებები ამ ქვეყნების მოსახლეობაში პროტესტანტების და კათოლიკეების წილს დაუკავშირა. მას შემდეგაც ვრცელი ლიტერატურა დაეთმო რწმენასა და ეკონომიკურ ქცევას შორის კავშირების გამოვლენას. მაგალითად, მაკკლერისა და ბაროს 2003 წლის სტატიის თანახმად, მაღალი რელიგიურობით გამორჩეული ქვეყნები (სადაც ხალხი უფრო ხშირად ესწრება რელიგიურ მსახურებებს) დაბალი ეკონომიკური ზრდისკენ არიან მიდრეკილნი. კრაბტრიმ (2010) ქვეყანაში რელიგიური მოსახლეობის წილი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს დაუკავშირა. ლიპფორდმა, მაკკორმიკმა და ტოლისონმა (1993) კი ეკლესიის წევრობასა და ისეთ დემოგრაფიულ ფაქტორებს შორის კავშირი შეისწავლეს, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება და შობადობა.

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა არის ის, რასაც ეკონომისტები ბუნებრივ ექსპერიმენტს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიაში ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების სრული კონტროლია შესაძლებელი, აქ ბევრ ეკონომიკურ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით თავს მაშინ იჩენს, როცა საკვლევი კითხვა მთლიანად საზოგადოებას ეხება. ბუნებრივი ექსპერიმენტი კი არის სიტუაცია, როდესაც ბუნებრივი მიზეზების გამო გვაქვს არა სრულფასოვანი, არამედ ექსპერიმენტული და საკონტროლო სტატუსის მსგავსი ჯგუფები. ჩვენს შემთხვევაში, მართლმადიდებელ ქრისტიანთა უმრავლესობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ექსპერიმენტული ჯგუფი, რადგან პატრიარქის ინიციატივა მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი. მართლმადიდებლები საქართველოს მოსახლოების 84%-ს შეადგენენ, დანარჩენები კი შეიძლება საკონტროლო ჯგუფად მივიჩნიოთ. საკონტროლო ჯგუფი ძირითადად ეთნიკური უმცირესობებისაგან შედგება. საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 15% სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობისაა. ლოგიკურია, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრ სომხებსა და ძირითადად შიიტ აზერბაიჯანელებში პატრიარქის მოწოდებას რეპროდუქციულ ქცევაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. ქვემოთ მოყვანილ სურათზე გამოსახულია საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობა ეროვნების მიხედვით. რაც უფრო მუქია ფერი, მით უფრო მაღალია კონკრეტული ეროვნების ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, რომლებსაც, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვაანალიზებ).

Dec-22_2014_

"სხვაობათა შორის სხვაობის" მეთოდოლოგიის გამოყენებით შემიძლია განვსაზღვრო იყო თუ არა რელიგიური წინამძღოლის ინიციატივა საქართველოში შობადობის მაჩვენებლის ზრდის მიზეზი.

ანალიზისთვის ვიყენებ CRRC-ის მონაცემთა ბაზას. ინფორმაცია მოიცავს 2000-2010 წლებისთვის როგორც შინამეურნეობების დემოგრაფიულ მახასიათებლებს, ოჯახებში ბავშვების რაოდენობასა და მათი დაბადების თარიღებს; ასევე, მონაცემებს მშობლების აღმსარებლობისა და რელიგიურობის შესახებ. ამ ბაზის გამოყენებით შევქმენი მონაცემთა ორი ტიპის სიმრავლე. პირველი შეიცავს ინფორმაციას შობადობის შესახებ მოცემულ წელს. მეორე მონაცემთა სიმრავლეში კი შეყვანილია ინფორმაცია მხოლოდ მესამე და მომდევნო ახალშობილების შესახებ, რადგანაც პატრიარქის ინიციატივა სწორედ მათზე ვრცელდებოდა. სხვაობათა შორის სხვაობის მეთოდოლოგიის მიხედვით, შევადარე დაბადებულთა რაოდენობა თითოეულ ჯგუფში პატრიარქის ჩარევამდე და შემდეგ (პირველი სხვაობა) და მიღებულ ცვლილებას ექსპერიმენტულ ჯგუფში გამოვაკელი ცვლილება საკონტროლო ჯგუფში (მეორე სხვაობა). სწორედ აქედან წარმოდგება სახელწოდება სხვაობათა შორის სხვაობა. ის, რაც რჩება სხვაობების შედეგად, შეიძლება განვიხილოთ, როგორც პატრიარქის ინიციატივასა და შობადობის მაჩვენებელს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის საზომი.

შედეგები და ინტერპრეტაცია

ორივე ტიპის მონაცემთა სიმრავლის გასაანალიზებლად სხვაობათა შორის სხვაობის მეთოდოლოგია გამოვიყენე. საკვირველია, მაგრამ პირველ შემთხვევაში შეფასებული ე.წ. "პატრიარქის კოეფიციენტი“ პრაქტიკულად ნულის ტოლია და სტატისტიკურადაც უმნიშვნელოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაცემები არ ადასტურებს ეკლესიის დამსახურებას საქართველოში შობადობის ტენდენციასთან მიმართებაში. მეორე მონაცემთა სიმრავლის შემთხვევაში კი აღნიშნული კოეფიციენტი საერთოდაც უარყოფითია(!) და სტატისტიკურად ისევ უმნიშვნელოა. გამოდის, რომ არათუ ზოგად შობადობაზე, ეკლესიის ინიციატივას მესამე და მომდევნო ბავშვების შობადობაზეც არ ჰქონია გავლენა.

აღნიშნული შედეგის ერთი შესაძლო ახსნა იქნებოდა გარემომცველი წრეების გავლენა (peer effects). ამ შემთხვევაში პატრიარქის ინიციატივას შეიძლება არაპირდაპირი გავლენა მოეხდინა საკონტროლო ჯგუფის რეპროდუქციულ ქცევაზეც. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მეზობლების მაღალი შობადობით მოტივირებული არამართლმადიდებლებიც გადაწყვეტდნენ არ ჩამორჩენოდნენ მათ. ან შესაძლოა პატრიარქის განცხადება მედიამ ისე ფართოდ გააშუქა, რომ ამან ერთნაირად იმოქმედა ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფზეც. თუმცა არამართლმადიდებლების კომპაქტური განსახლება და არცთუ სახარბიელო ენობრივი უნარ-ჩვევები ამგვარი ეფექტების შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავს.

მეორე შესაძლო ინტერპრეტაცია ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. 2007 წლის შემდეგ არამართლმადიდებლებით დასახლებულ რეგიონებში ზრდის ტემპი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, პატრიარქის ზეგავლენის დაჩრდილვა მოსალოდნელი იქნებოდა. როგორც წესი, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას მჭიდრო კავშირშია რეპროდუქციულ ქცევასთან. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მხოლოდ თბილისის მონაცემებზე დაყრდნობით დამატებითი ანალიზი ჩავატარე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების ეკონომიკურ პირობებს შორის განსხვავებას შეუძლებელია გამოეწვია პატრიარქის ინიციატივის გავლენის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაბათილება.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებებისა, ეკონომიკური ანალიზი არ ადასტურებს, რომ გაუმჯობესებული შობადობის მაჩვენებელი საქართველოში პატრიარქის დამსახურება იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ დაბადებულთა რაოდენობის ზრდა სულაც არ გახლდათ "სასწაული“ და მხოლოდ გაუმჯობესებული ეკონომიკური პირობების შედეგი იყო.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა