შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როგორი „წყობა“ სჭირდება ქვეყანას?
პარასკევი, 08 მაისი, 2015

როდესაც 2015 წლის აპრილის ბოლოს ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ესტუმრა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ისტორია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში არა იმ გაგებით, რასაც გულისხმობდა ფრენსის ფუკუიამა მის მიერ 1992 წელს დაწერილ წიგნში ისტორიის დასასრული და უკანასკნელი კაცი:

„ჩვენ ვართ მოწმენი არა მხოლოდ ცივი ომის ან ომის შემდგომი ისტორიის გარკვეული პერიოდის, არამედ ისტორიის, როგორც ასეთის, დასასრულისა: ეს არის კაცობრიობის იდეოლოგიური ევოლუციის დასასრული წერტილი და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის, როგორც ადამიანთა მმართველობის საბოლოო ფორმის უნივერსალიზაცია.

სულ რაღაც 25 წელი გავიდა და სამყარო ჯერ კიდევ სავსეა „წინააღმდეგობრიობებით“ (რომელთა დასრულებაც არის ამოსავალი ფუკუიამას ისტორიის დასასრულის ჰეგელისეული აზროვნების გასაგებად). ეს წინააღმდეგობრიობები ყველაზე კარგად ჩანს ევროპასა და აშშ-ში მიგრაციის, განახლებული სავაჭრო ომის, გეოპოლიტიკური პაექრობისა და რელიგიური კონფლიქტების შესახებ მუდმივად მიმდინარე ცხარე განხილვებისას.

ლუკაშენკოს მიერ მართული ბელორუსია არის კიდევ ერთი ნათელი წინააღმდეგობრიობა, რაც ეწინააღმდეგება ფუკუიამას მიერ ნაწინასწარმეტყველებ „ეკონომიკისა და პოლიტიკური ლიბერალიზმის გარდაუვალ გამარჯვებას“. ევროპის კონტინენტის ცენტრში მდებარე ბელორუსიის არალიბერალური დემოკრატია და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი და მის მიერვე მკაცრად კონტროლირებული ეკონომიკა აღიზიანებთ ლიბერალ იდეოლოგებსა და პოლიტიკოსებს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისთვის.

ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის  სტაბილურობა და, როგორც მავანნი ამტკიცებენ, ეკონომიკური წარმატება ადასტურებს, რომ არ არსებობს „იდეალური სახელმწიფოს“ მოწყობის მხოლოდ ერთი ფორმა (პლატონის რესპუბლიკის მსგავსად). უფრო მეტიც, განსხვავებული პოლიტიკური წყობილებები და მმართველობის ფორმები, შესაძლოა, უფრო ფუნქციური (და შესაბამისად, საჯაროდ მიღებულიც) იყოს სხადასხვა კულტურულ გარემოში. უფრო მეტიც, არაისტორიული ისტორიის დასასრულის იდეისგან განსხვავებით, ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნის ინსტიტუციები უნდა შეიცვალოს დროთა განმავლობაში, გამუდმებით უნდა მოერგოს საერთაშორისო გარემოებებს და გარე კონტექსტს. რაც აქ და ახლა შესანიშნავად მუშაობს, შესაძლოა, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს სხვაგან და სხვა დროს.

ევროპის უკანასკნელი დიქტატურის დაბადება

1994 წლის შემდეგ ლუკაშენკო სამჯერ ზედიზედ იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად, რაც არაერთხელ გახდა ექსპერტთა და საერთაშორისო დამკვირვებელთა განსჯის საგანი. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი აგრარული ქარხნის ყოფილი დირექტორი, ლუკაშენკო ამჟამად მეოთხე ვადით არის არჩეული, რითიც იგი გახდა ევროპის ყველაზე გრძელვადიანი სახელმწიფო მეთაური. უფრო მეტიც, თუ გავითვალისწინებთ შეუზღუდავ საპრეზიდენტო ვადას (კანონი მიღებულ იქნა ფრიად საკამათო რეფერენდუმით 2004 წელს), მაღალ (უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ, უკვე მზარდსაც) რეიტინგსა და სიცოცხლისუუნარო ოპოზიციას, ლუკაშენკო, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება მმართველობაში.

სულაც არაა გასაკვირი, რომ ლუკაშენკოს ბელორუსია არ არის დასავლელ პოლიტიკოსთა ნებიერა. 2005 წელს ბელორუსია გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, როდესაც მიანმართან, კუბასთან, ირანთან, სამხრეთ კორეასა და ზიმბაბვესთან ერთად უწოდა „ტირანიის ბანაკი“. დასავლური მედია მას ოდითგანვე მოიხსენიებს როგორც „ევროპის უკანასკანელ დიქტატურას“.

თუმცა, როდესაც ამ ყველაფერს შიგნიდან უყურებ, ლუკაშენკოს დიქტატურის ტირანია რთულად შესამჩნევია.

ნავაპოლატსკში, ბელორისიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, სალომე გელაშვილმა თავისი ცხოვრების 8 წელი გაატარა, თუმცა მას ის არასდროს ჰგონებია „ტირანიის ბანაკი“. უფრო მეტიც, 1999 წელს, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა, საშუალება მიეცა, უფრო მეტად დაეფასებინა ნავაპოლატსკიში ცხოვრების არაერთი უპირატესობა გაცილებით დიდ თბილისთან შედარებით. სალომეს თბილისის სკოლა ვერც კი შეედრებოდა ნავაპოლატსკისას, ვერც ინფრასტრუქტურის და ვერც განათლების ხარისხის თვალსაზრისით. მისი ქართველი მეზობლების უმრავლესობისგან განსხვავებით, სალომესა და მისი ბელორუსიელი თანაკლასელების მშობლებს ჰქონდათ სამსახური. მუდმივ გაზსა და ელექტრომომარაგებას მიჩვეული სალომე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც სანთლის შუქზე მოუწევდა მეცადინეობა, ვინაიდან თბილისსა და მთელ საქართველოში უშუქობის პრობლემა იყო.

სალომეს ნავაპოლატსკიში ცხოვრების პირადი გამოცდილება შეესაბამება იმას, რაც ჩვენ ვიცით გარდაქმნის ბელორუსული მოდელის შესახებ. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს დიქტატურამ შეძლო საჯარო სამსახურების მკვეთრი შემცირების ნაცვლად დახმარების ხელი გაეწოდებინა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, შესთავაზა რა მათ კარგად დაფინანსებული განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემები.

განათლება არის კარგი მაგალითი. 2012 წელს ბელორუსიის მთავრობის მიერ განათლებაზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა მთლიანი საბიუჯეტო ხარჯების 13.2 პროცენტი (მშპ-ის 5.1%), რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება საქართველოს იმავე მაჩვენებელს (მთლიანი ბიუჯეტის 6.7% და მშპ-ის 2%). ქართველებისგან განსხვავებით, ბელორუსელებს არ უწევთ საჯარო ბაღებისა და სკოლების მიერ შეთავაზებული განათლების ხარისხზე დარდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელგაშლილი სახელმწიფო დაფინანსება საშუალებას აძლევს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფენებისა და რეგიონების სტუდენტებს, მიიღონ თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობები. სალომეს ნავაპოლატსკის მსგავს პატარა ქალაქებში მცხოვრები ბელორუსელი ბავშვები დაახლოებით იმდენსავე თანხას იღებენ, რამდენსაც უფრო დიდ რეგიონულ ცენტრებსა თუ მინსკში მცხოვრები მოსწავლეები.

შესაბამისად, შედეგებიც სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ამაზე ცოტა რამ იციან, ბელორუსია სწრაფად ვითარდება როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების (Information and Communications Technology – ICT) სამოთხე, სადაც მუშაობს აუთსორსინგის, კომპიუტერული თამაშებისა (მაგალითად, World of Tanks) და აპლიკაციების ასობით კომპანია. კომპანიებს შეუძლიათ დაეყრდნონ 16,000-მდე სტუდენტს, რომლებიც ყოველ წელს ამთავრებენ ბელორუსულ უნივერსიტეტებს ICT-ისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარ-ჩვევებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელორუსული ICT მიღწევები მხოლოდ რაოდენობით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა Association for Computing Machinery-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამირების საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილე 3,000-ზე მეტ გუნდს შორის. 2014 წელს ბელორუსიამ 166 ქვეყანას შორის დაიკავა 38-ე ადგილი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანების (International Telecommunications Union) მიერ შედგენილი ICT-ის განვითარების ინდექსის (ICT Development Index – IDI) მიხედვით. მართლაც, IDI მაჩვენებლით (6.89) ბელორუსია არის ყველაზე რეიტინგული CIS ქვეყანა, მან უკან ჩამოიტოვა ლიტვა (მე-40 ადგილი), ჩეხეთის რესპუბლიკა (41-ე ადგილი) და პოლონეთი (44-ე ადგილი). უფრო მეტიც, იმავე წელს, ბელორუსია 8 ქვეყანასთან ერთად აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ქვეყანა ქვეყნის აბსოლუტური IDI მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდის წყალობით.

რბილი გარდაქმნა თუ საერთოდ არავითარი გარდაქმნა?

1990-იანი წლების დაჩქარებული და კორუმპირებული პრივატიზაციის თავიდან აცილებით, რაც თითქმის ყველა ყოფილმა საბჭოთა სახელმწიფომ გამოიარა, ბელორუსიამ შეძლო როგორც საკუთარი ინდუსტრიული ბაზისა და დასაქმების შენარჩუნება, ისე მოსახლეობის უზრუნველყოფა ფართო (და ძვირადღირებული) სოციალური მომსახურებებით. ამასთან ერთად ის გარემოება, რომ ბელორუსიას არ განუცდია არავითარი ეთნიკური კონფლიქტი ან ომი ქვეყნის ტერიტორიაზე, გახდა სწრაფი ეკონომიკური აღორძინების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. 1994 წლიდან (როდესაც ბელორუსულმა ეკონომიკამ განიცადა კრიზისი) 2008 წლამდე (როდესაც ქვეყანას უკვე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა შეუტია) ბელორუსული მშპ ერთ სულ მოსახლეზე იზრდებოდა საოცარი სისწრაფით, დაახლოებით 10%-ით წელიწადში (ხანდახან უფრო მეტითაც), რითიც ბევრად უსწრებდა წინ ნავთობის არმქონე CIS ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკების უმრავლესობას.

WhatKindOfState1წყარო: მსოფლიო ბანკი.

2008 წლის შემდეგ ბელორუსიის ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად იკლო და 7.9%-დან (2010) დაეცა 5.4 (2011), 2.5 (2012) და 0.6%-მდე (2013). თუმცაღა მისი ზრდის საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში (2005 წლიდან. იხ. გრაფიკი #2) შთამბეჭდავი რჩება, იგი ბევრად უსწრებს გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოთა ურავლესობას (ბევრ, ამჟამად ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპულ ეკონომიკებს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა).

WhatKindOfState2წყარო: მსოფლიო ბანკი.

როგორც ჩანს, ეს მონაცემები გვკარნახობს, რომ ხელგაშლილი, ლუკაშენკოს სტილის დიქტატურა, შესაძლოა, კარგი გამოსავალი იყოს მოწესრიგებული და შედარებით უმტკივნეულო ეკონომიკური „გარდაქმნის“ უზრუნველყოფისთვის. აშკარად ბევრად უკეთესი გამოსავალია სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული რევოლუციების მიერ საფუძველდადებულ ანარქიასა და სამოქალაქო ომთან, აქტივების დატაცებასა და კორუფციასთან შედარებით. როგორც ეს მოხდა, მაგალითად, საქართველოსა და სომხეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და რუსეთში.

თუმცა ეს მონაცემები არ გვეუბნება, რა ელოდება ბელორუსიის საფონდო ბირჟას.

ლუკაშენკოს მოძულეებს ხშირად მოჰყავთ კრიტიკული არგუმენტი, რომ ბელორუსიამ უბრალოდ გადადო „გარდაქმნის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეები და მისი ამჟამინდელი მაკროეკონომიკური დისბალანსი მხოლოდ დასაწყისია მტკივნეული რეფორმების პერიოდისა, რაც ქვეყანას მომავალში ელის.

მართლაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ბოლო წლებში ბელორუსული ზრდის მაჩვენებელი მარცხს განიცდის და ითხოვს „რეფორმებს“, იმდენად, რამდენადაც ეს ეკონომიკას სჭირდება, რაღა თქმა უნდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული გარდამავალი ეტაპის შესახებ 2014 წლის ანგარიშის (EBRD – Transition Report 2014) მიხედვით, „ქვეყნის ზრდის მოდელმა ამოწურა საკუთარი თავი“ და გვთავაზობს დიდი ხნის დაგვიანებული რეფორმების გრძელ სიას. დიდი თავსატეხი, რაზეც, გარკვეულ მიზეზთა გამო, EBRD არ საუბრობს, ისაა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს რეფორმები პოლიტიკური ლიბერალიზაციის საზომების გარეშე და რამდენად უმტკივნეულო შეიძლება იყოს „გარდაქმნა“, როგორც ასეთი.

მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო აზრის დაცვისთვის უამრავი შესაძლო არგუმენტი არსებობს, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ნებისმიერი „გარდაქმნა“, რაც ბელორუსიას ამ ეტაზე ელოდება, სავარაუდოდ, ბევრად უფრო რბილი იქნება ყველა იმ უბედურებასთან შედარებით, რაც ადრეული 1990-იანი წლების მიამიტმა და ცუდად დაგეგმილმა პრივატიზაციამ/ლიბერალიზაციამ მოიტანა.

პირველი, ბელორუსიის მომავალი გარდაქმნის საწყისი წერტილი ძალიან მაღალია CIS სტანდარტებით. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში, რაც მას მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით მაღალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კალათაში ათავსებს. უფრო მეტიც, ეს საშუალო მაჩვენებელი ჯეროვნად ვერ წარმოაჩენს ბელორუსიელი მოქალაქის („საშუალო ფენის“) კეთილდღეობას უფრო თანაბარი შემოსავლის განაწილების გამო. მიუხედავად ბუნდოვანებისა, შემოსავლის მაღალი და უთანასწორობის დაბალი დონე კარგად მეტყველებს ბელორუსიის საბოლოო დემოკრატიზაციაზე.

მეორე, ბელორუსიას უკვე ჰყავს საკმაოდ ძლიერი კერძო სექტორი და თანამედროვე მეწარმეთა კლასი. მაგალითად, ინფორმაციების ტექნოლოგიების სექტორს მართავენ ახალგაზრდა კერძო მეწარმეები; არსებობს ბევრი წარმატებული გრინფილდ-ინვესტიცია და ერთობლივი საწარმოების მომსახურებები, მანქანათმშენებლობა და ქიმიური ნივთიერებების, კვებისა და ხე-ტყის წარმოება (მაგალითად, IKEA), გაფართოებისა და მომავალი ზრდისთვის კადრების მომზადება. ერთადერთი, რაც აკლია, თუმცა არავინ განიცდის, არიან „ოლიგარქები“.

მესამე, თუ ბელორუსია ოდესმე წინ წაიწევს და მოახდენს მისი დიდი ინდუსტრიული აქტივების პრივატიზებას, მას ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს ეს წესისამებრ – გაყიდოს თავისი კომპანიების დიდი წილები ლონდონის, ნიუ იორკის ან მოსკოვის მსოფლიო მულტინაციონალურ კომპანიებზე ან  ჰოლდინგების IPO-ებზე. ამგვარად, მას საშუალება ექნება, პრივატიზაცია გამოეყენოს არა ცალკეული, კარგი კავშირების მქონე ადამიანების გასამდიდრებლად (როგორც ეს მოხდა ყველა CIS ქვეყანაში 1990-იანი წლების დასაწყისში), არამედ ინვესტიციების მოსაზიდად.

მეოთხე, ბელორუსიას ჰყავს შესანიშნავი სამუშაო ძალა ზოგადი განათლების, ტექნიკური კვალიფიკაციისა და დისციპლინის თვალსაზრისით. საქართველოსგან განსხვავებით, ბელორუსიამ ძალიან კარგად მოახერხა საკუთარი ადამიანური კაპიტალის შენარჩუნება და შემდეგი გაძლიერება, შეძლო რა, ერთის მხრივ, ახალგაზრდებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზება და, მეორეს მხრივ, მათში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტექნიკური უნარ-ჩვევების დაუფლების წახალისება. ეს აქტივი იქნება ქვეყნის მომავალ განვითარების მთავარი ფაქტორიაში.

დიქტატორები: დროებითნი და მუდმივნი

შესაძლოა, ძალიან ირონიულია, რომ ზოგჯერ სწორედ „დიქტატურაა“ საჭირო ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შესაქმნელად, რასაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის კრიზისულ სიტუაციაში. და ძალიან სამწუხაროა, რომ ფორმალური „დემოკრატია“ მსოფლიოს ჩვენს ნაწილში ძალიან ხშირად მხოლოდ ფასადია კლეპტოკრატიული რეჟიმებისთვის, რომლებიც მართავენ ფრიად გაუთვითცნობიერებელ „ამომრჩეველს“ და ძალიან ცოტას აკეთებენ მოქალაქეთა კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის.

უკეთ რომ შევაფასოთ ლუკაშენკოს ფენომენის (და მის საპირისპიროთა, იანუკოვიჩის მსგავს, წარუმატებელ ვითომ-დემოკრატიულ სახელმწიფოლთა მმართველთა) წარსული და მომავალი, უნდა გავიხსენოთ, რომ „დიქტატურა“ არ არის თანამედროვე გამოგონება. განმარტება, რომ კეთილისმყოფელი დიქტატორი, შესაძლოა, უკეთესად მართავდეს ომს ან უმკლავდებოდეს კრიზისს, ჯერ კიდევ ძველი რომის ისტორიაში გვხვდება. როგორც ვიკიპედია გვაუწყებს:

„რომის რესპუბლიკაში ტერმინს „დიქტატურა“ არ ჰქონდა უარყოფითი მნიშვნელობა, რაც მან მოგვიანებით შეიძინა. პირიქით, დიქტატორი იყო ადამიანი, რომელსაც გადაეცემოდა ძალაუფლება (ჩვეული რომაული წესისგან განსხვავებით, როდესაც ძალაუფლება გაყოფილი იყო ორ თანასწორუფლებიან კონსულს შორის) გარკვეული, შეზღუდული პერიოდით, რათა გამკლავებოდა საგანგებო სიტუაციას. მისი მმართველობის ბოლოს, დიქტატორს უნდა გადაეცა ძალაუფლება საკონსულო მმართველობისთვის და მოეხსენებინა მის მიერ გატარებული ქმედებების შესახებ. როგორც წესი, რომაელი დიქტატორები ასეც იქცეოდნენ“.

რომაული დიქტატურის მთავარი მახასიათებელი, რა თქმა უნდა, იყო მისი მმართველობისა და ძალაუფლების ცხადი კონსტიტუციური შეზღუდვები. სწორედ ამის გამო იყო იგი ა) წარმატებული და ბ) რომის რესპუბლიკის დემოკრატიული ღირებულებებისა და პოლიტიკური კულტურის შესაბამისი. მსგავსი შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, თანამედროვე, ბელორუსიის ლუკაშენკოს მსგავსი (კეთილგანწყობილი) დიქტატურის მთავარი გამოწვევები ხდება საკუთარი თავის რეფორმირება და მთავრობის გარდაქმნა უფრო კომბინირებული ფორმისკენ. როგორც ჰაროლდ ჯეიმსმა აღნიშნა: „ავტორიტარული სისტემები, რაც არ უნდა იყოს მათი მოკლევადიანი წარმატება უპასუხისმგებლო პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის მყარი. ანგარიშვალდებულების ნაკლებობა გარდაუვლად ბადებს კორუფციასა და არაეფექტურობას“.

ჯეროვან დემოკრატიულ გარდაქმნას დრო სჭირდება. 1432 წლიდან, როდესაც ჰენრი VI-მ სულ მცირე 40 შილინგის ღირებულების ქონების მფლობელ მამაკაცებს ხმის მიცემის უფლება მისცა, ინგლისს თითქმის 500 წელი დასჭირდა რომ ეტაპობრივად დაენერგა უნივერსალური საარჩევნო სისტემა. 21 წელს ზემოთ მყოფმა ინგლისელმა მამაკაცებმა და მდიდარმა ქალბატონებმა მხოლოდ 1918 წელს მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება. 1928 წლიდან კი ეს უფლება მიენიჭა 21 წელს ზემოთ მყოფ ყველა ქალს.

ჩამორჩენა საშუალებას აძლევს ხალხსა და ქვეყნებს, უსასყიდლოდ გადაავლონ თვალი წინ მყოფთა გამოცდილებას, ისწავლონ მათ წარმატებასა და მარცხზე. ამიტომ იმედი გვაქვს, ბელორუსიას 500 წელზე ნაკლები დასჭირდება, რომ დანერგოს პოლიტიკური თავისუფლება ისე, რომ არ გადაეშვას ანარქიისა და კლეპტოკრატიის მორევში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა