შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

უკრაინული უკმარისობა: შეძლებენ თუ არა ქართველები სიტუაციის გადარჩენას?
ორშაბათი, 08 ივნისი, 2015

საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს შორის 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის დროს დასავლელმა მოკავშირემ საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. აშშ-მა საქართველოს მისცა სამხედრო გადამზიდავი თვითმფრინავები, რათა ავღანეთში მყოფი ქართული შენაერთები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. რუსებმა ამერიკის ჟესტი გაიგეს როგორც გაფრთხილება, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ქართველების მარცხს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უკვე აღებული ჰქონდათ გორი, კონდოლიზა რაისმა და მიხეილ სააკაშვილმა გამართეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია თბილისში, სულ რაღაც 80 კმ-ში გორიდან. ამერიკელთა თავგამოდება, დაეცვათ საქართველო, მოულოდნელი აღმოჩნდა რუსებისთვის, რომელთაც თავისი შენაერთები უკან, სამხრეთ ოსითისკენ დახიეს.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის მიმდინარე კრიზისში დასავლეთს არ ჰქონია სწრაფი რეაქცია, დაპირისპირებოდა რუსეთს. რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის პასუხი იყო მთელი რიგი სანქციები. ეს იყო აშკარა ნიშანი, რომ დასავლეთს არ სურს უკრაინის სამხედრო გზით დაცვა.

რატომ მოექცნენ საქართველოსა და უკრაინას ასე განსხვავებულად? ამისი რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეასრულა „საშინაო დავალება“. გაბედული რეფორმების ციკლით, რომელთა დიდი ნაწილი აღებულ იქნა ან მოგვიანებით შევიდა ეკონომიკის სახელმძღვანელოებში, საქართველო არსებითად არშემდგარი ქვეყნისგან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცა. არც ერთ დასავლურ მთავრობას არ უნდა, ომი დაიწყოს რუსეთთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რადგან მისი უფუნქციო მთავრობა კორუფციის მორევშია ჩაძირული.

უკრაინამ იწვნია მწარე გაკვეთილი, თუ რატომ უნდა ჰყავდეს წესიერი მთავრობა. თავისი გამოცდილებით გამოფხიზლებულმა ქვეყანამ დაიქირავა საქართველოს ყოფილი მთავრობის არაერთი წევრი, რათა გამოასწორონ მდგომარეობა ქვეყანაში. საქართველოში მიღწეული წარმატება ახლა უკრაინაშიც გამეორდება. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი, გახდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ზღულაძე-გლუკსმანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გახდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. გია გეწაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ახლა იმავე თანამდებობას იკავებს უკრაინაში. დათო საყვარელიძე კიევშიც გენერალური პროკურორის მოადგილეა. დაბოლოს, მიხეილ სააკაშვილი ამ კვირაში დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად. ეს არ არის სრული სია, თითოეულ ამ ქართველს თან მიაქვს იდეები, გუნდის წევრები და ექსპერტები თბილისიდან.

თუმცა საკითხავია, რამდენად წარმატებული იქნება ქართული პოლიტიკური გუნდი. ჩემი აზრით, ოპტიმიზმისთვის ორი კარგი მიზეზი არსებობს. პირველი, სხვაობების მიუხედავად, უკრაინას, არსებითად, იგივე პრობლემები აქვს, რაც საქართველოს ჰქონდა თავის დროზე: მთავრობის წარუმატებლობა. მეორე ისაა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან „პრაგმატული“ მიდგომა, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია, ვიდრე პრინციპული მიდგომა, რომელსაც კორუფციის ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა უჭერს მხარს.

მთავრობის მარცხი

სანამ ამ სტატიას ვწერ კიევში, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ერთი შეხედვით, უკრაინა ყველაფერია, გარდა არშემდგარი სახელმწიფოსი. ქუჩები – ძალიან სუფთა, მაღალი დონის ლიმუზინების სიხშირე – შთამბეჭდავი, თითქმის არ დადის ძველი, დანჯღრეული მანქანები, ჰაერის ხარისხიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე თბილისში. ხალხს სასიამოვნოდ აცვია, ფეხით მოსიარულეთა უფლებებს პატივს სცემენ, აქაური საზოგადოებაც უფრო მდიდრისა და „ევროპელის“ შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუმცა ეს კონკრეტული ბრწყინვალებაც პრობლემის ნაწილია. სანამ მდიდარი კიეველები დედაქალაქის  მყუდრო ქუჩების კაფეებში ყოფნით ტკბებიან, უკრაინული არმია საკუთარი ჯარისკაცების საკვებითა და შეიარაღებით მომარაგებას ვერ ახერხებს, რომლებიც, შედეგად, მხოლოდ ოჯახების იმედად არიან დარჩენილები! გარდა ამისა, რევოლუციის შემდეგ, დიდი ალბათობით, უკრაინის მთავრობის ანგარიშზე მხოლოდ რამდენიმე ათასი აშშ დოლარიღა იყო დარჩენილი (რამაც აიძულა ევროპა, სასწრაფოდ მიეცა უკრაინისთვის დამატებითი სესხი). მხოლოდ კიევის ქუჩებში მოსიარულე სიმდიდრის ნაწილის დაბეგვრაც კი საკმარისი იქნებოდა პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავრობას საამისოდ არც საკმარისი უნარი აღმოაჩნდა და არც სურვილი. აშკარაა, რომ უკრაინაში უფუნქციოა არა საზოგადოება, რომელიც ცივილიზებული, ევროპელი და საკმაოდ მდიდარია, არამედ სწორედ მთავრობა, რომელიც ხელს არ აკარებს კერძო სიმდიდრეს. როგორც უკრაინელმა მეგობარმა მითხრა: „უკრაინელი მთავრობის წარმომადგენლები XIX საუკუნეში ჩარჩნენ“.

ეს ძალიან ჰგავს ვარდების რევოლუციამდელ ქართულ სიტუაციას. არც საქართველოში არ იყო ხალხი შინაგანად კორუმპირებული (იხ. ჩემი სტატია „ქართული წესიერება, როგორც შედარებითი უპირატესობაISET Economist-ის ბლოგზე). რიგითი ქართველები დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდნენ კორუფციის გამო და ჭეშმარიტად დაიმსახურეს მთავრობა, რომელიც საზოგადოებას ახალ, არაკორუმპირებულ წონასწორობაში გადაიყვანდა. მსგავსად, გუშინ აქ, კიევში, მაიდანზე ვნახე კორუფციის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია, სადაც გამომსვლელებს ეჭირათ პლაკატები თავიანთი პოლიტიკური ლიდერებისთვის განკუთვნილი გზავნილებით: „თუ კორუფციას ბოლოს არ მოუღებთ, დაასრულეთ თქვენი მმართველობა!“

ქართველებს აქვთ მთავრობის წარუმატებლობის გამოსწორების შთამბეჭდავი გამოცდილება. მათი საყვარელი მიდგომა იყო მარტივი – წარუმატებლობის შემთხვევაში, მთავრობის შეცვლა. კახა ბენდუქიძემ მინისტრობისას გააუქმა დაახლოებით 900 კანონი. ეს იმედს იძლევა, რომ უკრაინაშიც, რომელსაც მსგავსი პრობლემები აქვს, ქართული რეცეპტი იმუშავებს.

შერჩევითი სამართალი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის „ქართული მეთოდის“ მთავარი მახასიათებელი მისი შერჩევითობაა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველას არ მოუხდა კორუფციულ საქმიანობაზე უარის თქმა. კლასიკურ ზემოდან-ქვემოთ მიდგომაში პირველი უნდა შეცვლილიყნენ ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომნი: პოლიციელები, უბრალო საჯარო მოხელეები, ბიუროკრატები. ბევრი მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ნაწილი კი მოგვიანებით აღადგინეს ნულოვანი ტოლერანტობის პირობით. მთავრობა ახალისებდა მხილებას და შეიქმნა სპეციალური ტელეფონის ნომრები, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ დარეკვა და კორუფციის შესახებ განცხადება. ეს მეთოდი იდეალურად მუშაობდა, რადგან უდავოა, რომ ე.წ. „წვრილმანი კორუფცია“ აღმოიფხვრა საქართველოში.

თუმცა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურებზე ანტიკორუფციული კამპანია ნაკლებად მკაცრი იყო. ბევრს საუბრობდნენ ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვაზე, სამთავრობო ტენდერების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მკვლელობის გახმაურებულ საქმეში ვანო მერაბიშვილის ჩარევაზე და სხვ. სამართლიანობის სტანდარტი ერთნაირად მაღალი არ იყო ქართველი საზოგადოების ყველა წევრისთვის.

კარგია თუ ცუდი ეს? პრინციპული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა დაგმოს მსგავსი შერჩევითობა. Transparency International არასდროს დათანხმდებოდა მსგავს რამეზე. მაგრამ პრაგმატული თვალსაზრისით, შეიძლება, საჭიროც კი იყო წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე აქცენტის გაკეთება, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც. როგორც კი ზემოდან-ქვემოთ მიდგომის ქვედა საფეხურები გაიწმინდება, მას შეიძლება მოჰყვეს ქვემოდან-ზემოთ მიდგომა: თუ ადამიანები არ არიან მიჩვეული კორუფციას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისინი დაკარგავენ უფრო დიდი კორუფციის ინტერესს ზედა დონეზე. ამიტომ, თუნდაც გარკვეული დროით, შეიძლება მისაღებიც იყოს, ზოგიერთებმა გააგრძელონ ჩვეული საქმიანობა, თუ ეს ხელს უწყობს რეფორმების ზოგად პროცესს.

შერჩევითი სამართლიანობა შეიძლება უკრანიაშიც გახდეს საჭირო. ზოგიერთი უკრაინელი ლიდერი აკონტროლებს მთელ ბიზნეს-იმპერიებს. არავინ იცის, რამდენად ბედნიერები იქნებიან ისინი ამ ანტიკორუფციული კამპანიით, რომელიც ღრმა დარტყმას მიაყენებს მათ. წინდაუხედაობის შემთხვევაში, ქართველი ექსპერტები შეიძლება მალე დაბრუნდნენ სამუშაო ბაზარზე – თუმცა საქართველოს მართვისას მათ მიერ გამოყენებული შერჩევითი სამართიანობის იდეა შეიძლება დაეხმაროთ კიდეც, უკეთ გაუმკლავდნენ ადგილობრივ გამოწვევებს.

პოლიტიკოსთა ახალი თაობა

კერძო სექტორში წარმატებული მენეჯერები და აღმასრულებლები არ არიან შეზღუდულნი, იმუშაონ მხოლოდ ერთი კომპანიისთვის. ძალიან ხშირად, როდესაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა თავისუფლდება, კანდიდატებზე მონადირენი ეძებენ შესაფერის კანდიდატს მათ შორის, ვინც უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები ამ კომპანიის მიღმა. ყოველთვის პრობლემად ვთვლიდი, რომ ასე არ ხდებოდა პოლიტიკოსების შემთხვევაში. აშკარაა, რომ პოლიტიკოსების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს კავშირებსა და პოლიტიკურ მხარდაჭერას და არა მათ რეალურ შესაძლებლობებსა და უნარ-ჩვევებს.

პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ უნარ-ჩვევები და ცოდნა. უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ნაკლებობა ხდება მთავრობის ცუდი მუშაობის მიზეზი, რასაც არაერთი მაგალითი ადასტურებს მსოფლიოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დაამსხვრიეს მოცემულობა, რომ უკრაინის მინისტრი უნდა იყოს უკრაინელი. თუ ვინმემ დაამტკიცა, რომ წარმატებას მიაღწია A ქვეყანაში, რატომ ვერ შეძლებს იგივეს B ქვეყანაში? ქართველი პოლიტიკოსების საფირმო უნარი – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა –  მსოფლიოში არც თუ ისე ხშირია. ალბათ, ქართველებს არ გაუჭირდებათ სამსახურის შოვნა არც უკრაინაში და არც სადმე სხვაგან, სადაც „ქართული მიდგომა“ სჭირდებათ!

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა