შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო-ნატოს თანამშრომლობის (და არა წევრობის) დადებითი მხარეები
ორშაბათი, 06 ივლისი, 2015

ვარდების რევოლუციის შემდეგ პროდასავლელი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ნატოსკენ, უსაფრთხოების ნავსაყუდელისკენ, წაიყვანონ. ჯერჯერობით ნატოს წევრობა მხოლოდ შორეული ოცნებაა, რომელიც ბევრი ქართველის იმედგაცრუებასა და დასავლურ გეოპოლიტიკურ ბლოკთან ნაკლები ინტეგრაციის მომხრეთა პოზიციების განმტკიცებას იწვევს. დაუსრულებელი დებატები იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, აუფერულებს რეალობას, რომ ალიანსთან არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა იდეალური ვარიანტია საქართველოსთვის. ქვეყანაში შეუზღუდავად შემოედინება ინვესტიციები, ისე, რომ საქართველოს არც კი უწევს ალიანსის ჩახლართულ ბიუროკრატიასთან ურთიერთობა.

უბილეთო მგზავრის პრობლემა

ზოგადად მიღებული ნარატივის თანახმად, ნატო ცდილობს, თავიდან აიცილოს მცირე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოთაშორის კონფლიქტში ჩათრევა. საქართველოს კი ეს ადვილად შეუძლია. ნატო ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილოს სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები, მას ურჩევნია ასიმეტრიულად ჩაერიოს მიმდინარე კონფლიქტებში.

ეს ნარატივი არ არის დამაჯერებელი. ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე ფაქტობრივად გაქრება. პუტინი ძალიან ფრთხილია, როდესაც საქმე ნატოს წევრ ქვეყნებს ეხება. მას ნამდვილად არ აინტერესებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უმნიშვნელო საკითხების გლობალური ესკალაცია.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლი არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს ომი გამოუცხადონ რუსეთს საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში. მასში წერია: „მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ წევრზე ევროპასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილება თავდასხმად ყველა მათგანის წინააღმდეგ. შედეგად, ისინი თანხმდებიან, რომ [...] თითოეული მათგანი [...] დაუყოვნებლივ დაეხმარება მხარეს ან მხარეებს, ინდივიდუალურად და სხვა მხარეებთან ერთად, საჭირო ქმედებებით, მათ შორის შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რათა აღდგეს და შენარჩუნდეს ჩრდილო-ატლანტიკური ზონის უსაფრთხოება“.

აქ ორი რამ არის ორაზროვანი. პირველ რიგში, საქართველო არ არის ჩრდილო-ატლანტიკური ზონის წევრი და შესაბამისად არ ექვემდებარება ამ მუხლს, თუნდაც იყოს ნატოს წევრი. მეორეც, ადვილი მისახვედრია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, რომელსაც ხშირად დასცინიან კიდეც შეირაღებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებული არაკეთილგანწყობის გამო, „საჭიროდ ჩათვლის“, დაეხმაროს საქართველოს. მართალია, ბერლინიდან გვესმის მკაცრი ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ და, ალბათ, სანქციების ახალ რაუნდსაც უნდა ველოდოთ, თუმცა დარწმუნებული შეიძლება ვიყოთ, რომ გერმანული არმია სახლში დარჩება. ის ქვეყნები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების შიშის გამო ტრადიციულად ბლოკავენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მოხერხებულად იყენებენ ამ ორაზროვან განმარტებებს, რათა თავი დაიძვრინონ საკუთარი ვალდებულებისგან, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ წევრებს.

აღსანიშნავია, რომ ნატოს მიერ საქართველოსთვის უარისთქმის კიდევ ერთი მიზეზი სათანადოდ არ  არის შეფასებული. ამ არგუმენტზე საუბარია ISET-ის ყოფილი აკადემიური დირექტორის, შლომო ვებერისა და ასევე ISET-ის ყოფილი პროფესორის, ჰანს ვაისმეთის 1991 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში („ნატოს ეკონომიკური მოდელები“,  Journal of Public Economics 46). ვებერი და ვაისმეთი გვიჩვენებენ, რომ თამაშთა თეორიულ წონასწორობაში პატარა ქვეყნები პროპორციულად ნაკლებ მონაწილეობას იღებენ საერთო თავდაცვაში დიდ ქვეყნებთან შედარებით.

ამ არგუმენტის ახსნა მარტივია, თუ ნატოს წევრ სახელმწიფოთა მდგომარეობას შევადარებთ თამაშს საზოგადოებრივ სიკეთეთა შესახებ. ამ თამაშში თითოეული მოთამაშე (ე.ი. ქვეყანა) თავად წყვეტს, როგორ გამოიყენოს საკუთარი ბიუჯეტი: შეუძლია გამოიყენოს ინდივიდუალური მოხმარებისთვის ან საჯარო პროექტის დაფინანსებისთვის. საჯარო პროექტში ჩადებული ინვესტიცია გამრავლდება მულტიპლიკატორზე, რომელიც ერთზე მეტია (სიტყვაზე, სამზე) და შემდეგ თანაბრად განაწილდება ქვეყნებს შორის. ყველაფერი, რაც მოიხმარება კერძოდ, მეორეს მხრივ, განაპირობებს ქვეყნების პირდაპირ სარგებლიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის სოციალური თვალსაზრისით ოპტიმალური შედეგი შეიძლება იყოს სიტუაცია, სადაც ყველა მოთამაშე მთელ თავის ბიუჯეტს დებს საჯარო პროექტში, სამზე მეტი მოთამაშის შემთხვევაში, ნეშის წონასწორობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ქვეყანა კერძოდ მოიხმარს თავის ბიუჯეტს. თუ ამ თამაშს შევცვლით ისე, რომ საჯარო სიკეთეთა ზღვრული სარგებლიანობა მაღალია, ხელმისაწვდომი რაოდენობა კი მცირე და ეს ზღვრული სარგებლიანობა იზრდება ქვეყნის სიდიდის მიხედვით, ადვილი მისახვედრია, რომ ერთობლივი საჯარო პროექტის განხორციელებაში დიდი ქვეყნები უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებენ, ვიდრე პატარა ქვეყნები.

საკუთარი ჯარის განახლებითა და დასავლური სამხედრო ძალების მხარდაჭერით, საქართველომ სცადა დაემტკიცებინა, რომ ის არ იქნება უბილეთო მგზავრი სხვა ქვეყნების თავდაცვით ღონისძიებებში. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემების თანახმად, საქართველო საკუთარი მშპ-ის დაახლოებით 3%-ს ხარჯავს სამხედრო სფეროზე. უკეთ რომ გავიგოთ, 2014 წლის უელსის სამიტზე ნატოს წევრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის საინვესტიციო ვალდებულებას (Defense Investment Pledge), რომლის ფარგლებში ისინი ეცდებიან, ფისკალური და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით საკუთარი თავდაცვის ხარჯები გაზარდონ მშპ-ის 2%-მდე. დღეისთვის ალიანსის მხოლოდ რამდენიმე წევრი ასრულებს ამ მიზანს. საქართველო კი აჭარბებს ამ მოთხოვნას და ამას აკეთებს ცალმხრივად, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

ანალოგიურად, საქართველო უფრო მეტ შენაერთებს გზავნის ნატოს ავღანურ მისიაში, ვიდრე ალიანსის ნებისმიერი სხვა  წევრი ქვეყანა, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. თანამედროვე ისტორიაში, ძალთა მსგავსი დემონსტრირება არ არის ახალი. 2000-იანი წლების ერაყული კოალიციის დროს საქართველო იყო მეორე უდიდესი მიმწოდებელი ქვეყანა. ამ მატერიალური და ადამიანური მხარდაჭერის რაოდენობა და ფასი საკმაოდ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობისა და სამხედრო ძალების მასშტაბებს.

ამგვარი ქმედებით საქართველო აცხადებს: „ნახეთ, ერთობლივ თავდაცვაში ჩვენ ვიქნებით აქტივი და არა პასუხისმგებლობა!“ თუმცა, როგორც თამაშთა თეორეტიკოსები ამბობენ, ეს მხოლოდ „ფუჭი სიტყვებია“. როგორც კი საქართველო ნატოში შევა, მან შეიძლება მაშინვე დაიყვანოს ეს აქტივობები პატარა წევრ სახელმწიფოების დონემდე.

ამგვარად, გარკვეულწილად, საქართველოს ნატოში არგაწევრიანების მიზეზი ეფუძნება  დანახარჯებისა და სარგებლიანობის რაციონალურ ანალიზს. ნატოს წევრობით საქართველოს უსაფრთხოება გაიზრდება, თუმცა ეს არსებული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

თუმცა ეს კარგი ამბავია საქართველოს ნატოსადმი სწრაფვის თვალსაზრისით. სხვა პატარა სახელმწიფოები საბოლოოდ მაინც მიიღეს ნატოში. მეორეს მხრივ, ნატოს წევრობაზე უარის თქმას თუ რუსეთთან დაპირისპირების შიში განაპირობებს, მაშინ უახლოესი ათწლეულების განმავლობაში გაწევრიანების შანსი მცირე იქნება.

წევრი თუ არაწევრი, დასავლური წყაროები მოედინება

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყსა და ავღანეთში დაწყებულ ომებზე დახარჯულმა ტრილიონობით აშშ დოლარმა ფაქტობრივად გაანადგურა ქვეყნის ბიუჯეტი. თუმცა საქართველოსთვის, რომელმაც პროპორციულად საკუთარი ჯარების იგივე პორტფოლიო გამოიყენა ამ კონფლიქტებში, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. ასობით ჯარისკაცის მონაწილეობით და საკუთარი პოლიტიკის ნატოსთვის მისადაგებით, საქართველო იღებს უამრავ სარგებელს თავისი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსებისა და საკუთარი შრომის ბაზრისთვისაც კი. არსებული მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას, მჭიდრო პარტნიორობისგან მოიმკას ეკონომიკური სარგებელი, ნატოს აპარატის გაბერილი ბიუროკრატიის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

ალბათ, ამაში რუსეთი ან ვარდების რევოლუციის შემდგომი ხანის საგარეო პოლიტიკა უნდა დავადანაშაულოთ, თუმცა მიზეზების მიუხედავად, დასავლეთი საქართველოს აძლევს უამრავ იარაღსა და ტექნოლოგიას უსასყიდლოდ ან გარიგებულ ფასად. სწორედ ამიტომ უნდა გაიზარდოს თავდაცვაზე დახარჯული თანხების რაოდენობა უკვე არსებულ 3%-ზე მეტად.

უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური სპეკულაციების წყალობით, მომდევნო წლებში ეს რიცხვი შენარჩუნდება ან გაიზრდება კიდეც. ერთი წლის წინ ბარაკ ობამამ გამოაცხადა ევროპის უზრუნველყოფის ინიციატივა (European Reassurance Initiative) – მილიარდდოლარიანი საპრეზიდენტო ფონდი, რომლის ერთადერთი მიზანი არის აშშ-ის მოკავშირეების მატერიალური უზრუნველყოფა ახალი რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ამ პროგრამის საკმაოდ დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც, ალბათ, გეგმის ნაწილია. პროექტი ხომ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სამხედრო ქმედებების პასუხად შექმნეს მისივე ცხვირწინ. მხოლოდ ამ ერთი პროგრამის ფარგლებში, საქართველო 5 მილიონი აშშ დოლარის წვრთნას გაივლის შავ ზღვაზე აშშ-თან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და უკრაინასთან ერთად, 63 მილიონი აშშ დოლარი კი გადანაწილდება საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას შორის, რომლის მიზანია „უნარ-ჩვევების განვითარება“, „კრიტიკული საოპერაციო სიცარიელეების შევსება“ და შავი ზღვის პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა. სია ამით არ მთავრდება. საქართველოს გადაეცა სანაპირო დაცვის განახლებული გემები, ახლახანს ნატოს რეაგირების ძალებთან ერთად ჩატარდა ფართო-მასშტაბიანი წვრთნები სათანადო სახელწოდებით „სულგრძელი პარტნიორი“. წინა კვირას კი ხელი მოეწერა საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვების შესახებ შეთანხმებას.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, სადაც ქართულმა შენაერთებმა ჩაიარეს აღჭურვილობით, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თავიანთი ამერიკელი პარტნიორებისას, ცასა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ვარდების რევოლუციის შემდგომი აღლუმებისგან, რომელზეც ზოგიერთი შენაერთი მკაფიოდ საბჭოურად გამოიყურებოდა. თუმცა შესაძლებლობათა ამ ზრდას ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისთვის, ვიდრე ბევრს ჰგონია, და სარგებელია არა მხოლოდ ფულში, რომელიც ქართულ ეკონომიკაში შემოედინება, არამედ თავად ჯარისკაცების მიერ ადამიანური კაპიტალის შექმნაშიც, რომლებიც შემდეგ ქართულ შრომის ბაზარზე გავლენ. ნატოს მიერ გაწვრთნილი ყოფილი ქართველი სამხედროები სარგებელს მოუტანენ ქართულ ბიზნესებს კრიტიკული აზროვნებითა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევებით.

თუ გატეხილი არ არის, ნუ შეაკეთებ: საქართველო იდეალურ პოზიციაშია

ამასობაში საქართველოს რიტორიკა კვლავ ალიანსის წევრობისკენ არის მიმართული. როგორც Civil.ge აქვეყნებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ივნისის მინისტერიალამდე ნატოს შტაბბინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი სამინისტრო „არ აპირებს მოთხოვნების შერბილებას“. ეს ფრიად უკმეხი ენაა, თუ გავითვალისწინებთ ნატოს ინვესტიციების რაოდენობას საქართველოში. მინისტრ ხიდაშელს არ მოუწევს მისი მოთხოვნების შესრულებაზე ნერვიულობა, რადგან ნატოს წევრობა საქართველოსთვის უახლოს მომავალში მოსალოდნელი არ არის, და აშკარაა, რომ არც 2016 წლის ვარშავის სამიტზე არ იქნება ეს განხილვის თემა.

საჯარო დებატებში, დასავლეთსა და ნატოსთან სამხედრო პარტნიორობიდან მიღებული სარგებელს ხშირად აქარწყლებს შეხედულება, რომ აშშ და ნატო თითსაც არ გაანძრევენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, როგორც ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი უხეშად შემოიჭრა საქართველოში. თუმცაღა არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ამჟამინდელი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში იდეალურია. ის წევრობის გარეშე იღებს მატერიალური თუ ადამიანური ინვესტიციების სარგებელს, ისე, რომ არ უწევს, მონაწილეობა მიიღოს ნატოს რთულ და ძვირადღირებულ მისიებში, რომლებისთვისაც ის უბრალოდ მზად არ არის. მას არც ნატოს გადაწყვეტილების მიღებისთვის ჩვეულ მოუხერხებელ ბიუროკრატიულ პროცესებში გარევა არ უწევს.

და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები იღებენ იმ კერძს, რასაც ამერიკა მოუმზადებს მათ, საქართველოს, მათგან განსხვავებით, საკუთარი ადგილი აქვს ნატოს ბუფეტში, სადაც მას შეუძლია აირჩიოს  პოლიტიკურად ყველაზე გემრიელი კერძი. თუ საქართველოს ექნება ადგილი ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოში, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ხელს შეუშლის ალიანსის შედარებით უწყინარ წევრებს, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, ვეტო არ დაადონ მის ინიციატივას, რომელიც დიდი ალბათობით დაკავშირებული ინქება რუსეთთან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან. სტატუსი „ალიანსის წევრი“ უდაოდ იქნება პოლიტიკური ოქროს მაღარო, მაგრამ მეტისმეტად შემზღუდველი და რთული, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად რთული ალიანსის ყოველდღიურ რეალობას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა