ექვსი ერის ჩემპიონატი არის ყოველწლიური ტურნირი რაგბიში, რომელშიც ევროპული ერების ექსკლუზიური კლუბი მონაწილეობს: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, შოტლანდია და უელსი. ექვსი ერის ჩემპიონატი ითვლება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს „ელიტურ“ რაგბის ტურნირად, რომელსაც შეესაბამება მეორე საერთაშორისო „ელიტური“ ტურნირი, რომელსაც მარტივად რაგბის ჩემპიონატს ეძახიან. რაგბის ჩემპიონატს თამაშობს მეორე დახურული ჯგუფი, რომელშიც შედის არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, ე. წ. სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები.
ეს არის ელიტური რაგბის ლიგა. მაგრამ რომელ ელიტებზეა საუბარი? ამ ჩემპიონატების წევრები მხოლოდ ერთმანეთს ეთამაშებიან და უფრო დაბალი რანგის გუნდებს მხოლოდ ჩემპიონატზე ხვდებიან. შესაძლებელია თუ არა ამ ორი დახურული რაგბის ჩემპიონატიდან გავარდნა? არა. ექვსი ერის ჩემპიონატზე სუსტი თამაშის ერთადერთი შედეგი არის ხის კოვზი, რომელსაც ბოლო ადგილზე გასულ გუნდს გადასცემენ. მართალია, ეს საკმაოდ ლმობიერი შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო საოცარია იმ გუნდის სასჯელი, რომელიც ხუთივე მატჩს აგებს. მას ეძახიან „whitewashed“, რაც სრულებითაც არ ნიშნავს რაიმე უკიდურესად ნეგატიურს.
ეს ფენომენი, როდესაც გარკვეული „ელიტის“ წარმომადგენლებს არ ეხებათ ძლიერი კონკურენცია, ახასიათებს საზოგადოების სხვა სფეროებსაც. პირიქით, ელიტის მთავარი მახასიათებელიც ესაა – თუ მისი წევრი ხდები, ცხოვრება მარტივი ხდება. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
საგანმანათლებლო ელიტები
თუ თქვენ გსურთ, გახდეთ საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის წევრი, აუცილებლად უნდა იყოთ École nationale d'administration-ის (ENA) კურსდამთავრებული. საფრანგეთის პრეზიდენტებმა ფრანსუა ოლანდმა, ჯაკ შირაკმა და ვალერი ჟისქარდ დესტანგმა ხარისხი სწორედ ENA-ში მიიღეს, ისევე, როგორც ექვსმა პრემიერ-მინისტრმა და არაერთმა რიგითმა მინისტრმა. როგორც წესი, საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის თითქმის ნახევარს სწორედ ეს სკოლა აქვს დამთავრებული. თუ ხართ „énarque“ (ENA-ის კურსდამთავრებულთა მეტსახელი), თითქმის შეუძლებელია, რომ ფრანგ საზოგადოებაში ვერ მოახერხოთ ადგილის დამკვიდრება. კონკურენცია? ზეწოლა? არავითარ შემთხვევაში.
შეიძლება იფიქროთ, რომ ENA-ის დიპლომის აღება ძალიან რთულია. სწავლის მაღალი სტანდარტის გამო თითქოს გარიცხულთა რაოდენობა მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ასე სულაც არ არის. როგორც კი ამ კლუბში მოხვდებით, დარჩენა საკმაოდ ადვილია. პიტერ გამბელის აზრით, რომელმაც 2013 წელს დაწერა წიგნი „საფრანგეთის ელიტა – ფრანგული ელიტიზმის სავალალო შედეგები“, ფრანგულ ელიტურ სასწავლებელთა გარიცხულთა რაოდენობა ძალიან მცირეა, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნახევარი სასწავლებელს პირველივე წელს ტოვებს. თუმცა ძალიან რთულია გახდე ENA-ის კურსდამთავრებული, რადგან აპლიკანტთა მხოლოდ 6% აბარებს ამ უნივერსიტეტში.
ასეთი ელიტიზმი სერიოზულ პრობლემებს იწვევს. უნდა გადაეცემოდეს თუ არა საზოგადოების უმაღლესი თანამდებობები ENA-ისა და 2 მსგავსი სკოლის კურსდამთავრებულებს? რამდენად სანდო შეიძლება იყოს ერთი მისაღები გამოცდები, რომელსაც ადამიანები გადიან, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, რამდენად განსაზღვრავს ის ადამიანთა ნიჭსა და უნარ-ჩვევებს ყველა იმ საზომით, რაც საჭიროა საზოგადოებრივი და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებას?
საგანმანათლებლო ფსევდო-ელიტიზმი არ არის მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა. ჰარვარდის, პრინსტონისა და იელის უნივერსიტეტების სტუდენტებსაც უწევთ მისაღები გამოცდების გავლა და ძალიან დიდი სწავლის საფასურია გადახდა, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ არის ბევრი პრობლემა. სწავლის საფასური, სხვათა შორის, არ არის ძალიან მტკივნეული სტუდენტებისთვის, რადგან ბევრი ბანკი სიხარულით აძლევს სესხს „ელიტის“ წევრებს, რომლებიც აუცილებლად გადაიხდიან მას სწავლის დასრულების შემდეგ (ჰარვარდ-პრინსტონ-იელის სტუდენტები არ დგნანან უსამსახუროდ დარჩენის საფრთხის წინაშე).
მენეჯმენტის ელიტები
საერთაშორისო მენეჯმენტის ელიტაც ძალიან კომფორტული კლუბია. თუ თქვენ ხართ დიდი საერთაშორისო კოოპერატივის აღმასრულებელი დირექტორი (CEO), ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება შეგემთხვეთ, არის ექვსი ერის ჩემპიონატის ხის კოვზი. თუ რამეს გააფუჭებთ, შეიძლება დაკარგოთ სამსახური, მაგრამ არ მოგიწევთ თქვენ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება. დიდი შანსია, ახალი ელიტური სამსახური იშოვნოთ, როგორც SAP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეო აპოთეკერმა, რომელიც, მარცხის შემდეგ მალევე გადავიდა HP-ში, სადაც იგივე გაიმეორა. ან სულაც კარლი ფიორინა, რომელიც გახდა საპრეზიდენტო კანდიდა მას შემდეგ, რაც გააკოტრა HP.
მეორეს მხრივ, თუ საქმეები კარგად წავა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კარგ წილს მიიღებთ. და სტანდარტები, რის მიხედვითაც თქვენი მუშაობა ფასდება, არც ისე მაღალია: ტერი სემელი Yahoo!-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2001-2007 წლებში და დიდი შეცდომები დაუშვა, როდესაც უარი თქვა 3 მილიარდ აშშ დოლარად Google-ის ყიდვაზე, რადგან ჯეროვნად ვერ შეაფასა კომპანიის პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ Yahoo! თავის მეტოქეებთან (მაგ.Google) შედარებით ნელა იზრდება და ხელიდან კარგი შესაძლებლობები გაუშვა (მაგ. სოციალური ქსელები), მან კომპანიაში ექვსწლიანი მუშაობისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი მიიღო კომპენსაციის სახით.
აშშ-ში საშუალო აღმასრულებელი დირექტორის შემოსავალი 373-ჯერ აღემატება მისივე კომპანიის რიგითი თანამშრომლის ხელფასს. თუ ტოპ-მენეჯერი უშვებს შეცდომას, რაც იძლევა კომპენსაციის მიღების საშუალებას, კომპანია გადახდის ნაცვლად იყენებს დაზღვევას, რომელიც ფარავს მენეჯმენტის შეცდომებს. თუ აღმასრულებელ დირექტორს გაათავისუფლებენ, იქამდე მიღებული ხელფასი აძლევს ლაღად ცხოვრების საშუალებას.
მძიმე შედეგები
გასულ კვირას, საქართველოს რაგბის ნაკრებმა წააგო ახალ ზელანდიასთან, მაგრამ ეს არ იყო ცალსახა შედეგი. შიში, რომ ახალი ზელანდია გაანადგურებდა საქართველოს, მხოლოდ პირველი ხუთი წუთი გაგრძელდა, სანამ წიკლაურმა ლელო არ დადო. „ამ ტურნირში დავინახეთ, რომ მარტივი თამაშები სულაც აღარ არის მარტივი,“ – აღიარა ახალი ზელანდიის კაპიტანმა რიჩი მაკკოუმ საქართველოსთან თამაშის შემდეგ. თუმცა, როგორც ელიტის წევრს, ახალ ზელანდიას სულაც არ მოუწევს „მეორე დონის“ საქართველოსთან ხშირად თამაში. ამით რაგბი, როგორც სპორტი, ზარალდება: ხალხს აღარ დააინტერესებს ექვსი ერის ჩემპიონატი, თუ რაგბის დონე ჩამორჩება სხვა სპორტების დონეს. მსგავსი სტრუქტურით რაგბის ძალიან გაუჭირდება, გახდეს ისეთივე პოპულარული, როგორც ფეხბურთი.
ფრანგული საგანმანათლებლო ელიტიზმის ნაკლოვანებები კიდევ უფრო შორს მიდის, რადგან ის გავლენას ახდენს მთელი ქვეყნის წარმატებაზე. უკვე მრავალი წელია, საფრანგეთის ეკონომიკა ეცემა, მაგრამ énarque ფრანსუა ოლანდი ფრიად უმწეო და არაკომპეტენტური ჩანს სტრატეგიული გამოწვევების წინაშე. როგორც ჩანს, მისაღები გამოცდების ჩაბარება საბოლოოდ სულაც არ არის საკმარისი სიბრძნის მისაღებად. საფრანგეთს ურჩევნია, მნიშვნელოვანი თანამდებობი ჩააბაროს არა წინასწარ შერჩეულ ელიტებს, არამედ ადამიანებს, რომელთაც დაამტკიცეს საკუთარი პოტენციალი, მიმდინარე დაბრკოლებებთან ბრძოლისას.
უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანები, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი მისაღებ გამოცდებს, სულაც არ არიან საუკეთესო გადაწყვეტილებების მიმღებები. დელოიტი, რომელსაც დიდი კონკურენციის ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა, მთავრობისგან განსხვავებით არ აქვთ სუსტი კადრების ყოლის ფუფუნება. ამიტომ ცდილობენ, არ იყვნენ მიკერძოებულნი ზოგიერთი აპლიკანტის ელიტური ბრწყინვალების წინაშე. ისინი თანამშრომლების შერჩევისას, მიღებული რეზიუმეებიდან იღებენ ინფორმაციას სასწავლებლის შესახებ.
კონკურენციის მიღმა არსებული ელიტების მსგავსად, საეჭვოა, რამდენად კარგია ფრანგული ელიტური სკოლები. მსოფლიო უნივერსიტეტების 2015 წლის გავლენიან რეიტინგებში, რომელიც ძირითადად ეფუძნება კვლევით მუშაობას, ENA საერთოდ არ შედის. დანარჩენი ორი ცნობილი ფრანგული ელიტური სკოლიდან École normale supérieure (ცნობილი “Ulm” სახელით, რადგან მდებარეობს Rue d'Ulm-ში) 72 ადგილს, ხოლო Ecole polytechnique (“X”) 301 ადგილს იკავებს. საფრანგეთში არის არაელიტური 2 სკოლა, რომელიც Ulm-ზე უკეთეს ადგილს იკავებს და 15 სხვა, რომელიც წინ უსწრებს X-ს.
ასევეა ბიზნეს-ელიტებშიც. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი დირექტორები ხშირად ითხოვენ თანამშრომლებისგან, დათანხმდნენ ხელფასისა და დანამატების შემცირებას, თავად დაცულნი არიან სხვადასხვა უსაფრთხოების ქსელებით. თუ დიდი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდი, შენს ბედს ძაღლი აღარ დაჰყეფს. 2008 წელს ფინანსურ სექტორში დაწყებულმა კრიზისმა დიდი გავლენა მოახდინა კომპანიების რიგით თანამშრომლებზე მთელ მსოფლიოში, თუმცა თავად კრიზისის შემოქმედთ პასუხი არ უგიათ არაფერზე. რიჩარდ ფულდი, ლეჰმან ბრაზერსის ბოლო აღმასრულებელი დირექტორი ჯერ კიდევ მულტიმილიონერია, ისევე, როგორც ჯეიმს ქეინი, რომელიც იყო ბეარ სტერნის აღმასრულებელი დირექტორი, როდესაც იგი გაკოტრდა. ცხადია, მსგავსი ელიტების წევრებს არ აქვთ არავითარი მოტივაცია, უკეთ იმუშაონ და არც მუშაობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ელიტის“ ცნება გადაიხედოს. კარგი ელიტა, რომელიც თავისუფალია კონკურენციისგან და პასუხს არ აგებს საკუთარი ქმედებების შედეგებზე, ბევრ პრობლემას უქმნის მსოფლიოს. ელიტები უნდა იქმნებოდეს დაუღალავი და მუდმივი შრომის მიხედვით.