შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როგორ აღვზარდოთ კრეატიული თაობა?
კვირა, 06 დეკემბერი, 2015
ტვინის განვითარება ბავშვებში

ყოველი ადამიანი იბადება მილიარდობით ნეირონითა და ნერვული უჯრედებით, რომლებიც ქმნიან ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის ქსელებს. ნეირონების ქსელების სტრუქტურა წარმოადგენს სწავლის, მეხსიერებისა და სხვა შემეცნებითი უნარ-ჩვევების საფუძველს.

დაბადებისას ბავშვის ტვინი ჩამოუყალიბებელია, სადაც ნეირონებს შორის კავშირებს მინიმალურად განსაზღვრავს გენები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალშობილის ტვინი უმეტესწილად შეიცავს იზოლირებულ ან დაუკავშირებელ ნეირონებს. დაბადების შემდეგ, ტვინი განიცდის წარმოუდგენელ ცვლილებებს და იწყებს ქსელების შექმნას, რომელიც ამ იზოლირებულ ნეირონებს ერთმანეთთან აკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბადებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ტვინი ქმნის ნეირონების ორჯერ მეტ კავშირებს, ვიდრე მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში. განვითარების შემდგომ ეტაპზე ამ ნეირონების კავშირები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენება გარე სტიმულების პასუხად, ძლიერდება, მაშინ, როდესაც ნაკლებად გამოყენებული კავშირები სუსტდება.

5-7 წლის ასაკში ტვინი იწყებს „სპეციალიზაციას“, რომელიც უკავშირდება სუსტი ან იშვიათად გამოყენებული კავშირების მოშლას. ტვინის განვითარებაში ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია. ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ნეირომეცნიერი და მწერალი, დევიდ იგლმენი ამტკიცებს, რომ „თქვენ ხართ ის, ვინც ხართ არა იმიტომ, რა იზრდება თქვენს ტვინში, არამედ იმიტომ, თუ რა იდევნება იქიდან“.

გამოდის, რომ ბავშვის სოციალური გარემო და გამოცდილება ქმნის მისი ტვინის ფორმასა და არქიტექტურას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინი არსდროს არ წყვეტს შეცვლასა და განვითარებას, ადრეულ ბავშვობაში შექმნილი საფუძველი განსაზღვრავს ჩვენს მომავალ განვითარებასა და შემეცნების უნარს.

ადრეული მუსიკალური და ენობრივი განათლების დადებითი მხარეები

აღსანიშნავია, რომ ტვინის სტიმულაციისთვის მხოლოდ ლოგიკა და მათემატიკა არ არის საკმარისი. კერძოდ, მნიშვნელოვანმა კვლევებმა დაადასტურა მუსიკის გავლენა ტვინის განვითარების დაჩქარებაზე.

ანიტა კოლინზის (მკვლევარი ნეირომეცნერი და მუსიკალური განათლების ენთუზიაზისტი) აზრით, დაბადებიდან 7 წლამდე მუსიკალური განათლების მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის მეხსიერებასა და სხვა შემეცნებით ფუნქციებს, რაც აისახება რთული პრობლემების გადჭრის უნარის გაუმჯობესებაში, ემოციების მართვასა და უფრო მეტ კრეატიულობაში. „მუსიკის მოსმენისას თქვენი ტვინის უამრავი ნაწილი აქტიურდება, – ამტკიცებს ანიტა ტედიქსის გამოსვლაში – მაგრამ, თუ თავად უკრავთ რომელიმე საკრავზე, თქვენი ტვინი სრულად ვარჯიშობს“.

გუგლში „წინასასკოლო მუსიკალური განათლების“ ჩაწერისას უამრავ მასალას წააწყდებით. მაგალითად: www.songsforteaching.com, www.musikgarten.org/teacher_preschoolers.cfm, ან https://www.kindermusik.com. მართლაც, ემოციურ და შემეცნებით განვითარებაზე დადებითი გავლენის გათვალისწინებით, მუსიკალური განათლება სულ უფრო ხშირად არის წარმოდგენილი ბაღებსა და სკოლებში.

საქართველოს მდიდარი მუსიკალური ტრადიციების მიუხედავად, არც ერთ ქართულ ბაღსა თუ სკოლას არ აქვს ინსტრუმენტული მუსიკის გაკვეთილი კურიკულუმში (იშვიათი გამონაკლისია ძალიან ძვირადღირებული Quality Schools International-Georgia, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე მდიდარ ქართულ ოჯახს დაჰყავს ბავშვები). სულაც არ არის გასაკვირი, რომ პედაგოგიური სასწავლებლები აქცენტს აკეთებენ გარკვეული სასწავლო დონის მიღწევაზე ენებსა და მათემატიკაში, რომელთა შეფასება შეიძლება საერთაშორისო სტუდენტთა შეფასების პროგრამის (Programme for International Student Assessment – PISA) მსგავსი სტანდარტიზებული ტესტებით. რა ეხმარება სტუდენტებს სწავლაში, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ნეირომეცნიერების კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენის თანახმად, ბავშვები იყენებენ მუსიკის აღქმის ქსელებს დედის ენის გასაგებად. მათ დედის ხმა მუსიკასავით ჩაესმით. სწორედ ამიტომ უმარტივდებათ ბავშვებს ახალი ენების ათვისება ადრეულ ასაკში.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტვინისა და სწავლის მეცნიერებათა ინსტიტუტის თანადირექტორის, პატრიცია კულის აზრით, ახალი ენების ათვისების უნარი 7 წლის შემდეგ გამუდმებით ქვეითდება. ლასლო პოლგარისა და მისი სამი ქალიშვილის შემთხვევამ აჩვენა (იხ. სიზარმაცის დევთა შორის უდევესის  დამარცხება), რომ საოცარი შედეგები მიღწევა ადრეულ ასაკში შესაძლებელია. სუზან, სოფია და იუდიტ პოლგარები გახდნენ ჭადრაკის მსოფლიოში წამყვანი მოთამაშეები საოცარი შემეცნებითი უნარის (მეხსიერება და ინტელექტის კოეფიციენტი) წყალობით, რაც მათ გამოიმუშავეს ადრეულ ასაკში მუსიკის, მათემატიკისა და ენების სწავლით.

ოჯახისა და საზოგადოების როლი

ეჭვი არ არსებობს, რომ მზრუნველი მშობლები მთავარ როლს თამაშობენ ბავშვის განვითარებასა და მის  მომავალ ბედნიერებაში. და ეს გულისხმობს არა იმდენად მუსიკის, მათემატიკისა თუ ჭადრაკის დაუსრულებელ გაკვეთილებს, რამდენადაც დაუსრულებელ სიყვარულს.

თბილი მშობლიური ჩახუტება და უსაფრთხოების შეგრძნება, რაც მას თან ახლავს, უაღრესად საჭიროა, რომ ბავშვმა შეძლოს სასურველი ფსიქოლოგიური, სოციალური და მენტალური განვითარება. ბავშვი ემსგავსება მშობლებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მემკვიდრეობით იღებს მათ გენებს, არამედ იმიტომაც, რომ მისი ტვინი ბაძავს მათ ქცევებს.

1990-იან წლებში, პარმის უნივერსიტეტში, ჯაკომო რიზოლატიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ტვინის მიბაძვის (არეკვლის) ფუქნცია. მათ აღმოაჩინეს ნეირონების ახალი ჯგუფი, ე.წ. სარკული ნეირონები, რომლებიც აქტიურდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ იწყებთ მოქმედებას, არამედ მაშინაც, როდესაც აკვირდებით სხვათა მოქმედებას.

სხვადასხვა ნეირონები პასუხისმგებელი არიან შეხებაზე, ყნოსვასა და მოქმედებაზე. შეხების გრძნობაზე პასუხისმგებელი ნეირონები აქტიურდება, თუ ვინმე გეხებათ. ამ ნეირონების ქვეჯგუფი აქტიურდება, როდესაც თქვენ უყურებთ, როგორ ეხება ერთი ადამიანი მეორეს. ტვინი მხოლოდ იმიტომ არ იბნევა, რომ ჩვენ კანქვეშ განლაგებული რეცეპტორები ატყობინებენ მას, როდის გვეხებიან სინამდვილეში ჩვენ. როგორც ვილაიანურ რამაჩანდრანი (სან დიეგოს უნივერსიტეტის შემეცნების სპეციალისტი) აყალიბებს, კანის გარეშე ჩვენი ტვინი ვერ მიხვდება, ჩვენ გვეხებიან თუ სხვას.

რამაჩანდრანის აზრით, ამ აღმოჩენას ძალიან საინტერესო შედეგები აქვს: (1) ეს ადასტურებს, რომ ბავშვის სოციალური გარემო ასრულებს ნიადაგის როლს, რომელშიც ტვინის არქიტექტურა ყალიბდება. (2) ტვინის სარკის ფუნქცია პასუხისმგებელია ჩვენს უნარზე, ინსტიქტურად თანავუგრძნოთ სხვას. (3) ჩვენს ტვინში სარკული ნეირონების არსებობა უფრო მეტად ადასტურებს ადამიანურ ურთიერთკავშირებს, ვიდრე საკუთარ თავზე ორიენტირებული რომელიმე აღმოსავლური ფილოსოფია.

სკოლამდელი განათლების პოლიტიკური ეკონომიკა

ნეირომეცნიერება ერთსულოვანია, რომ ბავშვის ადრეული ასაკი არის შესაძლებლობათა წყარო შემეცნებისა და განვითარების მყარი საფუძველის მშენებლობისთვის. თუმცა საზოგადოება ხშირად არ დებს საკმარის ინვესტიციას ადრეულ განათლების სისტემებში, რადგან მსგავსი ინვესტიცია ძალიან გვინა იძლევა შედეგს. ტიპობრივი დემოკრატიული მთავრობის დაგეგმარების ჰორიზონტი 3-4 წელია (მომავალ არჩევნებამდე), მაშინ, როდესააც ადრეული განათლების სისტემის დივიდენდებს მხოლოდ 20-25 წელიწადში მივიღებთ. ვის აქვს საამისო მოთმინება?

ჩარლზ დარვინმა ერთხელ თქვა, რომ „თუ ღარიბების მდგომარეობას იწვევს არა ბუნების კანონები, არამედ ჩვენი ინსტიტუციები, მაშინ დიდი ცოდვა გვაწევს“. ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკის მარცხი, საჭირო ინვესტიციები ჩადოს ადრეული განათლების დაწესებულებებსა და სკოლებში, მართლაც რომ დიდი ცოდვაა.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როდესაც საქართველოში პირველი სკოლები შენდებოდა, ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ „ახლა ვიბრძვით ცოდნით და არა ხმლით“. დღეს კი ჩვენი ამოცანაა, გავცდეთ ელემენტარული წერა-კითხვის დონეს, რაც ილია ჭავჭავაძის უმთავრესი მიზანი იყო და მივცეთ ჩვენს შვილებს საშუალება, ისწავლონ და იყვნენ ნოვატორები. სწორედ ეს უნდა იყოს XXI საუკუნის განათლების მიზანი.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა