შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ექსპორტზე გატანილი ქართული კრიმინალი
კვირა, 31 იანვარი, 2016

გერმანიაში ქართული კრიმინალი მძვინვარებს. გასული წლის 28 თებერვალს Augsburger Allgemeine-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პოლიციამ დააკავა ქართველი ქურდების ბანდა“. 22 მაისს ბავარიის პოლიციამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი სათაურით „დნმ-ის ტესტმა დაადგინა ქართველი ქურდების ბრალეულობა“. 13 აგვისტოს Bietigheimer Zeitung-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველი ქურდები გისოსებს მიღმა“, რომელშიც ნახსენებია, რომ 2010 წლიდან „ქართველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი ძარცვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“. 9 ივნისს Südwest Rundfunk-მა გააშუქა ანგარიში, რომლის თანახმადაც „ქართველი დანაშაულებრივი ჯგუფები სისტემატურად იყენებენ პოლიტიკურ თავშესაფარს“. 15 სექტემბერს Stuttgarter Nachrichten-ში გამოჩნდა სათაური „ქართველ კრიმინალებს მაღალი სასჯელი შეუფარდეს“. 13 ნოემბერს პოლიტიკურ ჟურნალში Focus-ში გამოქვეყნდა სტატია „ქართულმა მაფიოზურმა კლანებმა ქურდების ჯგუფი ლტოლვილების სტატუსით შემოიყვანა გერმანიაში“. 2 დეკემბერს Winnender Zeitung-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ ქართული ბანდები ირჩევენ „ძარცვას“. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სტატიებისა, რომელსაც ნახავთ, თუ გუგლის საძიებო ველში ჩაწერთ „ქართულ ბანდებს“, „ქართულ მაფიას“. გასულ წელს ადგილობრივ თუ რეგიონულ პრესაში უამრავი სტატია იწერებოდა ქართული კრიმინალის შესახებ გერმანიაში.

გერმანიის ფედერალური პოლიციის შიდა, 34-გვერდიანი ანგარიშის – „საქართველო და ქურდობა“ – თანახმად, რომელიც 2014 წლის ბოლოს დაიწერა და ხშირად გამოიყენებოდა გერმანულ მედიაში, ქართული ორგანიზებული კრიმინალის მიერ გერმანიისთვის მაღაზიების ქურდობით მიყენებული ზარალი 250 მილიონ ევროს შეადგენს წელიწადში. ანგარიში ამტკიცებს, რომ ამ საქმიანობის „მოთავენი“ სწორედ საქართველოში არიან, რომლებიც თავიანთ ჯარისკაცებს გზავნიან გერმანიაში, რომელთაც თან აქვთ 5000 ევრო და ინსტრუქცია, როგორ მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში. ანგარიში, ასევე, ამტკიცებს, რომ ქართველი ქურდი გერმანიაში 500 ევროს ნადავლს იღებს დღეში.

ქართული კრიმინალის ფენომენი საზღვარგარეთ არახალია. უკვე 2010 წელს ესპანელი პოლიციელების მიერ ჩატარებული ოპერაციის (კოდური სახელწოდებით „ჯავა“) დროს ევროპის 6 ქვეყნის (გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ესპანეთის)  სამართალდამცავებმა დაარბიეს ევროპაში მოქმედი ქართული მაფია. დააპატიმრეს 109 ეჭვმიტანილი (48 ავსტრიაში, 24 ესპანეთში, 22 გერმანიაში, 11 შვეიცარიაში და 4 იტალიაში), თუმცა მაფიოზური კლანის სავარაუდო მეთაურმა, ლაშა შუშანაშვილმა მოახერხა გაქცევა.

შესაძლო პოლიტიკური შედეგები

საქვეყნოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართველების სახელი უკავშირდება კლანურ დანაშაულს, კერძოდ კი, ქურდობას, საფრთხეს წარმოადგენს ჯერ კიდევ 2007 წლიდან (როდესაც ბულგარეთი და რუმინეთი გახდნენ ევროკავშირის წევრები). 2014 წელს 152,000 მეტი ქურდობის შემთხვევა დააფიქსირა პოლიციამ, მაშინ, როდესაც 2007 წელს ეს რიცხვი 109,000-ს არ აღემატებოდა. ქურდობის მაჩვენებელი გაიზარდა 40%-ით. პოლიციის მიერ გამოძიებული და გახსნილი ქურდობის შემთხვევების რაოდენობა, როგორც ყოველთვის, ძალიან დაბალია. 2014 წელს მხოლოდ 16%-ის შემთხვევაში დადგინდა მძარცველის ვინაობა. გერმანულმა პოლიციამ, რომელიც, როგორც წესი, ყოვლად უძლურია მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, გასული წლიდან დაიწყო საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა, თუ როგორ დაიცვან საკუთარი ქონება მძარცველებისგან. მთავრობა განიხილავდა უსაფრთხოების სისტემების გამოყენების გადასახადებისგან გათავისუფლებას. თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, მსგავსი ზომები მოასწავებს პოლიციისა და მთავრობის გადადგომას, რომელიც, როგორც ჩანს, ნებდება აშკარად უმართავი კრიმინალის პრობლემას. ქურდობის შემთხვევების მატებამ გავლენა მოახდინა ევროკავშირის გაფართოების იდეის პოპულარობის დაცემაზე. სწორედ ევროკავშირს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ ევროპის დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის საზღვრების მოშლასა და ცუდი ზრახვების მქონე ადამიანებისთვის ევროპაში იმიგრაციის პროცესის გამარტივებაში.

ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, რადგან ადამიანთა მცირე ჯგუფი სახელს უტეხს წესიერი და კანონმორჩილი ქართველების 99%-ს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური შედეგები, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. მილიონობით ლტოლვილის შემოდინებასთან ერთად ევროპაში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან მემარჯვენე პარტიები, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც Front National-მა რეგიონული საბჭოების არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. ასეთ პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც იმიგრაციის საკითხების აგიტაცია და პოლარიზაცია მძვინვარებს, ეროვნული პარლამენტები აპირებენ სავიზო შეზღუდვების მოხსნას საქართველოსა და უკრაინისთვის. მემარჯვენე პარტიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდებათ, გააღვივებენ დისკუსიას სავიზო ლიბერალიზაციაზე (რომელიც ძლივს დაიწყო), ზომიერი პარტიებისთვის ძალიან მარტივი იქნება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება. ამისთვის მისი ფორმალურად გაუქმებაც კი არ არის საჭირო. საკმარისი იქნება ახალი სავიზო რეჟიმის რატიფიკაციის გადადება.

რა შეიძლება გაკეთდეს?

სააკაშვილის მთავრობისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანები ამტკიცებენ, რომ მან ყველა დამნაშავე ციხეში გამოკეტა (და, როგორც სააკაშვილის ბევრი მხარდამჭერი აღიარებს, ბევრი უდანაშაულოც). ამ გზით მან ხელი შეუშალა ამ ადამიანების დანაშაულებრივ საქმიანობას უცხოეთში. მაგრამ ქართული ოცნების მთავრობამ გულუხვად გასცა ამნისტია, რომლის ბენეფიციარებმაც შეიძლება საკუთარი კრიმინალური საქმიანობის არა საქართველოში, არამედ ევროპაში გადაწყვიტეს, სადაც ციხის პირობები არც ისეთი მკაცრია. ეს შეხედულება არ შეესაბამება იმ დასკვნას, რომ ქართული კრიმინალის ტალღა გერმანიაში ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ბევრად ადრე, ვიდრე ქართული ოცნების მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში და გამოაცხადებდა საყოველთაო ამნისტიას.

ალტერნატიული ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილის მკაცრი პოლიტიკის გამო დამნაშავეები ვერ ხედავდნენ საქართველოში საკუთარი „კარიერის“ მომავალს და ამიტომ გადაწყვიტეს საზღვარგარეთ წასვლა. გამოდის, ამნისტია არაფერ შუაშია.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მკაცრად ექცევა თუ ლმობიერად საქართველო თავის თავის კრიმინალებს. თუ გერმანიაში მართლაც შეიძლება დღეში 500 ევროს შოვნა, მაშინ გერმანიაში „მუშაობა“ ბევრად მომგებიანია.

ცხადია, არ ვიცით, რომელი ახსნა უფრო მართებულია, ამიტომ ამნისტიის პოლიტიკის გადახედვა ან სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრება მცდარი იქნებოდა. ამის ნაცვლად, ბევრი დასავლური ქვეყნის მსგავსად, რომლებიც მუსლიმ ექსტრემისტებს უკრძალავენ სირიაში წასვლას, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთ წასვლის უფლება. ევროპისგან განსხვავებით, საქართველო ჯერ კიდევ აკონტროლებს თავის საზღვრებს, და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში არალეგალურად შესვლა ჯერ კიდევ ძალიან ადვილია (საკმარისია შეუერთდეთ ლტოლვილების ნაკადს), საქართველოს შეუძლია ხელი შეუშალოს პრობლემურ ადამიანებს ქვეყნის დატოვებაში. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ასეთი ადამიანებისთვის დროებით პასპორტის ჩამორთმევა, თუნდაც 5 წლით.

მეორე გამოსავალი შეიძლება იყოს ევროპაში გასამართლებული ქართველი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოხდა არა ევროპის, არამედ ქართულ ციხეებში. საჭირო იქნება ამ საკითხის შეთანხმება ევროპულ მთავრობებთან, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან ეს ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, გარდა დამნაშავისა. ევროპული ციხეები სრულ კომფორტს სთავაზობს იქ მისულებს, რასაც ქართულ ციხეებზე ვერ ვიტყვით. შეიძლება ზოგიერთი სასამართლო პროცესი საქართველოში ჩატარდეს, ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროპული სტანდარტით ძალიან მკაცრია. ეს აიძულებდა ადამიანებს, ხელი აეღოთ საზღვარგარეთ დანაშაულის ჩადენაზე, სადაც ნადავლი მაღალია, საზღაური – დაბალი.

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ამ საკითხს პროაქტიულად უნდა მიუდგეს, რათა არ დაუშვას, რომ სავიზო ლიბერალიზაცია ბოლო წამს გაუქმდეს. ეს დიდი იმედგაცრუება იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებმაც მომავალი სავიზო ლიბერალიზაცია მშვიდობის ხიდისა და სახელმწიფო შენობების ევროკავშირის დროშის ფერებით განათებით აღნიშნეს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა