საქართველომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი სულ ახლახან აღნიშნა, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა რევოლუციების მორევიდან. ეს ლამაზი ქვეყანა ჰგავს კონტრასტული არომატებით სავსე შოკოლადის ყუთს, რომელიც არასდროს არ კარგავს ჩვენი გაოცებისა და მოხიბვლის უნარს ისტორიის არც ერთ ეტაპზე.
დაუჯერებელია, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს უპრეცენდენტო რეფორმებს ბევრი ქვეყანა იმეორებს, მათი შემოქმედი ბევრი ქართველი რეფორმატორი და რევოლუციონერი იძებნება საკუთა სამშობლოში ძალის გადამეტების ბრალდებით. ქართული კანონმდებლობა და ინსტიტუციები გამუდმებით იცვლება: ნაჩქარევად და ხელაღებით შემოღებული ბევრი რეგულაცია მალევე იცვლება ან უქმდება; ახლო წარსულში გაუქმებული საჯარო უწყებები სრულიად ახალი სახელებით გვევლინება.
მთავარი პრობლემა არის სტრატეგიული მიმართულება. ევროკავშირთან ე. წ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელისმოწერით ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, გაიგონ და გაუმკლავდნენ იმ „ღრმა“ და „ყოვლისმომცველ“ გავლენას, რასაც ეს ხელშეკრულება შიდა მწარმოებლებსა და მომხმარებლებზე მოახდენს. მეტიც, მართალია, საქართველო მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას, მაგრამ უჭირს გარკვეული ევროპული ღირებულებების დანერგვა და ებღაუჭება საუკუნოვან ტრადიციებს, მაგალითად, ნეპოტიზმსა და ჰომოფობიას. პრობლემაა ისიც, რომ გვეშინია, „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“ სწრაფვისას არ დავკარგოთ რუსეთისა და ევრაზიის უდიდესი ბაზარი.
* * *
საქართველოს თანამედროვე რევოლუციები დაიწყო 1989 9 აპრილს, როდესაც დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია საბჭოთა არმიამ. ამას მოჰყვა სრული ქაოსი: სამოქალაქო კონფლიქტი და ეთნიკური წმენდა, მაფიოზური ომები, დანაშაული, კორუფცია და საჯარო ინფრასტრუქტურისა და სერვისების მოშლა. საქართველო, ერთ დროს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმდიდრესი და პრივილეგირებული რესპუბლიკა, ერთგვარი საბჭოთა რივიერა, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გადაეშვა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მორევში. ეკონომიკური ტერმინებით რომ ვთქვათ, საქართველო ჩამორჩებოდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმეტესობას (გარდა, ალბათ, ომით გაჩანაგებული და ქრონიკულად ღარიბი ტაჯიკეთისა). მეტიც, უწინდელი უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველოს „გარდამავალი რეცესიის“ სიღრმე ნიშნავდა მანამდე არნახული სიმდიდრის, შემოსავლების, ჯანდაცვისა და ცხოვრების ხარისხის დაკარგვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის.
ქართველმა ხალხმა ეს კრიზისი საკუთარ ტყავზე გამოსცადა: მასობრივი ემიგრაცია (ძირითადად რუსეთში, თუმცა არამხოლოდ) და ქვეყნის ტერიტორიების გამოყოფა, რაც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მომავალს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველომ დაკარგა კონტროლი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე. 2004 წლამდე მას შეზღუდული კონტროლი ჰქონდა აჭარაზეც. მართალია, ქართული კრიმინალიზებული ეკონომიკის არაფორმალური ბუნების გამო, ადრეული დამოუკიდებლობის პერიოდზე ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ ცნობილია, რომ საქართველოს მშპ, 1989 წლის მონაცემების ერთ მესამედამდე და უფრო მეტადაც შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund – IMF) მემორანდუმის თანახმად, „დამოუკიდებლობიდან სამ წელიწადში ქვეყნის მთლიანი წარმოება მკვეთრად დაეცა. მხოლოდ 1994 წელს კლებამ 35% შეადგინა“.
სტაბილურობის პირველი ნიშნები გაჩნდა 1993 წლის ბოლოს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა მთელ რიგ შეთანხმებებს, რომლებმაც გაამყარეს საქართველოს კავშირი დასავლეთთან. ამ დროისთვის საქართველო უკვე განიხილებოდა როგორც პოტენციური სატრანსპორტო დერეფანი კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის რესურსებისთვის რუსეთისა და ირანისთვის გზის ავლით. შედეგად, საქართველოს ძალიან თბილად შეხვდა კლინტონის იმ დროისთვის ახალი ადმინისტრაცია, რამაც გზა გაუხსნა 1995 წლის ივლისში ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერას, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ნავთობისა და გაზის მილსადენის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პარალელურად საქართველომ დაიწყო აშშ-ის მთავრობის დახმარებების მიღება. ამას ემატებოდა მსოფლიო ბანკისა და IMF-ის ფინანსური მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავდა ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული ცვლილებების ხელშეწყობას. შიდა სტაბილურობას დიდად უწყობდა ხელს ორგანიზებული დანაშაულის წარმატებით შეზღუდვა, მას შემდეგ, რაც 1995 წლის აგვისტოში შევარდნაძის მკვლელობის მეორე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა და ნოემბერში იგი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართველოს ეტაპობრივი ეკონომიკური გამოცოცხლება გაგრძელდა 1995-2003 წლებში. რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე შთამბეჭდავი სისწრაფით იზრდებოდა: 1996 წელს 14.0%-ით, 1997 წელს კი – 12.6%-ით გაიზარდა (იხ. მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორები). საქართველოზე იმოქმედა რუსეთის 1998 წლის ფინანსურმა კრიზისმა, როგორც აჩვენა Lackluster-ის 1998-2000 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა. თუმცა ეკონომიკური ზრდა კვლავ გაგრძელდა 2001-2003 წლებში. რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე სტაბილურად იზრდებოდა. მაგალითად, შევარდნაძის მმართველობის ბოლო, 2003 წელს 12.5%-ით გაიზარდა.
მართალია, ზრდის ეს მაჩვენებლები შევარდნაძის ადმინისტრაციის მიერ ადრეულ ეტაპზე ეკონომიკური კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით გატარებული ზომების შედეგია, მაგრამ ისინი ამბის მხოლოდ ნაწილს მოგვითხრობს. ომის დასრულების მიუხედავად, საქართველო უფუნქციო, წარუმატებელ სახელმწიფოდ რჩებოდა. 2002 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში ის 85-ე ადგილზე იყო 102 ქვეყანას შორის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის იმავე წელს ჩატარებულმა ბიზნეს-გარემოსა და საწარმოების მუშაობის კვლევამ აჩვენა, რომ, „მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ბიზნეს-გარემო გარკვეული თვალსაზრისით უმჯობესდებოდა, ქრთამის ინდიკატორები უარესდებოდა. კომპანიებისთვის კორუფცია საქართველოში იყო უდიდესი დაბრკოლება დსთ-ის სხვა ქვეყნებთან შედარებით“. IMF ბიზნესის დამაბრკოლებელ ფაქტორებად ასახელებს „პოლიტიკურ დანაწევრებას, კლანური და ოჯახური კავშირების ტრადიციას, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის სისუსტეს, სოციალურად მიღებულ გადაუხდელობის კულტურას“.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ შევარდნაძის დროს დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ სიკეთე ვერ მოუტანა ღარიბებს. 2003 წელს საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, კორექტირებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, 3,470 აშშ დოლარი იყო. დსთ-ის სხვა არასანავთობო ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ყირგიზეთზე (1,840 აშშ დოლარი), უზბეკეთსა (2,230 აშშ დოლარი) და მოლდავეთზე (2,690 აშშ დოლარი) უკეთესი, მაგრამ მეზობელ სომხეთზე (3,630 აშშ დოლარი), უკრაინასა (5,160 აშშ დოლარი) და ბელორუსეთზე (7,380 აშშ დოლარი) ცუდი შედეგი ჰქონდა.
მეტიც, 2003 წელს, „მედიანური“ ქართველი „საშუალო“ ქართველთან შედარებით, იმაზე ბევრად ღარიბი იყო, ვიდრე ამას ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებელი ასახავდა. ნებისმიერი საშუალო ინდიკატორის მსგავსად, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ნიღბავს უთანასწორობას შემოსავლის განაწილებაში. 2003 წელს, ყოფილ საბჭოთა მოძმეებთან შედარებით, საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო (გამონაკლისია მხოლოდ რუსეთი). ე.წ. GINI-ის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოს შემოსავლების განაწილების უთანასწორობის მაჩვენებელი ამ წელს 3.95 იყო, რაც ბევრად მაღალია დსთ-ის სხვა ქვეყნების მაჩვენებელზე, სადაც GINI-ის მაჩვენებელი მერყეობდა 35.5-სა (ყაზახეთი) და 28.7-ს (უკრაინა) შორის.
ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი გამომწყვდეული იყო თვითკმარ სოფლის მეურნეობაში, მეორე ნახევარი – ჩრდილოვან ეკონომიკაში, შევარდნაძის მთავრობა კი ძლივს ახერხებდა საკუთარი საოპერაციო ხარჯების დაფარვას, რომ აღარაფერი ვთქვათ მზარდი სიღარიბისა და უთანასწორობის პრობლემებისთვის ეფექტური პოლიტიკის დაპირისპირებაზე. 2003 წელს საქართველოს სიღარიბის შეფასებისას IMF-მა აღნიშნა, რომ „ფართოდ გავრცელებული სიღარიბე გამოიწვია შემოსავლების მკვეთრმა ვარდნამ... და სოციალური სერვისების მოშლამ... მთავრობამ ვერ უზრუნველყო შემოსავლების განაწილების ეფექტური მექანიზმი და ვერ მოახერხა ადეკვატური სოციალური უსაფრთხოების ქსელების შექმნა. ამას დიდწილად განაპირობებს გადასახადების აკრეფის დაბალი მაჩვენებელი, რამაც გამოიწვია რეგრესული ხელფასების, პენსიებისა და სოციალური დაზღვევის დავალიანების დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების ბოლოს ჯანდაცვასა და განათლებაზე საჯარო დანახარჯები იზრდებოდა, ის 90%-ით დაბალია გარდამავალ პერიოდამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით (2001 წელს ჯანდაცვაზე იხარჯებოდა მშპ-ის 1%, განათლებაზე – 2.2%). გარდა ამისა, არაფორმალურ გადახდებზე მოთხოვნა კიდევ უფრო ამცირებს ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომას, მაშინ, როდესაც, სოციალური ხარჯებისა და ელექტროენერგიის სუბსიდიების სუსტი ტარგეტირება კიდევ უფრო ამძიმებს პრობლემას“.
წინდაუხედაობის გამო 2003 წლამდე საქართველო გამომწყვდეული იყო ფარისევლობის მოჯადოებულ წრეში, რომელმაც მოიცვა მოქალაქისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ყველა ასპექტი. მხოლოდ სახელად არსებული „სახელმწიფო“ თვალთმაქცობდა, თითქოს უზრუნველყოფდა სამართალსა და წესრიგს, საჯარო ინსტიტუციებსა და კომუნალურ მომსახურებებს, ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობის დაზღვევას. საქართველოს „მოქალაქეები“, თავის მხრივ, სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის ფასად იღებდნენ სხვადასხვა მომსახურებებს და გადასახადებისთვის თავის არიდებითა და საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის მიცემით „შეჰქონდათ“ წვლილი ჯანმრთელობისა და სოციალურ დაზღვევაში.
რეალობა ის იყო, რომ ადამიანებს, რომელთაც საქართველოში ცხოვრება და საქმის კეთება უნდოდათ, არავის იმედი არ უნდა ჰქონოდათ, გარდა საკუთარი თავისა, არაფორმალური სოციალური კავშირებისა და ქურდებისა. ხალხი არ იხდიდა გადასახადებს და არც ელოდნენ, რომ სანაცვლოდ რაიმე საჯარო მომსახურებას მიიღებდნენ. მათ ისწავლეს, თავად დაეკმაყოფილებინათ საკუთარი საჭიროებები, მათ შორის სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება, ხელშეკრულების აღსრულება, ჯანდაცვა და განათლება, გათბობა და ელექტროენერგია.
ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას სჭირდებოდა კიდევ ერთი რევოლუცია როგორც სახელმწიფოში, ისე ადამიანთა ცნობიერებაში (რომელსაც მომდევნო კვირას განვიხილავთ).