შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

დუალური პროფესიული სწავლების პრობლემები საქართველოში
კვირა, 05 ივნისი, 2016

ცენტრალურ ევროპაში პროფესიული განათლების ტრადიცია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იღებს სათავეს. მაგალითად, მე-14 საუკუნის გერმანიაში 2 წელი უნდა ყოფილიყავით შეგირდი, გემუშავათ და გესწავლათ საცხობში ოსტატის ზედამხედველობის ქვეშ, რომ შემდეგ მცხობელად გემუშავათ. შეგირდობა სტანდარტიზებული იყო და, წარმატების შემთხვევაში, სრულდებოდა სერთიფიკატის გადაცემითა და მცხობელთა გილდიაში მიღებით.

შეგირდობისას იძენდნენ როგორც პროფესიულ უნარ-ჩვევებს (მაგ.: ცომის ზელა), ისე თეორიულ ცოდნასაც. კერძოდ, მცხობელის შეგირდები სწავლობდნენ, რა იყო ნებადართული და რა არა პურის ცხობისას. მაგალითად, ხარისხის სტანდარტების შემოღებამდე ხშირად პურში ხის ბურბუშელას ურევდნენ. ეს პრაქტიკა აკრძალა მცხობელთა გილდიამ, რომელიც სასტიკად სჯიდა კანონის დამრღვევთ: ფოტოზე ნაჩვენებია ე. წ. „bäckertaufe“, გალია, რომლითაც კანალიზაციაში უშვებდნენ მცხობელს, რომელიც ხარისხის სტანდარტს დაარღვევდა (რაც ძალიან არასასიამოვნო იყო, თუმცა სერიოზულად არ ვნებდა დამნაშავეს). ხარისხის სტანდარტების ყველაზე ადრეული სია, რასაც შეგირდებს ასწავლიდნენ, ინახება კელნის ისტორიულ არქივში და 1182 წლით არის დათარიღებული. ცნობილია გერმანული ლუდის სიწმინდის კანონი (ე. წ. „Reinheitsgebot“), რომელიც 1516 წლიდან აწესებს, რომ ლუდი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ (შვრიას, ალაოსა და წყალს). ხარისხის სტანდარტების შემოღება სისტემის ერთ-ერთი გვერდითი სარგებელია – მნიშვნელოვანი ისტორიული მიზეზი, რამაც განაპირობა გერმანიის წარმატება მრეწველობაში და რომელიც ასე აკლია საქართველოს.

მე-19 საუკუნის ბოლოს, თეორიული ცოდნა, რაც ოსტატს უნდა ჰქონოდა, ძალიან დაწვრილებითი და რთული სასწავლებელი გახდა თვით ოსტატისთვისაც კი. შედეგად, სამუშაოზე პრაქტიკულ სწავლებას ავსებდა სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნა. ასე ჩაეყარა საფუძველი დუალური პროფესიული სწავლების სისტემას, სადაც დღემდე შეგირდები სამუშაოზე იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, სკოლაში კი – თეორიულ ცოდნას.

დღეს ითვლება, რომ დუალური პროფესიული სწავლება უდიდესი წარმატებაა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ დანერგა პრაქტიკაში. საქართველოც სულ ახლახან გადავიდა სწავლების ამ მოდელზე. 2016 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში დუალური პროფესიული სწავლების მოდელის შემოღების ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც სტუდენტები პროფესიის 60% სამუშაო ადგილზე ისწავლიან, 40% კი – სასწავლებლებში.

თუმცა აქვს კი საქართველოს დუალური პროფესიული სწავლების სისტემის წარმატებით დანერგვისთვის საჭირო პირობები?

ვინ ჩადებს ინვესტიციას ქართველ შეგირდებში?

ცენტრალური ევროპის შრომის ბაზრები სამუშაო ძალის დაბალი მობილობით გამოირჩევა. ტრადიციულად, მუშები გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან მუშაობენ. როგორც წესი, დამსაქმებლის გამოცვლა ცუდ ტონადაც კი ითვლება. მაგალითად, 1995-2005 წლებში მერსედეს ბენცის მმართველმა, იურგენ შრემპმა კომპანიაში მექანიკოსის შეგირდობიდან დაიწყო და მთელი ცხოვრება ამ კომპანიაში მუშაობდა. მართალია, შრომის ბაზარი სულ უფრო და უფრო მოქნილი ხდება, განსაკუთრებით ზოგიერთ სექტორში (აკადემია, ჟურნალისტიკა), მაგრამ მუდმივი დასაქმება ჯერ კიდევ ითვლება ნორმად. 2013 წელს გერმანელი მუშახელის 78.6%-ს ჰქონდა მუდმივი შრომითი ხელშეკრულება. ადამიანის ხანგრძლივად დასაქმება დროებით სამუშაოზე ნებადართულიც კი არ არის. დროებითი ხელშეკრულებების განახლება შესაძლებელია მხოლოდ სამჯერ, თუმცა სამუშაოს ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები. ამის შემდეგ დასაქმებული გერმანიაში უფლებამოსილია, მიიღოს მუდმივი ხელშეკრულება, თუნდაც სასამართლო აღსრულების გზით..

ვინაიდან სამუშაო ძალის მობილობა დაბალია, ბიზნესებსაც მეტი სტიმული აქვთ, ჩაერთონ დუალური პროფესიული სწავლების სისტემაში, მიუხედავად მაღალი ხარჯებისა. კომპანიები ვალდებული არიან, თანხა გადაუხადონ ოსტატებს, რომლებიც საკუთარი სამუშაო დროის მნიშვნელოვან ნაწილს უთმობენ შეგირდების განათლებას. კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სწავლებისთვის საჭირო სივრცე და ხელფასი გადაუხადონ შეგირდებს. 2013 წელს შეგირდების განათლების მთლიანი წლიური ხარჯი საშუალოდ 15,000 ევროზე მეტი იყო. ამას ხელი არ შეუძლია გერმანული კომპანიებისთვის, 45,000 მეტი სამუშაო ადგილი შეეთავაზებინათ შეგირდებისთვის. თუმცა, როგორც აჯემოღლუმ და ფიშკემ აღნიშნეს (1998 წ.) („რატომ ასწავლიან ფირმები? თეორია და მტკიცებულებები“ ეკონომიკის კვარტალური ჟურნალი, 113, 79-119 გვ.), კომპანიები იმიტომ დებენ ინვესტიციას, რომ იციან, ალბათობა იმისა, რომ განათლების მიღების შემდეგ შეგირდი სხვა კომპანიაში წავა, მცირეა.

ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად დანიასა და ირლანდიას, ახასიათებთ სამუშაო ძალის მაღალი მობილობა, ამიტომ კომპანიებს არ აქვთ გარანტია, რომ თავადვე მოიმკიან საკუთარი პროფესიული სწავლების შედეგებს. შედეგად, უბილეთო მგზავრის პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა, ტრენინგის ხარჯები განაწილდეს დამსაქმებლებს შორის, მიუხედავად იმისა, მიიღებენ ისინი შეგირდს თუ არა.

საქართველოში, მეორეს მხრივ, თითქმის ყველა დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული. მთავრობა და დიდი ფირმებიც კი არ სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს მუდმივ ხელშეკრულებას. შედეგად, ვიღებთ სამუშაო ძალის მაღალ მობილობას, რის გამოც ტრენინგების შედეგები ხშირად არ უბრუნდება კომპანიას, რომელმაც ინვესტიცია ჩადო ახალწვეულში. ამიტომ არსებობს მხოლოდ უკვე გაწვრთნილი მუშახელის დასაქმების სტიმული ყოველგვარი ტრენინგების ჩატარების გარეშე.

საქართველოში აუცილებელი იქნება დანიისა და ირლანდიის მსგავსი სისტემის შემოღება, სადაც ხარჯებს (ნაწილობრივ) ფარავს ყველა კომპანია. ალბათ, უფრო რეალური იქნება, თუ ხარჯებს დაფარავს მთავრობა ან საერთაშორისო განვითარების ფონდები, ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც.

რამდენად ენდომებათ ქართველებს შავ მუშებად მუშაობა?

კიდევ ერთი პრობლემა არის ბევრი ქართველის ცნობიერება, რომლებიც თავს არიდებს არასაუნივერსიტეტო განათლებას. 2013 წელს გერმანიის სკოლადამთავრებულთა დაახლოებით 60%-მა აირჩია პროფესიული განათლება, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პროფესიული განათლება გერმანელი ახალგაზრდების ყველა თაობის ტრადიციული არჩევანია. შესაბამისად, საზოგადოებაც დიდ პატივს სცემს ამ პრაქტიკას.

მდგომარეობა საქართველოში განსხვავებულია. საბჭოთა კავშირში პროფესიულ განათლებას უყურებდნენ როგორც წარუმატებელი და უნიჭო სკოლადამთავრებულების არჩევანს და არავის არ უნდოდა, ამ ჯგუფის კუთვნილება ყოფილიყო. პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება ასოცირდებოდა წარუმატებლობასთან. მსგავსი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ცოცხლობს ქართველ საზოგადოებაში. საქართველოს მთავრობის პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 73%-ს სურს, მისმა შვილმა უნივერსიტეტი დაამთავროს.

2015 წელს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვი 22,324 იყო, პროფესიული სასწავლებელი კი მხოლოდ 11,728 სტუდენტმა დაამთავრა. ეს სტატისტიკა აჩვენებს არა მხოლოდ პროფესიული განათლების დაბალ პრესტიჟს, არამედ ქართულ პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული განათლების დაბალ დონესაც. ამ სასწავლებლებს ჯერ კიდევ არ დაუნერგავთ დუალური პროფესიული სწავლების სისტემა და სტუდენტებს აძლევენ მხოლოდ თეორიულ ცოდნას, რომლის ხარისხიც ხშირად დაბალია.

თუმცა ეს კარგი ამბავია! ჯერ კიდევ ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება და, თუ საქართველო მოახერხებს პროფესიული სწავლების სისტემის დანერგვას, რომელიც კარგ მოგებას გვპირდება შრომის ბაზარზე, დიდი შანსია, აგდებული დამოკიდებულება ასეთი განათლებისადმი თანდათან გაქრეს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა