შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

იწვევს თუ არა ფულადი წახალისება მასწავლებლების მოტივაციის ზრდას? საჩხერეში ჩატარებული ფილანთროპიული ექსპერიმენტის შედეგები
ორშაბათი, 12 სექტემბერი, 2016

რამ შეიძლება მიიყვანოს უნივერსიტეტების წარჩინებული კურსდამთავრებულები ქართულ საჯარო სკოლებში? მართალია, მხოლოდ ფული სასწაულს ვერ მოახდენს, მაგრამ მის გარეშეც შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება, რადგან ანაზღაურების არსებული სისტემა მასწავლებლებს, რომელთა ხელშიცაა საქართველოს, როგორც ერის მომავალი, სოციალური იერარქიის დაბალ ფენაში ათავსებს. თითქოს ისიც არ კმარა, რომ მასწავლებლები მიეკუთვნებიან ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშახელის კატეგორიას, განათლებისა და ეკონომიკის სხვა სექტორების წლიურ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა დროთა განმავლობაში სულ  უფრო იზრდება (იხ. გრაფიკი).

რა თქმა უნდა, ფული მხოლოდ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა კარიერულ არჩევანს არ განსაზღვრავს. ის გავლენას ახდენს სისტემაში ამჟამად დასაქმებულთა მოტივაციაზეც, აიძულებს რა მათ, მეტად ან ნაკლებად დააფასონ საკუთარი პროფესია, მეტი ან ნაკლები ძალისხმევა ჩადონ ახალი უნარ-ჩვევების შეძენასა თუ გაკვეთილის მომზადებაში. და, თუ მკაცრად განვსჯით სისტემას, ფულმა შეიძლება გამოიწვიოს ისიც, რომ ცუდმა მასწავლებლებმა არ იჩქარონ პენსიაზე გასვლა და გააჩაღონ პოლიტიკური ბრძოლა სამუშაო ადგილისთვის, რომელსაც ვერ იტანენ და რომლისთვისაც არ არიან კვალიფიციურები.

ამ სტატიაში შევეცდებით, საჩხერის რაიონში წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევითი ექსპერიმენტის შედეგების საფუძვლიანი შეფასების მეშვეობით, გაჩვენოთ, რა გავლენას ახდენს ფული მასწავლებელთა მოტივაციასა და მათ მიღწევებზე,  (2014 წელს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საჩხერის მოსახლეობა 38,000-ს შეადგენს).

ექსპერიმენტის აღწერა

საჩხერეში დაიბადა ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ფილანთროპი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მშობლიური სოფელი, ჭორვილა აქცია საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობის ცენტრად საჩხერესა თუ საქართველოში. ივანიშვილზე ამბობენ, რომ იხდის მეზობლების გაზისა და ელექტოენერგიის გადასახადებს, ყიდულობს მათთვის მაცივარსა და სარეცხ მანქანას. თუმცა ამ სტატიისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ 2007-2011 წლებში ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა საჩხერის საჯარო სკოლები აქცია საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობის ობიექტად და ხელფასი გაუზარდა საჩხერის 32 სკოლის 800-ზე მეტ მომსახურე პერსონალს.

ოფიციალური ხელფასების სავალალო დონის გათვალისწინებით, დანამატი სულაც არ იყო ცოტა: 500 ლარი სკოლის დირექტორებისთვის, 400 ლარი სასწავლო ნაწილის გამგეებისთვის, 300 ლარი  მასწავლებლებისთვის, 150 ლარი კი ყველა დანარჩენისთვის. რაიონში სკოლების თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დავასკვენით, რომ 5 წლის განმავლობაში ივანიშვილის ინვესტიციამ 19 მილიონ ლარს მიაღწია.

საჩხერე არის ჩრდილოეთ იმერეთის პატარა რაიონი. საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარე რაიონმა დიდი ხანია დაკარგა თავისი სატრანსპორტო და სატრანზიტო მნიშვნელობა. რეგიონის 38,000 მცხოვრები (2014 წლის გამოკითხვების თანახმად), ძირითადად, დაკავებულია სოფლის მეურნეობით, ქვანახშირის მოპოვებითა და სხვა საჯარო სექტორებში მუშაობით (მათ შორის სკოლებში). ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საჩხერელი არის აკაკი წერეთელი, გამოჩენილი ქართველი პოეტი, მწერალი და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის გადარჩენის მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ის ფაქტი, რომ პროექტი მოიცავდა მხოლოდ ერთ რაიონს და არ ჰქონდა პირდაპირი გავლენა მეზობელ რაიონებზე, საშუალებას გვაძლევს, უკეთ შევაფასოთ ივანიშვილის ფინანსური დახმარებით გამოწვეული ეფექტი. ამისთვის ერთმანეთს ვადარებთ ორი მეზობელი რაიონის სკოლის კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო მიღწევებს, რომელთაგან ერთი არის საჩხერე, რომელმაც მიიღო „ფულადი დახმარება“, მეორე კი ჭიათურა, რომელსაც ასე არ გაუმართლა. საგანმანათლებლო მიღწევების მაჩვენებლად გამოვიყენეთ უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ არსებული მონაცემები  ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სკოლის მოსწავლეების წილი.

რეალურად ნიშნავს თუ არა რამეს ფული?

მონაცემების ვიზუალური შესწავლა (იხ. გრაფიკი) გვაფიქრებინებს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა რაოდენობით, 2007 წლამდე საჩხერე ჩამორჩებოდა ჭიათურას. 2009 წელს საჩხერე გაუთანაბრდა ჭიათურას და 2010 წელს უკვე გადაუსწრო მას (ჩვენ არ ვითვალისწინებთ 2008 წლის მონაცემებს, რომელიც ფრიად უცნაური წელი იყო, რადგან ამ წელს სკოლები გადავიდა 12-კლასიან სწავლებაზე და მოსწავლეების უმეტესობა არ გასულა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე).

სხვაობების შეფასება გვაჩვენებს, რომ 4 წლის განმავლობაში, ივანიშვილის დახმარებამ 10%-ით გაზარდა საჩხერის რაიონის სკოლების შედეგები. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი სტატისტიკურად სანდოა 95%-იანი ნდობის დონეზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფული მართლაც ახდენს გავლენას სკოლების შედეგებზე და საკმაოდ სწრაფადაც.

რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია ეჭვი შეიტანოს ჩვენი შედეგების სისწორეში და ამტკიცოს, რომ სხვა ფაქტორებმაც იქონია გავლენა საჩხერის სკოლების შედეგების შედარებით გაუმჯობესებაზე. მაგალითად, ივანიშვილის ფონდი ბევრი სხვა მიმართულებითაც აქტიურობდა საჩხერის რაიონში (მაგალითად, შექმნა სამუშაო ადგილები, გააუმჯობესა ადამიანების ცხოვრების დონე). სრულიად შესაძლებელია, რომ ამ აქტივობებმა დააჩქარა შიდა მიგრაციის პროცესი, ბევრი მოტივირებული ადამიანი – კვალიფიციური მუშახელი და მეწარმე – გადავიდა ან დაბრუნდა საჩხერეში საქართველოს სხვა კუთხეებიდან. და, თუ, ივანიშვილის საქმიანობის შედეგად, უფრო კვალიფიციური მოსახლეობა გადავიდა საჩხერეში, ამას შეიძლება დადებითი გავლენა მოეხდინა უნივერსიტეტში ჩარიცხვებსა და სხვა სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე (განსაკუთრებით ასეა, თუ ასეთი „ტვინების შედინება“ ხდებოდა ჭიათურისა და სხვა მეზობელი რაიონების ხარჯზე).

სამწუხაროდ, შეუძლებელია ამ საინტერესო მოსაზრებების შესწავლა, რადგან არ არსებობს მაღალი ხარისხის მონაცემები შიდა მიგრაციის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილის ფილანთროპიული საქმიანობა რეგიონში ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო, უნივერსიტეტებში ჩარიცხვები კი 2009 წლამდე არ გაუმჯობესებულა, გამოდის, განათლებაზე დახარჯულ ფულს მართლაც ჰქონდა ხელშესახები გავლენა სკოლების შედეგებზე.

რამდენად კარგად დაიხარჯა ივანიშვილის ფული?

19 მილიონი ლარი არ არის ცოტა, თუ საჩხერის ზომას გავითვალისწინებთ. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გაწეული დახმარება დადებითად აისახა სკოლების მიერ მიღწეულ შედეგებში – ანაზღაურების თითქმის გაორმაგება მიუხედავად პერსონალის კვალიფიკაციისა თუ მიღწევებისა – შეიძლება არ იყოს გაუმჯობესებული სასწავლო შედეგებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვების მიღწევის საუკეთესო გზა. ეფექტიანობის კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, პილოტირებიდან გადავიდეთ ფართომასშტაბიან ეროვნულ რეფორმაზე (ჩვენი გამოთვლებით, საჩხერის ექსპერიმენტის სრული ღირებულება დაახლოებით 370 მილიონ ლარს აღწევს წელიწადში, რაც ბევრად აღემატება საქართველოს ბიუჯეტის ამჟამინდელ შესაძლებლობებს).

პირველი, რაც უნდა აღვნიშნოთ (იხ. ცხრილი), ის არის, რომ საჩხერეში მოხდა ტექნიკური პერსონალის არაპროპორციული ზრდა. ეს ზრდა, გარკვეულწილად, ასახავს ოპორტუნისტულ ქცევასა და ნეპოტიზმს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად არ ხდებოდა მონიტორინგი და დაფინანსების წინაპირობა არ იყო შედეგების ხარისხი, ივანიშვილის დახმარებამ შეიძლება არასწორი სტიმული მისცა სკოლების თანამშრომლებს: ცდილობდნენ, ყველაფრის მიუხედავად შეენარჩუნებინათ სამსახური და მეგობრებისა და ნათესავებისთვის გაეზიარებინათ მიღებული სარგებელი.

ცხრილი: სკოლის პერსონალის საშუალო რაოდენობა საჩხერესა და ჭიათურაში, 2007-2011 წლებში. 

  მოსახლეობა სკოლები დირექტორები სასწავლო ნაწილის გამგეები მასწავლებლები პერსონალი
საჩხერე 38,000 32 32 81* 792 188*
ჭიათურა 45,300 43 43 52* 840 112*

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (* გულისხმობს მიახლოებულ რაოდენობას).

ამ ციფრებისა და საჩხერის სკოლის მასწავლებლებთან ჩატარებული არაფორმალური გამოკითხვების საფუძველზე, პირდაპირ დავასკვენით, რომ ფული უკეთესად უნდა ნაწილდებოდეს:

• სკოლებზე, რომელთაც უკეთესი შედეგები აქვთ (რაც მკაცრად უნდ შემოწმდეს);

• კონკრეტულ, მწირ სასწავლო პროფესიებზე (მაგ.: საბუნებისმეტყველო საგნები). მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სტიმული, დაკავდნენ მხოლოდ ერთი კონკრეტული საგნის სწავლებით;

• საუკეთესო მასწავლებლებზე თითოეულ პროფესიაში, რათა წავახალისოთ (ან გადავაფასოთ!) მათ მიერ კლასში მიღწეული შედეგები და საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები.

თქმაც არ არის საჭირო, რომ ფულის უკეთესი განკარგვა მოითხოვს ადმინისტრაციული ხარჯების (მკაცრი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა) გაზრდას, რაც სცდება ბატონი ივანიშვილის ექსპერიმენტით გათვალისწინებულ შედეგებს. სირთულე არის ასეთი ხარჯების მინიმუმამდე შემცირებაც.

დაბოლოს, იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების კარიერულ გადაწვეტილებებზე გავლენა მოვახდინოთ, რეფორმა არ უნდა იყოს მხოლოდ მოკლევადიანი ექსპერიმენტი. მასწავლებელთა ხელფასები, ინდექსირების შესაბამისი მექანიზმის გამოყენებით, უნდა შენარჩუნდეს ახლადდაწესებულ დონეზე. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მასწავლებლის პროფესიამ საქართველოში დაიბრუნოს (და შეინარჩუნოს) სოციალური აღიარება და სტატუსი.

* * *

ზურაბ (ზურა) აბრამიშვილი თბილისში დაიბადა, თუმცა ორივე მშობელი საჩხერის რაიონიდანაა. სტატისტიკური მონაცემების გარდა, კვლევა ეყრდნობა ზურას მიერ მერჯევსა და საირხის სკოლის მასწავლებლებთან ჩატარებულ არაფორმალურ ინტერვიუებს. ზურამ, რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოციალური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარია, დაამთავრა კომაროვის სკოლა თბილისში. მას აქვს ISET-ის ეკონომიკის მაგისტრის წოდება და მალე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს პრაღის კარლოვის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური კვლევების ინტეგრირებულ ცენტრში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა