შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

უვადო დასაქმება ქართულ უნივერსიტეტებში?
სამშაბათი, 27 სექტემბერი, 2016

ძალიან ცოტამ თუ შენიშნა 2015 წლის დეკემბერში საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც, შესაძლოა, ახალი ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდეს ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში. 2017 წლის იანვრიდან ქართველი პროფესორებისა და მკვლევარების ნაწილი უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე (მიიღებს ე.წ. ტენუარის სტატუსს). ღირსეული ანაზღაურება, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფლება და გარანტირებული სამსახური საშუალებს მისცემს მათ, თავი სამეცნიერო საქმიანობას მიუძღვნან, აღზარდონ ახალი თაობა და ქართული მეცნიერება გაიტანონ მსოფლიო სარბიელზე.

ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში. სამწუხაროდ, შესაძლებელია, რომ ეს რეფორმა არასწორი მიმართულებით წავიდეს და კარგმა ჩანაფიქრმა კატასტროფამდე მიგვიყვანოს. როგორც ნათქვამია, ეშმაკი დეტალებშია. კანონში შეტანილი ცვლილება კი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის დეტალების სრულყოფილებით. უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ვინ და როგორ დანიშნავს პროფესორებს უვადოდ. თუ ამას ქართული უნივერსტეტები გააკეთებენ მათი წესდების მიხედვით და, მეტიც, ხმას უნივერსიტეტის პერსონალი მისცემს, მაშინ პროგრესის ნაცვლად, რეფორმა უფრო მეტად უბიძგებს მოქმედ აკადემიკოსებს, კიდევ უფრო ჩაეჭიდონ შექმნილ კომფორტს. მეეჭვება, ქართველ კანონშემოქმედთა მიზანი ეს ყოფილიყო.

ამ ბლოგით ვეცდებით, წამოვიწყოთ საჯარო განხილვა წარდგენილი რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მის პრინციპებსა და ქართულ კონტექსტთან შესაბამისობაზე. თავდაპირველად, სტატიაში მიმოვიხილავთ აკადემიური თავისუფლებისა და ტენუარის კონცეპტებს და მათ განვითარებას დროთა განმავლობაში.

ტენუარი და აკადემიური თავისუფლება: სოკრატედან დღემდე

ტენუარის სისტემა მეოცე საუკუნის სიახლეა, თუმცა დასავლურ სამყაროში მას, როგორც აკადემიური თავისუფლების დაცვის მექანიზმს, ღრმა ისტორიული ფესვები აქვს: კვლევისა და „სწავლების, იდეებისა და ფაქტების გაზიარების“ თავისუფლება (მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის მისაღები გარე პოლიტიკური ჯგუფებისა თუ მთავრობისთვის) ისე, რომ არ გახდეთ დევნის, სამუშაოს დაკარგვის ან დაპატიმრების ობიექტი.

სოკრატეს სასამართლო პროცესი ათენის დემოკრატიაში (რომელსაც იგი ძლიერ აკრიტიკებდა), ალბათ, შეიძლება მივიჩნიოთ სწავლულის დევნის პირველ მნიშვნელოვან მაგალითად. თუმცა სისტემურმა კონფლიქტმა აკადემიურ თავისუფლებასა და პოლიტიკას შორის შუა საუკუნეებში იჩინა თავი, როდესაც რომის კათოლიკური ეკლესია (მოგვიანებით კი სეკულარი მმართველები) ცდილობდნენ, საკუთარი რელიგიური დოგმები და პოლიტიკური იდეოლოგია თავს მოეხვიათ პირველი ევროპული უნივერსიტეტებისთვის (რომელთა დამაარსებლებლად და დამფინანსებლებადაც თავად გვევლინებოდნენ).

მართალია, განმანათლებლობის ხანაში ეკლესიის გავლენა შესუსტდა, მაგრამ აკადემიური თავისუფლება თანამედროვე გაგებით მხოლოდ მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა გერმანიაში, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა აშშ-ში და დაგვირგვინდა „1940 წლის დადგენილებით აკადემიურ თავისუფლებაზე და ტენუარზე“. როგორც ჯ. პიტერ ბირნი განიხილავს თავის ნაშრომებში, აკადემიური ტენუარის სისტემის მიზანია აკადემიური თავისუფლების დაცვა: მასწავლებელი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდეს, თუ არაკომპეტენტურია თანამდებობისთვის, ან აკადემიური საზოგადოებისთვის მიუღებლად მოიქცევა.

მართალია ტენუარის თავდაპირველი მიზანი აკადემიური თავისუფლების დაცვა იყო, მაგრამ კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის ეპოქაში მისი როლი თანდათან შეიცვალა. მაგალითად, კონკურენტმა უნივერსიტეტებმა, ნიჭიერი კადრების მოზიდვის მიზნით, დაიწყეს ტენუარის სელექციური მინიჭება. მეტიც, ტენუარის სისტემის მიერ მინიჭებული ეკონომიკური უსაფრთხოება გახდა ერთგვარი ბერკეტი უნივერსიტეტებისთვის კერძო სექტორთან კონკურენციაში, რომელსაც შეუძლია ბევრად მაღალი ხელფასების გაცემა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ტენუარის სისტემას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგების მოტანაც შეუძლია. მაგალითად, მეცნიერისთვის ტენუარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მცდარი ან მიკერძოებული აღმოჩნდეს გუშინდელ მეცნიერულ ჭეშმარიტებასთან მიმართებაში. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტენუარების რაოდენობა შეზღუდულია, ახალმოსულ ნიჭიერ მეცნიერს შეიძლება მხოლოდ იმიტომ უთხრან უარი ტენუარის მინიჭებაზე, რომ ყველა პოზიცია უკვე შევსებულია არაპროდუქტიული, მაგრამ ტენუარის სტატუსის მქონე ვეტერანებით. ახალი პოზიციების შესაქმნელად კი ერთადერთი გზა ამ ვეტერანების პენსიაზე გასვლაა. და ბოლოს, არსებობს სერიოზული რისკი, (ზარმაცმა) მეცნიერებმა დაკარგონ მუშაობის (სწავლების, კვლევის) მოტივაცია, როგორც კი გარანტირებულ შრომით ხელშეკრულებას მიიღებენ, რომლის მონიტორინგიც თითქმის არ ხდება.

თუმცა, ამერიკელი ტენუარი მეცნიერების უმეტესობა დროს გოლფის მოედანზე არ ატარებს (თუმცა ზოგი ასეც იქცევა), რადგან უდიდესი უმრავლესობისთვის სწავლება და კვლევა ცხოვრების წესია და არა რიგითი სამსახური დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე. ტენუარის წოდების მიღება უაღრესად კონკურენტულ ამერიკულ საუნივერსიტეტო გარემოში იმდენად რთულია, რომ თავისთავად საკმაოდ ამცირებს შეცდომების რისკს, როგორიცაა, მაგალითად, ზარმაცი ან საშუალო დონის მეცნიერის უვადოდ დანიშვნა. საინტერესოა, როგორ იმუშავებს იგივე წესები სრულიად განსხვავებულ, საქართველოს პოსტსაბჭოთა საუნივერსიტეტო გარემოში?

აკადემიური ტენუარის სისტემა საქართველოში?

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ქართველ სწავლულთა მასობრივმა ემიგრაციამ ქართული მეცნიერება ინტელექტუალურ უდაბნოდ აქცია, სადაც ერთი-ორი ოაზისიღა თუ შემორჩა, რომელთაგან ერთ-ერთი არის ბაქტერიოფაგია. თუმცა ეს ოაზისებიც მხოლოდ სპეციალიზირებულ კვლევით ინსტიტუტებში ხარობს და არა უნივერსიტეტებში.

ტვინების გადინება ქართული საჯარო განათლების სისტემის წინაშე არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. უკეთესი განათლებისა თუ აკადემიური კარიერის საძიებლად ნიჭიერი ქართველების არაერთი თაობა ტოვებს ქვეყანას და მხოლოდ ნაწილი თუ ბრუნდება უკან, როგორც „ახალი არგონავტები“. შედეგად, ქართულ უნივერსიტეტებში თაობათა ცვლა თითქმის არ ხდება, განსაკუთრებით ფუნდამენტურ მეცნიერებებსა და ინჟინერიაში, რომელზე მოთხოვნაც პოსტსაბჭოთა დეინდუსტრიალიზაციის პერიოდში ძალიან მცირე იყო.

სწორი ტენუარის სისტემის შემოღებამ, შესაძლოა, ქართული უნივერსიტეტები უფრო მიმზიდველი გახადოს მეცნიერებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც წლების წინ დატოვეს ქვეყანა. მართლაც, თუ ტენუარის სისტემასთან ერთად ძირეულად შეიცვლება უნივერსიტეტების დაფინანსებისა და მართვის წესები, შეიძლება ტვინების გადინება შემოდინებით შეიცვალოს. აკადემიური თავისუფლების გარანტიამ, ეკონომიკურმა უსაფრთხოებამ და სათანადო დაფინანსებამ შეიძლება მოიზიდოს გამორჩეული მეცნიერები, რომელთაც კარიერა საზღვარგარეთ აიწყეს.

როგორც ზაალ კოკაიამ აღნიშნა (ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ტენუარის სისტემის ინიციატორი და მხარდამჭერი საქართველოში), ზოგიერთი ქართველი მეცნიერი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს ჰარვარდის ან ოქსფორდის ტენუარის სტატუსის მიღებისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაგრამ „ბრწყინვალე“ მასალა იყოს შედარებით დაბალი დონის ქართული უნივერსიტეტებისთვის. კოკაიას აზრით, ასეთი მეცნიერების დაინტერესების საუკეთესო გზაა ქართულ უნივერსიტეტში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შეთავაზება, რაც საშუალებას მისცემს მათ, შეინარჩუნონ კავშირი თავიანთ აკადემიურ „სამშობლოსთან“ საზღვარგარეთ.

საქართველოში ტენუარის სისტემის შემოღების კიდევ ერთი (და, ალბათ, მოულოდნელი) არგუმენტი არის ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასე ფესვგადგმული პოლიტიკური „პატრონაჟის“ პრაქტიკის აღმოფხვრა. ქართველი მეცნიერები, რომელთაც აკლიათ პროფესიული კვალიფიკაცია და, შესაბამისად, ნაკლები გარანტიები აქვთ, რომ სამსახურს შეინარჩუნებენ, ორიენტირებულნი არიან ერთგული დოქტორანტი სტუდენტების გამოზრდაზე, რათა შემდოგმში სწორედ მათ დაეყრდნონ (როდესაც თავიანთ დეპარტამენტში სრულ განაკვეთზე სამუშაოდ აიყვანენ). ის სტუდენტები კი,  რომლებიც ერთგულებას არ აღუთვამენ და, მეტიც, ეჭვი შეაქვთ საკუთარი პროფესორის ცოდნასა და უნარში, საშიშად აღიქმებიან. ამის გამო, ხშირად მსგავს სტუდენტებს პროფესორები არ უწყობენ ხელს, რომ უნივერსიტეტში დასაქმდენენ, დოქტორის ხარისხის მინიჭების შემთხვევაშიც კი.

სწორად დანერგის შემთხვევაში, ტენუარის სისტემას შეუძლია ბოლო მოუღოს პოლიტიკურ „პატრონაჟს“, რადგან პირადი ერთგულება, როგორც აკადემიური სამსახურის დაწყების წინაპირობა, ძალას დაკარგავს. თუმცა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ მხოლოდ გამორჩეულ მეცნიერებს (თუნდაც ქართული სტანდარტებით) მიენიჭებათ ტენუარის სტატუსი. საწყის ეტაპზე ამისთვის საჭირო იქნება გარე რეფერირების სისტემის გამოყენება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება როგორც ქვეყნის მთავრობის ან პატრიარქისგან, ისე, და განსაკუთრებით, მედროვე აკადემიკოსებისგან, რომლებიც მართავენ ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ტენუარის სტატუსი უნდა მიანიჭონ თითოეულ სფეროში მსოფლიოში აღიარებული მეცნიერებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა საბჭოებმა. თუ შერჩევის პროცესი მიუკერძოებელი და გამჭვირვალე იქნება, ტენუარის სისტემას აქვს პოტენციალი, საქართველო და მისი განათლების სისტემა მსოფლიო რუკაზე წარმოაჩინოს. თუ არა, ეს რეფორმა პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა