სტრუქტურული ტრანსფორმაცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. თითქმის გამონაკლისის გარეშე, ერებმა, რომელთაც სიღარიბე დაძლიეს, შეძლეს დაბალპროდუქტიული სექტორებიდან ნელ-ნელა გამოსულიყვნენ და ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ. განვითარებულ ქვეყნებში სექტორების პროდუქტიულობებს შორის, როგორც წესი, სხვაობა მცირეა, ზრდაც სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების ხარჯზე ხდება. მათგან განსხვავებით, განვითარებად ქვეყნებისთვის ნიშანდობლივია დიდი სხვაობა ეკონომიკის სექტორების პროდუქტიულობებს შორის. პოტენციურად, ამ განსხვავებებს ზრდის განპირობება შეუძლია. როდესაც სამუშაო ძალა დაბალპროდუქტიული სექტორიდან მაღალპროდუქტიულში ინაცვლებს, ეკონომიკაც იზრდება, მაშინაც კი, როდესაც თავად სექტორებში არ უმჯობესდება პროდუქტიულობა. „განვითარების“ ეს რეცეპტი თითქოს მარტივია, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურული ტრანსფორმაციის ტემპები მაინც დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაძლოა, ითქვას, რომ სწორედ ეს მთავარი ფაქტორი განასხვავებს ერთმანეთისგან წარუმატებელ და წარმატებულ ეკონომიკებს.
გლობალიზაციამ და რეგიონულმა ინტეგრაციამ თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაზე (გარდამავალ ეტაპზე მყოფი ეკონომიკების ჩათვლით) იქონია გავლენა და სულ უფრო მეტად ჩართო ისინი მსოფლიო ეკონომიკაში. ინდუსტრიული ტარიფები ასეთი დაბალი არასდროს ყოფილა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები გაზრდილია, ამასთან, ტექნოლოგიის გადაცემაც ძალზე გამარტივებულია. მიუხედავად ამისა, ისარგებლებს თუ არა ქვეყანა გლობალიზაციის სიკეთეებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. როგორც დანი როდრიკი და მარგარეტ მაკმილანი ამტკიცებენ ნაშრომში „გლობალიზაცია, სტრუქტურული ცვლილება და პროდუქტიულობის ზრდა“ (2011 წ.), განვითარებად აზიაში გლობალიზაციამ სწორი მიმათულება მისცა სტრუქტურულ ცვლილებას და ხელი შეუწყო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. თუმცა ლათინურ ამერიკაში სამუშაო ძალა არასწორი მიმართულებით წავიდა, მაღალპროდუქტიულიდან გადაინაცვლა ნაკლებად პროდუქტიულ სექტორებში, მათ შორის არაფორმალურ სექტორებში.
რამ განაპირობა ტრანსფორმაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში?
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საბჭოთა კავშირი ზედმეტად ინდუსტიული ეკონომიკა იყო და მსოფლიოს სხვა, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით მის ინდუსტრიულ სექტორში ძალზე მაღალი იყო სამუშაო ძალის კონცენტრაცია. მიკიევიჩი და ზალევსკა თავიანთ სტატიაში „დეინდუსტრიალიზაცია. პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის სტრუქტურული ცვლილებებიდან მიღებული გაკვეთილები“ (2002 წ.) აანალიზებენ, რა იყო საბჭოთა კავშირის ზედმეტი ინდუსტრიალიზაციის მთავარი მიზეზები. ავტორები ამტკიცებენ, რომ სამუშაო ძალის მაღალი კონცეტნტრაცია ინდუსტრიულ სექტორში არ იყო გამოწვეული ინდუსტრიული ექსპორტის შედარებითი უპირატესობით – ბოლოსდაბოლოს, საბჭოთა კავშირი ნახევრად ავტოკრატული ქვეყანა იყო, რომლის მშპ-შიც ექპორტს პატარა წილი ეკავა. სამუშაო ძალის ასეთი კონცენტრაციის მიზეზი არც მდიდარი ბუნებრივი რესურსები ყოფილა – ყველა რესპუბლიკა ერთნაირად მდიდარი არ იყო ბუნებრივი რესურსებით, სამაგიეროდ, ყველა ზედმეტად ინდუსტრიალიზებული იყო. ამ ფენომენის უკან სამხედრო სულისკვეთება და იდეოლოგიური მოსაზრებები უფრო იდგა. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსალოდნელი იყო ეკონომიკების აქტიური დეინდუსტრიალიზაცია და ასეც მოხდა.
როგორ დაიწყო საქართველომ უკუსვლა ადრეულ გარდამავალ პერიოდში
მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და მსოფლიო ბაზართან მეტად ინტეგრირების შედეგად მყისიერად შემცირდა სამუშაო ძალა ინდუსტრიულ სექტორში და გაჩნდა ამბიციური რეფორმების საჭიროება. გარდამავალ ეტაპზე მყოფმა წარმატებულმა ქვეყნებმა (მაგ.: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა) ეს რეფორმები ისე განახორციელეს, რომ სტრუქტურული ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით წარიმართა, ე.ი. სამუშაო ძალამ ინდუსტრიულიდან მაღალპროდუქტიული მომსახურებების სექტორში გადაინაცვლა.
სამწუხაროდ, საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტრუქტურული ტრანსფორმაცია ყველაზე არაეფექტურად წარიმართა. გარდამავალი პერიოდის დასაწყისში საქართველომ რამდენიმე ომი გადაიტანა, განახორციელა მთელი რიგი წარუმატებელი რეფორმები, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა გადასახადების ამოღების პრობლემები, დაიწყო ჰიპერინფლაცია, მომძლავრდა კორუფცია და გაიზარდა კრიმინალი. ამ ყველაფერმა, რაღა თქმა უნდა, საქართველოში ინვესტიციის ჩადებისა და ბიზნესის კეთების ყველანაირი ინტერესი გააქრო. შედეგად დეინდუსტრიალიზებული სექტორებიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ თავის სარჩენად სოფლის მეურნეობას მიაშურა. 1990 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა მთელი დასაქმების 26.3%, წარმოებაზე – 31.2%, მომსახურებაზე კი – 14.6%. 2000 წლისთვის მკვეთრად, 52.1%-მდე გაიზარდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი, მცირედით, 17.8%-მდე გაიზარდა დასაქმება მომსახურებაში, წარმოებაში დასაქმებამ კი მთლიანი დასაქმების მხოლოდ 9.8% შეადგინა (რაიზერი, შაფერი და შუხჰარდტი, 2003 წ.). აქედან ნათელია, რომ საქართველოში სტრუქტურულმა ტრანსფორმაციამ პირიქით, შეამცირა ეკონომიკური ზრდა, რადგან სამუშაო ძალამ მეტად პროდუქტიულიდან ნაკლებად პროდუქტიულ სექტორებში გადაინაცვლა.
სტრუქტურული დეკომპოზიცია საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ არაერთი წარმატებული რეფორმა გატარდა, დასაქმების სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა. ქვემოთ მოცემული პირველი გრაფიკი აჩვენებს დასაქმებას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 2015 წელს. სამუშაო ძალის დასაქმებაში სოფლის მეურნეობა კვლავ ლიდერობდა, მასზე დასაქმებული მოსახლეობის 57% მოდიოდა. მეორეს მხრივ, წარმოება საკმაოდ უმნიშვნელო აღმოჩნდა დასაქმების თვალსაზრისით, მასზე დასაქმებულთა მხოლოდ 4% მოდიოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა 5% კვლავ საჯარო სექტორზე მოდის (რომელიც რიგით მეოთხეა დასაქმებაში წილის მიხედვით). დასაქმების ასეთი სტრუქტურა მკვეთრად განსხვავდება გარდამავალ ეტაპზე მყოფი წარმატებული ქვეყნების სტრუქტურისგან, სადაც მაღალპროდუქტიულ სერვისებს მაღალი წილი აქვთ დასაქმებაში, სოფლის მეურნეობას კი – დაბალი.
მეორე გრაფიკი გვაწვდის ინფორმაციას მშპ-ს სექტორულ განაწილებაზე. ამ გრაფიკიდან ცხადად ვხედავთ, რომ საქართველოში ყველაზე არაპროდუქტიული დარგი, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაა, სადაც დასაქმებულთა 57% ქმნის მშპ-ის მხოლოდ 9%.
კუს ნაბიჯებით სწორი მიმართულებით
ამ წერტილიდან საით უნდა წავიდეთ? როგორ გავიგოთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო მიდის თუ არა სწორი მიმართულებით, ეკონომიკის სტრუქტურული ტრანფორმაციის თვალსაზრისით? მაკმილანმა და როდრიკმა (2011 წ.) სტრუქტურული ცვლილების შეფასების საინტერესო ინსტრუმენტი შემოგვთავაზეს. ავტორების აზრით, სტრუქტურული ცვლილებები ზრდას ამცირებს, თუ სამუშაო ძალა, დროთა განმავლობაში, ინაცვლებს ეკონომიკის დაბალპროდუქტიულ სექტორებში (ამ შემთხვევაში, სექტორში სამუშაო ძალის ნაკადის ზრდა კორელაციაში იქნება ამ სექტორში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის შემცირებასთან).
კონკრეტულ სექტორში დასაქმებაში ცვლილება განისაზღვრება, როგორც ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების წილის ცვლილება მთელს დასაქმებაში 2003-2015 წლებში. შედარებითი პროდუქტიულობა გამოითვლება, როგორც შესაბამისი სექტორის პროდუქტიულობის ფარდობა ეკონომიკის მთლიან პროდუქტიულობასთან 2015 წელს1.
ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი2 აჩვენებს საქართველოში 2003-2015 წლებში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების რამდენიმე საინტერესო მახასიათებელს. ვხედავთ, რომ დასაქმების წილსა და სამუშაო ძალის შედარებით პროდუქტიულობას შორის დადებითი და ძლიერი კორელაციაა, რაც ზრდის მასტიმულირებელ სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. ამ ტენდენციის ძირითადი განმაპირობებელია არაპროდუქტიულ სოფლის მეურნეობასა და დაბალპროდუქტიულ საბითუმო-საცალო ვაჭრობაში, ასევე, ავტომანქანების შეკეთების სექტორებში დასაქმების შემცირება. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების წილი მთლიან დასაქმებაში სტაბილურად მცირდება, თუ 2011 წელს იგი 60.56% იყო, 2015 წელს მხოლოდ 56.63% შეადგინა. დამატებით, გაიზარდა დასაქმება შედარებით მაღალპროდუქტქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მშნებელობა და ფინანსური მომსახურება. ამან ხელი შეუწყო სტრუქტურული ცვლილებებით განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას და ამით აიხსნება რეგრესული წრფის დადებითი დახრილობა. განათლება ერთადერთი საშუალოზე დაბალპროდუქტიული სექტორია, სადაც დასაქმების წილი 2003-2015 წლებში 0.46%-ით გაიზარდა.
გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკის სექტორების უმეტესობა კონცენტრირებულია Y ღერძის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს ნულოვან ცვლილებას დასაქმებაში. ასეთი სურათი უჩვეულო არ არის ზოგიერთი შედარებით პროდუქტიული სექტორისთვის, მაგალითად, სამთო მოპოვებისა და ელექტროენერგიის დისტრიბუციისთვის. ეს სექტორები არ არის შრომატევადი დარგები და ამიტომ წარმოება არ იზრდება მეტი სამუშაო ძალის დაქირავების ხარჯზე. უბრალოდ, ამ სექტორებმა ვერ შეძლეს დაბალპროდუქტიული სექტორებიდან (მაგ.: სოფლის მეურნეობა), დასაქმებული ადამიანების თავიანთ სექტორებში გადმონაცვლება. უფრო საგანგაშო ის არის, რომ არ იცვლება დასაქმებაში წარმოების წილი. საქართველოში ამ სექტორის ზომა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გარდამავალი პერიოდის წარმატებული ქვეყნების მაჩვენებლებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ზრდის მასტიმულირებელი სტრუქტურული ტრანსფორმაცია მიდის და ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება, სტრუქტურული ცვლილებების ტემპი შესამჩნევად დაბალია. ყველაზე სწრაფად სოფლის მეურნეობა იცვლება, სადაც დასაქმების წილი 4.62%-ით შემცირდა. თუმცა, ეს ტემპი არ არის საკმარისი, რადგან საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორს არის წარმატებული ქვეყნების სტრუქტურული დეკომპოზიციისაგან. იმისთვის, რომ დავეწიოთ განვითარებულ ქვეყნებს, საქართველომ უნდა დააჩქაროს სტრუქტურული ტრანსოფორმაცია ექსპორტის დივერსიფიკაციით (უნდა გასცდეს ნედლეულის ექსპორტს), საექსპორტო სექტორებში (მაგ.: წარმოება) შედარებითი უპირატესობის მოპოვებით, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მაკროეკონომიკური გარემოს შექმნით, სამუშაო ძალის მობილობის გასაუმჯობესებლად სამუშაო უნარების გაუმჯობესებით და ბოლოს, ბიზნესში ინვესტირებისთვის კარგი გარემოს შექმნითა და შენარჩუნებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
1 სექტორის შედარებითი პროდუქტიულობა განისაზღვრება როგორც ნომინალური მშპ ამ სექტორში დასაქმებულ ერთ ადამიანზე. თუ კორელაცია დასაქმებაში ცვლილებასა და შრომის შედარებითი პროდუქტიულობის ბუნებრივ ლოგარითმს შორის დადებითია, ქვეყანაში ზრდის მასტიმულირებელი სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. 2003 წელს თითოეული სექტორის შედარებითი ზომა მოცემულია წერტილოვან გრაფიკზე დატანილი წერტილების ზომით. სტრუქტურული ცვლილების ტემპი განისაზღვრება დასაქმებაში ცვლილების ზომით. რაც მეტია იმ ადამიანების წილი, რომლებიც სხვა სექტორში გადაინაცვლებენ, მით სწრაფად მიდის სტრუქტურული ტრანსფორმაცია.
2 კორელაცია სექტორის პროდუქტიულობასა და დასაქმებაში ცვლილებას შორის საქართველოში, 2003-2015 წწ., წყარო: საქსტატი, შინამეურნეობების ინტერგრირებული გამოკითხვა. აბრევიატურები: სმ – სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მეტყევეობა