როგორც არ უნდა ცდილობდეს კიმ იონგ-ანის პროპაგანდა, დიდებულად წარმოაჩინოს ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაში ემიგრაციისთვის თავს არავინ იწუხებს, იქიდან გამოღწევა კი თითქმის ყველას უნდა. მსგავსად, რასაც არ უნდა ამბობდნენ კონსერვატორი მუსლიმები გარყვნილ დასავლეთზე, ძალზე დიდია სუფთა მიგრაცია ისლამური ქვეყნებიდან ამ გახრწნილ და დეკადენტურ დასავლურ საზოგადოებებში. წარსულშიც „სოციალისტურ სამოთხეებსაც“ დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ მათი იღბლიანი მოსახლეობის ქვეყანაში დატოვება: 1961 წელს ბერლინის კედელი იმიტომ აშენდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკას დიდი რაოდენობით სამუშაო ძალის გადინების საფთხე დაემუქრა.
როგორც წყლის ნაკადი ემორჩილება გრავიტაციის კანონს, ისე ემორჩილება მიგრაცია ეკონომიკური სტიმულების კანონს. ეს ალეგორია ძალზე ზუსტია, რადგან წყლის ნაკადების განმაპირობებელი კანონების გამოყენებით შესაძლებელია საერთაშორისო მიგრაციის მოდელირება. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ეს ეგრეთწოდებული გრავიტაციული მოდელები მნიშვნელოვანი თემა გახდა მიგრაციის კვლევაში (იხ. პოლ რამოსის სტატია ჟურნალში IZA World of Labor). ამ მიდგომის გამოყენებით, ეკონომიკურ დიფერენციალებზე და მიგრაციის ხარჯზე დაყრდნობით, შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ საით წავა მიგრაციის ნაკადი. ამას აკეთებს, მაგალითად, გერმანული კომპანია „სატი“ ( SAT), რომელმაც ამ მიზნისთვის შეიმუშავა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (http://sat-ag.com/policysimulation/). პირიქითაც შეგვიძლია, ავიღოთ მიგრაციის ნაკადი მოცემულობად და მასზე დაყრდნობით შევაფასოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები და ცხოვრების ხარისხი. ეს მონაცემები უფრო ინფორმაციულია, ვიდრე მთელი პოლიტიკური რიტორიკა ქვეყნის სიდიადეზე და ა.შ., მიგრანტები ხომ, პირდაპირი მნიშვნელობით, „საკუთარი ფეხით“ აძლევენ ხმას მომავალს.
იმიგრაცია საქართველოში
ცხრილ 1-ზე ნაჩვენებია საქართველოში 1990-2015 წლებში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების რაოდენობა (ამ სტატიაში მოყვანილი ყველა მონაცემი აღებულია ევროკავშირის „საერთაშორისო მიგრანტების ნაკადების ტენდენციების“ 2015 წლის ანგარიშიდან). ამ დროის განმავლობაში, საქართველოში უცხოელების რაოდენობა თითქმის 50%-ით შემცირდა, 340 000-დან დაახლოებით 170 000-მდე. ერთი შეხედვით, ეს ტენდენცია გასაკვირია. საქართველო ხომ წამყვანი რეფორმატორი ქვეყნაა, რომლის ეკონომიკაც შესაშური ტემპით იზრდება, რომელმაც უდიდესი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების კუთხით, რაც გაცილებით სასიამოვნოს უნდა ხდიდეს საქართველოში ცხოვრებას?
პირველ რიგში, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 1990-იდან 2000 წლამდე მიგრანტების რაოდენობა შემცირდა. შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველო წარუმატებელი სახელმწიფო იყო, უკიდურეს კორუფციაში, კრიმინალში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩაფლული, კლეპტოკრატი ხელისუფლებით.
უფრო გასაკვირი ის არის, რომ ხალხი ქვეყანას 2005 წლის შემდეგაც ტოვებდა. თუმცა არც მთიდან დაშვებული წყალი წყვეტს დენას, როდესაც შუაგზას მიაღწევს – ვიდრე მიზიდულობა იქნება, ის ბოლომდე ირაკრაკებს ხეობაში. მსგავსად, მიგრანტების მუდმივად კლებადი რაოდენობა უფრო მეტად აიხსნება ალტერნატიულ ქვეყნებში არსებული საქართველოსთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობით. რატომ უნდა დარჩეს ადამიანი საქართველოში, როცა არსებობს, მაგალითად, გერმანია ან შვედეთი, რომლებიც არამხოლოდ უფრო მაღალ შემოსავლებსა და დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს სთავაზობენ მათ საზღვრებს შიგნით მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, არამედ სოციალურ კეთილდღეობასაც. ამ ფაქტების მნიშვნელობას ისიც ადასტურებს – და ეს სავსებით შეესაბამება მიგრაციის გრავიტაციულობის თეორიას – რომ ევროპაში საბერძნეთისა და იტალიის გავლით შესული მიგრანტების უმეტესობა არ ითხოვს თავშესაფარს ან ლტოლვილის სტატუსს ამ ქვეყნებში, ნაცვლად ამისა, ისინი გერმანიისა და შვედეთისკენ მიიწევს.
ამ თვალსაზრისით საქართველო შესანიშნავ მდგომარეობაშია. 2014 წელს ფლორიან ბირმანი და ერიკ ლივნი თავიანთ სტატიაში (შეგიძლიათ ნახოთ ISET Economist-ის ბლოგზე) გამოეხმაურენ იმ დროს ინიცირებულ უცნაურ კანონს იმიგრაციაზე: „საქართველოს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, რომ ჰქონდეს ღია საზღვრები და ლიბერალური შრომის ბაზარი. ქვეყანა იხეირებს ამგვარი პოლიტიკის ყველა სიკეთით ისე, რომ არ მოუწევს მის ნაკლოვანებებთან გამკლავება“. მართლაც, საერთაშორისო კომპანიები და ინვესტორები ძალიან აფასებენ, როდესაც შეუძლიათ ქვეყანაში ექსპერტები და სხვა თანამშრომლები ისე მოიწვიონ, რომ არ მოუხდეთ ვიზის მისაღები პროცედურების გავლა და შრომითი ბაზრის ბარიერების გადალახვა. ეს ნამდვილი კონკურენტული უპირატესობაა და მას, როგორც ISET-თან აღნიშნავენ უცხოელი მეწარმეები და საქართველოში მოქმედი კომპანიები, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, ჩაიდოს თუ არა ინვესტიცია საქართველოში. მაშასადამე, დასავლეთ ევროპა ეფექტურად არ აკონტროლებს მიგრაციას და არც საქართველოს აქვს რამე მიზეზი, ასე მოიქცეს.
მეტიც, იმ ფონზე, როდესაც ევროპა უფასო სოციალურ კეთილდღეობას სთავაზობს მოსახლეობას, უფასო სადილის მაძებარი მიგრანტები არ დარჩებიან საქართველოში, რომელიც უცხოელებს არანაირ სოციალურ დახმარებას არ სთავაზობს. საქართველოს შეუძლია, თვით-სელექციის იმედზე იყოს: იმ მიგრანტებს, რომლებიც ევროპაში წასვლას საქართველოში დარჩენას ამჯობინებენ, საამისოდ კარგი მიზეზებიც აქვთ, მაგალითად, ის, რომ არიან კვალიფიციური ექსპერტები ან აქ რაიმე ბიზნესი აქვთ.
იმიგრაცია სომხეთიდან და სომხეთში
მიგრაციის გრავიტაციულობის ჰიპოთეზის შემოსაწმებლად საინტერესო იქნება სომხეთიდან და სომხეთში მიგრაციის გაანალიზება. სომხეთში მყოფი ქართველების რაოდენობა, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილ 2-ში, მართლაც რომ ასახავს საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას. საბჭოთა კავშირში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო და 1990 წელს, ძალზე ცოტა ქართველს – მათაც კი ვისაც სომხური ფესვები ჰქონდა – ჰქონდა მიზეზი, წასულიყო სომხეთში. 2000-ზე ნაკლები ქართველი ცხოვრობდა სამხრეთით მეზობელ ქვეყანაში. შემდგომში შევარდნაძის წარუმატებლობაც მშვენივრად აისახად მომდევნო წლების მიგრაციაში: 1995 წლისთვის სომხეთში 25 000-მდე ქართველი იყო წასული, 2000 წლისთვის კი ამ ციფრმა 47 000-ს მიაღწია.
როდესაც ქვეყნის სადავეები რეფორმატორებმა აიღეს ხელში, მრავალმა მათგანმა გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. 2005 წელს სომხეთში უკვე მხოლოდ 31 000 ქართველი იყო დარჩენილი, 2010 წლისთვის მათი რიცხვი 26,000-მდე შემცირა. ახლა კი მათი რაოდენობა კვლავ 41 000-ს დაუბრუნდა, ეს კი შემდეგს ნიშნავს: გასულ წლებში ბევრმა ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გაუარესდა.
და მაინც, მიგრანტების აბსოლუტური რაოდენობა დამაბნეველია. 2015 წელს საქართველოში ცხოვრობდა 1980 სომეხი, ხოლო სომხეთში – 41 000 ქართველი. ნუთუ ეს შესაძლებელია? საქართველოს ხომ თანამედროვე, დასავლეთზე ორიენტირებული ეკონომიკა აქვს, რომელსაც ცალი ფეხი ევროკავშირში აქვს, როცა სომხეთი ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და ოთხი მეზობლიდან სამთან სავაჭრო ურთიერთოებები არ აქვს?
ამ წარმოდგენების საპირისპიროს ამტკიცებს არმსტატის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სომხეთში ხელფასები ოდნავ მეტია ვიდრე საქართველოში. 2014 წელს (ჩვენთვის ხელმისაწვდომი უახლესი მონაცემების მიხედვით) საქართველოში საშუალო ხელფასი 788.5 ლარი იყო, სომხეთში კი – 818 ლარი (კონვერტირებულია სომხეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით). ეს რიცხვები კონფლიქტში არ მოდის იმ ფაქტთან, რომ წყაროების უმეტესობის მიხედვით, საქართველოში ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ოდნავ მაღალია. სომხეთის ფინანსური რესურსის უდიდესი წყარო ფულადი გზავნილები და ძლიერი სომხური დიასპორაა, რომელიც იმდენად აისახება მშპ-ში, რამდენადაც ასტიმულირებენ მოთხოვნას ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე. გარდა ამისა, ყველა შემოსავალი ხელფასი არაა (არსებობს, ასევე, შემოსავალი კაპიტალიდან).
შეიძლება, საბოლოოდ სომხეთში არც ისე ცუდი სიტუაციაა, მიუხედავად რუსული გავლენისა. მართლაც, თბილისისგან განსხვავებით, ერევნის ცენტრში გასეირნებისას ადამიანი იფიქრებს, რომ ქვეყანა საკმაოდ მდიდარი და კარგად განვითარებულია. თუმცა ერევნის გარეუბნები ბევრით არაფრით არ განსხვავდება თბილისის გარეუბნებისგან, სომხეთში ბევრი სოფელია გაჩანაგებული (იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოში, სადაც სოფლები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია).
ამ ტენდენციის უფრო დამაჯერებელი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ სომხეთში მცხოვრები ბევრი ქართველი სინამდვილეში ეთნიკური სომეხია, რომლებიც 1990-იან წლებში სამუდამოდ დაბრუნდნენ სომხეთში, ინტეგრირდნენ სომხურ საზოგადოებაში და აღარ დააბრუნეს საქართველოს მოქალაქეობა. მართალია, ისინი სომხეთში მცხოვრები სომხები არიან, რომლებიც კულტურულად და ეკონომიკურად არ განსხვავდებიან თავიანთი თანამოქალაქეებისგან, მაგრამ მაინც სომხეთში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებად ითვლებიან.
რაც არ უნდა იყოს პასუხი, მიგრაცია ქვეყნის კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლია, რომელიც ეკონომისტებმა და პოლიტკის შემქმნელებმა უნდა გაითვალისწინონ. ის შეიძლება გამოვიყენოთ ეკონომიკური მიღწევების შესაფასებლად, და, პოლიტიკოსების შემთხვევაში, ამ მიღწევების პოპულარიცაზიისთვის. მეტიც, ის სცდება ეკონომიკას და ასახავს ქვეყანაში ცხოვრების პირობებსა და ქვეყნის კეთილდღეობას, რადგან სწორედ ეს ფაქტორები იზიდავს ან განიზიდავს ადამიანებს. მიგრაცია გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები!