უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. სულ უფრო მეტი სტუდენტი ამჯობინებს, განათლება სამშობლოს ფარგლებს გარეთ მიიღოს. განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავარ როლს ასრულებს დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაში. საერთაშორისო სტუდენტების მნიშვნელობა კი სცდება ეკონომიკაზე მოკლევადიან ფინანსურ ზემოქმედებას. მათი როლი განუზომელია სოციალურ დაახლოებასა და საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებაში.
ლიტერატურა განასხვავებს ორი ტიპის ეკონომიკურ შედეგს, რაც საერთაშორისო სტუდენტებს მოაქვთ: მოკლევადიან სარგებელს, რომელიც მიიღება სტუდენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვით, მაგალითად, სწავლის საფასურს, საცხოვრებელ ხარჯებს, სტუდენტის სანახავად ჩამოსული მეგობრებისა და ნათესავების მიერ გაწეულ დანახარჯებს და საშუალო ან გრძელვადიან შედეგს, რაც ხარისხის მიღების შემდეგ დგება. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში, რადგან ბევრი სტუდენტი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რჩება ქვეყანაში და წვლილი შეაქვს შრომის ბაზარში, იწყებს ბიზნესს, აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, ხელს უწყობს ვაჭრობას და ინვესტიციების მოძრაობას სამშობლოსა და მასპინძელ ქვეყანას შორის, იხდის გადასახადებს და ა.შ. შედარებით ნაკლებად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში სარგებელი, ძირითადად, მიიღება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის დამთავრებამდე, რადგან საერთაშორისო სტუდენტების უმრავლესობა არ რჩება მასპინძელ ქვეყანაში სწავლის დასრულების შემდეგ.
მაღალკვალიფიციური სტუდენტების იმიგრაცია დიდ როლს თამაშობს მასპინძელი ქვეყნის დოვლათსა და ზრდაში. თუმცა იმავე ლიტერატურის მიხედვით, ყველა ქვეყანას არ შეუძლია მოიზიდოს ბევრი მაღალკვალიფიციური სტუდენტი. მასპინძელი ქვეყანა სტუდენტებს ხიბლავს ინოვაციების, უცხოელების მიმართ ღიაობით, კვლევით საქმიანობასა და ინდუსტრიას შორის ძლიერი კავშირებით, მოქნილი საიმიგრაციო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, რომ მაღალკვალიფიციური უცხოელი სტუდენტი მოიზიდოს. ქვეყანაში, ამავდროულად, მაღალი ხარისხის განათლების სისტემაც უნდა არსებობდეს, რაც სტუდენტებს მეტ შესაძლებლობებს შეუქმნის სამომავლოდ შრომის ბაზარზე.
ქართული უნივერსიტეტები ცდილობენ, ფეხი აუწყონ საერთაშორისო ტენდენციებს და სულ უფრო მეტ ძალისხმევას ახმარენ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას, განათლების ინტერნაციონალიზაცია კი გახდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული საქართველოს საიმიგრაციო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი1. მთავრობამ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლების ექსპორტი2. გამარტივდა უცხოელი სტუდენტების ქართულ უნივერსიტეტში მიღების პროცედურები; მეტიც, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტები თავისუფლდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისგან3.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ სამ წელიწადში საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი გაორმაგდა და 2017 წელს გასცდა 9000-იან ნიშნულს. აზერბაიჯანის, ინდოეთის, ერაყის, ნიგერიის, თურქეთისა და რუსეთის მოქალეები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები საქართველოში განათლების მიღებით. საერთაშორისო სტუდენტების 90% ამ ექვს ქვეყანაზე მოდის. უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაიზარდა აზერბაინჯანელი, ერაყელი, ინდოელი და ნიგერიელი სტუდენტების რაოდენობა; ამავდროულად, სტაბილური რჩება თურქი და რუსი სტუდენტების რაოდენობა.
ცხრილი 1: უცხოელი სტუდენტები ქვეყნების მიხედვით
2013 | 2014 | 2015 | 2016 | |
აზერბაიჯანი | 1,088 | 1,726 | 2,721 | 3,514 |
ინდოეთი | 774 | 939 | 1,130 | 1,629 |
ერაყი | - | 63 | 651 | 1,237 |
ნიგერია | 587 | 701 | 781 | 942 |
თურქეთი | 456 | 599 | 717 | 679 |
რუსეთი | 375 | 359 | 409 | 410 |
სხვა | 897 | 1,203 | 1,263 | 850 |
ჯამი: | 4,177 | 5,590 | 7,672 | 9,261 |
წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დაკვეთითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში” (ENIGMMA) ფარგლებში, რომელსაც ასრულებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს ეკონომიკასა და უმაღლესი განათლების სისტემაზე უცხოეული სტუდენტების გავლენის შეფასება. ამ მიზნით შემუშავდა და განხორციელდა ონლაინ-გამოკითხვა, ჩატარდა ინტერვიუები უნივერსიტეტების მმართველებთან. მეორადი ინფორმაციის ანალიზი ჩატარდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით. კვლევით პროექტში გამოიკითხა სულ 277 უცხოელი სტუდენტი, ყველა გამოკითხული კვლევის ჩატარების მომენტში სწავლობდა ქართულ უნივერსიტეტებში; გარდა ამისა, ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები 10 უნივერსიტეტის ადმინისტრაციების 12 წარმომადგენელთან. ონლაინ-კვლევაში მონაწილე სტუდენტები 8 უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ეს უნივერსიტეტები დღეს მასპინძლობენ საქართველოში ჩამოსული სტუდენტების 60%-ს. ამასთან, ადმინისტრატორები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სირღმისეულ ინტერვიუებში, წარმოადგენენ უნივერსიტეტებს, რომლებიც დღეს მასპინძლობენ უცხოელი სტუდენტების 64%-ს.
კვლევა იძიებს, რა განაპირობებს საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების რიცხვის მნიშვნელოვან მატებას, აფასებს მიმდინარე ფინანსურ სარგებელს და სამომავლო განვითარების პოტენციალს. ეს არის ამ ტიპის პირველი ანგარიში, აქამდე ჯერ არ ჩატარებულა ვრცელი რაოდენობრივი კვლევა, რომელიც გაანალიზებდა საერთაშორისო სტუდენტების ეკონომიკურ და ფინანსურ გავლენას საქართველოზე.
ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, რეპუტაცია და შედარებით დაბალი სწავლის საფასური (ცხრილი 2). გარდა ამისა, აკადემიური ინსტიტუტის შერჩევისას სტუდენტები ითვალისწინებენ, ტარდება თუ არა კურსები ინგლისურ ენაზე და რამდენად კვალიფიციური ლექტორები ჰყავს უნივერსიტეტს. კითხვაზე, გაუწევდნენ თუ არა თავიანთ აკადემიურ უნივერსიტეტს რეკომენდაციას მეგობრებსა და ნათესავებთან, 78%-მა დადებითად უპასუხა. სტუდენტებმა, რომლებმაც უპასუხეს, რომ არ მისცემდნენ თავიანთ უნივერსიტეტს დადებით რეკომენდაციას, მიზეზად მოიყვანეს სწავლების დაბალი ხარისხი და სკოლის უუნარობა, პრაქტიკული გამოცდილება შესძინოს სტუდენტებს, ასევე, უკმაყოფილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციითა და თანამშრომლებით.
ცხრილი 2: უცხოელი სტუდენტები ქვეყნების მიხედვით
ცხრილი 2: არჩევნის განმსაზღვრელი ფაქტორები | აზერბაიჯანი | ინდოეთი | ერაყი | ნიგერია | სხვა | ჯამი |
უსაფრთხოება | 3.14 | 4.35 | 4.20 | 4.36 | 4.05 | 4.23 |
სწავლის საფასური | 3.71 | 4.08 | 3.77 | 4.32 | 4.00 |
4.00 |
საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობა | 4.00 | 3.94 | 3.58 | 3.77 | 4.33 | 3.90 |
საცხოვრებელი ხარჯები | 3.71 | 3.85 | 3.72 | 4.27 | 4.12 | 3.89 |
საქართველოს განათლების სისტემის კარგი რეპუტაცია | 3.86 | 3.82 | 3.51 | 3.91 | 3.98 | 3.77 |
სავიზო რეგულაციები | 3.57 | 3.81 | 3.46 | 3.64 | 3.19 | 3.61 |
კლიმატი | 2.86 | 3.62 | 2.99 | 3.23 | 3.05 |
3.32 |
კავშირები/მეგობრები | 3.43 | 3.66 | 2.99 | 2.95 | 2.83 | 3.30 |
გამოკითხვაში დასმული შეკითხვა: „გთხოვთ, აღნიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ქვემოთ მოყვანილი ფაქტორები საქართველოში სწავლაზე გადაწყვეტილების მიღებაში?” 1-დან „არ არის მნიშვნელოვანი“ 5-მდე „ძალიან მნიშვნელოვანია“.
საქართველოში მყოფ უცხოეულ სტუდენტებში ყველაზე პოპულარია სამედიცინო განათლება, რომელიც, ამავდროულად, ყველაზე ძვირადღირებულიცაა. სტუდენტების ნახევარზე მეტი სწავლობს მედიცინას, ფარმაციას ან სტომატოლოგიას. ქართულ უნივერსიტეტებს შორის ცალსახა ლიდერია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც საერთაშორისო სტუდენტების 18%-ს მასპინძლობს.
უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლების საფასური რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ქართველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლებაზე დაწესებულია მაქსიმალური ზღვარი 2500 ლარი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, უცხოელ სტუდენტს სწავლა, საშუალოდ, 6222 აშშ დოლარი (16 800 ლარი) უჯდება, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
საქართველოს უნივერსიტეტების მიერ უცხოელი სტუდენტების მასპინძლობა ცალსახად მიანიშნებს მათ გადამწყვეტ როლზე ინსტიტუტების განვითარებაში. ამით მათ საშუალება ეძლევათ, ინვესტიცია ჩადონ ახალ ინფრასტრუქტურაში, თანამედროვე ტექნოლოგიებში და სტუდენტებს შესთავაზონ საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანი. გარდა ამისა, საერთაშორისო სტუდენტების მთლიანი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 200 მლნ ლარად შეფასდა. ეს საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 0.6 და საქართველოს მომსახურების ექსპორტის 6 პროცენტს შეადგენს. დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი მოდის სწავლის საფასურზე, რაც 28.1 მლნ. აშშ დოლარს აღწევს (76 მლნ. ლარი), მას მოსდევს საცხოვრებელი ხარჯები– 16.7 მლნ. აშშ დოლარი (45 მლნ. ლარი). სწავლის დამთავრების შემდეგ ძალიან ცოტა უცხოელი სტუდენტი რჩება საქართველოში, ამიტომ მათი წვლილი ადგილობრივ შრომის ბაზარზე უმნიშვნელოა.
საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობის და სწავლის საფასურის ზრდა ქართულ უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნის ზრდაზე მიანიშნებს. ეს კი მეტი შესაძლებლობების საწინდარია. მთავრობამ სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, რომ სრულად გამოიყენოს ის კონკურენტული უპირატესობები, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია. უნდა დაეხმაროს მათ მომსახურების გაუმჯობესებაში, კიდევ უფრო გაამარტივოს სტუდენტების იმიგრაციასთან დაკავშირებული სერვისები. როგორც საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, საერთაშორისო სტუდენტებისგან მიღებული ფინანსური რესურსი კრიტიკულ როლს შეასრულებს ადგილობრივი უნივერსიტეტების მიერ ადგილობრივი სტუდენტებისთვის მიწოდებული საგანმანათლებლო სერვისების გაუმჯობესებაში.
1 მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, "საქართველის მიგრაციის სტრატეგია 2016-2020". http://migration.commission.ge/files/migration_strategy_2016-2020_1.pdf
2 საქართველოს მთავრობა, "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – საქართველო, 2020 წ.", 75. http://gov.ge/files/382_42949_233871_400-1.pdf
3 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, "საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისთვის სწავლის უფლების მინიჭება", http://www.mes.gov.ge/content.php?id=1131&lang=geo