შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

თელავი, ქართული ლუდის სმის დედაქალაქი?
ორშაბათი, 23 ოქტომბერი, 2017

თელავი, ყოფილი კახეთის სამეფოს დედაქალაქი ლამაზი ქალაქია, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიის მთების წარმტაცი ხედები იშლება. XVIII საუკუნეში მეფე ერეკლე სამეფოს თელავიდან მართავდა. სასახლე დღემდე შემორჩა, მეფე ერეკლეს ქანდაკება კი ამაყად დგას ქალაქის მოედანზე. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თელავი საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის დედაქალაქია.

თუმცა ამჯერად საქართველოს მეღვინეობის დედაქალაქი რამდენიმე დღით ლუდის სმის დედაქალაქად გადაიქცა, გერმანული ოქტობერფესტის მსგავსად. ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი და შესრულებული. ტრადიციულ ბავარიულ სამოსში  გამოწყობილი ქალი მიმტანები საუკეთესო ლუდს დაატარებდნენ, ყველა კუთხეში ცოცხალი მუსიკა ისმოდა, ფესტივალს თელაველი ბაიკერებიც შეუერთდნენ და ქუჩაში რბოლით უწევდნენ რეკლამას...

შინ დაბრუნების ან უკუმიგრაციის უპირატესობა

თელავის ოქტობერფესტის იდეა ერთ თელაველ ბიჭს ეკუთვნის. სანდრო ჭუაძე თავის დროზე ბაკალავრის (უსარგებლო) დიპლომის მისაღებად თბილისში გადმოვიდა. საგანმანათლებლო მიღწევების დამადასტურებელი ქაღალდის მიღების შემდეგ სანდრო სახლში დაბრუნდა, რომ ოჯახს ლუდის დისტრიბუციაში, მის ლოჯისტიკასა და მარკეტინგში დახმარებოდა, თუმცა ბიზნესი ნელა ვითარდებოდა. სანდრომ, ბიზნესში დარჩენის და რაიმე კარგის იმედად ყოფნის ნაცვლად, გადაწყვიტა, დამოუკიდებლად შეექმნა ახალი შესაძლებლობები. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანდრომ ბანკისგან ტექსტური შეტყობინება მიიღო, რომელიც მას 3000-ლარიანი სასესხო ლიმიტის დამტკიცებას ატყობინებდა.

სანდროს შინ დაბრუნება მსოფლიო ტენდენციას დაემთხვა – მილენიალებმა დიდი ქალაქების დატოვება და ლამაზ სოფლებსა თუ პატარა ქალაქებში გადასვლა დაიწყეს. უკანასკნელი კვლევები გვეუბნება, რომ განვითარებულ სამყაროში სულ უფრო მეტი მილენიალი ემშვიდობება ურბანულ ცენტრებს. ეს ტენდენცია  უპირისპირდება სოფლიდან-ქალაქში მიგრაციას, რომელიც მსოფლიოში ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული შეიმჩნევა (რიცერი, 2000 წ.).

საინტერესოა, ვინ არის და რატომ ურჩევნია ამ ხალხს ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრება. ისრაელში (ანონის და შამაის კვლევა, 2011 წ.) ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდი ადამიანური კაპიტალი და განათლება აქვთ, არიან დასაქმებული, ამოძრავებთ „პოსტ-მატერიალისტული“ ღირებულებები – რეალიზაცია, თვითგამოხატვა, ისინი აფასებენ ხარისხიან ცხოვრებას მწვანე გარემოსა და კარგ საზოგადოებაში.

მოულოდნელი არაა, რომ პოსტ-მატერიალიზმის ქარს ჯერ საქართველოში არ დაუბერავს. აქ საქმე პირიქითაა; უკანასკნელი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით (2014 წ.), განვლილი 15 წლის განმავლობაში, თბილისს რეგიონებიდან 340,000 მაცხოვრებელი შეემატა, ქალაქი კი დატოვა და რეგიონში საცხოვრებლად გადავიდა მხოლოდ 94,000 ადამიანი. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული და დაბინძურებულია, თბილისი მაინც ბევრ რამეს სთავაზობს მაცხოვრებლებს: დასაქმების შესაძლებლობას, განათლებას, ჯანდაცვას, გართობას და ა.შ.

ვინც არ რისკავს, ლუდსაც არ სვამს

თელავის მსგავს ადგილზე ადამიანმა შესაძლებლობები თავად უნდა შექმნას, რადგან მიმზიდველი სამუშაო შემოთავაზებები ასეთ ადგილებში უბრალოდ არ არსებობს. სანდროს ლუდის ინდუსტრიაზე გარკვეული ცოდნა ჰქონდა და გადაწყვიტა, ბანკის 3000 ლარით საქართველოს მეღვინეობის დედაქალაქში ლუდის ბარი გაეკეთებინა.

პირველად პაწაწინა მაღაზია იქირავა, დაახლოებით 16 კვადრატული მეტრის ზომის. ადგილს ერთი უპირატესობა ჰქონდა – იაფი იყო. სანდროს ქირა თვეში მხოლოდ 150 ლარი უჯდებოდა.  თუმცა მდებარეობა კარგი არ იყო, არც შენობის ექსტერიერი მოეწონებოდა პოტენციულ მომხმარებელს. ამ ნაკლოვანებების საკომპენსაციოდ, სანდრომ მთელი ენერგია (და არა ფული, რადგან ფული არ ჰქონდა) ახალი ბიზნესის სოციალური მედიის საშუალებით რეკლამას მოახმარა. მან „ლუდის სახლს“ ფეისბუქზე პერსონალური გვერდი (და არა ბიზნესგვერდი, რომელიც ხარჯიანია) შეუქმნა და თელავიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაამატა. სანდრო რამდენიმე დღის განმავლობაში ამატებდა თელავში მცხოვრებებს, მეგობრების მეგობრებს, მეგობრების მეგობრების მეგობრებს, ყველას ეპატიჟებოდა, თვალი ედევნებინათ მისი გვერდისთვის. ორ კვირაში 4000 ადამიანზე ავიდა.

სანდროს ისიც უნდოდა, რომ მისი ბიზნესი კონკურენტების ბიზნესისგან განსხვავებული ყოფილიყო, ამიტომ გადაწყვიტა, ცოცხალი კიბორჩხალები გაეყიდა, რაც თელაველებისთვის სიახლე იყო. თავის აკვარიუმში მყოფ კიბორჩხალებს ფოტო გადაუღო და ფეისბუქზე დაპოსტა. ბევრი ადამიანი დაინტერესდა სანდროს ბარითა და მისი ცოცხალი კიბორჩხალებით, და, რა თქმა უნდა, მისი ლუდის გასასინჯად ესტუმრა ბარს.

„ლუდის სახლი“ თელავში აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი გახდა. უკვე საჭირო გახდა მომხმარებლების შენარჩუნება და მომხმარებელთა ბაზის გაზრდა. მთავარი სტრატეგია იყო ლუდის არჩევნის გაფართოება და თევზის სხვადასხვა სახეობის დამატება. პირველივე თვეს სანდრომ ექვსი სხვადასხვა ბრენდის ლუდი შესთავაზა მომხმარებელს. რაც შეეხება საფასო სტრატეგიას, მან დაბალფასიანი და მაღალბრუნვიანი სტრატეგია აირჩია. ეს მიდგომა კარგად მოერგო კახელ მომხმარებელს, რომელიც თხელი საფულით და დიდი ღიპით გამოირჩევა. სანდროს გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ საჭირო იყო თითოეული გამომუშავებული თეთრის ბიზნესში უკან ჩადება.

წარმატებული წლის შემდეგ სანდრომ თავდაჯერებულად გადაწყვიტა ახალი ბარის გახსნა. ამჯერად ბარი მომხმარებლის სხვა სეგმენტზე იყო გათვლილი – ტურისტებსა და იმ ახალგაზრდა თელაველებზე, რომლებიც ცენტრალურ მოედანზე მეგობრებთან დროის გასატარებლად იკრიბებიან. სანდრომ შესაფერისი, გაცილებით დიდი და სასიამოვნო ადგილი იპოვა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. მან ბარი კარგად გაარემონტა და ასორტიმენტს ღვინოც შემატა (მის მაღაზიაში ხშირად შედიოდნენ ტურისტები, რომლებიც ჯიუტად ითხოვდნენ ქართულ ღვინოს და არა გერმანულ ლუდს). 3000 ლარით დაწყებულ ბიზნესს ახლა 7 ადგილობრივი თანაშრომელი ჰყავს. მენიუში ქართული და უცხოური ლუდის 16, თევზის 30 სახეობა და მრავალნაირი ღვინოა.

კარგი საქმის კარგად კეთება!

ზაფხულში, საღამოობით ბევრი თელაველი სეირნობს ქალაქის ლამაზ მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ თელავი სიდიდით საქართველოს მერვე ქალაქია, ის ბევრს ვერაფერს სთავაზობს ახალგაზრდებს: ქალაქში არ არის კინოთეატრები, საფეხბურთო ფანკლუბები, მუსიკალური კლუბები, სადაც ახალგაზრდები გაერთობოდნენ. სანდრომ თავისი ბიზნესის წამოწყებით და ოქტობერფესტის თელავში ჩატარებით საკუთარ თავს კარგი საქმე გაუკეთა, მაგრამ ეს სხვების – ადგილობრივი საზოგადოებისა და კახეთში რთველის დროს ჩასული ტურისტების – ცხოვრებაში მხიარულების შეტანით გააკეთა.

საბედნიეროდ, სანდრო ერთადერთი არაა, ვისაც ადგილობრივ საზოგადოებაში ცვლილების შეტანა სურს. სულ ახლახანს, 2017 წლის ზაფხულში, ორმა მეგობარმა, ედუარდმა და ნანამ სოციალური ბარი სახელად „მეგო-ბარი“ (შესანიშნავი კალამბურია) გახსნეს ზუგდიდში, სამეგრელოს დედაქალაქში. მეორე ასეთი მაგალითა ქეთია და მისი მეგობრების ლიტერატურული კაფე „ცოდნის კაფე“ კახეთი პაწაწინა ქალაქ წნორში. კაფე კონცერტებს და საჯარო სემინარებს მასპინძლობს. დიახ, კონცერტებსა და საჯარო სემინარებს წნორში!

ასე რომ, თუ ჯერ კიდევ ოცნებობთ ქალაქგარეთ სამოთხეში ცხოვრებაზე, დროა, გაიაზროთ, რომ ამ სამოთხის შექმნა თავადაც შეგიძლიათ. უბრალოდ, მიჰყევით სანდროს, ედუარდის, ნანასა და ქეთის გზას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა