2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკური რუკა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ფერად მიჩნეული ლურჯის ტონებით შეიფერა. ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მუნიციპალური არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო, გარდა ერთისა. პარტიამ ყველა საკრებულოში შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვა და ყველა ქალაქისა თუ თვითმმართველი ერთეულის მერი პარტიული კანდიდატი გახდა.
დღეს დასავლეთ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ შეერთებულ შტატებში ასეთი შედეგის მიღწევა ძალიან უჩვეულო, თითქმის შეუძლებელიც კია, რადგან გარემო პოლიტიკურად პოლარიზებულია. ასეთი შედეგები იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ამომრჩეველს მეტისმეტად მოაწონა თავი? მთავრობის მხარდამჭერები ამ შეფასებას ერთხმად დაეთანხმებოდნენ და მაგალითებად ძალზე საჭირო რეფორმებს (სასამართლოს, საგადასახადო ადმინისტრირების, სასჯელაღსრულების სისტემის), ქართულ-რუსული ურთიერთობების შედარებით დაცხრობასა (და, ამავდროულად, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კურსის შენარჩუნებას!) და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მოიყვანდნენ.
ოპონენტები კი (რომლებიც ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ჯერ კიდევ მრავლად არიან და საკმარისადაც ხმაურობენ) დაბალი ეკონომიკური ზრდითა და ლარის ისტორიული გაუფასურებით შეეცდებოდნენ ამ შეფასების გაბათილებას და იმასაც დასძენდნენ, რომ ქართული ოცნების მიღწევები ევროცენტრულ საგარეო პოლიტიკაში (ვიზალიბერალიზაცია თუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) მათი პოლიტიკური წინამორბედების მიერ მომზადებულ საფუძველზე აღმოცენდა.
რაც არ უნდა ვერდიქტი გამოუტანონ ქართული ოცნების მიღწევებს, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოს მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი ქართული ოცნების წინამორბედი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფერად მიჩნეული წითლის სხვადასხვა ტონით იყო შეფერილი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ გამარჯვება იოლად როდი მოიპოვა. ეს გამარჯვება თბილისის ქუჩებში გამართული საპროტესტო გამოსვლების ფონზეა მიღწეული. თუმცა ის არაფრით ჩამოუვარდებოდა ქართული ოცნების მიერ 2016 და 2017 წელს მოპოვებულ გამარჯვებას.
გრაფიკი 1. 2008, 2012 და 2016 წლების საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმოდგენილი პარტიების სია არჩევნების შედეგების მიხედვით. წითელი ქვეყნის გალურჯებას 10 წელიც კი არ დასჭირდა
შენიშვნა: I – 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები; II – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები; III – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები; IV – 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ლურჯ ფერში: ქართული ოცნების მიერ მოგებული უბნები.
მართლაც, საქართველოს მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკური ცხოვრების დაბალანსება ძნელია. ზემოთ მოცემულ საარჩევნო რუკებზე ნაჩვენები 2008 წლის და წლევანდელი შედეგებიც ამ პოლარიზებაზე მეტყველებს. ხმის მიცემისას მასობრივი დარღვევები შეგვიძლია გამოვრიცხოთ. შესაბამისად, საჭიროა, საქართველოს მმართველი პარტიების განსაცვიფრებელ წარმატებებს უკეთესი ახსნა მოვუძებნოთ.
საქართველო: ორი პოლიტიკური კულტურა ერთ ქვეყნაში
ამ შედეგების მთავარი ახსნა (და საქართველოს ახალფეხადგმული დემოკრატიის მთავარი გამოწვევა) სოფლად მცხოვრებ ქართველებში (კერძოდ კი, ეთნიკურ უმცირესობებში) გავრცელებული ტენდენციაა – ისინი არჩევნებზე ხმას სათავეში მყოფ ძალას აძლევენ.
გრაფიკები 2(ა) და (ბ) აჩვენებს, რამდენად ადვილია სოფლად მცხოვრებ ქართველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენა მოქმედი მმართველობის სასარგებლოდ.
- სოფლად მცხოვრები ამომრჩევლების ნაწილი ნაციონალური მოძრაობის მომხრე დარჩა 2012 წლის (მძიმე) დასასრულამდე, ამომრჩევლის რაოდენობით პირველმა ხუთმა ქალაქმა კი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) ხმა ცვლილებას მისცა.
- ოთხი წლის შემდეგ, 2016 წელს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობები უკვე ქართული ოცნების მხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, მაშინ, როცა საქართველოს დიდ ქალაქებში ქართულ ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა.
გრაფიკი 2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების (პარტიული წარმომადგენლების) მხარდაჭერა, დასახლების ტიპის მიხედვით:
(ა) 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები
(ბ) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
საქართველოს ტრადიციული ელექტორატის პოლიტიკური ქცევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული პოლიტიკური დამოკიდებულებების კვლევის შედეგებშიც ჩანს. კვლევა ვერ ასახავს 2016 წლის არჩევნების რეალურ შედეგებს, მაგრამ ნათლად აჩვენებს, რომ სოფლად მცხოვრებ ამომრჩევლებში გავრცელებული ტენდენციაა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების არგამჟღავნება („არც ერთი პარტია,“ „არ ვიცი,“ „უარი თქვა პასუხის გაცემაზე“). იმ ადამიანების წილი, ვინც პოლიტიკური პრეფერენციები არ გაამჟღავნა, ყველაზე დაბალი იყო დედაქალაქში (46%), რომელსაც მოჰყვებოდა დიდი ქალაქები (56%) და სოფლები (61%). მათი წილი ყველაზე მაღალი (63%) იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
უკვე ვიცით, რომ რეალობაში სოფლად მცხოვრები ამომრჩევლები ფსონს სათავეში მყოფ ძალაზე აკეთებენ (ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს და ქართული ოცნება 2016 წელს). დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის გამოკითხვიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოფლად მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ამომრჩევლებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე, არ უნდათ საკუთარ პროსამთავრობო პრეფერენციებზე ისაუბრონ გამოკითხვისას, რადგან ფიქრობენ, რომ ამ გამოკითხვებს ოპოზიციური ძალები ატარებენ ან მათ გაუმხელენ ამ ინფორმაციას.
გრაფიკი 3. დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემები საზოგადოებრივ დამოკიდებულებაზე, ივნისი, 2016 წელი
2016 წლის არჩევნებში სოფლად მცხოვრები ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების რადიკალური ცვლილება შეიძლება აიხსნას 2013 წლის ზაფხულში საქართველოს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზრის გახსნით ან იმ ფერმერებისთვის განკუთვნილი დაფინანსებისა და სასოფლოს-სამეურნეო პროგრამების რაოდენობის მკვეთრი ზრდით, ვისთვისაც სოფლის მეურნეობა საარსებო ან ნახევრად-საარსებო წყაროა. ამ ფაქტორებმა ნამდვილად შეუწყო ხელი ქართული ოცნების გამარჯვებას 2016 და 2017 წლების არჩევნებში, მაგრამ იმავე ფაქტორებმა (უარყოფით კონტექსტში) არ შეუშალა ხელი მიხეილ სააკაშვილს, მეორე ვადით მოსულიყო სათავეში 2008 წელს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხმების დიდი ნაწილი მიეღო 2012 წელს. საქართველოს სოფლად მცხოვრები ადამიანები ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ამომრჩევლები არიან, მაშინაც კი, როდესაც მთავრობის დაპირებები ინკლუზიურ ზრდასა თუ კეთილდღეობაზე მხოლოდ ოცნებად რჩება.
პოლიტიკური ცვლილებები იწყება თბილისში ან საერთოდ არ იწყება
როგორ მეტყველებს ამომრჩევლების ასეთი ქცევა საქართველოს უნარზე, გაატაროს დემოკრატიული ცვლილებები? ნათელია, რომ თბილისის და (ნაკლებად) სხვა დიდი ქალაქების (ბათუმის, ქუთაისის) ინტელექტუალური და ბიზნეს ელიტები პოლიტიკური ცვლილების განხორციელებაში წამყვან როლს თამაშობენ. საქართველოს 2003 წლის ვარდების რევოლუცია თბილისში დაიბადა და არა სოფელში. 2012 წელს თბილისმა უდიდესი მხარდაჭრა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების კოალიციას, სოფლად მცხოვრებმა ამომრჩევლებმა კი კვლავ ნაციონალურ მოძრაობას მისცეს ხმას.
კონსერვატიული, ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მხარდამჭერი ძალები ძლიერდება ტრადიციულ დასახლებებში, სოფლად, იქ, სადაც ადამიანების პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველ ადგილზე წმინდად ადგილობრივი საზრუნავი დგას – წვდომა კომუნალურ მომსახურებებზე, დასაქმება, ჯანდაცვა და განათლება (რომელთაც ცენტრალური ხელისუფლება აწვდის მათ). ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში, სადაც ადამიანები ქვეყნის პოლიტიკური საკითხების მიმართ (ლოკალური საკითხებისგან განსხვავებით) ინდიფერენტულობას და აპათიას ავლენენ.
საქართველოს უახლესმა ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ თბილისი (და ზოგადად საქართველო) ჯერ არ არის მომწიფებული პოლიტიკური ცვლილებისთვის. კახა კალაძე, ფეხბურთის ვარსკვლავი და ქართული ოცნების ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, შესაძლოა ძალიან პოპულარული კანდიდატია, მაგრამ მისმა გამარჯვებამ თბილისის მერის არჩევნების პირველივე ტურში აჩვენა, რომ საქართველოს დედაქალაქი ჯერ კიდევ ძალზე ლურჯია. მეტიც, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის გამოკითხვები და არჩევნების რეალური შედეგები აჩვენებს, რომ ოპოზიციური ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ხმაურობენ, უიმედოდ დანაწევრებული არიან. ძლიერი, გამაერთიანებელი ოპოზიციური ლიდერის არარსებობის გამო ქართული ოცნებისთვის გაცილებით ადვილია ისეთ რაიონებში გამარჯვება, სადაც ხალხი ალტერნატივას აირჩევდა და არა სტატუს კვოს.
ქართულ პოლიტიკაში ძლიერი ლიდერი ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მმართველ კოალიციებს და პარტიებს ძლიერი (ფორმალური თუ არაფორმალური) ლიდერები კრავდნენ ერთად: შევარდნაძე 1992/3 წლიდან 2003 წლამდე, სააკაშვილი 2003/4 წლიდან 2013 წლამდე, ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან. ეს უკანასკნელი კვლავ ქართული ოცნების სათავეშია, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ოფიციალური თანამდებობიდან გადადგა. არაფორმალურად ის კვლავ შესანიშნავად ახერხებს ქართული ოცნების ერთიანობისა და განჭვრეტად მომავალში პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას.
* * *
მოკლევადიან პერიოდში, სოფლად მცხოვრებ ქართველებში გავრცელებული ქცევა, მხარი დაუჭირონ მოქმედ მმართველს, სტაბილიზატორის როლს თამაშობს. ის ახალ მთავრობებს საშუალებას აძლევს, ძალები გააერთიანონ და, სურვილის შემთხვევაში, ამბიციური რეფორმები გაატარონ. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ეს ტენდენცია ქართულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. პირველ რიგში, ამ ქცევის შედეგად, ცვლილების განმაპირობებელი პოლიტიკური ძალები თბილისსა და ქვეყნის მთავარ ურბანულ ცენტრებში არასახარბიელო პოზიციაში ვარდებიან პოლიტიკურ შედეგებზე ზემოქმედების ფორმალური არხების თვალსაზრისით – იწევს პოლიტიკური ტემპერატურა და ნოყიერი ნიადაგი იქმნება პოლიტიკური გამოხატვის ძალადობრივი ფორმებისთვის. მეორე, ის მთავრობის დემოკრატიულ პასუხისმგებლობას ასუსტებს, ასევე, უმცირებს სურვილს, პროცესები დემოკრატიულად, საზოგადოების ჩართულობით წარმართოს და კეთილდღეობის მომტანი რეფორმები განახორციელოს.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა (რომელიც ახლანდელი ფორმით ხელს უწყობს საპარლამენტო აბსოლუტური უმრავლესობის შექმნას) უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის, სადაც უფრო მარტივი იქნება ძალაუფლებაში მყოფი პარტიისთვის კონკურენციის გაწევა. მიუხედავად ამისა, სიბრიყვე იქნება იმის დაჯერება, რომ ნებისმიერი ასეთი რეფორმა, ცალკე აღებული, საქართველო სრულყოფილ დემოკრატიად აქცევს. საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხანგრძლივი სამოქალაქო განათლება დასჭირდება, ვიდრე სრულად გაითავისებს დემოკრატიულ თავისუფლებას და დამოუკიდებლად, უშიშრად ისარგებლებს თავისი დემოკრატიული უფლებებით.