შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ვის შეხვდება გაზრდილი ნამცხვარის მსუყე ნაჭერი?
შაბათი, 23 დეკემბერი, 2017

2017 წელი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება საქართველოსთვის 2008 წლის კრიზისის შემდეგ. ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდა დაახლოებით 5%-ია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოლოდინებსა და ადრეულ პროგნოზებს აჭარბებს. საქსტატის მიერ I და II კვარტლების განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მშპ-ის ყოველწლიური ზრდის პროგნოზი 4.9%-ია. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ III კვარტალში ეკონომიკა საქსტატის წინასწარ შეფასებაზე (4.4%) მეტად გაიზრდება.

ბუმი მხოლოდ საქართველოში არ არის. ფაქტობრივად, საქართველო მისდევს იმ ტალღას, რომელიც მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას: თურქეთის ეკონომიკა 2017 წლის III კვარტალში 11.06%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში სომხეთსაც მნიშვნელოვანი ზრდა (17.6%) ჰქონდა, რუსეთმაც კი მოითქვა სული და III კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკას 2.47% შემატა. დიდწილად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია უშუალო სამეზობლოში მიმდინარე დადებითი ცვლილებებით: გაიზარდა გარე მოთხოვნა ქართულ ტურისტულ მომსახურებებზე, ტრადიციულ ექსპორტსა (ღვინო, მინერალური წყალი, სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები) და შრომაზე (რაც გამოიხატება საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქართველების მიერ გამოგზავნილი თანხების ზრდაში).

შეეხო თუ არა ეს ზრდა რიგით ქართველებს? იქონია თუ არა მან გავლენა ქართული ოჯახების შესაძლებლობაზე, დაიკმაყოფილონ აუცილებელი საჭიროებები და დაზოგონ ფული შავი დღისთვის?

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ყოველთვიური გამოკითხვის თანახმად, 2015 წლის შემოდგომაზე მომხმარებელთა განწყობის მაჩვენებელი უკიდურესად დაეცა და -40 პუნქტი შეადგინა. თუმცა ამის შემდეგ ინდექსი მუდმივად იზრდებოდა. განსაკუთრებით დადებითი ტრენდი შენარჩუნდა 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბრამდე, როდესაც მომხმარებელთა განწყობის ინდექსი -11-12 პუნქტამდე გაიზარდა. 2017 წელს მომხმარებელთა განწყობა შედარებით მეტი ცვალებადობით გამოირჩეოდა: 2017 წლის მარტში ინდექსი საკმაოდ დაეცა და -30.9 პუნქტი შეადგინა, თუმცა შემდეგ გაუმჯობესება დაიწყო და ნოემბრისთვის -18.3 პუნქტამდე გაიზარდა.

უკავშირდება თუ არა მომხმარებელთა განწყობის გაუმჯობესება ეკონომიკურ ზრდას?

დიდად არა. 2016 წელს მომხმარებელთა განწყობის ინდექსი სწრაფად გაუმჯობესდა, როცა ქვეყნის მშპ მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე (1.7%) უკეთესი, თუმცა 2015 წლის (2.8%) მაჩვენებელზე უარესი შედეგი იყო. სანაცვლოდ, 2017 წლის მეორე ნახევარში, შთამბეჭდავი ზრდის მიუხედავად, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი უცვლელი დარჩა და -18-20 პუნქტებს შორის მერყეობდა. როგორც ჩანს, ზრდა ნაკლებად აისახა შინამეურნეობების შემოსავლებსა და ადგილობრივი მომხმარებლების განწყობაზე.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა  განაპირობა არა შიდა მოთხოვნის ზრდამ, არამედ ჩვენი უშუალო მეზობლების მომხმარებლებიდან წამოსულმა ძლიერმა მოთხოვნამ: საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ქართული კაზინოებისა და ზღვისპირა კურორტების, ფოლკლორის, საუკუნოვანი სამზარეულოს, მინერალური წყლებისა და ღვინის მოყვარულებმა იზრუნეს.

რა შეიძლება იყოს 2015 წლის შემოდგომის შემდეგ მოხმარებელთა განწყობის ზრდის მიზეზი, თუ არა ეკონომიკური ზრდა? სხვა რითი აიხსნება  2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის მკვეთრი გაუმჯობესება?

ეს გადანაწილებაა (გადანაწილების მოლოდინი), სულელო!

წარსულშიც არაერთხელ გვითქვამს, რომ უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში ქართველი მომხმარებლების განწყობის დინამიკა ორი ძირითადი ფაქტორით აიხსნება: ქართული ლარის გაცვლითი კურსი სხვა მთავარი უცხოული ვალუტების მიმართ და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.

უკვე ბევრი მელანი დაიხარჯა იმის ახსნაზე, როგორ მოქმედებს ლარის გაუფასურება ქართული ოჯახებისა და მცირე და საშუალო საწარმოების კეთილდღეობაზე. მართლაც, ლარის მზარდ გაუფასურებასთან ერთად, ქართულ ოჯახებს უწევთ, ლარში მიღებული შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი გადაიხადონ აშშ დოლარში აღებული სესხის გადასახდელად. თუმცა შეიძლება ამ მსჯელობაში ერთი საკითხი გამოგვრჩა: ლარის გაუფასურება ნიშნავს, რომ ქართული ოჯახების შემოსავლები ქართულ ბანკებზე გადანაწილდა. მარტივად რომ ვთქვათ, ქართველი მსესხებლების მიერ სესხის მომსახურებაში გადახდილი ყოველი დამატებითი ლარი გულისხმობს ქართველი დამკრედიტებლების მოგების ზრდას, რომელთა მოგებამაც აქამდე უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწია. ქართული საბანკო სექტორის მიერ მიღებული სარგებელი ქართველი ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილზე ნაწილდება. სწორედ ამიტომ, ნამცხვრის ზომის ზრდა ვერ დააკომპენსირებს ლარის გაუფასურებით მიყენებულ ზარალს, რამაც მომხმარებელთა განწყობის უპრეცედენტო კოლაფსი გამოიწვია.

ლარის გაუფასურებამ ოჯახების შემოსავლები საქართველოს მსხვილ საბანკო ჯგუფებზე გადაანაწილა, როცა საქართველოს დემოკრატიულმა არჩევნებმა შექმნა საპირისპირო განაწილების – ქართული ბიზნესიდან ოჯახებზე განაწილების – მოლოდინი.

2015 წლის ბოლოს, ლარმა შეწყვიტა გაუფასურება, რადგან დეკემბერში საქართველოზე „კვირიკაშვილის ეფექტმა“ იმოქმედა. თუმცა მოლოდინები  კიდევ ერთხელ გადალაგდა 2016 წლის სექტემბერში, როდესაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა სიღარიბესთან საბრძოლველად სხვადასხვა რეფორმა დააანონსა: საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განახლება, საპენსიო რეფორმა ხანდაზმულთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, რომლითაც მოშორებით მდებარე სოფლები თბილისსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში მდებარე ბაზრებს დაუკავშირდება.

2016 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოულოდნელად შემცირდა იმ ადამიანების წილი, ვინც განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში გაუარესდა. უფრო მეტმა განაცხადა, რომ მდგომარეობა მხოლოდ მცირედით გაუარესდა, სტაბილურია ან გაუმჯობესდა კიდეც...

შეიცვალა მოლოდინებიც მომავლის შესახებ, რადგან უფრო მეტი ადამიანი ელის, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ ოდნავ გაუარესდება ან იგივე დარჩება.

ყველაზე მკვეთრად შეიცვალა ხალხის მოლოდინი მსხვილ შესყიდვებთან დაკავშირებით...

ადამიანებს უკვე სჯერათ, რომ შეუძლიათ, ფულის, თუნდაც ცოტაოდენის, დაზოგვა...

ადამიანები აცხადებენ, რომ უფრო ნაკლებად აქვთ ვალებში გადავარდნის ალბათობა...

როგორც ზემოთ ვნახეთ, უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ქართველ მომხმარებელთა განწყობა უცვლელია. ამ ყველაფრის მიზეზია გაუფასურების წნეხი და მთავრობის უუნარობა, დროულად შეასრულოს დაპირება შემოსავლების განაწილების თაობაზე. წლები დასჭირდება პროფესიული განათლებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ამბიციური რეფორმების განხორცილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ გაჭირვებულების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი კი სხვა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ იმედი ვიქონიოთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდა ნელ-ნელა ხალხზეც აისახება და მომხმარებელთა განწყობაც გაუმჯობესდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა