„საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. ქვეყანა პატარა (მოსახლეობა 5 მლნ-ზე ნაკლებია) და უკიდურესად ღარიბია (დღესაც კი საშუალო წლიური შემოსავალი 4,000 აშშ დოლარზე ნაკლებია). თუმცა, თუ საქართველო ხორვატიასავით მდიდარი გახდება, ისიც შეძლებს უემბლის სტადიონზე ინგლისის დამარცხებას,“ – სიმონ კუპერი და სტეფან ჟიმანსკი, სოკერნომიქსი (2006 წ., გვ. 287).
„ფეხბურთი დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში,“ – ცნობილი ხუმრობა ქართულ ფეხბურთზე.
ამ ზაფხულს რუსეთი კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად როგორც FIFA-ს 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის1 მასპინძელი და არა როგორც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპანტი. თითქმის მთელი მსოფლიო საფეხბურთო ციებ-ცხელებამ შეიპყრო და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქუჩაში სხვადასხვა ნაკრების მაისურით მოსიარულე არაერთ ადამიანს შეხვდებით. ადგილობრივი კაფეები და პაბები ფან-კლუბებად იქცა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები ფრიალებს. ხალხი აქტიურობს სოციალურ თუ რეგულარულ მედიაში, წერენ სტატუსებს მათ საყვარელ გუნდებზე, დასცინიან ჩემპიონატზე ვერმოხვედრილ და ჩემპიონატიდან ნაადრევად გავარდნილ საფეხბურთო ნაკრებებს (მაგალითად, გერმანიის ნაკრებს, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევაც კი ვერ შეძლო, მას შემდეგ რაც მექსიკისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან დამარცხდა), აკეთებენ ძალიან სასაცილო მიმებს2 და ცდილობენ, წინასწარ გამოიცნონ მატჩების შედეგები. როგორც კი საუბარი ფეხბურთზე იწყება, ხალხი თავს ანებებს მთავრობის ლანძღვას ან ეკონომიკურ სიდუხჭირეზე უკმაყოფილების გამოთქმას და მთლიანად ამ ლამაზი სანახაობით ცხოვრებას იწყებს. ეკონომისტებიც, სხვა გულშემატკივრების მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე არიან გადართულნი. მაგრამ რიგითი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ისინი საფეხბურთო ქვეყნების წარმატებასა თუ წარუმატებლობას ეკონომიკური მეცნიერების პრიზმაში აანალიზებენ. აღნიშნული ბლოგის მიზანია იმის შესწავლა, თუ რა განაპირობებს ქვეყნების წარმატებას ფეხბურთში და რა ფაქტორები განსაზღვრავს ქვეყნების საფეხბურთო პოტენციალს, აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი, არსებული რესურსებით (ქვეყანის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე) მოხვდეს ისეთ მასშტაბურ საფეხბურთო ტურნირზე, როგორიც FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატია.
ქვეყნის საფეხბურთო პოტენციალის განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასული გუნდების შესახებ არსებული სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზებით უნდა დავიწყოთ. ირკვევა, რომ ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებს შორის, ყველაზე მდიდარი შვეიცარიაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე3 63,889 აშშ დოლარს უტოლდება (რაც ექვსჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს), ყველაზე ღარიბი ქვეყანა კი სენეგალია, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 2,566 აშშ დოლარს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აფრიკული ქვეყნები აღნიშნულ ჩემპიონატზე ყველაზე ღარიბები არიან და ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა (ჯგუფიდან გასვლასთან ყველაზე ახლოს სწორედ ყველაზე ღარიბი სენეგალი იყო, რომელსაც უახლოესმა კონკურენტმა, იაპონიამ მხოლოდ საფეხბურთო ფეირპლეის დაცვით აჯობა და სენეგალმა შესაბამისად უფრო მეტი ყვითელი ბარათის მიღების გამო ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა). აფრიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ შედარებით დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე (20,000 აშშ დოლარზე ნაკლები) მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა. ყველაზე მდიდარი ევროპის კონტინენტის ქვეყნები კი აგრძელებენ ლიდერობას აღნიშნულ პრესტიჟულ ტურნირზე და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მხოლოდ ევროპული ნაკრებებიღა არიან შემორჩენილნი.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახლეობის სიდიდით პირველი ქვეყანა ბრაზილიაა (208 მილიონი4 ადამიანი), ყველაზე მცირე მოსახლეობა კი ისლანდიას ჰყავს (334,252 ადამიანი, რაც თბილისის მოსახლეობაზე სამჯერ ნაკლებია). ნიგერია ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდით5 არის წარმოდგენილი, პანამა და კოსტა რიკა კი ყველაზე ასაკოვანი6 შემადგენლობით გამოირჩევიან. შვეიცარიას, ისლანდიას, ნიგერიასა და ბელგიას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავთ საკუთარი ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატიდან, მაშინ, როდესაც სენეგალისა და შვედეთის გუნდების ყველა მოთამაშე სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში ასპარეზობს. ინგლისსა და რუსეთს ყველაზე მეტი მოთამაშე ჰყავს შიდა ლიგებიდან – 23 და 21, შესაბამისად. როგორც ხედავთ, საფეხბურთო ნაკრებები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან სოციო-ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით და ერთი შეხედვით შეუძლებელია მზა რეცეპტის დაწერა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ წარმატებას საერთაშორისო დონეზე. თუმცა საინტერესოა, როგორ შედეგებს მივიღებთ უფრო სიღრმისეული ანალიზის შედეგად. სამეცნიერო წრეებში აღიარებული ეკონომიკური მოდელი დაგვეხმარება, პასუხი გავცეთ უფრო ფუნდამენტურ შეკითხვას: მაინც რა ხდის ქვეყანას წარმატებულს ფეხბურთში?
ერთი ასეთი მოდელი უკვე ააგეს სიმონ კუპერმა და სტეფან ჟიმონსკიმ თავიანთ წიგნში „სოკერნომიქსი“. ავტორები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ზომა, ეროვნული შემოსავალი და ქვეყნის გამოცდილება საერთაშორისო ფეხბურთში სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის შედეგებზე ოფიციალურ საერთაშორისო მატჩებში. ქვეყნის წარმატება იზომება გუნდებს შორის ანგარიშის სხვაობის საშუალო მაჩვენებლით (მაგალითად, თუ ქვეყანას მხოლოდ 2 ოფიციალური საერთაშორისო მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე მათგანში მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 1:0 და 3:1, შედეგის ინდიკატორი, შესაბამისად, იქნება ანგარიშის სხვაობათა საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად 1-ის (1:0-ის შემთხვევაში) და 2-ის (3:1-ის შემთხვევაში) საშუალო 1.5). ამიტომ ინდიკატორის შედარებით მაღალი მაჩვენებელი საფეხბურთო ნაკრების უფრო წარმატებულ გამოსვლაზე მიანიშნებს. მოდელის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 1872-2001 წლებში ჩატარებულ ყველა ოფიციალურ საერთაშორისო მატჩს, რაც ჯამში 22,130 თამაშს წარმოადგენს.
მოგვიანებით „ეკონომისტმა“ გამოიყენა მსგავსი მოდელი (მცირედით სახეცვლილი განმსაზღვრელი ფაქტორებით) 126 ქვეყნისთვის, რომელიც მოიცავდა 1990-2018 წლებში ჩატარებულ ყველა ოფიციალურ საერთაშორისო მატჩს. ამ მოდელის მიხედვით, ქვეყნის საფეხბურთო პოტენციალის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები შემდეგია:
პირველი ფაქტორი, რომელიც მოდელის ავტორებმა განსაზღვრეს, წარმოადგენდა მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რათა დაედგინათ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ეფექტი საფეხბურთო წარმატებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ღარიბი მოთამაშეების თავბრუდამხვევი წარმატების არაერთი ისტორიაა ცნობილი (ძალიან ბევრ ფეხბურთელს უწევდა ბავშვობაში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მუშაობა, რათა ოჯახი გამოეკვება), უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილ ადამიანებს არაერთი დაბრკოლება ხვდებათ სპორტული კარიერის მოწყობის პროცესში. მაგალითად, სენეგალში მწვრთნელებს ვარჯიშებამდე მოთამაშეების გაგრილება და გამოკვება უწევთ ხოლმე. მეტიც, ღარიბ ქვეყნებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული და თითზე ჩამოსათვლელია ბალახის მოედნებიც, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს, ნიჭი გამოავლინონ და წარმატებული ფეხბურთელები გახდნენ. ავტორებს თუ დავუჯერებთ, ყველა სხვა ფაქტორის მუდმივობის პირობებში, მეტოქეზე ორჯერ მეტი ეკონომიკური კეთილდღეობის (სიმდიდრის) მქონე ქვეყნებს თამაშში საშუალოდ 0.2-ჯერ მეტი გოლი გააქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ მაროკოს, ნიგერიასა და სენეგალს აქვთ საქართველოზე დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.
მეორე ფაქტორი, რომელიც ავტორებმა მოდელში შეიტანეს, ქვეყნის მოსახლეობის ზომა და საფეხბურთო გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობა გახლდათ, რათა დაედგინათ მოსახლეობის ეფექტი ქვეყნის საფეხბურთო წარმატებაზე. საფეხბურთო კლუბებისა და მოთამაშეების რაოდენობა დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის წარმატებაზე საერთაშორისო მატჩებში. მეტიც, მეტოქეზე ორჯერ მეტი მოთამაშისა და გუნდის ქონა 0.2 და 0.1-ჯერ მეტი გოლის გატანას ნიშნავს მეტოქე საფეხბურთო ნაკრებთან შედარებით. ეკონომისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, საქართველოში 522 გუნდი და 222,186 მოთამაშეა7 რეგისტრირებული (ეკონომისტი ინფორმაციის წყაროდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასახელებს), მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებს შორის მხოლოდ ისლანდიასა და პანამას ჰყავთ საქართველოზე ცოტა პროფესიონალი ფეხბურთელი. ამასთან, ირანი არის ერთადერთი მონაწილე ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე ნაკლები ოფიციალურად რეგისტრირებული საფეხბურთო კლუბი ჰყავს.
გარდა ამისა, ავტორებმა ამხსნელ ცვლადად განიხილეს ქვეყნის მოსახლეობაც, რადგან თეორიულად, რაც დიდია მოსახლეობა, მით მეტი პოტენციურად წარმატებული ფეხბურთელის აღზრდა არის შესაძლებელი. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, შედეგებმა საპირისპირო აჩვენა – თუ ქვეყნები მსგავსია ყველა სხვა მაჩვენებლით, მათ შორის, ფეხბურთელთა რაოდენობით, დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნები (ნაკლები ფეხბურთელი ერთ სულ მოსახლეზე), როგორც წესი, შედარებით ცუდ შედეგს აჩვენებენ, რადგან ასეთ ქვეყნებში ფეხბურთი ნაკლებად პრიორიტეტულია. შესაბამისად, საფეხბურთო კლუბებისა და მოთამაშეთა რაოდენობის გაკონტროლების შემდეგ, გაირკვა, რომ ყოველ მომდევნო 100 მილიონ ადამიანზე ქვეყანას 0.1 გოლით ნაკლები გააქვს თამაშში მეტოქე საფეხბურთო ნაკრებთან შედარებით. აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ ურუგვაისა და ისლანდიას ჰყავთ საქართველოზე ნაკლები მოსახლეობა.
მესამე ფაქტორი, რომელიც ავტორებმა შეიტანეს მოდელში, გახლდათ საშუალო მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ხშირად ეძებდნენ ადამიანები გუგლის საძიებო სისტემაში ფეხბურთს სპორტის სხვა სახეობებთან (რაგბისთან, სუმოსთან, კალათბურთსა და სხვ.) შედარებით 2004-2018 წლებში, რათა დაედგინათ მოსახლეობის ფეხბურთისადმი შედარებითი ინტერესის (ამ სახეობის პოპულარობის). ფეხბურთმა სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით საშუალოდ 90%-ით მიიპყრო აფრიკელთა ყურადღება, ამერიკის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ს შეადგეს, სამხრეთ აზიისთვის კი 10%-ია. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებს შორის , ირანს, ნიგერიას, ტუნისსა და სენეგალს საფეხბურთო ინტერესის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ (90%-ზე მეტი), საუდის არაბეთს, ავსტრალიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას კი – ყველაზე დაბალი (40%-ზე ნაკლები)8. კვლევამ აჩვენა, რომ მეტოქეზე 10 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი ფეხბურთისადმი ინტერესი 0.1 გოლით მეტს ნიშნავს მეტოქე საფეხბურთო ნაკრებთან შედარებით. საქართველოში, სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, გუგლის ძიების 67% ფეხბურთზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, მიუხედავათ უამრავი იმედგაცრუებისა, ქვეყანაში ფეხბურთი სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით პოპულარობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ქართველებს განსაკუთრებით უყვართ საერთაშორისო მატჩების ყურება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები არასდროს არ გასულა არც ერთი საერთაშორისო შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე. FIFA-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 24%-ზე მეტმა 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე 30 წუთზე მეტი გაატარა ტელევიზორთან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის საყურებლად, ხოლო ფეხბურთის ყურებაზე დახარჯული მთლიანი საათების რაოდენობამ 210-ს გადააჭარბა. ეს რიცხვები ოდნავ ნაკლებია სომხეთის (მოსახლეობის 57%), აზერბაიჯანის (მოსახლეობის 36%) და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილის, ისლანდიის (მოსახლეობის 49%) მაჩვენებელზე, თუმცა აღემატება ჩინეთის, ეგვიპტის, კამერუნისა და ინდოეთის მაჩვენებლებს9.
მიუხედავათ ფეხბურთის სიყვარულისა, ქართველები სკეპტიკურად არიან განწყობილნი საკუთარი საფეხბურთო ჩემპიონატის და ნაკრების მიმართ. უფრო მეტიც, ქართველებს ძალიან უყვართ ხუმრობა საკუთარ ეროვნულ ნაკრებსა და შიდა საფეხბურთო კლუბებზე. აი, რამდენიმე ხუმრობაც:
„ფეხბურთი დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში, მოკვდა საქართველოში“.
„სამოთხის კარზე აკაკუნებენ. პეტრე მოციქული აღებს კარს. კართან საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე დგას.
– ვინ ხარ? – ეკითხება პეტრე.
– ქართველი ფეხბურთელი ვარ, – პასუხობს კაცი.
– იტყუები! შეუძლებელია!!! თუ ასეა, კარამდე როგორ მოაღწიე?!“
„ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივრები. ამჯერად, უელსის ნაკრების გულშემატკივრები“.
ქართველები ძალიან იშვიათად ესწრებიან ეროვნული ლიგის10 თამაშებს. ტომას ეფსის მონაცემთა ბაზის11 მიხედვით, 2017 წლის სეზონზე12 საშუალო დასწრება ეროვნული ლიგის თამაშებზე მხოლოდ 1016 ადამიანი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს საშუალოდ იმდენივე ადამიანი ესწრება, რამდენიც ინგლისის მეშვიდე ლიგის თამაშებს და ეს რიცხვი 19-20-ჯერ ნაკლებია საბჭოთა პერიოდში თბილისის დინამოს მატჩებზე დასწრების მაჩვენებელზე13.
დაბოლოს, ქვეყნის ეროვნული ენთუზიაზმის დასადგენად ავტორებმა მოდელში შეიტანეს მილიონ ადამიანზე ოლიმპიური მედლების რაოდენობა. სხვა ცვლადების გაკონტროლების შემდეგ, ერთი დამატებითი მედალი მილიონ ადამიანზე 0.2 გოლით მეტს ნიშნავს მეტოქესთან შედარებით. 1992-2016 წლებში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ 1.066 მედალი მოიპოვა ყოველ მილიონ ადამიანზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებს შორის მხოლოდ ავსტრალიას (2.019) და დანიას (1.507) აქვთ საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, ავტორებმა გაითვალისწინეს საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობაც, რაც თამაშზე 0.6 გოლით მეტს ნიშნავს მეტოქესთან შედარებით და გამორიცხეს ყველა ის ქვეყანა, რომელთაც 1990 წლიდან საერთაშორისო დონეზე 150-ზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული (მაგალითად, ბუტანი და კაიმანის კუნძულები).
ცხრილი 1 – ქართული ფეხბურთის მახასიათებლები
საქართველო |
|
მოთამაშეები | 222,186 |
კლუბები | 522 |
„ფეხბურთის“ ძიება გუგლში სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით | 67% |
ოლიმპიური წარმატება | 1.066 |
შპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით | 10,004.53 USD |
მოსახლეობა | 3.72 mln. |
წყარო: ეკონომისტი, FIFA, გუგლის ტრენდები; Mart Jurisoo; medalspercapita.com; მსოფლიო ბანკი.
უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ეკონომიკურ მოდელში განსაზღვრული სოციო-ეკონომიკური ფაქტორებით აიხსნება საფეხბურთო შედეგების (გატანილ გოლებს შორის სხვაობის) დაახლოებით 40%. თუ ჩვენ შევძლებთ საფეხბურთო ნაკრების საშუალო ბურთების სხვაობის დათვლას საშუალო ძალის მეტოქესთან შედარებით, არსებული ისტორიული მონაცემების და ეკონომიკური მოდელის შედეგებზე დაყრდნობით, შევძლებთ განვსაზღვროთ, რამდენად წარმატებულია ქვეყანა არსებული რესურსების გათვალისწინებით. ეკონომიკური მოდელის მიერ შეფასებული ბურთების სხვაობა წარმოადგენს ქვეყნის პოტენციალს არსებული სოციო-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელის მიერ განსაზღვრული საფეხბურთო ნაკრების შედეგები აღემატება რეალურ (ისტორიულ) მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრულ შედეგებს, ქვეყანა ვერ ახდენს საკუთარი საფეხბურთო პოტენციალის ათვისებას. მაშასადამე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონის, მოსახლეობის ზომისა და ფეხბურთისადმი ინტერესის გათვალისწინებით, ქვეყანას რეალურად უფრო უარესი ბურთების სხვაობა აქვს საშუალო ძალის გუნდთან შედარებით, ვიდრე უნდა ჰქონდეს სოციო-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, როდესაც მოდელის მიერ პროგნოზირებული საფეხბურთო ნაკრების შედეგები ჩამორჩება რეალურ (ისტორიულ) შედეგებს, ქვეყანა გადაჭარბებით ახერხებს საკუთარი პოტენციალის ათვისებას. მაგალითად, ურუგვაი წარმატებულებს შორის არის, რადგან ქვეყანა გადაჭარბებით ახდენს საკუთარი საფეხბურთო პოტენციალის ათვისებას და მატჩში საშუალოდ მთელი ერთი გოლით მეტს იტანს, ვიდრე სოციო-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იტანდეს. ურუგვაის ასეთი წარმატებული სვლა ურუგვაელი ხალხის ფეხბურთისადმი უზომო სიყვარულით და საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელთა უდრეკი სულისკვეთებით აიხსნება. ბრაზილია, არგენტინა, პორტუგალია და ესპანეთი ცოტათი ჩამორჩებოდნენ ასევე გადაჭარბებით ითვისებენ თავიანთ საფეხბურთო პოტენციალს. ამასთანავე, დასავლეთ აფრიკისა და ბალკანეთის ქვეყნებიც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ჩინეთი, ინდოეთი, ლუქსემბურგი, კანადა, უნგრეთი და, განსაკუთრებით, გერმანია იმაზე უფრო წარუმატებლები არიან, ვიდრე მოსალოდნელი იყო სოციო-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე (ქვეყნები ვერ ახერხებენ საფეხბურთო პოტენციალის ბოლომდე ათვისებას).
გრაფიკი 1. ბურთების საშუალო სხვაობა მეტოქე გუნდთან შედარებით
რაც შეეხება საქართველოს... რეალური (ისტორიული) მონაცემების მიხედვით ქვეყანა 0.31 გოლით ნაკლებს იტანს საშუალო ძალის გუნდთან შედარებით; თუმცა ეკონომიკური სიმდიდრის, ქვეყნის ზომისა და საფეხბურთო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს საშუალო გუნდთან შედარებით 0.62 გოლით ნაკლები უნდა ჰქონდეს თითოეულ მატჩში. დასანანია, მაგრამ მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველო უკვე გადაჭარბებით ითვისებს საკუთარ პოტენციალს. შესაბამისად, ეკონომიკური მოდელის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი არა საფეხბურთო პოტენციალის ათვისებაში, არამედ არსებული რესურსების სიმწირის ფონზე (სიღარიბე, მცირე მოსახლეობა, ნაკლები გამოცდილება, სპორტისადმი ინტერესის ნაკლებობა არ აძლევს ახალგაზრდებს ნიჭის გამოვლენის საშუალებას) თავად დაბალ პოტენციალის არსებობაშია.
დაბოლოს... მინდა აღნიშნული ბლოგი სიმონ კუპერისა და სტეფან ჟიმანსკის წიგნის ოპტიმისტური ციტატით დავასრულო: „საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. ქვეყანა პატარა (მოსახლეობა 5 მლნ-ზე ნაკლებია) და უკიდურესად ღარიბია (დღესაც კი საშუალო წლიური შემოსავალი 4,000 აშშ დოლარზე ნაკლებია). თუმცა, თუ საქართველო ხორვატიასავით მდიდარი გახდება, ისიც შეძლებს უემბლის სტადიონზე ინგლისის დამარცხებას.“
1 აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპაში, მეთერთმეტედ ევროპაში და პირველად ერთდროულად ორ, ევროპისა და აზიის კონტინენტებზე.
2 „მიმი არის იუმორისტული ხასიათის ფოტო, ვიდეო ან მცირე ტექსტი, რომელიც სწრაფად ვრცელდება ინტერნეტში, ხშირად მცირე ცვლილებებით“ – ოქსფორდის ლექსიკონი.
3 მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, PPP, 2016 წ.
4 მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, PPP, 2016 წ.
5 2016 წლის მონაცემები.
6 26 წელი საშუალოდ.
7 29.6 წელი საშუალოდ.
8 ნებისმიერი სტანდარტის გუნდები და მოთამაშეები, საშუალოდ, 2016 წ.
9 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთაგან მხოლოდ საუდის არაბეთს, ავსტრალიას, შვეიცარიას, შვედეთს, სამხრეთ კორეას, პანამას, ინგლისსა და იაპონიას ჰქონდათ საქართველოზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გუგლის ძიების მიხედვით.
10 წყარო: 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ტელევიზიის მაყურებელთა ანგარიში, ფიფა: https://img.fifa.com/image/upload/n3z25ncdjj9qdwja1tet.pdf
11 ეროვნული ლიგა არის საქართველოს პირველი ლიგა.
12 წყარო: http://www.european-football-statistics.co.uk/attn.htm.
13 საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო ეროვნული ლიგის ყველაზე პოპულარული კლუბი იყო, რომლის საშუალო დასწრება 2794 კაცი იყო.
14ომები, პოლიტიკური არასტაბილურობა და უკიდურესი სიღარიბე 90-იანი წლების დასაწყისში გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანებმა ფეხბურთისადმი ინტერესი დაკარგეს.