შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

მოაგვარა თუ არა საქართველომ “გამქრალი გოგონების” პრობლემა?
პარასკევი, 27 დეკემბერი, 2019

ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება ეფუძნება რწმენას, რომ გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო ნაკლები ღირებულების მქონენი არიან (ინდო-კანადური ქალთა ასოციაცია).

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა შესაძლებელია მოხდეს (ა) ორსულობამდე, (ბ) პრენატალურ ან (გ) დაბადების შემდეგ (ჩვილისადმი გულგრილობით). გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა ორი ეტაპისგან შედგება: (1) ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით ნაყოფის სქესის დადგენა და (2) სასურველი სქესის საფუძველზე ორსულობის შეწყვეტა ან გაგრძელება (OHCHR, UNFPA, UNICEF, UN Women and WHO უწყებათაშორისი განცხადება). GBSS როგორც წესი დაბადებისას სქესთა თანაფარდობით (SRB) იზომება – ახალშობილი ბიჭების რაოდენობა 100 ახალშობილ გოგონაზე.

ქორწინების შეზღუდვა ნიშნავს დემოგრაფიულ დისბალანსს, რომლის თანახმად, პოტენციური პატარძლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება პოტენციური სასიძოების რაოდენობას. 

დღესდღეობით, ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო მსოფლიოში 126 მილიონი ქალი ითვლება "გამქრალად". 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში1 ქალთან შედარებით 25%-ით მეტი მამაკაცი დაიბადა (UNFPA). ჩინეთში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) მაჩვენებელი 1987 წელს 107-ი იყო, 2005 წელს კი 120-ს გაუტოლდა [ბიოლოგიური ნორმა 105 ვაჟია 100 გოგონაზე] (Li, 2007). ინდოეთში, 1982-1984 წლებში SRB 109-ის ნიშნულზე ფიქსირდებოდა, 2003-20052 წლებში კი 113.6-მდე გაიზარდა (Kulkarni, 2007). კორეის რესპუბლიკაში, 1985 წელს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა 109 იყო, 1994 წელს მაჩვენებელმა 115-ს მიაღწია (KNSO, 2004), თუმცა მოგვიანებით ბიოლოგიურ ნორმას დაუბრუნდა. 1990-იანი წლებიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, დაბადებამდე სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ბიოლოგიურ ნორმაზე მაღალი დონე ფიქსირდება. სქესის შერჩევის მაჩვენებლის ზრდა საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს და გენდერულ დისბალანსს იწვევს, რაც აისახება ქორწინების შეზღუდვაზე, დემოგრაფიულ პრობლემებსა და გენდერულ უთანასწორობზე.

არსებული ლიტერატურის თანახმად, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის სამი წინაპირობა არსებობს, კერძოდ: (1) პატრიარქალური ნორმებისა და არაეგალიტარული გენდერული როლების არსებობა, რომელიც ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭებას იწვევს, (2) შობადობის მაჩვენებლისა და ოჯახის ზომის შემცირება, და (3) ტექნოლოგიური წინსვლა, რომელიც ნაყოფის სქესის გამოვლენისა და სქესის შერჩევის პროცედურის ჩატარების საშუალებას იძლევა (Guilmoto, 2011; Chao, Gerland, Cook, & Alkema, 2019; Basu, Jejeebhoy, Acharya, Zavier, 2015). სურვილი, საჭიროება და შესაძლებლობა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინაპირობებია. მოცემული გრაფიკი სწორედ აღნიშნულ წინაპირობებს ასახავს.

გარკვეულ კვლევებში (UNFPA 2015, 2017; Duthé, G. et al., 2012) წარმოდგენილია საქართველოში რეპროდუქციული ქცევისა და ბიჭების შობადობის დეტალური ანალიზი. როგორც აღმოჩნდა, ქართველ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა ვაჟებისათვის უპირატესობის მინიჭების ტენდენცია. საქართველოში ოჯახი ბუნებით პატრილინეარულია3, სადაც უფრთხილდებიან და პატივს სცემენ ტრადიციებს, ეროვნულ ფასეულობებსა და იდენტობას. ვაჟებს გვარის გაგრძელების ვალდებულება აქვთ მაშინ, როცა ქალიშვილები  სხვა ოჯახებში ქორწინდებიან. ტრადიციულად მამაკაცი ოჯახში საარსებო წყაროს მთავარ შემომტანად ითვლება და ხანდაზმულთა მხარდაჭერა ევალება, ქალი კი სტერეოტიპულად დიასახლისად აღიქმება, მისი ძირითადი მოვალეობები ბავშვის მოვლა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაა.

საბჭოთა კავშირის დაშლას ეკონომიკური პირობების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. ადრეული გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელმა სამოქალაქო არეულობამ, შეიარაღებულმა კონფლიქტმა, კორუფციამ და დანაშაულის მაღალმა დონემ კატასტროფული სოციალურ-ეკონომიკური ფონი შექმნა (სტაგნაცია, ჰიპერინფლაცია, სიღარიბის უკიდურესად გაზრდილი დონე და განვითარების შემაფერხებელი სტრუქტურული ცვლილებები4). ეს ფაქტორები შეიძლება შობადობის შემცირების ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზებად ჩაითვალოს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა უკვე არსებული ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენცია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სულ რაღაც 5 წელიწადში (1990-1995 წწ.) შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი (TFR) 0.3 პროცენტული პუნქტით დაეცა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში კვლავ მცირდებოდა (იხ. გრაფიკი). იმ პერიოდში ქართული ოჯახებისთვის  შობადობის შემცირება არსებულ ეკონომიკურ რეალობასთან გამკლავების სტრატეგია იყო. 2003 წლიდან ქვეყნის შედარებით სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას5 შობადობის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოჰყვა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, აღწერის წინა წლისათვის TFR ერთ ქალზე 1.98 ბავშვი იყო6.

დამოუკიდებლობის პირველი 15 წლის განმავლობაში შობადობის დაბალი მაჩვენებელი და რეპროდუქციული ტექნოლოგიების გაუმჯობესება GBSS-თვის ხელშემწყობი აღმოჩნდა. ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალი SRB-ები არის დაფიქსირებული, ბავშვის სქესის არჩევისთვის შერჩევითი აბორტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდად7 ითვლება (Zeng et al 1993; Miller 2001; Guilmoto 2009). თბილისში ნაყოფის სქესის დამდგენი პირველი ულტრაბგერითი აპარატი 1987 წელს გამოჩნდა, ხოლო პირველი კერძო კლინიკა, რომელიც ქალებს მომსახურებას უწევდა, 1991 წელს გაიხსნა. 1995 წლისთვის, ულტრაბგერითი ტექნოლოგიები უკვე მთელ საქართველოში იყო გავრცელებული (Guilmoto, Dudwick, Gjonca, & Rahm, 2017). ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში SRB-ის ზრდა ქვეყნის მთლიანი ტრანსფორმაციის პროცესის განუყოფელი ნაწილი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა თანდათანობით გაიზარდა და 2004 წელს ისტორიულ მაქსიმუმს – 115.2 ბიჭი 100 გოგონაზე – მიაღწია. მას შემდეგ დაიწყო SRB-ის საშუალო მაჩვენებლის ბუნებრივ დონემდე სტაბილურად შემცირება. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის დინამიკა მოცემულ გრაფიკშია ასახული.

აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული ღირებულებების, ტრადიციებისა და ეთნიკურობის მიხედვით, საქართველო რეგიონული დივერსიფიკაციის მაღალი დონით ხასიათდება. გასაკვირი არ არის, რომ ეს განსხვავებები რეგიონებში ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების სხვადასხვა დონეებში ვლინდება.

მაგალითად, თბილისი ქვეყნაში ყველაზე დაბალი SRB-ით ხასიათდება და 2010-2018 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი ბუნებრივ დონეს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ასევე ნორმასთან მიახლოებული SRB-ის მაჩვენებლები ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში. 2005-2009 წლებთან მიმართებაში სამეგრელო-ზემო სვანეთი ყველაზე პროგრესული რეგიონია ამ კუთხით. თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთის სამ რეგიონში (კერძოდ, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში) SRB კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანის საშუალო მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი რეგიონები აზერბაიჯანს და სომხეთს ან ორივეს ერთდროულად ესაზღვრება და კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების დიდ წილს მოიცავს. ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს სოციალურ ნორმებზე და აღნიშნული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობაზე, რასაც უფრო დეტალურად ტექსტში მოგვიანებით განვიხილავთ.

საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ზრდის მიზეზების შემსწავლელი ლიტერატურის არსებობის მიუხედავად, არ მოიპოვება ერთი კონკრეტული ნაშრომი, რომელიც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შემცირების გამომწვევი სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორების იდენტიფიცირებას ახდენს. სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკის ფაქტორების GBSS-ზე გავლენის შემოწმების მიზნით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა UNFPA-თან ერთად თვისობრივი (სიღრმისეული ინტერვიუებითა და ფოკუს ჯგუფებით) და რაოდენობრივი (ეკონომეტრიკული მოდელებით – ფიქსირებული და შემთხვევითი ეფექტის, სივრცითი ავტორეგრესიული და დარბინის სივრცითი მოდელების გამოყენებით) კვლევა ჩაატარა. ქვემოთ მოცემულია კვლევის ძირითადი შედეგები:

• SRB-ის კლების მიუხედავად, ქართველ საზოგადოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება ჯერ კიდევ დომინანტურად ითვლება. აღნიშნული პრობლემის აღიარება კი მისი გადაწყვეტის ხანგრძლივი პროცესისთვის გადადგმული  პირველი ნაბიჯია.

• საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა პირობებმა, კერძოდ, შემოსავლის გაზრდამ და მეტი შვილის ყოლის შესაძლებლობის გაჩენამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SRB-ის მაჩვენებლის ნორმასთან მიახლოებაში. ღარიბ ოჯახებში GBSS-ის მაღალი სიხშირის გამო, საქართველოში სიღარიბის რეგიონული მაჩვენებელი SRB-ის უთანასწორობის მნიშვნელოვანი დეტერმინანტია. ამრიგად, სიღარიბის დონის ბოლოდროინდელმა კლებამ ქალიშვილის ყოლის არახელსაყრელობის აღქმაც შეამცირა. ფოკუს ჯგუფის დისკუსიებიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო მიგრაცია და ფულადი გზავნილები საქართველოში სამუშაო ბაზრის დისბალანსთან გამკლავების უმნიშვნელოვანესი სტრატეგია იყო.

• შრომის ბაზრის დინამიკამ და ეკონომიკის სტრუქტურულმა ტრანსფორმაციამ, კერძოდ კი, მომსახურების სექტორის როლის ზრდამ, ქალებისათვის საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობების სფეროებში ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. ალთა ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერება ხელს უწყობს SRB-ის დისბალანსის კლებას. ეს კი შედეგად ამცირებს ოჯახის დაგეგმვის გადაწყვეტილებების მიღებისას ქალებზე სხვა ოჯახის წევრების ზეწოლას.

• სიღარიბის შემცირებისთვის სოციალური დახმარების პროგრამების აუცილებლობის მიუხედავად, რაოდენობრივი ანალიზისა და ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგად გაირკვა, რომ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, სოციალურ დახმარებას, საყოველთაო ჯანდაცვას, სახელმწიფო საპენსიო სისტემასა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამებს დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ნორმალიზებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ.

მშობიარობის, ბავშვთა მოვლის და ახალშობილთა შვილად აყვანის პროგრამები ხელს უწყობენ გენდერულ თანასწორობას დედისათვის შვილებზე ზრუნვის შესაძლებლობის მიცემით, ქალების შრომის ბაზარზე შენარჩუნებისა და ბავშვების მოვლის პროცესში კაცების გაზრდილი ჩართულობის მეშვეობით.  რაოდენობრივი ანალიზი აღნიშნულ პროგრამასა და SRB-ს შორის უარყოფით (თუმცა არამდგრად) დამოკიდებულებას აჩვენებს. მამების მიერ პროგრამაში ჩართულობის უკიდურესად დაბალი დონე გენდერული თანასწორობისა და GBSS-ის პრობლემის მოგვარების პროგრამის ნაკლებ ეფექტიანობაზე მიუთითებს.  

სტატისტიკურად კაცების განათლებას (ქალების განათლებისგან განსხვავებით) მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს SRB-ზე. მიუხედავად ბოლოდროინდელი დადებითი ტენდენციისა, ეს სავარაუდოდ გამოწვეულია მამაკაცებოს ოჯახში გადაწყვეტილების მიღების დომინანტობით (რეპროდუქციული გადაწყვეტილებების შემთხვევაში)

• კვლევამ გამოავლინა ეთნიკური უმცირესობების ქართველ საზოგადოებაში ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა 1+4-ის მნიშვნელოვნება. აღნიშნულ პროგრამას მომავალში SRB-ის შემცირების პოტენციალი აქვს, რადგან ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას, იძლევა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ასევე, ამცირებს საერთაშორისო მიგრაციას, აზერბაიჯანელი გოგონებისთვის განათლების მიღების ბარიერებს (ზოგადი და უმაღლესი განათლება) და ადრეული ქორწინების ალბათობას.

• საქართველოში შერჩევითი აბორტის რეგულირების ცალკეული კანონის არარსებობის მიუხედავად, ექიმებისათვის გაცემული რეკომენდაცია, თავი შეიკავონ ნაყოფის სქესის გამოვლინებისგან ორსულობის ადრეულ ეტაპზე,  და  "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 139-ე მუხლი სქესის შერჩევის შემთხვევების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ექიმების მხრიდან რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა SRB-ის მაღალ თანაფარდობას უწყობს ხელს.

• მთლიანობაში, კვლევის მიხედვით, საქართველოში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პირობები და სოციალური დაცვის ძლიერი სქემები SRB-ის შემცირებას განაპირობებს. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ამ ცვლილების ხელშემწყოფი მრავალი გარე ფაქტორი, კერძოდ კი, ნორმებისა და ფასეულობების ცვლილება. ფოკუს ჯგუფების მიხედვით, ქართველი საზოგადოება ღირებულებათა ტრანსფორმაციის მრავალმხრივ პროცესს გადის, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის მხრივ. თუმცა ამავე საზოგადოებაში შეზღუდული ინტეგრაციის გამო სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში ტრანსფორმაცია საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს.

კვლევიდან გამომდინარე, საქართველოში SRB-ის კლებადი ტენდენციის სამომავლო შენარჩუნებისა და გაგრძელებისთვის შესაძლებელია პოლიტიკის გამტარებლებისთვის რამდენიმე რეკომენდაციის შეთავაზება. აშკარაა, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა  საჭიროებს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განზომილებების გათვალისწინებით ჰოლისტური მიდგომის გამოყენებას. ძირითადი მიმართულება უნდა ეფუძნებოდეს სიღარიბის შემცირებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალების გაძლიერებას, ასევე იმ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, რაც ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭებას აღვივებს.

* * *

ბლოგი ეფუძნება მოხსენებას „სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში,“ რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) გუნდმა მოამზადა UNFPA-ისთვის გლობალური პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა „ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭებისა და გოგონების დაკნინების თავიდან აცილება: აზიისა და კავკასიის შერჩეულ ქვეყნებში დაბადებისას სქესთა თანაფარდობის  გაუმჯობესება“ (2017-2019). 


1 აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და აღმოსავლეთ აზიის ჩათვლით.
2 შერჩევითი ერთობლიობის გამოკითხვაზე დაყრდნობით.
3 პატრილინეარული სისტემა არის სისხლით ნათესაობის ზოგადი სისტემა, რომელშიც ადამიანის ოჯახის წევრობა მამის ხაზით განისაზღვრება.
4 მოსახლეობა მაღალი პროდუქტიულობის (მაგალითად, წარმოების) სფეროდან გადავიდა ნაკლებ პროდუქტიულ (მაგალითად, სოფლის მეურნეობის ) სექტორში.
5 2003-2007 წლებში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 9.6% იყო. წყარო: მსოფლიო ბანკი. მსოფლიო განვითარების ინდიკატორები.
6 UNFPA, 2017 წ. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების ანალიზი გენდერულ ჭრილში. გაეროს მოსახლეობის ფონდი, თბილისი.
7 სასურველი სქესის შვილის ყოლის ალბათობის გასაზრდელი სხვა მეთოდებია: რეიმპლანტაციის გენეტიკური დიაგნოზი (Barush, Kaufman, and Hudson 2008) და სპერმის ალბუმინური განცალკევება (Beernink, Dmowski, and Ericsson 1993).

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა