საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოძრაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დარეგისტრირებული ფერმერთა ჯგუფები განვითარების ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაში არიან. საბჭოთა მემკვიდრეობა და ფერმერებში თანამშრომლობის ადრეული ფორმების (კოლმეურნეობა და საბჭოთა მეურნეობა) მიმართ ნეგატიური განწყობა ნელ-ნელა ქრება და დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში უკვე 1400-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
საქართველოში კოოპერატივების განვითარება 2013 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტით დაიწყო, რომლის მთავარი კომპონენტიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში არის შეამციროს სიღარიბე სოფლად. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უქმნის. თუმცა ევროკავშირის ბაზარს სურსათის უვნებლობის მკაცრი მოთხოვნები აქვს, რაც ართულებს ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. ეს განსაკუთრებით ეხება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მკაცრად რეგულირდება.