საქსტატმა 2023 წლის თებერვლის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 5.8%-ს შეადგენს. შედეგად, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-ია.
მშპ-ის ზრდის პროგნოზის მარტის განახლების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2.6% შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მე-2 პროგნოზის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 1.6%-ია.
საქსტატის ანგარიშის “ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები” თანახმად, 2022 წლის მე-4 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წლის რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 10.1% იყო.
საქსტატმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9,5%-ს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი 2,5 პროცენტული პუნქტით აღემატება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წინა მიმოხილვაში არსებულ მაჩვენებელს).
2022 წლის მე-3 კვარტალმა არაერთი გლობალური ცვლილებით დაგვამახსოვრა თავი. მიმდინარე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური არეულობის გამო, ინფლაციამ ათწლეულების განმავლობაში არსებულ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, მსოფლიო ეკონომიკა კი კვლავ არასტაბილურია.