2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევა, რომელშიც მოცემულია 158 ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის შესწავლის ახალი შედეგები 1991-2015 წლებისთვის. ნაშრომის ავტორების, მედინასა და შნაიდერის (2018 წ.) აზრით, აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში, საშუალოდ, მშპ-ის 64.9%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში! 2015 წელს (ბოლო წელი რომელსაც მოიცავს კვლევა), საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-მდე დავიდა.
მიკლრაითის მონაცემებით (მაკროეკონომიკა და მონაცემები ბავშვებზე, UNICEF 2000 წ.), 1991 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7% დაიხარჯა განათლებაზე. 1994 წელს ეს მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა. როგორც მიკლრაითი აღნიშნავს, საგანმანათლებლო ხარჯების ასეთი მკვეთრი დაცემა არც მანამდე და არც შემდეგ არ მომხდარა არც ერთ სხვა ქვეყანაში. კრიზისის შემდეგი მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდა.
მათე მოციქულის, როგორც გადასახადების ამკრეფის, საქმიანობა ალბათ ყველაზე მეტად საძულველი პროფესია იყო ძველ დროში. სამუშაოზე თავის დანებებისა და იესოს მიმდევრად გახდომით მათემ ალბათ ერთ-ერთი უდიდესი პიროვნული მეტამორფოზა განიცადა, რაც კი შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში. ცხადია, თანამედროვე გადასახადის ამკრეფებს იესოს გზით სიარულს ვერ მოვთხოვთ.
ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც არ არის რეგისტრირებული (და შესაბამისად, დაბეგრილი), როგორც წესი, ჩრდილოვან ან იატაკქვეშა ეკონომიკას უწოდებენ. ქართულ ეკონომიკაში თუ გვაქვს ასეთი ჩრდილოვანი კუთხეები? ვაი, რომ არა მხოლოდ კუთხეები!
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. საბჭოთა მომხმარებელი განიცდიდა გამუდმებულ იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო მისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით, რიგში დგომით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ მიიღებდა მისთვის სასურველ საქონელს, საკმაოდ მაღალი რისკით, რომ მოუწევდა, დაკმაყოფილებულიყო უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციით ან საერთოდაც ვერ შეეძინა იგი (კორნაი, 1992 წ.).