საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოძრაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დარეგისტრირებული ფერმერთა ჯგუფები განვითარების ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაში არიან. საბჭოთა მემკვიდრეობა და ფერმერებში თანამშრომლობის ადრეული ფორმების (კოლმეურნეობა და საბჭოთა მეურნეობა) მიმართ ნეგატიური განწყობა ნელ-ნელა ქრება და დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში (ACDA) უკვე 1400-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული.
კოოპერატივების დიდი ნაწილი დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ხელსაყრელი პროგრამების და პროექტების გამო დარეგისტრირდა კოოპერატივად. მთავარი პროგრამა, რომელიც საქართველოში კოოპერატივების განვითარებას უწყობდა ხელს, იყო ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD). ENPARD-ის კოოპერატივების განვითარების კომპონენტს ახოციელებდა შემდეგი ორგანიზაციების მეთაურობით შემდგარი კონსორციუმები: ქეა, ოქსფამი, მერსი ქორფს, ფიფლ ინ ნიდ და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში. ოპერირების ოთხი წლის მანძილზე, პროგრამა მთელ ქვეყანაში 280-ზე მეტ კოოპერატივს დაეხმარა აქტივების (ძირითადად ფიქსირებული აქტივების) შესყიდვაში და, აგრეთვე, უწევდა მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც გამოიხატებოდა ტრენინგების ორგანიზებაში, ექსპერტების მოწვევაში, საბაზრო კავშირების დამყარებასა და მრავალი სხვა მიმართულებით ყოველდღიურ დახმარებაში.