2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა უპირველესი ამოცანაა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, სიღარიბის მხრივ, კრიზისი გლობალურად გამწვავდა როგორც COVID-19-ის პანდემიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის გამო. მკვლევრები ამჟამად ვარაუდობენ, რომ 2022 წელს მთელ მსოფლიოში 760-დან 873 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში იცხოვრებს, რომელთაგანაც 388 მილიონიდან 446 მილიონამდე ქალი და გოგონა იქნება (შესაბამისად, 372-427 მილიონ მამაკაცთან და ბიჭთან შედარებით). სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაზე ღარიბ ოჯახთა 20%-ში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს მსოფლიოს იმ ქვეყნების ნახევარზე მეტში, სადაც ხელმისაწვდომია სქესის მიხედვით დაყოფილი მონაცემები (UN Women, 2015). სიღარიბე გენდერულ ჭრილში აღწერილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
კონცეპტუალური პერსპექტივიდან, სიღარიბის მაჩვენებლებს შორის გენდერული ნიშნით განსხვავების მიზეზებს შეიძლება მივაკვლიოთ მამაკაცთა და ქალთა შორის ეკონომიკური ძალაუფლების დისბალანსში და გენდერულად დისკრიმინაციული სტრუქტურებისა და კულტურული პრაქტიკის არსებობაში, რაც ხელს უშლის ქალებს, ჰქონდეთ წვდომა საჭირო რესურსებზე სიღარიბისაგან თავის დასაღწევად ან დაუცველობის შესამცირებლად (შანტი, 2003, 2010; ჯონსონ-ლეთემი, 2004). მაგალითად, საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ქალები კაცებზე ნაკლებს გამოიმუშავებენ მსოფლიოს მასშტაბით და რომ მამაკაცთა და ქალთა ხელფასებს შორის სხვაობა დამახასიათებელია როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისათვის (ტერადა-ჰაგივარა და სხვ., 2018). გარდა ამისა, ქალები, ასევე, ჭარბად არიან წარმოდგენილნი არაფორმალური დასაქმების სფეროში, რაც ამძაფრებს ეკონომიკურ მოწყვლადობას – მაგალითად, არსებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით არაფორმალური მუშაკების 63% ქალია (UN Women, 2015). გარდა ამისა, ბავშვებისა და ოჯახის ხანდაზმული წევრების არაანაზღაურებადი მოვლა/ზრუნვა, ძირითადად, ქალებს უწევთ (ბაბიჩი, 2021), რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს სამუშაო ძალაში ქალების წილის შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს მათ შემოსავალს.