პუბლიკაციები
ორშაბათი,
28
ივლისი,
2025
ორშაბათი,
28
ივლისი,
2025
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთლიანი ექსპორტი შესამჩნევად გაიზარდა. თუ მისი ღირებულება 2014 წელს დაახლოებით 2.86 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2024 წელს 6.55 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს ცვლილება, რაც ასახავს ექსპორტის ღირებულების ორზე მეტჯერ ზრდას, ქვეყნის საექსპორტო სექტორის მნიშვნელოვნად გაფართოებაზე მიუთითებს.
ამ პერიოდში აგრო ექსპორტიც ზრდის ტენდენცით ხასიათდება: 2014 წელს 825.8 მლნ აშშ დოლარიდან 2024 წელს თითქმის 1.68 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა ზრდის მიუხედავად, აგრო ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში მცირდებოდა. აგრო ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დიდი – 32.7% – 2016 წელს იყო, როდესაც სოფლის მეურნეობა ქვეყნის ექსპორტისთვის მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მას შემდეგ წილი შემცირდა და მინიმუმს – 22.4% – 2022 წელს მიაღწია, 2024 წელს კი 25.6% შეადგინა.
აგრო ექსპორტის წილის ეს კლებადი ტენდენცია, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად, იმაზე მიუთითებს, რომ სხვა სექტორების ექსპორტი (ინდუსტრიული ან მომსახურება) უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. მონაცემები ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ექსპორტის შემადგენლობა სტრუქტურულად იცვლება, რომელშიც არასასოფლო-სამეურნეო სექტორები მზარდად დომინანტი ხდება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა რჩება ქვეყნის საექსპორტო ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად, რომელზეც 2024 წელს 1.6 მლრდ აშშ დოლარზე მეტი მოდიოდა.
1-ელი გრაფიკი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია საქართველოს საგარეო ვაჭრობაში და, ამასთანავე, რამდენად მზარდია ექსპორტის დივერსიფიკაცია. სექტორის მოდერნიზაციასა და უფრო მაღალი დამატებული ღირებულების ჯაჭვებში ინტეგრაციის სტრატეგიების შემუშავებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს აგრო სექტორში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებზე.
ექსპორტის ტენდენციების გაანალიზების შემდეგ, აქტუალური ხდება საქართველოს აგრო ექსპორტის პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შესწავლა გლობალურ ბაზრებზე. იმის გაგება, თუ რომელ პროდუქტებშია სპეციალიზებული ქვეყანა, შეიძლება ღირებულ ინფორმაციას იძლეოდეს ინვესტიციების პრიორიტეტიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგიების შემუშავებისთვის. ამ მიზნისთვის ერთ-ერთი კარგად დამკვიდრებული ინსტრუმენტია გამოვლენილი შედარებითი უპირატესობის (RCA) ინდექსი, რომელიც 1965 წელს ბელა ბალასამ შეიმუშავა. მას შემდეგ RCA ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინდიკატორია ვაჭრობის დიაგნოსტიკისთვის, რომელიც გამოიყენება აკადემიურ კვლევებსა და ინსტიტუციურ ანგარიშებში ექსპორტის შედარებითი უპირატესობის მქონე სექტორების იდენტიფიცირებისთვის. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ვაჭრობის შედეგების ინსტრუმენტი (Trade Outcomes Tool), რომელიც UN COMTRADE-ის მონაცემებს ეყრდნობა, სწორედ RCA-ს იყენებს ვაჭრობის კონკურენტუნარიანობისა და სექტორის მუშაობის შესაფასებლად.
RCA ინდექსი კონკრეტული პროდუქტის წილს ქვეყნის ექსპორტში ადარებს იმავე პროდუქტის წილს მსოფლიო ექსპორტში. RCA-ს 1-ზე მეტი მნიშვნელობა მიუთითებს, რომ ქვეყანა შედარებით უფრო სპეციალიზებულია ამ პროდუქტის ექსპორტში, ვიდრე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი, რაც პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობაზე მიუთითებს. ქვეყნებსა და პროდუქტებს შორის შედარებადობის გაუმჯობესების მიზნით, ხშირად RCA-ს სიმეტრიულ ფორმას იყენებენ. ეს არის გამოვლენილი შედარებითი უპირატესობის სიმეტრიული ინდექსი (RSCA), რომელიც -1-დან +1-მდე მერყეობს. ეს ტრანსფორმაცია აგვარებს თავდაპირველი ინდექსის ასიმეტრიულობის პრობლემას და უფრო მკაფიოს ხდის განსხვავებას ძლიერ, ნეიტრალურ და სუსტ შედარებითი უპირატესობებს შორის.
ამ ნაშრომში RSCA მეთოდოლოგია გამოიყენება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ექსპორტზე HS4 პროდუქტის დონეზე, 2020–2024 წლების სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიზის მიზანია, იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებშიც საქართველო საექსპორტო სპეციალიზაციას ავლენს. დამატებითი კონტექსტისთვის, შედარებით უპირატესობასთან ერთად განხილულია 2024 წლის სავაჭრო ბალანსის მონაცემები დადებითი RSCA-ს მქონე თითოეული პროდუქტისთვის, რაც საშუალებას იძლევა უკეთ შეფასდეს სექტორის მდგომარეობა და მისი პოტენციალი.
სრული კვლევისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული კვლევითი ანგარიში (ზემოთ).