შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ბიზნესის განწყობის გაუარესების ფასი: რა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოს ეკონომიკას
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025

შემაჯამებელი მიმოხილვა

ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა როლს ასრულებს ბიზნესის განწყობა ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებაში. აქცენტს ვაკეთებთ ბოლოდროინდელი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის გავლენაზე, რისთვისაც ვიყენებთ როგორც ქართულ მონაცემებს, ისე საერთაშორისო გამოცდილებას.

პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განწყობის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფართო ეკონომიკურ შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამჟამად სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ბიზნესის განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია. ეს კლება, რომელიც ასახულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის განწყობის ინდექსში (BCI), აჩენს კითხვებს შესაძლო ეკონომიკური ვარდნის შესახებ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი განწყობის ინდიკატორებსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის.

მმართველობის ბოლოდროინდელმა შესუსტებამ, პოლიტიკის არათანმიმდევრულობამ და გაზრდილმა სოციოპოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოში შექმნა არაპროგნოზირებადი ბიზნეს-გარემო, რამაც შეასუსტა როგორც მიმდინარე საქმიანობა, ისე სამომავლო მოლოდინები. BCI ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება და 2025 წლის პირველ კვარტალში -5.0-ს, 2020 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, უტოლდება .

BCI-ის მოლოდინების კომპონენტმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა 2025 წლის პირველ კვარტალში და დაახლოებით 17 პუნქტით დაეცა -9.9-მდე, რაც 2020 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს მკვეთრი ვარდნა ძირითადად დაკავშირებულია პოლიტიკურ არასტაბილურობასთან, რომელიც მოჰყვა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რამაც გამოიწვია მასშტაბური საპროტესტო აქციები და შეშფოთება დემოკრატიული მმართველობის შესახებ. მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და უწყვეტმა დემონსტრაციებმა გააღრმავა ეკონომიკური გაურკვევლობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებში, რომლებიც მსხვილ საწარმოებთან შედარებით განწყობის უფრო დაბალი დონით ხასიათდებიან.

ქართული მონაცემებისთვის ჩატარებული რეგრესიული ანალიზი ადასტურებს, რომ ბიზნესის მოლოდინები რეალური მშპ-ის ზრდის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ამხსნელი ცვლადია. შეფასებული კოეფიციენტი მიუთითებს, რომ BCI-ის მოლოდინების ინდექსის 1 პუნქტით შემცირება კვარტალური რეალური მშპ-ის ზრდის 0.067 პროცენტული პუნქტით შემცირებას იწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ მოლოდინების ინდექსი 2025 წლის პირველ კვარტალში 16.9 პუნქტით შემცირდა, მიმდინარე გაუარესების შეფასებული წლიური გავლენა მშპ-ის ზრდაზე დაახლოებით -4.5 პროცენტული პუნქტია. შესაბამისად, თუ არსებული გაურკვევლობა შენარჩუნდება ან კიდევ უფრო გაუარესდება, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შესაძლოა 2%-ზე ნაკლები იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მაკროეკონომიკური ინდიკატორების უმეტესობა ჯერ მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, ბიზნესის განწყობის თანმიმდევრული შემცირება ნათლად მიუთითებს სამომავლო ეკონომიკური სტაბილურობის რისკებზე. მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა მზარდ გამოწვევებს უქმნის ბიზნესებს, რაც ართულებს გრძელვადიან დაგეგმვას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასა და საერთო ეკონომიკურ აქტივობას, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ზრდის პერსპექტივებს. პოლიტიკური გაურკვევლობის აღმოფხვრის, ინვესტორთა განწყობის აღდგენის და რეგულაციური სტაბილურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ზომები გადამწყვეტი იქნება ზრდის შემაფერხებელი რისკების შესამცირებლად.

ამ დოკუმენტის პირველ ნაწილში მიმოვიხილავთ საერთაშორისო გამოცდილებას ეკონომიკურ პროგნოზირებაში ბიზნესის განწყობის ინდიკატორების როლის შესახებ. მეორე ნაწილი წარმოადგენს საქართველოს ბიზნესის განწყობის ინდექსის, მისი მეთოდოლოგიისა და ისტორიული ტენდენციების მიმოხილვას. მესამე ნაწილი კი იკვლევს სტატისტიკურ კავშირს ბიზნესის განწყობასა და რეალური მშპ-ის ზრდას შორის საქართველოში და წარმოადგენს რეგრესიული ანალიზის შედეგებს მისი პროგნოზირების უნარის შესაფასებლად.

სრული კვლევისთვის იხილეთ თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი (ზემოთ).

დონორები

შეავსე ფორმა