შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ჩინეთის ინვესტიციის სარისკო პროფილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში
სამშაბათი, 30 ივლისი, 2024

საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებამ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე სამუშაოდ ჩინური კომპანია შეერჩია, ამ პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებისკენ გვიბიძგა. სრული ვერსია, რომელიც 2024 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-გვერდზე, საინტერესო მიმოხილვას გვთავაზობს, თუ,როგორ გახდა ჩინეთი უმსხვილესი ორმხრივი ინვესტორი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, დაკრედიტების რა პრაქტიკას იყენებს და რა გამოცდილება დაგროვდა დღემდე. ნაშრომი აანალიზებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებულ რისკებს და გვთავაზობს რეკომენდაციებს. ამ დოკუმენტში კი მოკლედ ვაჯამებთ ამ შედარებით ვრცელი დოკუმენტის ძირითად მიგნებებს.

1. რა არის ჩინეთის, როგორც კრედიტორის, ძირითადი მახასიათებლები?

ჩინეთი ამჟამად ყველაზე დიდი ორმხრივი ინვესტორია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. როგორც წესი, ჩინეთი ინვესტიციებს განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სამთომოპოვებით სექტორებში დებს, რაც მეტწილად იმ გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელებითაა განპირობებული, რომელიც 2013 წელს მიიღო და „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელების შედეგად, ჩინეთი ამჟამად ყველაზე დიდი ორმხრივი ინვესტორია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. 2022 წლის ბოლოსთვის ჩინეთმა მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჯამში 180 მლრდ აშშ დოლარი გაასესხა სახელმწიფო ვალისა და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი (გარანტირებული) საგარეო ვალის სახით. აღსანიშნავია, რომ სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში, რომელთა შორისაც ანგოლა ლიდერობს, 2012 წლიდან მკვეთრად გაიზარდა ჩინეთიდან მიღებული ვალების რაოდენობა და მთლიანობაში ამ რეგიონზე ჩინეთის მიერ მცირე და საშუალო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გაცემული ვალების 44% მოდის. ამავდროულად, სამხრეთ აზიის ქვეყნების ვალი ჩინეთის მიმართ 11 წლის განმავლობაში თითქმის 7-ჯერ გაიზარდა და 2012 წელს არსებული 6.7 მლრდ აშშ დოლარიდან 2022 წელს 42.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ვალის ორი მესამედი პაკისტანზე მოდის.

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ჩინეთისაგან სხვადასხვა ტიპის დაფინანსების მიღება შეუძლიათ. ჩინეთი ამ ტიპის საგარეო სესხებს ძირითადად სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით გასცემს. ასეთი ინსტიტუტებია სახელმწიფო სააგენტოები, სახელმწიფო ბანკები და სახელმწიფო საწარმოები. ტრადიციული კრედიტორებისგან (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, JICA) განსხვავებით, ჩინეთის საკრედიტო ხელშეკრულებები მოიცავს ხელშეკრულების კონფიდენციალურობის, დეფოლტისა და კრედიტორის ვალდებულებების შეწყვეტის, ვალის უზრუნველყოფის მექანიზმებს, რომლებიც წარმოშობს მთელ რიგ პირობით ვალდებულებებს:

  • კონფიდენციალურობა: ტრადიციული ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტორებისგან განსხვავებით, ჩინეთის კონტრაქტი შეიცავს პუნქტებს, რომელიც ავალდებულებს მსესხებელს, დაიცვას კონფიდენციალურობის პირობები და, რიგ შემთხვევებში, არ გაამჟღავნოს კონტრაქტის არსებობაც კი. ამან შეიძლება შეზღუდოს კონტრაქტის გამჭვირვალობა და ხელი შეუშალოს მსესხებელი ქვეყნის მოქალაქეებს, სრულად გაიაზრონ მათი მთავრობის მიერ აღებული ვალებისა და ვალდებულებების სრული მასშტაბი.
  • დეფოლტი და ჯვარედინი დეფოლტი: კონტრაქტები შეიცავს შეწყვეტისა და ჯვარედინი შეწყვეტის პუნქტებს, რომლებიც კრედიტორს უფლებას აძლევს გააუქმოს ხელშეკრულება, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება მსესხებელი ან კრედიტორი ქვეყნის კანონმდებლობასა თუ პოლიტიკაში, წყდება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები და კრედიტორი ითხოვს სხვადასხვა კონტრაქტის დაუყოვნებელ ანაზღაურებას.
  • სესხის უზრუნველყოფის სავალო ინსტრუმენტები: ჩინეთი განვითარებად ქვეყნებში მაღალი რისკის მქონე, მაგრამ, ამავდროულად, მაღალშემოსავლიან პროექტებში ინვესტირების მიზნით სესხის უზრუნველყოფის სავალო ინსტრუმენტებს იყენებს. უზრუნველყოფილი სესხები გარკვეულ უფლებებს უწესებს კრედიტორს მსესხებლის აქტივებსა და/ან შემოსავალზე. ეს შეიძლება გულისხმობდეს როგორც ფიზიკურ, ისე ფინანსურ აქტივებს, როგორც არსებულს, ისე მომავალს და სხვა ისეთ შემოსავლებსაც, როგორიცაა მაგ., დებიტორული დავალიანება.
  • ტვირთბრუნვის მოცულობის გარანტიები (offtake guarantees): ასეთი გარანტიები შეიძლება გულისხმობდეს საკმარისი ტვირთბრუნვის მოცულობის უზრუნველყოფას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების (პორტები, რკინიგზა) შემთხვევაში და ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების (ჰიდრო, ნავთობი, ლითონები) მიწოდებას ენერგეტიკული და სამთომოპოვებითი მრეწველობის ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში. თუ ტვრითბრუნვა ამ პროექტებში დადგენილი მოცულობის პარამეტრებს ჩამორჩება, სესხის უზრუნველყოფის გარანტიები შეიძლება ამოქმედდეს და კრედიტორმა მოითხოვოს ვალის დაჩქარებული გადახდა და/ან აქტივების გირავნობის გააქტიურება.
  • პირობითი ვალდებულებები: პირობითი ვალდებულებები წარმოიშვება სესხის მიმღები სახელმწიფოს მთავრობის უზრუნველყოფის გარანტიების პირდაპირ ან ირიბად გაცემის ან/და მესაკუთრეობითი ჩართულობის შედეგად სხვა მსესხებელ ორგანიზაციებში (მაგ., სახელმწიფო საწარმოები (SOE), საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP), დამოუკიდებელი ენერგომწარმოებლები (IPP) და ა.შ.). პოტენციური ფინანსური ვალდებულება პირობითად შეიძლება წარმოიშვას მომავალში გარკვეული მოვლენების ან ტრანზაქციების მოხდენის შედეგად. პირობითი ვალდებულების არსებობა და/ან ოდენობა წინასწარ დადგენილი არ არის და არ წარმოიშვება, სანამ არ მოხდება (ან არ მოხდება) ერთი ან მეტი მოვლენა (კვლევის სრულად სანახავად იხ. თანდართული პოლიტიკის დოკუმენტი ზემოთ).

დონორები

შეავსე ფორმა