შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ჰაერის ხარისხი საქართველოში: საჭიროა თუ არა მკვეთრი ცვლილებები?
ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2023

დაბინძურება არის ეგზისტენციალური საფრთხე თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე მთელ პლანეტას. ჰაერის დაბინძურება ხდება ოზონით, გოგირდით, აზოტის ჟანგეულებით და მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით (PM2.5). ჰაერის დაბინძურების შემცირება „მწვანე ზრდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელსაც, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების შემთხვევაში, 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია (Rijsberman, 2019). ჯანმრთელობისა და დაბინძურების შესახებ ლანცეტის კომისიის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილისა და დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოფაქტორია და დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა (Fuller et al., 2022). ჰაერის დაბინძურება (საყოფაცხოვრებო და ატმოსფერული დაბინძურების ჩათვლით), სიკვდილიანობის 6.7 მილიონი შემთხვევით, კვლავ სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზად რჩება სხვადასხვა ფორმის დაბინძურებით გამოწვეულ სიკვდილიანობათა შორის. საერთაშორისო ლიტერატურაში განხილულია ჰაერის დაბინძურების დიდი გავლენა ჯანმრთელობაზე და დაავადებებზე, რომლებსაც ის იწვევს. მაგალითად, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც 8-9 წლის განმავლობაში ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც გამონაბოლქვი, შავი კვამლი არსებობდა (მაგ. ქალაქებში), მაღალი იყო გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი (Beverland et al., 2012); გარდა ამისა, დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის გრძელვადიანი ზემოქმედება (არსებობს 12-წლიანი დაკვირვება) იწვევს გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარულ დაავადებებს (Zhang et al., 2011). დაბოლოს, დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედება წარმოადგენს ისეთი ფსიქიკური აშლილობების გამომწვევ რისკ-ფაქტორსაც კი, როგორიცაა სუბიექტური სტრესი და თვითმკვლელობის სურვილი (Shin, Park, & Choi, 2018).

დონორები

შეავსე ფორმა