შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები და მათი ექსპერტული შეფასება
პარასკევი, 27 დეკემბერი, 2013

2012 წლის არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად უნდა მივიჩნიოთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი ოცწლიანი პერიოდის განმავლობაში ეს არჩევნები გამორჩეული იყო იმით, რომ უპრეცედენტოდ მაღალი აღმოჩნდა მის საბოლოო შედეგთან დაკავშირებული გაურკვევლობის ხარისხი და ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და მის მთავარ კონკურენტს შორის მიმდინარე პაექრობის სიმწვავე. ამ ფაქტორებმა განაპირობეს ის, რომ გამარჯვების მისაღწევად, წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით მეტი მნიშვნელობა მიენიჭა მეტ-ნაკლებად გამართული სამოქმედო გეგმის წარმოდგენის აუცილებლობას. შედეგად, საარჩევნო ბრძოლაში მონაწილე კვალიფიციური პარტიების ნაწილმა შეძლო საკმარისად კომპეტენტური პროგრამის წარმოდგენა. პროგრამების კომპეტენტურობა ამ შემთხვევაში არ უნდა გავიაზროთ აბსოლუტური მნიშვნელობით, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, ამ უკანასკნელთა უმთავრესი პრობლემა თანმიმდევრულობა და საარჩევნო დაპირებების შესრულების რეალისტურობა აღმოჩნდა. ამავე დროს, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები გამორჩეულია იმითაც, რომ მნიშვნელოვნად ამაღლდა პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოდგენილი პროგრამების ხარისხი წინა არჩევნებზე წარმოდგენილ პროგრამებთან შედარებით.

ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა და არჩევნებისადმი ფართო საზოგადოების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჯგუფების უპრეცედენტოდ მაღალმა ინტერესმა განაპირობა როგორც კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამების ხარისხის ერთგვარი ზრდა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ პარტიების საარჩევნო პროგრამების შინაარსობრივი შეფასების აუცილებლობა. პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესაფასებლად 2012 წლის ივლისში დაიწყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება” (G-PAC) განხორციელება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით წარიმართა. პროგრამაში მონაწილეობდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: 1) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC), 2) ISET კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), 3) ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT) და 4) საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia). პროგრამის ამოცანას 2012 წლის არჩევნებში მონაწილე შემდეგი პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შეფასება წარმოადგენდა: ახალი მემარჯვენეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია „ქართული ოცნება,” საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს ლეიბორისტული პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. 

შეავსე ფორმა