შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში: საქართველოში რძის პროდუქტების სექტორში კონკურენციის გაზრდის მიზნით დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ-ისგან) გათავისუფლების გავლენის კ
ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2019

მეცხოველეობის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ქმნის რა სექტორის მთლიანი გამოშვების ნახევარზე მეტს. მართალია ფერმერული მეურნეობები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთიანია, სადაც სოფლის მეურნეობა უპირატესად მეცხოველეობითაა წარმოდგენილი. ამ უკანასკნელმა, 2018 წელს ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მერძევეობა ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებულ ქვესექტორს წარმოადგენს.

საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია, მაგრამ ქვეყანაში რძის წარმოება ბოლო ათწლეულის მანძილზე თანდათან იკლებს და მზარდი დეფიციტი იმპორტირებული რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა (მაგ., კარაქი) და სხვა სახის რძის პროდუქტებით კომპენსირდება. შედეგად, რძის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ათწლეულში განუწყვეტლივ მცირდებოდა და 2018 წელს 81% შეადგინა, მაშინ როცა 2009 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 92%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, საექსპორტო ბაზრებზე ქართულ პირუტყვზე მოთხოვნის ზრდამ ქვეყანაში შეამცირა საქონლის რაოდენობა და, შესაბამისად, რძის წარმოებაც.

მერძევეობის სექტორის გასაძლიერებლად, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეგიდით, წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიზანია მერძევეობის სექტორის გაძლიერება ადგილობრივად წარმოებულ ნედლ რძეზე მოთხოვნის ზრდის გზით. კანონპროექტის მიხედვით ნედლი რძისა და ნედლი რძისგან წარმოებული პროდუქტების მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვი უნდა გათავისუფლდეს დღგ-ისგან. დღესდღეობით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია რძის პირველადი წარმოება, 2 ლიტრზე უფრო დიდი მოცულობის ბოთლში ჩამოსხმული ნედლი რძე და ადგილობრივი წარმოების ნედლი რძისგან დამზადებული ყველი. კანონპროექტი, ადგილობრივად წარმოებული ნედლი რძისა და ნედლი რძისგან წარმოებული რძემჟავა პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლებით, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას.

შეავსე ფორმა