ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. წარმოგიდგენთ ამ თვის მიგნებებს:
სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის დეკემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8,3%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7 %-ს მიაღწია.
საქსტატის მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, დეკემბრის კორექტირებულ მონაცემებში წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. შესაბამისად, ჩვენი მშპ-ის ზრდის პროგოზნოზიც აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დაკორექტირდა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური მაჩვენებელი 10.4% იქნება, 2024-ის მეორე კვარტალში კი – 10.1%.
დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.8%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესი ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 9.4 %-იანი ზრდა. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.9%-ით.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს პროგნოზი შესაძლოა იმაზე მეტად ოპტიმისტური იყოს, ვიდრე სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური შეფასებები, მაგალითად საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2024 წელს 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ზრდის წლიური პროგნოზი შესაძლოა სიზუსტით არ ასახავდეს მომავალში განვითარებულ მოვლენებს.