ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2022 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2021 წლის მეოთხე კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი მონაცემი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.5%-ს შეადგენს, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში მითითებულ პროგნოზს.
2021 წელს მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.6%-ს გაუტოლდა, რაც ჩვენს უახლეს პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით დაბალია.
უკანასკნელი განახლების შედეგად, 2022 წლის პირველი კვარტლისთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზმა იანვრის თვის ანგარიშში მითითებული 7.4%-დან 5.9%-მდე დაიწია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პირველადი პროგნოზით, 2022 წლის მეორე კვარტლის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი უარყოფით 3.9%-ს გაუტოლდება (უარყოფითი შედეგი, როგორც ქვემოთ არის ახსნილი, ნაწილობრივ, 2021 წლის მეორე კვარტლის მაღალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული, როდესაც ზრდის მაჩვენებელმა 28.9%-ს მიაღწია).