შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები, #8 | 2017
30 მარტი 2018

2017 წელს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა (წლიური ზრდა – 10.6%) და უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 98,609 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება შეინიშნებოდა ოთხივე კვარტალში, განსაკუთრებით კი – მეორე კვარტალში (წლიური ზრდა 20.0%). თბილისს კვლავ წამყვანი ადგილი (წილი – 40.4%) უჭირავს უძრავი ქონების ბაზარზე. 2017 წელს დედაქალაქში უძრავი ქონებით ვაჭრობის 39,801 გარიგება დაფიქსირდა, რაც 15.6% აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გააქტიურება (წლიური ზრდა – 7.5%) დაფიქსირდა ასევე თბილისის გარეთაც. 2017 წელს განსაკუთრებით გააქტიურდა უძრავი ქონების ბაზარი აჭარის (34.1%), მცხეთა-მთიანეთისა (13.3%) და ქვემო ქართლის (10.1%) რეგიონები. აჭარაში უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება უმეტესად დაკავშირებულია ბათუმში უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან. 2017 წელს ბათუმში უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (32.4%) და ჯამში 9,675 ერთეულს შეადგენს.

2017 წელს დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ საბურთალო, ვაკე და სამ¬გო¬რი დომინირებს. თუმცა საბურთალოზე უძრავი ქონებით განხორცილებული ოპერაციები (9,995 ერთეული) დაახლოებით 1.4-ჯერ აღემატება ვაკეში (7,282 ერთეული), ხოლო 2.5-ჯერ – სამგორში დადებულ გარიგებებს (3,994 ერთეული).

2017 წელს თბილისში 804 ერთეული მშენებლობა დამთავრდა და ჯამში ქალაქს 1,244 ათასი კვ.მ.-ის უძრავი ქონება შეემატა. აღსანიშნავია, რომ დამთავრებული მშენებლობების რაოდენობის ზრდასთად ერთად (წლიური ზრდა 5%), მნიშვნელოვნადაა შემცირებული მათი ჯამური ფართობი (-13.9%), რაც შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ დედაქალაქში ძირითადად მცირე ფართობის, მაგრამ დიდი რაოდენობით მშენებლობები მიმდინარეობს. 2017 წელს ახალდამთავრებული შენობების 625 ერთეული მოდის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, 179 ერთეული კი – კომერციულ უძრავ ქონებაზე.

2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი უმეტესად შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა, ხოლო მესამე კვარტალში ინდექსი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა (0.894). შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირების ფასების ინდექსშიც. წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ) $791 - $866-ის ფარგლებში მერყეობდა, გაქირავების ფასმა (1 კვ.მ.) კი $7.0-$7.4 შეადგინა. საცხოვრებელი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (გასაყიდი ფასი – $1,012, გაქირავების ფასი $8.5), ყველაზე იაფი კი – გლდანში (გასაყიდი ფასი – $535, გაქირავების ფასი – $4.3). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისის თითქმის ყველა რაიონშია შემცირებულია, მაშინ როცა საშუალო გაქირავების ფასი თითქმის უცვლელია.

2017 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო კომერციული უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსის შემცირება, შედეგად 2017 წლის მეოთხე კვარტალში ინდექსი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა (0.773), შედეგად კომერციული უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ) $1,032-მდე შემცირდა. რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ფასების ინდექსს, ის ბოლო წლებში ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2017 წელს ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა და 0.960 ნიშნულს გაუტოლდა, გაქირავების საშუალო ფასმა კი $9.4 შეადგინა.

2017 წელს უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებულია აგრეთვე ბათუმსა და ქუთაისშიც. ბაზრის გააქტიურების ფონზე უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი შემცირებულია როგორც ბათუმში (-1.7%), ასევე ქუთაისში (-3.9%). თუმცა ბათუმში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი (1 კვ.მ. – $739) კვლავ 2-ჯერ აღემატება ქუთაისში უძრავი ქონების გასაყიდ საშუალო ფასს (1 კვ.მ. – $354).

შეავსე ფორმა