
საქართველოს ახალი მოდუს ოპერანტი
ზემოთ მოყვანილი ციტატა კარგად მიესადაგება ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, რომლის კრიზისი გრძელდება, ღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სუბიექტს ითრევს. გავიხსენოთ რამდენიმე კარგად ცნობილი მოვლენა და ფაქტი: საბერძნეთი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო მოვლენათა ამ ჯაჭვში, როდესაც 2009 წელს ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნა. იმ პერიოდში, არაოფიციალური შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-იდან ჯერ 13%-მდე, შემდეგ კი 15%-მდე გაიზარდა.